სიახლეები

წლის წიგნის ქომაგი 2019

1 თებერვალს მწერალთა სახლში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ქართველმა მწერლებმა მკითხველებთან ერთად აღნიშნეს. სანამ წიგნებს წაიკითხავდნენ, მწერლების თავისუფლებასა და უფლებების დარღვევაზე ისაუბრეს და ის რეპრესიული რეჟიმიც გაიხსენეს, რომელსაც არაერთი ქართველი მწერლის სიცოცხლე შეეწირა.

თებერვალი 06, 2019

Hello Blog

1 თებერვალს მწერალთა სახლში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ქართველმა მწერლებმა მკითხველებთან ერთად აღნიშნეს. სანამ წიგნებს წაიკითხავდნენ, მწერლების თავისუფლებასა და უფლებების დარღვევაზე ისაუბრეს და ის რეპრესიული რეჟიმიც გაიხსენეს, რომელსაც არაერთი ქართველი მწერლის სიცოცხლე შეეწირა.

საღამოს დასასრულს კი, იმ ადამიანის ვინაობა გახდა ცნობილი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილისათვის წლის წიგნის ქომაგის პრემია გადაეცა. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯომარემ, გვანცა ჯობავამ ის მრავალი მიზეზი ჩამოთვალა, რომლისთვისაც მამუკა ხაზარაძეს წიგნის ქომაგის პრემიის მფლობელი გახდა.

➢ „ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებისა და დღემდე ჩატარებული 16 დაჯილდოებისთვის, 3500-მდე შეფასებული წიგნისა და 151 გაცემული ჯილდოსთვის.

➢ პროექტისთვის #წერექართულად, რომელიც აერთიანებს ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში პოპულარიზაციის ინიციატივებს: შრიფტების შექმნის კონკურსს, ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულებას და მაიკროსოფტთან ერთდ შექმნილ პირველ ქართულენოვან პლატფორმას – kartulad.ge, რომლის მიზანია ქართული ენა დაინერგოს მაიკროსოფტის პროგრამებში.

➢ ელექტრონული წიგნების სახლისთვის „საბა“, სადაც ამ დროისთვის განთავსებულია 5000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი, ჰყავს 174 000 რეგისტრირებული მკითხველი საქართველოსა თუ უცხოეთში.

➢ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტისთვის „ქალაქი ბიბლიოთეკა“, რომლის საშუალებითც მკითხველს შეუძლია გამოიყენოს მწერლების სახელობის ქუჩებსა და სკვერებში წარმოდგენილი უფასო ელექტრონული ბიბილიოთეკა, რამაც თავად ქალაქი აქცია საინტერესო მულტიმედიურ, ლიტერატურულ სივრცედ.

➢ პროექტისთვის „იკითხე მთაში!“ რომლის ფარგლებში საქართველოს მთის კურორტებზე დამონტაჟდა უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდები, ათობით ელექტრონული წიგნით. ასევე, 2015 წელს უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა განთავსდა თბილისის მეტროშიც.

➢ პროექტისთვის „შეხვედრის საბა-ბი“, რომლის ფარგლებში „საბას“ ლაურეატებმა წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს, მწერლები ადგილობრივ მკითხველებს შეხვდნენ, 15-მდე სოფლის სკოლას კი საჩუქრად სპეციალური სამკითხველო კუთხეები და „საბას“ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა გადაეცათ. 

➢ პროექტ „წერექართულად“-ის ახალი კამპანიისთვის, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს ფრაზები ქართული ლიტერატურიდან განთავსდა ქალაქის 100-მდე გაჩერებზე, თიბისი ბანკის ფილიალების ეკრანებზე და გარებანერებზე. იგივე ბრენდინგით დაიბეჭდა ასობით მაისური და სხვადასხვა ტიპის საიმიჯო მასალა, რომელიც საქართველოს მასშტაბით დაურიგდათ აზრის ლიდერებს.

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი 

➢ 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პროექტში აქტიური ჩართულობისთვის – პროექტის „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ მხარდაჭერისა და რაც მთავარია, ლიტერატურულ კონკურს „საბას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის ფრანკფურტში, უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის, რამაც ქართულ სალიტერატურო სივრცეს მისცა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა საერთაშორისო არენაზე თავის წარმოსაჩენად.

მამუკა ხაზარაძემ თავის სამადლობელ სიტყვაში ისაუბრა, რას ნიშნავს მისთვის სიტყვა „მწერალი“ და ხაზი გაუსვა შემოქმედის თავისუფლების მნიშვნელობას.

„მწერალი ჩემთვის ყოველთვის აღიქმებოდა სიმართლის მთქმელ, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად. თუ ჩვენს ისტორიას თვალს გადავავლებთ, ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ თავისუფლება და მისი მოპოვება იყო. მახსოვს, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, ეს იყო ჩვენი მშობლებისა და მათი წინა თაობების ამოცანა. შემდეგ ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები და მოვიპოვეთ თავისუფლება, მაგრამ ჩვენ წაგვართვეს თავისუფლება, დავკარგეთ ტერიტორიები და უფრო და უფრო დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ხომ შეიძლება ეს პროცესი კიდევ უფრო შორსაც წავიდეს. ეს ეხება ყველა სფეროს და ვფიქრობ, რომ მწერალი არის ის ადამიანი, რომელიც ისჯება თავისუფლებისთვის.“

მამუკა ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „საბა“ არასოდეს ყოფილა უბრალოდ პროექტი, რადგან 17 წლის წინ, როდესაც სამი ახალგაზრდა მწერალი - რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე და დათო ტურაშვილი მივიდნენ მასთან და ლიტერატურის მხარდაჭერა სთხოვეს, მაშინვე დაიჯერა ამ იდეის. 

„17 წლის გადმოსახედიდან მინდა ამ იდეისთვის მათ მადლობა გადავუხადო. ასევე „საბას“ ყველა მონაწილესა და ლაურეატს ვუხდი დიდ მადლობას, რადგან ჩვენ ერთად დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენ ერთად შევქმენით მიმდინარეობა, რომელიც შეუქცევადია, რადგან თუ 10 წლის განმავლობაში ქმნი რაღაცას, ეს ნიშნავს, რომ მან გაუძლო დროს. „საბას“ შემთხვევაში კი ის 17 წელია არსებობს და სულ ვითარდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად მივაღწიეთ გამარჯვებას.“

ბოლოს კი, თიბისი ჯგუფის ხელმძღვანელმა ახალ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ფრანკფურტში გამართულმა წიგნის დღეებმა და იქ ჩატარებულმა „საბამ“ დააკისრა ყველას, ვინც წიგნის ქომაგია ამ ქვეყანაში.

„როდესაც რაიმეს მიაღწევ, არ შეიძლება შემდეგ სტანდარტი დაბლა ჩამოსწიო. თქვენთან ერთად ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მწერლებმა ერთად უნდა შეუტიოთ ევროპის ბაზრებს, იმიტომ, რომ იქ არ იცნობენ ქართულ ლიტერატურას და არ იციან, როგორი არაჩვეულებრივი მწერლობა გვაქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი წიგნები ფართო მასშტაბით გავიდეს ევროპაში.“

ფოტოები: საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია