ლიტერატურა

დედა - მწერალი

ლიტერატურას ბევრი სხვადასხვაგვარი დედა-მწერალი და დედა - პერსონაჟი ჰყავს. ისეთებიც არიან, ვინც შვილები მიატოვა და მხოლოდ ამგვარად შეძლო საკუთარი შემოქმედების გადარჩენა, ისეთებიც, ვინც ვერ მიატოვა და მთელი ცხოვრება დედობასა და შემოქმედებას შორის ჭიდილში გაატარა, ისეთებიც, ვინც მრავალი შვილის მიუხედავად, შეძლო ეწერა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმეები ეკეთებინა, ისეთებიც, ვისაც არასდროს ჰყოლია შვილი, მაგრამ მაინც დედა იყო და მთელი შემოქმედება სწორედ ამ დედობრივ ინსტიქტს მიუძღვნა.

რომანისტი დედები, პოეტი დედები, დრამატურგი დედები - ძალიან საინტერესო ლიტერატურული სპექტრი, აღავსე სირთულეებით, ბრძოლით, უთანხმოებით, სიყვარულით, დედობრივი სინაზით...

ერთი დედა - ყველაზე დიდი საბავშვო ავტორია, ყველა ბავშვის მეგობარი, ყველაზე საყვარელი წიგნების ავტორი, პეპის, კარლსონის, ბიულერბიუელი ბავშვების, სალტკროკის მხიარული ამბების, ნაღვლიანი მიოსა და ძმები ლომგულების, ემილისა და რასმუსის მხიარული თავგადასავლების, ყველაზე ყოჩაღი-ყაჩაღი რონიას და მადიკენის ავტორი.

ეს საბავშვო ლიტერატურის ყველაზე მთავარი დედობის ამბავია, ამბავი ქალისა, რომელმაც წერა სწორედ თავისი შვილისთვის დაიწყო.მისი დედობის პირველი ამბავი ყველაზე ნაღვლიანია:

"აი, ვისწავლი, ვიშოვი სამსახურს და წამოვიყვან ლარსს ჩემთან. ახლა მე ვშიმშილობ და არ მაქვს საჭმლის ფული ბავშვისთვის. იქ უკეთ იქნება სითბოში, იქ უკეთ უპატრონებენ.. " - სწერდა ასტრიდი თავის ძმას.1926 წელს ასტრიდი დედა გახდა, მაგრამ სიღარიბის გამო იძულებული იყო პირველი შვილი დროებით ბავშვთა სახლისთვის მიებარებინა. ის ფაქტიურად შიმშილობდა, ფულს აგროვებდა, რომ ბავშვთა სახლში მისულიყო, ლარსი ენახა და არა მარტო მისთვის, სხვა დროებით თუ სამუდამოდ მიტოვებული ბავშვებისთვისაც მიეტანა ტკბილეული.

5 წლის შემდეგ, 1931 წელს, ასტრიდმა სტურე ლინდგრენზე იქორწინა, მდივნად დაიწყო მუშაობა და შვილი დაიბრუნა. შემდეგ მეორე შვილი, კარენიც ეყოლა, რომელიც ლინდგრენის ლიტერატურულ თავგადასავლის მთავარი მიზეზი აღმოჩნდა.

ერთ დღეს, კარენი, ასტრიდის შვილი, ფილტვების ანთებით გახდა ავად. გოგონამ დედას სთხოვა, ნაცნობი ზღაპრები არ მინდა, პეპის ამბავი მომიყევი, გრძელწინდა გოგოსიო, პეპი ვინც იყო, ასტრიდმა ჯერ არ იცოდა, მაგრამ ამბის თხრობა მაინც დაიწყო. ასე გაჩნდა ყველაზე მამაცი გოგონა, რომელიც ვილა ყიყლიყოში ცხოვრობდა ცხენთან და მაიმუნთან ერთად და წვიმაში ყვავილებსაც სიამოვნებით რწყავდა:- მე ვრწყავ, - უპასუხა პეპიმ. - მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში, დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს, და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო? ვფიცავ არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი ,რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა“.

პეპის ამბავი კი გაგრძელდა, ასტრიდი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნი წერს, როგორ გაგზავნა ხელნაწერი გამომცემლობაში, თავდაპირველად როგორ არ დაუბეჭდეს, მერე კი... მერე კი წარმოუდგენელი ლიტერატურული წარმატება მოვიდა.

„ გულიდან უნდა წერდე და ყველაფერი გამოვა. არასოდეს უნდა მოიტყუო. მე ორი შვილის დედა ვარ, 8 შვილიშვილის ბებია და 7 შვილთაშვილის დიდი ბებია. როდესაც ვხედავ, როგორ ხარობენ ჩემი შთამომავლები ჩემივე წიგნებით, უბედნიერესი ვარ.” - წერს ასტრიდ ლინდგრენი. დღეს დედის დღეა, ყველაზე გულისამაჩუყებელი, ნაღვლიანი და თან სინათლის სავსე ეპიზოდი პეპი გრძელიწინდას ამბიდან კი ალბათ ესაა, „პეპის დედა ცაში ცხოვრობდა და ჭუჭრუტანიდან აკვირდებოდა შვილს.ამიტომ პეპი ზოგჯერ ცაში იხედებოდა, ხელს უქნევდა და ასძახოდა: ,,ნუ გეშინია, არ დავიკარგები, დედა!“

ავტორი: saba.com.ge

Giorgi Chanturia

Hello Blog