მუსიკა | ცა

საზეპიროები JAMIROQUAI-ის ჩამოსვლამდე

-JAMIROQUAI - 25 წლის წინ შექმნილი ბენდი, რომელიც დღესდღეობით 9 წევრს აერთიანებს.  

ივლისი 20, 2017

Hello Blog

-JAMIROQUAI - 25 წლის წინ შექმნილი ბენდი, რომელიც დღესდღეობით 9 წევრს აერთიანებს.  

 

-ჯეისონ ქეი, იგივე ჯეი ქეი [JAY KAY] - ბენდის დამფუძნებელი და ერთადერთი უცვლელი წევრი.

-ბენდის სახელი შედგება სიტყვა “ჯემ”-ისა [Jam-session] და ამერიკელ ინდიელთა ტომის - იროკეზთა სახელწოდებისგან [Iroquai] ამ უკანასკნელთა ცხოვრების წესისა და ბუნების კანონების საპატივსაცემოდ.

Jamiroquai archives

თუ ამას კითხულობთ, გულგრილად არ უნდა იყოთ განწყობილი მის მიმართ. სანამ გააგრძელებდეთ, ბოლო ხმაზე ვრთავთ სიმღერას (სასურველია ყურსასმენებით), ვუსმენთ ჯერ გულისყურით, შემდეგ კი - მთელი სხეულის მინდობით და ვაკვირდებით, რა მოხდება!

აბა როგორია?! თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ სიმღერამ წერაშიც კი შემიშალა ხელი, იმდენჯერ ამაცეკვა!

ყველა ის ელემენტი, ბუნებრივი, კოსმიური, თუ ელექტრონული, რომელთა სინთეზმაც თავის დროზე არა ერთხელ გაგვაოცა, JAMIROQUAI-ის ახალ ალბომში - AUTOMATON ერთი ათად გაზრდილი ინტენსივობით მოიყარა თავი.

დანარჩენი კომპოზიციებიც ანალოგიური დახვეწილობით, თითქოს მათემატიკურად გათვლილი, თუ რაღაც „კიბერ-ფანკობით“ გამოდნობილი რიტმებით, თავის ჭკუაზე გატარებს, ერთხელ მაინც თუ გაბედავ და მიენდობი!

AUTOMATON რიგით მერვე ალბომია, რომლის გაცნობის საშუალებაც უკვე წლის დასაწისში მიეცათ ჯეი ქეის გულშემატკივრებს. მალევე დაიმკვიდრა სახელი როგორც ბენდის საუკეთესო ნამუშევარმა და გამორჩეულმა საცეკვაო ალბომმა, რომელიც ერთგვარი საზაფხულო გლამურითაა გაჯერებული და შესაბამისად, ძალიან დროულია 2017 წლის შავი ზღვის ჯაზ ფესტივალისთვისაც.

-საქართველოში პირველად 2006 წლის თბილისის ჯაზ ფესტივალზე იყო.

„ეს ალბომი ყველა მხრივ სრულყოფილი გამოვიდა - რიტმით, მელოდიით, ტექსტით... სხვანაირად, არანაირი აზრი არ ექნებოდა მასზე მუშაობას!..“

სხვა ალბომების მსგავსად, ჯეი ქეი აქაც გვთავაზობს მედიტირებას გლობალურ მოვლენებზე, იქნება ეს რასობრივი უთანასწორობა, ციფრული ეპოქის უკონტროლო განვითარება, თუ გლობალური მომხმარებლური დამოკიდებულება.

„ადამიანები ვივიწყებთ სასიამოვნო, მარტივ მოვლენებს ჩვენს ცხოვრებაში, მათ შორის ურთიერთობებსაც. „ავტომატონებად“ ვიქცევით, მობილურებისა და კომპიუტერების ზემოქმდების ქვეშ; გვავიწყდება ჩვენ გარშემო არსებული სამყარო, პატარა ბუნებრივი მოვლენები, უბრალოობა“.

-ქეი, როგორც აქტივისტი ყველაზე მეტად დაფიქსირდა ცხოველთა დაცვის მხარდამჭერ კამპანიებში.

Album Covers Compilation

-ხარის თავი ქეის შემოქმედებაში ხშირად ფიგურირებს. მისივე ავტოპორტრეტია, სადაც ძველბერძნულ მითოლოგიურ პერსონაჟთან - თესევსთან აიგივებს თავს.

-შლაქსები - საყვარელი სამოსი! ნათქვამიც აქვს, რომ მაღაზიებში ყველაფრის შოვნა შეუძლია ასეთი შარვლების გარდა.

-მადლობელია დედის, რომელმაც 16 წლის ქეი სახლიდან გამოაგდო. “ამ ფაქტის დამსახურებაა, დღეს ფეხზე მყარად რომ ვდგავარ”-ო!

© Esquire Magazine

ჯეი ქეის ტექსტებში პლანეტის მომავალზე ზრუნვა დიდი ხანია JAMIROQUAI-ის სავაჭრო ნიშნად იქცა. თუმცა, ახლა კიდევ უფრო უშუალო და პირად დატვრითვას იძენს. 7-წლიანი პაუზის დროს, ქეი ორი გოგონას მამა გახდა. ალბომის ბოლო კომპოზიცია „CARLA”, უფროსს მიუძღვნა, რომლის გაჩენის გამოც ალბომის გამოსვლა რაღაც დროით გადაიდო, თვითონ სიმღერა კი, 47 წლის ფანკ-ოსტატს, უჩვეულოდ სენტიმენტალურს წარმოგვიდგენს. თავად ამბობს, შვილებზე უკეთ ვერაფერი ეხმარება ადამიანს აზრების კონცენტრირებაში და რომ ამაში, ორი აზრი არ არსებობს!

-პირადი ცხოვრების შესახებ არ საუბრობს. ამბობს, რომ ჟურნალისტები ამ ფაქტს გაგებით ეკიდებიან და მეტ პატივსაც სცემენ.

-კრიტიკა არ აინტერესებს.

- ცხოვრობს ქალაქგარეთ, ძველებურ სასახლეში, რომელსაც გარშემო სოფლის პეიზაჟები ალამაზებენ.

-ავტომობილებს აგროვებს არა იმიტომ, რომ ვინმემ თქვას - შეხედე მის მანქანას, არამედ იმიტომ რომ თქვან - შეხედეთ ამ მანქანას!

-ლიცენზირებული პილოტია!

Jamiroquai archives

მამობა, დასვენება, მუსიკის მონატრება [თუმცა, არა მუსიკის ინდუსტრიის] თუ შემოქმედებითი კარიერის განახლების სურვილი - რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ჯეი ქეი ბრუნდება და გვიბრუნებს, ყველანაირი გაგებით კლასიკურ, JAMIROQUAI-ის, უცვლელი ფორმულით. იმ ფორმულით, ჯეი ქეის უზარმაზარი ქუდიდან რომ ამოაძვრინეს და 27 მილიონ გაყიდულ ალბომად, მსოფლიო ტურნეებად და უამრავ ჯილდოდ რომ გადააქციეს!

-სიმღერა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, სისხლში აქვს გამჯდარი. დედა, კარენ ქეი, ბრიტანეთში ჯაზისა და კაბარეს ცნობილი მომღერალი იყო. ბავშვობაც, შესაბამისად, კულისებში აქვს გატარებული.

-ღამე ჩაძინება უჭირს, იმიტომ რომ თავში სულ მელოდიები უტრიალებს.

2017 წელი ქეისთვის, ნაყოფიერთან ერთად, განსაკუთრებით რთულიც გამოდგა, ტობი სმიტის [ახლო მეგობარი და Jamiroquai-ის ერთ-ერთი პირველი წევრი] დაკარგვისა და შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო. სულ რაღაც ერთი თვის წინ, როგორც თავად აცნობა გულშემატკივრებს სოციალურ მედიაში, ხერხემალზე ქირურგიული პროცედურები ჩაიტარა.

ჯეი ქეი, სტიუარტ ზენდერი და ტობი სმიტი

შოუ გრძელდება... სულ მალე, 28 ივლისს, მისი ახალი “ისტორიების” კოსმიური ჟღერადობა შავი ზღვის სანაპირო სივრცესაც აავსებს.

 

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი