კულტურა

მულტიმედია ხელოვნება – გიორგი მახნიაშვილი / Mozgovoi

გიორგი მახნიაშვილი, იგივე მოზგოვოი, ქართველი ახალგაზრდა მულტიმედია  ხელოვანი. 2006-2008 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების მიმართულებით. ბაკალავრიატი დაასრულა ფოტოგრაფიის მიმართულებით.

თებერვალი 20, 2019

Hello Blog

გიორგი მახნიაშვილი, იგივე მოზგოვოი, ქართველი ახალგაზრდა მულტიმედია  ხელოვანი. 2006-2008 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების მიმართულებით. ბაკალავრიატი დაასრულა ფოტოგრაფიის მიმართულებით.

2008 წელს მონაწილეობდა MAF-ის ჯგუფურ გამოფენაში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; 2009 წელს კი ბაქოს ბიენალეში – Aluminium or the 4th, ; ამავე წელს – არტისტერიუმში – Changes and an inner.

2010-2011 წლებში დაასრულა დამოუკიდებელი სასწავლო კურსი შვედეთის ვალანდის ხელოვნების სკოლაში.  

2010 წელს მონაწილეობა მიიღო გოთენბურგის უნივერსიტეტში გამართულ გამოფენაში – Vasaparken 2010 Jubilee , ამავე წელს შეიქმნა მისი ნამუშევარი – “ შავი ყუთი”. ასევე მონაწილეობდა: 2010 წელს Teaching Photography, Museum Folkwang Essen-ის გამოფენასა და სიმპოზიუმში.

2011 წელს მონაწილეობა მიიღო ვალანდის სკოლის სამ ჯგუფურ გამოფენაში.  

2011 წელის მონაწილეობა მიიღო ლაიფციგის რეზიდენციაში, პროექტი – ტრანსკავკასია.

2013 წელს რკინიგზელთა სახლში ნაჩვენები იყო მისი პირველი კონცეპტუალური ნამუშევარი სახელწოდებით HAHAHAHAH.

გიორგი მოზგავოის გამოცდილება სხვადასხვა სფეროს სინთეზს აერთიანებს, იქნება ეს 3D გრაფიკა, განათება, პროექციები, საგამოფენო სივრცეზე მუშაობის გამოცდილება, პედაგოგიკა თუ ელექტრობა.

Hammock Magazine – წარმოგიდგენთ ინტერვიუს გიორგი მოზგოვოისთან

მოგვიყევი, როგორ დაიწყო შენი ურთიერთობა ხელოვნებასთან?

სკოლას რომ ვამთავრებდი, გავიგე, რომ არსებობდა ფოტოგრაფიის და ახალი მედიების ინსტიტუტი – MAF, რომელსაც საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა, წიგნების კითხვა მიყვარდა და ერთი წლის მანძილზე კვირაში 2-ჯერ ამ ინსტიტუტს ვსტუმრობდი. მერე კი ამავე ინსტიტუტში ჩავაბარე.

რას საქმიანობ ამჟამად?

ძალიან მიჭირს საკუთარი თავი რომელიმე პროფესიის კლასიფიკაციას მივაკუთვნო, იმიტომ რომ ყველაფერი მაინტერესებს და ზოგჯერ კი საერთოდ არაფერი.

უფრო გასაგები რომ იყოს, რას ვგულისხმობ, პატარა განმარტებას გავაკეთებ: ვცხოვრობ ტყის პირას და ვარ ოფიციალურად უმუშევარი, მაგრამ მაქვს საკუთარი კომპანია და ვფლობ ხუთ სპეციალობას.

შეიძლება თვეში 3-4 პროექტზე ვიმუშაო და ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს. განათების დიზაინი, განათების ტექნიკოსი, 3D პროექციები, საგამოფენო ექსპოზიციის აწყობა, პედაგოგიკა, ელექტრიკოსი…

როგორია განათებასთან მუშაობის პროცესი? რა არის შენთვის მთავარი განათებასთან მუშაობისას?

განათებასთან მუშაობა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ იდეიდან დაწყებული, ტექნიკური მხარით დამთავრებული ყველაფერს მე და ჩემი მეწყვილე პანტელეი შარია ვაკეთებთ. სხვადასხვა ამოცანებია – ხან რა, ხან რა. მთავარია დატოვო ის განწყობა, რაც იყო ჩაფიქრებული – გამართული ტექნიკური შესრულებით. ვიმეორებ, მთავარი განწყობაა.

რა არის შენი, როგორც ხელოვანის დაკვირვების ობიექტი ძირითადად?

რთული კითხვაა და ამოუწურავი. რაც დრო გადის, ყველაფერი იცვლება – დამოკიდებულებაც, მიდგომაც და ფორმაც, ერთის შეცნობით მეორე იბადება და ის უფრო დაგაინტერესებს, მერე იმაზე გადადიხარ, ძველსაც გაიხსენებ, თან ზოგჯერ ახალს დაუკავშირებ, არ ვიცი, რთულია…

დრო, სივრცე და მე, რომელიც ლიმიტირებული ვარ დროში და გარკვეული ფუნქცია მაქვს.

ყოველთვის მაინტერესებდა რელიგია და მითოლოგია, მიმაჩნია, რომ ჩემი ნაწილია და ჩემს ნამუშევრებშიც იკვეთება.

გიმუშავია საკლუბო განათებაზეც, რა კომპონენტები უნდა იყოს გათვალისწინებული კლუბური განათებისას?

ყოველ გამნათებელს თავისი ფილოსოფია აქვს, თუ როგორი უნდა იყოს ესა თუ ის განათება. ბევრი ლიტერატურაც არსებობს და საფუძვლიანი ცოდნის შედეგად ადამიანი ინტუიციურად, ოქროს კვეთის კანონებივით გამოიმუშავებს რეფლექსებს – მუშაობის სტილს, „სინათლეს“ თუ „სიბნელეს“.

მე მაქვს ერთი მთავარი კანონი – არასდროს არ უნდა ბნელოდეს, კლუბი ინტენსიური მუსიკის და დინამიკური განწყობის სივრცეა, ყოველ 4-8-16 თვლაში რაღაც ხდება, ერთი ხმა მეორეს ანაცვლებს. ვცდილობ, ყოველი სიხშირე ან groov თავისი შესაფერისი განათებით ან მისი ეფექტით გამოვხატო.

მთავარი ორი რამაა:

. არ აცდე განწყობას და მუსიკას;

. It’s for fun. ხალხი გასართობადაა მოსული, განათება თვალით აღიქმება, თვალი კი ნერვულ სისტემასთანაა კავშირში. ყველაფერი სწორად უნდა იყოს გაკეთებული, ადამიანი რომ არ დაიღალოს და დროზე ადრე არ წავიდეს სახლში.

გვესაუბრე ნამუშევარზე Hahahaha

Hahahahaha ჩემი პირველი სოლო გამოფენაა, რომელზეც 2 წელი ვმუშაობდი და რკინიგზელთა სახლში იყო გამოფენილი 2013 წელს, გიორგი ნებიერიძის სტენსილით ინსპირირებული პეკინის ქუჩაზე, და ეს ნამუშევარი ასახავდა ერთგვარ სიმბოლოს ყველაფერ იმისა, რაშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ – ქალაქ თბილისში. გამოფენის ტექსტი შეგნებულად არ დავწერე, მგონი, ისედაც ყველაფერი გასაგებია, ბევრი სიმბოლიკაა.

როგორია 3D პროექციასთან სამუშაო პროცესი? რა პროგრამებთან გიწევს მუშაობა?

3D პროექციებთან მუშაობა რთული, საინტერესო და კოლექტიურია. ბევრი ტექნიკური დეტალია და მაქსიმალური სიზუსტე შეცდომებს არ გპატიობს, J ვიზუალისგან (vj-ing ) განსხვავებით, ნაკლები თავისუფლებაა და უფრო მეტი შოუს ელემენტი. „ეფექტურობა“ მთავარი საზომია.

რეკომენდაციის სახით დაგვიტოვე ნამუშევარი, რომელიც ბოლო დროს მოგეწონა

ბოლო დროს… ასე ზუსტად არ მახსოვს, რა მომეწონა, მაგრამ ამ ხელოვანებზე ყოველთვის ვფიქრობ და სულ მომწონს.

http://www.andriesse-eyck.com/artists/3

http://hiroyukihamada.com/sculpture-4/

https://www.mariangoodman.com/artists/pierre-huyghe

ასევე ხორხე ლუის ბორხესის ყველა მოთხრობა! 🙂 

და ბევრი პოეზია!

გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე

ცოტა ხნის წინ მე და ჩემმა მეგობარმა და მეწყვილემ პანტელეი შარიამ ვიქირავეთ სტუდია. მალე იქ გადავალთ და დავიწყებთ უფრო მეტად არტ-ტექნოლოგიურ ნამუშევრებზე მუშაობას.

დავასრულებ ფოტოსერიას და ასევე ვაპირებ ახალი ვიზუალური ლაივის პრეზენტაციას. გეგმები ბევრია, მთავარია შესრულება. როცა წინასწარ ვამბობ რაღაცებს, ხშირად არ გამოდის, ამიტომ სულ ესაა, რის თქმაც შემიძლია.

ავტორი: Hammock