მუსიკა | ცა

eZo Festival, ღონისძიება III

სამკვირიანი პაუზის შემდეგ, ეზოს ფესტივალი ქალაქს დაუბრუნდა.

ივლისი 19, 2017

Hello Blog

სამკვირიანი პაუზის შემდეგ, ეზოს ფესტივალი ქალაქს დაუბრუნდა.

ორთვიანი ციკლის განმავლობაში, გამოიკვეთა  ადამიანთა განსაკუთრებული დამოკიდებულება გართობისადმი, მუსიკისადმი და მათში არა ინდივიდუალური, არამედ ერთობლივი ბედნიერების განცდის სულისკვეთება წამოიწია წინ.

კომუნის წევრებისთვის, ეზოს ახალი თავგადასავალის სურვილი ივლისის სიცხეს უმნიშვნელოს ხდიდა.

მთელი ქალაქი კოსმიური ღამის მოლოდინში ჩაერთო.

როდესაც შუადღით, მზემ გაათბო გარემო და ყველა ერთმანეთს #გამარჯობით მიესალმა, Voodoo Shaman-მა შესაბამისი მუსიკალური ნარატივი წამოწია წინ, რამაც სასიამოვნო ფონი შექმნა მომავალი მოგზაურობისთვის.

საღამო ხანს, კოსმიური დღესასწაულისთვის გართობამ სხვა ეტაპზე გადაინაცვლა, გამწვანებულ მთაწმინდის პარკში ერთდროულად დაიწყეს მოსვლა ფერადსამოსიანმა სტუმრებმა, ზოგიერთ მათგანს პატარა ასაკის შვილებიც ახლდნენ თან, რომლებმაც მალევე მთელი ეზოს ტერიტორია სათავისოდ აითვისეს.

RATI -ს უწყვეტმა მუსიკალურმა ნაკადმა, რომელიც ამ დროისთვის ეზოს ხომალდის ირგვლივ ტრიალებდა, კოსმიურ მოგზაურებს მეტი თავდაჯერება შესძინა.

საღამო ჩილელმა Pier Bucci-მ გააგრძელა. პიერი თავის ორ ძმასთან ერთად ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია, იგივე ლათინურ მელოდიურობისა და გერმანული რიტმულობის სინთეზით ქმნის მუსიკას, რომელიც ძირითადად ტრიბალურ ხასიათს ატარებს.

80-იან წლებში იგი გაიზარდა უბანში, სადაც კულტურული პროცესები დაჩქარებით მიმდინარეობდა.

აქ თავს იყრიდნენ მხატვრები, პანკები და ახალი ტალღის წარმომადგენლები. ბავშვობის გავლენის შემდეგ, 2002 წელს იგი თავის ძმასთან ერთად ბერლინში გადავიდა, სადაც იწყება უკვე მისი ძირითადი მოღვაწეობა.

სანტიაგოს მკვიდრმა Dandy Jack-მა, რომელიც ჩვენს ქალაქს საკმაოდ ხშირად სტუმრობს, მუზიცირება ღამის საათებში დაიწყო.

90-იანი წლების დასაწყისიდან მისმა განსაკუთრებულმა მიდგომამ მუსიკის შექმნის პროცესისადმი, მალევე დაიმსახურა არამარტო სამხრეთ ამერიკის, არამედ სრულიად ევროპული მუსიკალური სცენის ყურადღება.

იგი რიკარდო ვილალობოსის მიერ ჩამოყალიბებული ანსამბლის - Narod Niki - წევრია, Richie Hawtin-თან და Akufen-თან ერთად. ჰაუსისა და ლათინური რიტმების სინთეზურმა ტალღამ ეზოს ტერიტორიაზე ადამიანები ერთმანეთთან უწყვეტი ბგერითი ჯაჭვით დააკავშირა.

მოგზაურობის კიდევ უფრო მრავალფეროვანი  გახადა პარიზელმა Cesar Merveille-მ.  ჯაზის მოყვარული დიჯეი, Dave Brubeck-ს პირველად ინსპირაციის წყაროდ აღიქვამს.

სწორედ ამ მუსიკის სიყვარულს ეძღვნება მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარიც - Chocopop Jazz.

პერიოდულად ძველ სტუმრებს ახლები ენაცვლებოდნენ, ისე, რომ ეზოს კომუნა ივსებოდა.

ახლადმოსული სტუმრები მიღებული ენერგიის წყალობით, საერთო მხრიარულების განცდას უფრო დინამიურს ხდიდნენ.

მალევე, მაროკოელი მუსიკოსის - Adil Hiani-ის დროც დადგა.

Cosmo Records-ის დამფუძნებელმა სამშობლოში ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად, მალევე გაიკვლია გზა დასავლური კულტურისადმი, შესაბამისად სცადა ეროვნული მოტივების ჩართვა თავის შემოქმედებაში.

მისი მისია განსაკუთრებული აღმოჩნდა - სტუმართა მასიურ ფერხულში ჩაბმა.

„ჰიუსტონ, ყველაფერი კარგად არის. სახლში ვბრუნდებით“.

გამთენიისას, მოგზაურობა Zurkin-თან ერთად გაგრდძელდა.

დისკოსა და ჰაუსის მელოდიების თანხლებით ეზოს სტუმრებმა ბედნიერების ახალი ნაკადი მიიიღეს.

ვოიაჟი დასრულდა, თუმცა ყველა ელოდება შემდეგს - ამ სეზონზე ეზოს ბოლო ღონისძიებას, რომელიც 8-9 სექტემბერს ჩატარდება.

ტექსტი: ჯაბა შავიშვილი

ფოტოები: გიორგი ინდუაშვილი