სიახლეები

მალვეარი - მავნე პროგრამა, რომელიც თქვენს კომპიუტერებს აზიანებს

შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი და კომპიუტერული ტექნოლოგიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მათ შორის პირველი და მთავარი მსგავსება ის არის, რომ ჩვენს ყოველ მოქმედებაზე ორივე ადეკვატურად რეაგირებს. რაც უფრო მეტად ჯანსაღად ვიკვებებით, ჩვენი ორგანიზმიც უფრო უკეთ მუშაობს. ასე ხდება კომპიუტერის შემთხვევაშიც - რაც მეტად დავაკვირდებით, რითი „ვკვებავთ“ ჩვენს კომპიუტერებს, მით უფრო კარგად ფუნქციონირებს ის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა აყენებს მოწყობილობებს ძალიან დიდ ზიანს, რომელიც ჩვენი პირადი ინფორმაციის დაცულობაზეც აისახება.

ნოემბერი 06, 2018

Hello Blog

რა არის მალვეარი და როგორ ვნებს ის ჩვენს კომპიუტერს, პირად ინფორმაციასა და ფინანსურ ანგარიშებს?

შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი და კომპიუტერული ტექნოლოგიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მათ შორის პირველი და მთავარი მსგავსება ის არის, რომ ჩვენს ყოველ მოქმედებაზე ორივე ადეკვატურად რეაგირებს. რაც უფრო მეტად ჯანსაღად ვიკვებებით, ჩვენი ორგანიზმიც უფრო უკეთ მუშაობს. ასე ხდება კომპიუტერის შემთხვევაშიც - რაც მეტად დავაკვირდებით, რითი „ვკვებავთ“ ჩვენს კომპიუტერებს, მით უფრო კარგად ფუნქციონირებს ის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა აყენებს მოწყობილობებს ძალიან დიდ ზიანს, რომელიც ჩვენი პირადი ინფორმაციის დაცულობაზეც აისახება.

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს რთულად განსაკურნებელი ვირუსი შეეყარა. ვირუსი ვრცელდება მთელს ორგანიზმში და ამყარებს მასზე კონტროლს, ართმევს ძალას და ადამიანი ხდება დასნეულებული. ის ვეღარ აკონტროლებს საკუთარ შესაძლებლობებს და ხდება გამოფიტული. ამ დროს გადარჩენის ერთადერთი გზა ვირუსის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მკურნალობაა. სწორედ ასეთი კორელაცია არსებობს კომპიუტერულ ვირუსებსა და მოწყობილობებს შორის. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და რთულად განსაკურნებელი ვირუსი კიბერ სივრცეში Malware-ის სახელით არის ცნობილი, რომლის შესახებაც ჩვენ ვრცლად გესაუბრებით.

Malware არის იგივე მავნე პროგრამა, რომელიც თავისი არსით ისეთივე პროგრამული უზრუნველყოფაა, როგორიცაა Word, Excel და სხვ. ეს ნიშნავს, რომ მალვეარი მოწყობილობებში აღმოჩენის შემდეგ საკუთარ ფუნქციებსა და მოვალეობებს იძენს და სხვადასხვა ინფორმაციაზე აქვს წვდომა. Word-ისა და სხვა უსაფრთხო პროგრამებისგან ის იმით განსხვავდება, რომ მას ერთი კონკრეტული შემქმნელი, კიბერ კრიმინალი ჰყავს, რომელიც მალვეარის დახმარებით თქვენს კომპიუტერზე ფაქტობრივად სრულ კონტროლს იღებს. ამის შემჩნევა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.

როგორ აღწევს მალვეარი ჩვენს მოწყობილობებში?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მალვეარი ჩვენს კომპიუტერში ჩვენივე ნებართვით აღწევს. ძირითადად ეს სწორედ ასე ხდება. ინტერნეტის ყველა მომხმარებელი ცდილობს სასურველი ინფორმაცია, ფილმი, მუსიკა თუ პროგრამა რაც შეიძლება იაფად, ან უკეთეს შემთხვევაში უფასოდ გადმოიწეროს. სწორედ ამის გამო, ჩვენ ხშირად ინფიცირებულ, ანუ დავირუსებულ პროდუქტს ვიწერთ ხოლმე და მისი დაინსტალირებისას მალვეარს უფლებას ვაძლევთ ჩვენს კომპიუტერში შემოაღწიოს. გარდა ამისა, მავნე პროგრამების გავრცელება ხდება ელექტრონული ფოსტით, როდესაც კიბერ დამნაშავე თავის პოტენციურ მსხვერპლს მიმაგრებული ფაილის სახით უგზავნის შეტყობინებას. მალვეარი შეიძლება სოციალურ ქსელებშიც აგედევნოთ, ისევე როგორც სხვადასხვა ვებგვერდებზე ან მეხსიერების ბარათით. სოციალური ქსელების შემთხვევაში, მალვეარის მთავარი წყარო ე.წ. Third party apps არის, ანუ ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა „გაიგე, რამდენი წლის ასაკში გათხოვდები“ და სხვ.

რა ტიპის მავნე პროგრამები არსებობს და რა ზიანის მოყენება შეუძლიათ მათ?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მალვეარის ერთადერთი დანიშნულება არის ის, რომ მის შემქმნელს ჩვენს კომპიუტერზე სრული წვდომა მისცეს. ასეთ შემთხვევაში კიბერ დამნაშავე სრულად აკონტროლებს ჩვენს აქტივობას, რომელსაც კომპიუტერით ვახორციელებთ და მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. მიზანი შესაძლოა მრავალი იყოს. კერძოდ, კიბერ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა მოიპოვოს წვდომა ჩვენს პირად ფაილებზე, პაროლებზე, ფინანსურ მონაცემებზე, ონლაინ აქტივობის ისტორიაზე და სხვ. გარდა ამისა, მან შესაძლოა ჩვენი კომპიუტერი სხვა ადამიანებისთვის ან ორგანიზაციებისთვის თავდასხმისთვის გამოიყენოს. ამასთან ერთად კი, კიბერ დამნაშავეს მალვეარის საშუალებით შეუძლია შეგვიზღუდოს წვდომა ჩვენს პირად კომპიუტერსა თუ ფაილებზე და სანაცვლოდ, გამოსასყიდი თანხა მოგვთხოვოს, გამომძალველ მავნე პროგრამას Ransomware-ი ჰქვია. ამ დროს მხოლოდ ორი არჩევანი გვრჩება - ან გადავიხადოთ თანხა, ან შევეგუოთ დანაკარგს. არსებობს მესამე გამოსავალიც, რომ ვიბრძოლოთ მათ გასათავისუფლებლად, თუმცა ეს საკმაოდ რთული მისაღწევია.

მალვეარი თავისი ფორმებით საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. ყველაზე გავრცელებული ტიპები შემდეგია: Adware, Trojan horse, Spyware, Ransomware და სხვ.

Adware არის მალვეარის ისეთი ტიპი, რომელიც ავტომატურად აგენერირებს რეკლამებს თქვენს კომპიუტერში. თუკი ოდესმე ჰქონია თქვენს კომპიუტერს ამგვარი მავნე პროგრამა, აუცილებლად გემახსოვრებათ თუ რამდენად გამაღიზიანებელი და ხელის შემშლელია ის. მისი კომპიუტერში დაყენების შემდეგ, ყველა ბრაუზერში ჩნდება რეკლამები სხვადასხვა თემაზე, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას ნორმალურად ვისარგებლოთ ვებ სივრცით. ყოველი დაკლიკვა ახალ ლინკზე გვამისამართებს და ჩვენს აქტივობას შეუძლებელს ხდის. ამ გზით Adware-ის შემქმნელები დიდ ფულს შოულობენ, ჩვენს კომპიუტერს კი მნიშვნელოვნად აზიანებენ.

Trojan Horse მალვეარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ამავდროულად რთული სახეობაა, რომელიც კომპიუტერის მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოსაპარად ყველაზე აპრობირებულია. გარდა ინფორმაციის მოპარვისა, ტროიანი ვნებს კომპიუტერულ სისტემას და აფერხებს მის მუშაობას. ტროიანის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა ონლაინ თამაშებზე რეგისტრაცია, Drive Downloads და პირატული პროგრამების გადმოწერაა. მას შემდეგ, რაც ტროიანი ჩვენს კომპიუტერში აღმოჩნდება, კიბერ დამნაშავეს საშუალება აქვს აკონტროლოს ყველაფერი, რაც ამ კომპიუტერით მოხდება. მათ შორის, შეუძლია ეკრანზე განვითარებული ოპერაციების ჩაწერა, ფინანსური მონაცემების ნახვა, პაროლებისა და ლოგინების მოპოვება და სხვ.

Spyware ზოგიერთი მალვეარის მსგავსად, პირადი ინფორმაციის მოსაპარად გამოიყენება. ის ძირითადად Adware-თან ან ტროიანთან ერთად მოქმედებს ხოლმე და კომპიუტერის მომხმარებლებს დისკომფორტს უქმნის. გარდა მონაცემების მოპოვებისა, მას შეუძლია ინტერნეტის სიჩქარის შენელება ან საერთოდ გათიშვა, სისტემის დაზიანება, ფაილებზე წვდომის შეზღუდვა და სხვ.

მალვეარის ამ ტიპების გარდა, არსებობს უამრავი სახეობა, რომელიც შესაძლოა ჩვენს კომპიუტერში აღმოჩნდეს. თითოეული მათგანი ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება, თუმცა სხვადასხვა სამოქმედო გეგმა გააჩნიათ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად აღმოვაჩინოთ ისინი და კომპიუტერის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ.

როგორ დავიცვათ თავი მალვეარისგან?

მალვეარისგან თავის დაცვის უნიკალური მეთოდი არ არსებობს, რაც მისი კომპლექსურობისა და სირთულის დამსახურებაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია მოვიქცეთ ისე, რომ მავნე პროგრამებმა ჩვენს მოწყობილობებში არ შემოაღწიოს. ამისათვის კი, მნიშვნელოვანი რჩევების გათვალისწინებაა საჭირო. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ მალვეარით ნებისმიერი მოწყობილობა შეიძლება დაინფიცირდეს. არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ მავნე პროგრამები მხოლოდ Windows-ის სისტემაში აღწევს, სინამდვილეში კი, მას ყველა მოწყობილობაში შეუძლია შეძრომა, მათ შორის სათვალთვალო კამერებშიც კი. მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციას გავიაზრებთ, მეტი სიფრთხილის გამოჩნა გვმართებს.

როგორც ვირუსშეყრილ ადამიანს არ შველის მხოლოდ ანტიბიოტიკები, ასევე არ შველის მალვეარს მხოლოდ ანტივირუსის დაყენება კომპიუტერში. მავნე პროგრამებისგან თავის დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმა ჩვენი პასუხისმგებლობაა და უნდა ითქვას, რომ არც თუ ისე რთული.

იმისთვის, რომ ჩვენი კომპიუტერი დავიცვათ მალვეარისგან, მნიშვნელოვანია, რომ სისტემა მუდმივად განვაახლოდ, ანუ ე.წ. Update-ები დავაყენოთ. ეს ეხება როგორც ოპერატიულ სისტემას (Windows, OS, iOS, Android), ასევე ბრაუზერებსა და სხვადასხვა აპლიკაციებს. ეს ძალიან მარტივი ოპერაციაა, რომელიც სულ რამდენიმე წუთს საჭიროებს, თანაც ძალიან იშვიათად.

მალვეარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პროგრამის გადმოწერას ვაპირებთ კომპიუტერში. თუკი თქვენი ბრაუზერი ან ანტივირუსი გაგაფრთხილებთ, რომ ამ გადმოწერის შესრულება საშიშია კომპიუტერისთვის, დაუჯერეთ მას და შეწყვიტეთ ოპერაცია. თუ ვერც ერთმა პროგრამამ ვერ ამოიცნო საფრთხე, მაშინ ყურადღებით დააკვირდით საიტის სახელს, საიდანაც იწერთ. თუ საეჭვო სახელი აქვს, უმჯობესია შეაჩეროთ გადმოწერა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მობილური აპლიკაციების გადმოწერის დროს ყურადღება მიაქციოთ მოთხოვნილ უფლებებს, მის რეიტინგსა და შეფასებებს, გადმოწერების რაოდენობას და განახლებების სიხშირეს. ნუ გადმოწერთ მობილურ აპლიკაციას გარდა ოფიციალური პროგრამული უზრუნველყოფის მაღაზიისა.

მობილურ ტელეფონებში მალვეარის გავრცელება JailBreak-ის დამსახურებითაც ხდება ხოლმე, რადგან ის მობილურის დაცვის მექანიზმებს ანეიტრალებს და მალვეარების გავრცელებას უწყობს ხელს. იგივე ეხება Root მეთოდებსაც, ასე რომ, მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ხრიკები არ გამოიყენოთ თქვენი ტელეფონისთვის.

ასევე ყურადღების გამოჩენაა საჭირო მაშინ, როდესაც ელექტრონული ფოსტით ან SMS შეტყობინებით მოდის უცხო ლინკები და მიმაგრებული ფაილები. ამ დროს, ჩვენ უნდა გადავამოწმოთ, თუ ვინ არის წერილის გამომგზავნი, რამდენად სანდოა ის და თუ აღმოვაჩენთ, რომ არ გვეცნობა, დააიგნორეთ მონაწერი ან დაუკავშირდით გამომგზავნს და გადაამოწმეთ მისი სანდოობა.

კიდევ ერთი გზა მალვეარისგან მიყენებული ზიანის შესამცირებლად არის პირადი ფაილების სარეზერვო კოპირება, ანუ ბექაფი (Backup). ასეთი ფაილები უნდა შეინახოთ ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ინტერნეტთან მიერთებული. ასეთია გარე მეხსიერების მატარებელი (External Drive), გარე ვინჩესტერი, დაფორმატებული მეხსიერების ჩიპი და სხვ.

რომ შევაჯამოთ, მალვეარისგან თავის ასარიდებლად აუცილებელია ყურადღებით ყოფნა და ამ მცირე უნარჩვევების გამოჩენა. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ დეტალებს არ მივაქცევთ ყურადღებას, საფრთხის ქვეშ დავაყენებთ საკუთარ პირად ინფორმაციას, მნიშნველოვან ფაილებს, კომპიუტერებსა და სხვა მოწყობილობებს.

ავტორი: დიმიტრი სანაია