მუსიკა | ცა

BLACK SEA JAZZ - Joss Stone-ის ხუთი განცხადება

 #1 - Love music and music loves you back [გიყვარდეს მუსიკა და მუსიკასაც ეყვარები]

ივლისი 27, 2017

Hello Blog

 #1 - Love music and music loves you back [გიყვარდეს მუსიკა და მუსიკასაც ეყვარები]

სულ ცოტა ხნის წინ, ჯოს სტოუნმა 30-ე დაბადების დღე, მსოფლიომ კი მისი ნიჭის აღმოჩენის მე-17 წელი აღნიშნა. თუ გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, რა აზრი აქვს ამდენ “რეალითი-შოუს” ნიჭიერების შესახებ, შეგიძლიათ მაგალითისთვის სწორედ მისი ისტორია მოიშველიოთ. 13 წლის ასაკში, ჯოსლინის გამოჩენა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ მსგავს სატელევიზიო გადაცემაში საკმარისი იყო, რომ პატარა ფითქინა გოგონას თვითნაბად ნიჭს ელვისებური სისწრაფით მოეხვეჭა პოპულარობა. 15 წლის ასაკში გააფორმა კონტრაქტი ჩამწერ სტუდიასთან და გამოუშვა პირველი ალბომი The Soul Sessions, რომელმაც ვარსკვლავური სტატუსი დაუკანონა. თუმცა, თავად, მის ნამდვილ დებიუტად მომდევნო ალბომს - Mind, Body and Soul-ს ასახელებს, რომელიც მთლიანად მისი შექმნილი იყო.

მსოფლიო გასტროლების, ალბომების, პრესის სპეკულაციების, ჯოლდოების, დიდებისა და დაცემის კალეიდოსკოპი დაბზრიალდა. თავიდან, პატარა ჯოსლინის შემოქმედებით ბედს ჩამწერი სტუდიის მესვეურები განსაზღვრავდნენ, თუმცა, თითქმის 6-წლიანი დავისა და არაერთი მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, ჯოსმა მაინც მოახერხა სრული თავისუფლების მოპოვება, საკუთარი ლეიბლის [“Stone’d”] დაქოქვა და ზემოთხსენებული კალეიდოსკოპის თავის ნებაზე დაბზრიალებაც!

#2 - პლანეტაზე, ადამიანების 95% კარგია და მხოლოდ 5% თუ ურევს. ჩემი მსოფლიო ტურნე ამ მოსაზრების დამტკიცებისა და კაცობრიობაზე დადებითი ისტორიის მოყოლის მცდელობა იქნება!

“ერთ ისტორიას მოგიყვები. იაპონიაში ვიყავი და ფუჯის მთაზე კონცერტს ვმართავდით. საოცარი ფესტივალი იყო. გარშემო რომ მიმოვიხედე, თავი სხვა პლანეტაზე მეგონა, იმდენად განსხვავებული იყო ყველაფერი - ხალხი, კულტურა, აქცენტები, ჩაცმულობა... ყველაფერი! მაგრამ როცა საქმე მუსიკას ეხება, ამ ხალხსაც ისევე ეურთიერთობები, როგორც ნებისმიერ სხვას, მსოფლიოს გარშემო. მაშინ ვიფიქრე, რომ თუ მუსიკას ჩვენი აქ მოყვანა შეუძლია, მაშინ ის ალბათ ყველგან მიგვიყვანს! რატომაც არა? მოვაწყოთ ტურნე მთელ მსოფლიოში! სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ასეც მოვიქცეოდი და რაც შეიძლება მეტ სიკეთეს გავავრცელებდი მუსიკის საშუალებით. და იცი რა? ასეც ვშვები!”

2014 წლის აპრილში, ჯოს სტოუნმა თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი the Total World Tour [ტოტალური მსოფლიო ტურნე] წამოიწყო. გეგმის მიხედვით, ის პლანეტის ყველა ქვეყნაში ატარებს საქველმოქმედო კონცერტს. ამ დროისთვის, ჯოსი უკვე 80-მდე ქვეყანას ესტუმრა. მათგან რამდენიმეს შესახებ მოკლე ვიდეო-რგოლების ნახვა მომღერლის ოფიციალურ Youtube არხზეა შესაძლებელი. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის შემდეგ კი, არხი საქართველოს შესახებაც წარმოადგენს სიუჟეტს!

როგორც თავად ამბობს, მისი მისია, პლანეტის თითოეულ ქვეყანაში მუსიკის უნივერსალური ენის შეცნობაა. მოგზაურობა დამქანცველია, ემოციებით დატვირთული, მაგრამ სამაგიეროდ, ყველაზე საოცარი აღმოჩენებითაა სავსე. “გაეროს მიხედვით, პლანეტაზე 196 ქვეყანაა, მაგრამ მაქვს ერთი წიგნი, სადაც 226 ქვეყანაა ჩამოთვლილი და მეც სწორედ აქედან ვხელმძღვანელობ. ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია!”. ესე იგი, წინ კიდევ ბევრი თავგადასავალია! “გაეროს მიხედვით, პლანეტაზე 196 ქვეყანაა, მაგრამ მაქვს ერთი წიგნი, სადაც 226 ქვეყანაა ჩამოთვლილი და მეც სწორედ აქედან ვხელმძღვანელობ. ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია!”. ესე იგი, წინ კიდევ ბევრი თავგადასავალია!

#3 - 16 წლის შემდეგ თუ რადიკალურად არ იცვლები, რაღაცაშია საქმე! 

“და ეს ჩემს მუსიკასაც ეხება. ახლა უფრო მეტად მომწონს რასაც ვაკეთებ, უფრო კმაყოფილიც ვარ, იმიტომ რომ ვიცი, როგორც უნდა გავაკეთო. ყოველთვის იქნება რაღაც სასწავლი, აღმოსაჩენი... ბოლოს და ბოლოს, არც ერთ ინსტრუმენტზე არ ვიცი დაკვრა! თავიდან, სულ ვნერვიულობდი, იმიტომ რომ გამუდმებით არეტა ფრენკლინს, ანიტა ბეიკერს, გლედის ნაითს ვუსმენდი... მერე ჩემს ნამღერს ჩავრთავდი და გული მისკდებოდა! ახლა კი, თითქოს იმდენად აღარც ვღელავ. უბრალოდ მომწონს მუსიკა და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა მოჰყვება ჩემს გამოსვლას. თუ ხალხს მოსწონს, მშვენიერია. თუ არ მოსწონს, არა უშავს. სხვა ალბომზე ვიმუშავებ. მხოლოდ ასეთი მიდგომაც კი ცვლის ჟღერადობას.” 

სანამ ასეთ მიდგომას გამოიმუშავებდა, არაერთხელ მოუწია მეტამორფოზის გავლა. იმუშავა, იმეგობრა, თუ ითანამშრომლა ისეთ ლეგენდებთან, რომელთა შემოქმედებიდან ბავშვობიდან საზრდოობდა: არეტა ფრანკლინი [კრიტიკოსები სწორედ მას ადარებდნენ ყველაზე მეტად], ელტონ ჯონი, სტივი ვანდერი, ჰერბი ჰენკოკი, ჯეიმს ბრაუნი, სტივენ ტაილერი, მიკ ჯაგერი [მიკ ჯაგერთან და დამიენ მარლისთან ერთად ჯგუფი Superheavy შექმნეს მოკლე დროით], ლორენ ჰილი და უამრავი სხვა; მონაწილეობა მიიღო 15-მდე მხატვრულ ფილმსა თუ სერიალში და თამამად ჩაეწერა ჰოლივუდის ისტორიაშიც. 

“ვისწავლე ისიც, რომ ბევრი არ უნდა გინდოდეს და მომავალზე არ უნდა ღელავდე. უბრალოდ უნდა იცხოვრო ის დღე, რომელშიც ახლა ხარ. ეს იქნებოდა ჩემი ერთადერთი რჩევა.”

ჯეიმს ბრაუნი და ჯოს სტოუნი

#4 - სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში, მაშინაც კი, თუ ის მხოლოდ ერთი წუთით გაიელვებს.

2015 წელს, ჯოსლინის მეშვიდე ალბომი, რეგით შეფერილი Water for your Soul გამოვიდა - ცოტა სევდიანი, როგორც თავად ჯოსი ამბობს. “აქ მტკივნეულ სიყვარულზე ვყვები, გრძნობებზე, რომლებიც უკონტროლოდ გითრევენ... თუმცა, არის სიმღერებიც, უფრო რომ გვამხნევებენ და ერთმანეთის გვერდში დგომის მნიშვნელობას გვახსენებენ.” 

რეგი, ჰიპ-ჰოპი, სოული... ტაბლები, ფლამენკოს გიტარები, ირლანდიურ-კელტური ვიოლინოები, ჰარლემის მგალობელთა გუნდი, ინდური დასარტყამები, - ბგერათა მთელი პალიტრა, ჯოსის მოგზაურობებიდან შეკოწიწებული, მთელ ალბომს ბაბილონის მუსიკალურ ვერსიად ხატავს, უკანა პლანზე წევს სიმღერის ტექსტებს და ყველაზე გულგრილ მსმენელსაც კი ორ-სამ თვლაში ააცეკვებს. 

კონცერტებზე, როგორც წესი ფეხშველა გამოდის - როგორც თავად ამბობს, ეს სცენაზე ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება, როცა სიმღერის დროს სხეულზე საერთოდ კარგავს კონტროლს; სიმღერების წინასწარი გაწერას ყოველთვის ურჩევნია განწყობის მიხედვით, მსმენელთან ერთად აარჩიოს რეპერტუარი; უყვარს სიმღერებს შორის ისტორიების მოყოლაც, ერთგვარი განტვირთვისთვის და ამ ყველაფერთან ერთად, დადებითი მუხტის გაზიარება? უფრო კულტივირება! 

#5 - სამომავლო გეგმები? ჯერ პლანეტას მოვრჩები და მერე ვნახოთ... 

როცა არ მოგზაურობს, ყველაზე ბედნიერად თავს შინ გრძნობს - დევონში, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ჰყავს ოთხი ძაღლი, მათ შორის ერთი როტვეილერი, უყვარს ნამცხვრების გამოცხობა, შეყვარებულთან ერთად განტვირთვა და ღვინის წრუპვა...

“ცხოვრება მშვენიერია, სულ მცირე - საინტერესო მაინც!” 

30 ივლისს, ჯოს სტოუნი “დამატებითი განცხადებებით” უკვე შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე გველოდება! 

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი