ლიტერატურა

როგორი იქნება საბა 2019?

2003 წელს, როდესაც ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება მთაწმინდაზე პირველად გაიმართა, ცერემონიას სულ რამდენიმე ასეული სტუმარი დაესწრო და ჯილდო 8 ნომინაციაში გაიცა, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ მე-16 ცერემონია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ფრანკფურტის მერიის იმპერატორების დარბაზში ფართო, საერთაშორისო აუდიტორიისთვის ჩატარდებოდა და ჯილდო 11 ნომინაციაში გაიცემოდა.

თებერვალი 14, 2019

Hello Blog

2003 წელს, როდესაც ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება მთაწმინდაზე პირველად გაიმართა, ცერემონიას სულ რამდენიმე ასეული სტუმარი დაესწრო და ჯილდო 8 ნომინაციაში გაიცა, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ მე-16 ცერემონია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ფრანკფურტის მერიის იმპერატორების დარბაზში ფართო, საერთაშორისო აუდიტორიისთვის ჩატარდებოდა და ჯილდო 11 ნომინაციაში გაიცემოდა.

მე-16 „საბა“ განსაკუთრებული საზეიმო განწყობის გარდა, ახალი ნომინაციებითაც იყო გამორჩეული. პირველად პრემიის ისტორიაში ერთდროულად რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო გაიცა:

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკისთვის ლიტერატორი და რედაქტორი ტილმან შპრეკელსენი დაჯილდოვდა, რომელიც ხშირად მიმოიხილავს გერმანულ ენაზე თარგმნილ ქართულ ნაწარმოებებს და ასე კიდევ უფრო აახლოებს უცხოენოვან მკითხველს ქართულ ლიტერატურასთან.

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანის ნომინაციაში მთარგმნელები ეკატერინე ტეტი და იულია დენგი დაჯილდოვდნენ, რომლებმაც რეზო ჭეიშვილის "ცისფერი მთები" გერმანულენოვან მკითხველს გააცნეს.

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვან გამომცემლობად Mitteldeutscher Verlag-ი დასახელდა, რომელსაც ისეთი ქართველი ავტორების ნაწარმოებები აქვს გამოცემული, როგორებიც არიან: აკა მორჩილაძე, ლევან ბერძენიშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვა.

ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის კი ევროპაში ყველაზე წარმატებული ქართველი მწერალი - ნინო ხარატიშვილი დაჯილდოვდა.

2018 წელი გარდა მასშტაბური დაჯილდოების ცერემონიისა, იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ დაარსდა "საბას მეგობართა კლუბი", რომელშიც პრემიის ლაურეატები გაერთიანდნენ. პირველი შეხვედრა კლუბის წევრებთან ნოემბერში გაიმართა, ეს პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება და ქართველ ლიტერატორებსა და "საბას" ორგანიზატორებს შორის პრემიის შესახებ ინფორმაციის და იდეების გაცვლის შესაძლებლობად იქცევა. 

"საბა" მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება 2019 წელს და მე-17 ცერემონიას:

წელს პრემიის  ჟიურის "საბას" საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეარჩევენ. ჟიურის ვინაობა საზოგადოებაში ყოველწლიურად განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს, თუმცა არ იცვლება მთავარი: "საბას" მოყვარულებს დაჯილდოების დღემდე არ ეცოდინებათ, ვინ გადაწყვეტს მონაწილეების ბედს.

„საბას“ საკონსულტაციო საბჭო 2018 წელს დაარსდა და  6 ინსტიტუტი - „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა“, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“, „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“, „ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი“, „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“ და „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გააერთიანა. საბჭო „საბას" როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით გაძლიერებასა და განვითარებაზე იზრუნებს.

2019 წელსვე გაიზარდა საპრემიო ფონდი და  ყველა კატეგორიის გამარჯვებული 4000 ათასის ნაცვლად 6000 ლარს მიიღებს. ჯილდო ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი 8000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.

2018 წელს ჯილდო არ გაცემულა საუკეთესო კრიტიკისა და პიესის ნომინაციაში, თუმცა წელს ეს კატეგორიები დაბრუნდა და ჟიური ბოლო 2 წლის გამოცემებს განიხილავს.

რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი სად ჩატარდება მე-17 ცერემონია და ვინ გახდებიან პრემიის ნომინანტები. 

1-ლი თებერვლიდან ავტორებსა და გამომცემლებს საკონკურსო წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ, ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ვებგვერდზე - saba.com.ge. განაცხადების მიღება 25 თებერვლამდე გაგრძელდება.

მაშ ასე, ლიტერატურული პრემია „საბა“ 2019 დაიწყო!