მუსიკა | ცა

ქართველი მოსწავლეები მიშელ სონისთან შეხვედრის მოლოდინში

როცა თერთმეტი-თორმეტი წლის ასაკში უკვე გადაგიწყვეტია, რომ მომავალში პიანისტობას აპირებ, ისიც ზუსტად გეცოდინება, რომ ზაფხულის არდადეგები დასვენებას სულაც არ ნიშნავს. პირიქით,ეს ფორტეპიანოსთვის უფრო მეტი დროის დათმობის შესაძლებლობაა, მით უფრო, თუ შემოდგომის პირველივე დღეებში შესაძლოა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები გელოდებოდეს.

აგვისტო 02, 2017

Hello Blog

როცა თერთმეტი-თორმეტი წლის ასაკში უკვე გადაგიწყვეტია, რომ მომავალში პიანისტობას აპირებ, ისიც ზუსტად გეცოდინება, რომ ზაფხულის არდადეგები დასვენებას სულაც არ ნიშნავს. პირიქით,ეს ფორტეპიანოსთვის უფრო მეტი დროის დათმობის შესაძლებლობაა, მით უფრო, თუ შემოდგომის პირველივე დღეებში შესაძლოა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები გელოდებოდეს.

დაახლოებით ასეთია რეჟიმი, რომლითაც დღეს ბარბარე ჩხაიძე, ანაჰიტ სტელმაშოვა და ეკა ნიკოლაძე, თავიანთ რამდენიმე თანატოლთან ერთად, Batumi Musicfest-ის მოლოდინში ცხოვრობენ. ცნობილი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული ფესტივალი, უკვე მეხუთე წელია, მსმენელს კლასიკური მუსიკის შედევრებს წარუდგენს, ამ მუსიკის საშუალებით ახალგაზრდა მსმენელის აღზრდასა და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და მომავალი თაობის აღზრდაზეც ზრუნავს. სწორედ ამ მიზნით, წელს ფესტივალზე ახალგაზრდა პიანისტებისათვის მასტერკლასებს პროფესორი მიშელ სონი ჩაატარებს, რომლის განსაკუთრებული მეთოდით და სავარჯიშოებით დღეს საქართველოში რამოდენიმე ბავშვი, მათ შორის ბარბარე, ანაჰიტი და ეკა, მეცადინეობს. მსოფლიოში მისი მეთოდი საკმაოდ ცნობილია.

მიშელ სონი - ფრანგი პიანისტი, კომპოზიტორი და ფილოსოფიის დოქტორია, რომელმაც, გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან, ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლების ინოვაციური მეთოდი შეიმუშავა და შექმნა სავარჯიშოების კრებულები (Prolégomènes à une eidétique musicale pour piano 2 mains - Séries I à VII და Prolégomènes à une eidétique musicale pour piano 2, 6 et 12 mains), რომლებიც ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის, წინასწარი მომზადების გარეშე, მეცადინეობას სასიამოვნო და ეფექტურ საქმიანობად აქცევს. ამ მეთოდმა ძალზე პოზიტიური გამოხმაურება მიიღო ისეთი ცნობილი

პიანისტებისაგან, როგორიც ალდო ჩიკოლინი, პაულ ბადურა-შკოდა და დიორდ ციფრა არიან. სამასზე მეტი პატარა, მაგრამ კომპლექსური სავარჯიშო ფიზიკურ-ტექნიკური შესაძლებლობებს, და არტისტული და შინაარსობრივი ასპექტების სწრაფ განვითარებას ითვალისწინებს. ბარბარე, ეკა და ანაჰიტი, რომლებიც დაახლოებით ნახევარი წელია სონის სავარჯიშოებით მეცადინეობენ, ამ პროცესს თითქმის ერთნაირად აღწერენ. ისინი საუბრობენ ხელის გათავისუფლებაზე, ბგერის ჟღერადობის ხარისხის, ფურცლიდან კითხვის უნარების და ტექნიკის გაუმჯობესებაზე, ერთი სიტყვით - პროგრესზე, რომელსაც ამჩნევენ მას მერე, რაც „პროლეგომენების“დაკვრა დაიწყეს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ გოგონები აღნიშნავენ ნაწარმოების შინაარსობრივ ასპექტსაც: „ნაწარმოების გააზრებაში მეხმარება“ - ამბობს ბარბარე, „შინაარსს ვგრძნობ: ეს ნიშნავს,რომ როცა ნაწარმოებს ასრულებ, ხვდები, რა ხდება შიგნით,“ - განმარტავს ეკა. ეს, სწორედ ის სპეციფიკური, მუსიკალური შინაარსია, რომლის მიხვედრა და შეგრძნება მხოლოდ ნოტებით და ბგერებით შეიძლება და ასე ძნელია, სიტყვებით გადმოსცე.

მასტერკლასში მონაწილეობის მისაღებად გოგონები ელისო ბოლქვაძემ შეარჩია და სავარჯიშოების კრებულიც მისგან მიიღეს. მაგრამ, Batumi MusicFest-ის ფარგლებში (2-8 სექტემბერი, ბათუმი) მიშელ სონის საერთაშორისო ფონდი SOS Talents 7-დან 15 წლამდე პიანისტებისთვის ერთდღიან კონკურსსაც გამართავს. კონკურსის გამარჯვებულები, ფულადი პრემიების გარდა, საზღვარგარეთ დაგეგმილ კონცერტებზე მონაწილეობის შესაძლებლობასაც მიიღებენ. ეს კი, ის შესაძლებლობაა, რომლითაც დაიწყო დღესდღეობით არაერთი მსოფლიოში ცნობილი ქართველი და არაქართველი პიანისტის კარიერა და რომელსაც უკავშირდება ახალქალაქელი ანაჰიტის, ქუთაისელი ეკას და თბილისელი ბარბარეს ზაფხულის ოცნებები. კონკურსზე მონაწილეობის მიღება 7-დან 15 წლამდე მსურველებს შეეძლებათ. რეგისტრაცია დაწყებულია და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. 

BATUMI MusicFest -ს და მის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძებებს ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ მართავს ხოლო პროექტის მხარდამჭერი თიბისი ბანკია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია და მეტი ინფორმაციის მიღება შემდეგ მისამართზე მიწერით შუძლიათ - [email protected]

მაია სიგუა