ლიტერატურა

10 წიგნი თავისუფლებაზე

„ნებისმიერი ცვლილებები მწერლობაში და ლიტერატურაში მხოლოდ მაშინ არის ფასეული, როცა იგი თავისუფლების გზაზე დგას“- წერს ჯემალ ქარჩხაძე და მართლაც, ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლის სათავეები, შესაძლოა, პრომეთეს თუ ამირანის მითში ან კიდევ უფრო ადრე ვეძიოთ - სწორედ თავისუფლებაა, თავისუფალი ნება, ადამიანის არსებობის მთავარი მიზანი და სურვილი.თავისუფლებისკენ ლტოლვა მრავალი ნაწარმოების მთავარი კონცეპტი თუ ერთ-ერთი ძირითადი ხაზია, გადავხედოთ რამდენიმე მათგანს:

თებერვალი 21, 2019

Hello Blog

„ნებისმიერი ცვლილებები მწერლობაში და ლიტერატურაში მხოლოდ მაშინ არის ფასეული, როცა იგი თავისუფლების გზაზე დგას“- წერს ჯემალ ქარჩხაძე და მართლაც, ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლის სათავეები, შესაძლოა, პრომეთეს თუ ამირანის მითში ან კიდევ უფრო ადრე ვეძიოთ - სწორედ თავისუფლებაა, თავისუფალი ნება, ადამიანის არსებობის მთავარი მიზანი და სურვილი.თავისუფლებისკენ ლტოლვა მრავალი ნაწარმოების მთავარი კონცეპტი თუ ერთ-ერთი ძირითადი ხაზია, გადავხედოთ რამდენიმე მათგანს:

1. შოთა რუსთაველი, “ვეფხისტყაოსანი“ - რუსთველის გენიალური პოემა მთლიანად თავისუფლებას ეძღვნება, ქაჯეთის ციხეში ჩაკეტილი სატრფოს, ჭეშმარიტების, იდეის გამოსახსნელად სამი გმირი ერთიანდება და გამარჯვებასაც მოიპოვებს. ეს წიგნი თავისუფლების ჰიმნია.

2. ვაჟა-ფშაველა, “ლექსები და პოემები” - ვაჟას შემოქმედება თავიდან ბოლომდე თავისუფლებაზეა, მნიშვნელობა არ აქვს, ვის დაამარცხებ, ბახტრიონთან მოსულ მტერს, საუკუნეების განმავლობაში სისხლში გამჯდარ უსამართლო ადათს, საკუთარ ეგოიზმს თუ თემის აზრს, სიკვდილის შიშს თუ საკუთარ სულში ჩაბუდებულ ეშმაკს - ეს ყველაფერი თავისუფლებისკენ მიმავალი გზაა, რომელსაც მარადიული მხედარი - ვაჟა-ფშაველა ჰყავს.

3. მარკ ტვენი, “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” - ერთ-ერთი პირველი წიგნი და პირველი პერსონაჟი, რაც შეიძლება გაგვახსენდეს, ალბათ ჰეკლბერი ფინია, თავისუფალი სულის ბიჭი მისისიპიზე დაშვებულ ტივზე, მარადიული მოგზაური, ის ვინც არასდროს ეგუება წესებისა და მოვალეობების არტახებს.

4. ჯემალ ქარჩხაძე, „იგი“ - როდის გახდა ადამიანი თავისუფალი? იქნებ მაშინ, როცა წელში გაიმართა და ცას შეხედა? როცა შიში დაამარცხა და მწვერვალზე ასვლა გაბედა, როცა სიკვდილისგანაც კი გათავისუფლდა და საკუთარი სული მოიპოვა, დაიბრუნა ის, რაც იგიში იგი იყო. 

5. ჯეკ კერუაკი, “გზაზე” - მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე უნდა, იცხოვროს, ვინც შეშლილივით გელაპარაკება, ვისაც გაგიჟებით უნდა, შეამჩნიონ და თან ყველაფერს დახარბებულია, ყველაფერი ერთბაშად უნდა რომ მიიღოს. ისინი არასოდეს ამთქნარებენ მოწყენილობისაგან და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ. მხოლოდ იწვიან, იწვიან, იწვიან რომაული ყვითელი სანთლებივით და მერე ფეთქდებიან, რათა ვარსკვლავებს ობობას ქსელისმაგვარი შუქი მოაფრქვიონ." - ზოგჯერ გზაა თავისუფლება, მხოლოდ გზა და მეტი არაფერი.

6. გრიგოლ რობაქიძე, “ჩაკლული სული“- ადამიანის სული, პირველ რიგში, მისი თავისუფლებაა, არჩევანის, სიყვარულის, განვითარების თავისუფლება. როგორია ადამიანის ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში? სადაც კედლებსაც ყურები აქვთ, სადაც ყოველი დღე დანაღმულია, სადაც შენს ცხოვრებას სხვები განაგებენ, სადაც ისეთი მჩქეფარე და სწრაფი მდინარეც კი, როგორიცაა ენგური, შეიძლება გაჩერდეს და დაჭაობდეს..."ჩაკლული სული" მარადიული ტექსტია, რომელსაც ხშირად უნდა ვკითხულობდეთ, რომ დროულად შევამჩნიოთ საშიში მაკრატელი, რომელიც ჩვენი თავისუფლების ფრთებს შესაჭრელად ემუქრება...

7. დათო ტურაშვილი, „ჯინსების თაობა“ - 1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა. თავისუფლების მაძიებელი ახალგაზრდების ტრაგიკული ამბები, ტოტალიტარიზმი, ჯინსები, ტრაგიკული დასასრული... 

8. ჯორჯ ორუელი, „1984“ - 1984 უკვე იყო და 1984 ჯერ არ დამდგარა. დრო, რომელიც მუდამ იარსებებს და წიგნი, რომელიც უკვდავია. ტოტალიტარული რეჟიმის, დევნის, თვალთვალის, შიშისა და მონობის დიდი ანტიუტოპია. დიქტატურით დამარცხებული თავისუფლება, სიძულვილით დამარცხებული სიყვარული და ადამიანი. რომანი - გაფრთხილება, რომელმაც შექმნა ეპოქა და ეპოქა, რომელმაც შექმნა ეს რომანი.

9. ირაკლი მახარაძე, "გურიის რესპუბლიკა“ - ეს იყო უნიკალური მოვლენა, რომელსაც არ მოეძებნება ანალოგი გლეხთა მოძრაობის ისტორიაში, როგორც რუსეთის იმპერიაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გურია, რომელიც პოლიციური რუსეთის პაწაწინა ნაწილს წარმოადგენდა, ფაქტიურად გახდა დამოუკიდებელი, რომელსაც მეფის მთავრობა ვეღარ განაგებდა. გლეხთა რევოლუციური მოძრაობა 1905 წელს ე.წ ,,გურიის რესპუბლიკად" ჩამოყალიბდა. წიგნი, სადაც არ არის თავისუფლება და წიგნი, რომელიც თავისუფლებაზეა. 

10. შორენა ლებანიძე, „მანანა ანუა“ (ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე) - შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანი მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე ნაწარმოების მთავარი გმირის ნაამბობს ეფუძნება და ქართულ-აფხაზური ოჯახის ტრაგედიას აღწერს. სინამდვილის მხატვრული გააზრება, პერსონაჟების ფსიქოლოგიის წვდომა და მძაფრი, სულისშემძვრელი ისტორიების სიუჟეტური განვითარება ავტორს საშუალებას აძლევს, მკითხველი 1990-იანი წლების ქართულ-აფხაზური რეალობის უშუალო თვითმხილველად აქციოს. 

ავტორი: saba