მუსიკა | ცა

ჯაზის ახალი თაობა

"თავისუფლად დაკვრა მხოლოდ ფუნდამენტური სწავლის შემდეგ არის შესაძლებელი."

თებერვალი 21, 2019

Hello Blog

"თავისუფლად დაკვრა მხოლოდ ფუნდამენტური სწავლის შემდეგ არის შესაძლებელი."

ჯერი ალენი

რა არის ჯაზი? - ამ კითხვაზე პასუხი ძირითად შემთხვევაში სრულიად მარტივია - „ჯაზი თავისუფლებაა მუსიკაში“. თუმცა „რა არის თავისუფლება“  რთული განსასაზღვრია და ალბათ საკამათოც. მიუხედავად იმისა, როგორ გვესმის ეს ორი ცნება, ისინი რაღაცნაირად მაინც უკავშირდებიან ერთმანეთს. 

ბევრი ამბობს, რომ ჯაზს ცოდნა, გამოცდილება და წლები სჭირდება. გამოცდილება, არა მხოლოდ მუსიკალური არამედ შემეცნებითი და ემოციური. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, იმპროვიზაცია თავისუფლების გარეშე, ბგერების ჰარმონიად ქცევა კი - ცოდნის გარეშე შეუძლებელია. ჯაზში სითამამე და გამოცდილება ისედაც ერთიანდება. ასე დაიწყო მეოცე საუკუნის დასაწყისში ახალ ორლეანში და ასე სჯერათ საქართველოშიც.

28 თებერვალს ჯაზის ახალი თაობის სითამამე და  ბიგ ბენდის გამოცდილება უკვე ფიზიკურად გაერთიანდება - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში თბილისის მერიის ბიგ ბენდი და ჯაზის ახალი თაობა ერთობლივ პროექტს წარადგენენ.

ბიგ ბენდის სარეპეტიციო დარბაზს სტუდენტები უკვე თითქმის ყოველდღე სტუმრობენ. თაობები უსმენენ ერთმანეთს და უზიარებენ ერთი მხრივ, წლების განმავლობაში დაგროვებულ ცოდნას, მეორე მხრივ კი - ახალ ინტერესებს.

გაიოზ კანდელაკი: „ჯაზი ეს ის საქმეა, რომელშიც შეთამაშებაა საჭირო. ტრადიციები თუ ნელ-ნელა არ გადაეცემა ახაგაზრდებს და თუ თაობების შეხვედრა ჰარმონიული არ იქნება, ეს გამოვა ნასწავლი მუსიკა სულიერების გარეშე.“

ლუკა სალაღიშვილი „გიტარაზე აკვრა კონსრერვატორიაში ჩაბარემდე ერთი წლით ადრე დავიწყე. ბავშვობიდან ჩემი კუმირები ყოველთვის გიტარისტები იყვნენ. ჯაზი კი იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან დიდ ცოდნას და ამავდროულად მანიპულირების საშუალებას მაძლევს.“

გიგი ცინცაძე: „პეტ მეთინი პირველი ჯაზმენი იყო, რომელიც მოვისმინე. ჯაზს უკვე წლებია ვუსმენ. გიტარა ჩემი საყვარელი ინსტრუმენტია, რომელიც როცა მინდა, სადაც მინდა მიმაქვს. მიყვარს რასაც ვაკეთებ და ჩემი სამომავლო მიზნებიც მუსიკას უკავშირდება.“

მურკა ლალუაშვილი: „ხუთი წელია დრამერი ვარ, მანამდე სხვა დასარყტამი ინსტრუმენტებიც ვცადე, მაგრამ ყველაზე კარგად დრამთან ვგრძნობ თავს. ბიგ ბენდთან ჩვენი კოლაბორაცია ძალიან სასარგებლოა. ძველის სკოლა, მათი დინამიკა, ბალანსი მომწონს და მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი.

 

თორნიკე აბულაძე: „საქსაფონის ჟღერადობა ყოველთვის მომწონდა. უკვე 8 წელია ამ ინსტრუმენტზე ვუკრავ. მომწონს რასაც ვაკეთებ და ვცდილობ ჩეემი თავისუფალი დრო მთლიანად მეცადინეობას დავუთმო.“ 

ხატია ქორიძე: „ჩემი თავი სხვა მუსიკაში რთულად წარმომიდგენია. ჯაზში ყველაზე თავისუფლად და კომფორტულად ვარ. მოსმენით და დაკვრით თანაბარ სიამოვნებას ვიღებ.“ 

ეს ჯაზის ახალი თაობაა, თავისუფალი და გამოცდილების მაძებელი.

ავტორი: ქეთი რაზმაძე