თაობა

თიბისის სტიპენდიატები ვეკუას სკოლიდან

ნიკა სალია და ნიკა გლუნჩაძე ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სწავლობენ. ორივე მათგანი თიბისის სტიპენდიატია. 

იანვარი 31, 2019

Hello Blog

ნიკა სალია და ნიკა გლუნჩაძე ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სწავლობენ. ორივე მათგანი თიბისის სტიპენდიატია. 

ნიკა სალია

,,17 წლის ვარ და პროგრამირებას ვსწავლობ. ახლა უფრო საოლიმპიადო პროგრამაზე ვარ გადართული, რაც უფრო რთულია. ეს ნიშნავს იმას, რომ შენი კოდი უფრო გამართული და ოპტიმიზირებული უნდა იყოს და ბევრად უკეთესად მუშაობდეს, ვიდრე უბრალოდ მუშაობდეს. მინიმუმ 5 საათი ვზივარ და ვწერ. პროგრამირება მასწავლებელმა შემაყვარა. ჩემი საქმე სტრესულია. თუ გადამწყვეტი ნაშრომი კარგად ვერ დაწერე, შეიძლება მთელი წლის შრომა წყალში ჩაგეყაროს. ამასთან დაკავშირებით ბევრი სტრესის გადატანა მიწევს. საქართველოში ბევრი ძლიერი პროგრამისტია, შეიძლება უბრალოდ ვინმემ გაჯობოს და მორჩა. ბინმემ რომ მითხრას დაჯექი და დღეში 7 საათი ბიოლოგია ისწავლეო, ვერ ვიზამ. მაგრამ კოდს ვგრძნობ. 

2 წლის წინ აპლიკაციის კეთება დავიწყე, რომელიც სკლეროზით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც კი დავიწყე მივხვდი, რომ იმ მომენტში ამას კარგად ვერ გავაკეთებდი. ახლა ვგეგმავ რომ ამ აპლიკაციის წერა დავასრულო. საერთოდ მინდა, რომ ჩემი გაკეთებული პროდუქტით ვინმეს ცხოვრება უკეთესი გახდეს."

ნიკა გლუნჩაძე

,,როცა მეშინოდა, რომ მათემატიკის ოლიმპიადას ცუდად დავწერდი, უფრო ცუდად ვწერდი, ვიდრე მაშინ, როცა არ ვნერვიულობდი. ვფიქრობ სტრესის ბრალია. ამ ოლიმპიადებზე რატომ ვნერვიულობთ? თუ მოიგებ ძალიან გეხმარება, თვითდაჯერებულობა გემატება, სახელი გივარდება და კარიერაშიც გეხმარება მერე. როგორი გრძნობაა როცა იგებ? არ ვიცი, როცა მოვიგებ გეტყვით. ჯერჯერობით ნაკრების შესარჩევი ტურები მაქვს დაწერილი. 

ზუსტად ვიცი, რომ ტექნიკური მიმართულებით ვიმუშავებ. მათემატიკა მხოლოდ მათემატიკა არაა, ცხოვრებაში გეხმარება. გოგოებს ჭკვიანი ბიჭები უყვართ, კი, თუმცა მარტო ეს საკმარისი არაა."

ფოტო, ტექსტი: ალექსანდრე დავითაშვილი