კულტურა

ოქროს საწმისის ძიებაში - ჩანაწერები უჩვეულო რალიდან

ხდება ხოლმე, მოულოდნელად საინტერესო შემოთავაზებას იღებ, ისეთს, უარს რომ ვერ იტყვი, რაც არ უნდა გადავსებული განრიგი გქონდეს, რამდენი საქმის გადადებაც არ უნდა მოგიწიოს... 

ნოემბერი 06, 2018

Hello Blog

ხდება ხოლმე, მოულოდნელად საინტერესო შემოთავაზებას იღებ, ისეთს, უარს რომ ვერ იტყვი, რაც არ უნდა გადავსებული განრიგი გქონდეს, რამდენი საქმის გადადებაც არ უნდა მოგიწიოს... 

იმიტომ რომ მსგავსი შესაძლებლობა მხოლოდ ერთ “ეგზემპლარად” იარსებებს და გულის სიღრმეშიც რაღაც ახმაურდება - მიდი! ასე მოხდა მაშინაც, როცა უჩვეულო თავგადასავალში მონაწილეობა შემომთავაზეს… დაახლოებით, ასე: ომამდელი მანქანების რალი ეწყობა საქართველოს გარშემო… გცალია? - არა... - წამოხვალ? - კი!

9 საათი, თავისუფლების მოედანი - 2 ოქტომბერი

მარშრუტი: თბილისი - ვარძია

მოედანზე, ფაქტიურად, რარიტეტული მანქანების მუზეუმი მხვდება. ასოციაციები: შავ-თეთრი ფილმები, ჩაპლინი, კასაბლანკა, დიდი გეთსბი… შემდეგი ორი საათი არ წყდება გაოგნებულ დამთვალიერებელთა ნაკადი, თანმდევი კითხვებით, ჩაჯდომის სურვილით, ფოტო-ვიდეო გადაღებით.

ფოტო: გია აბდალაძე

მონაწილე ავტომობილების ძირითადი ნაწილი მეორე მსოფლიო ომამდეა გამოშვებული. ყველაზე ხანდაზმულია 1922 წლის Vauxhall 30/98, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა - 1950 წლის Jaguar Mark V . თუმცა, ამ უკანასკნელის პილოტი - ქალბატონი ლუიზა მიხსნის, რომ სინამდვილეში, ამ მანქანის ძრავიც ომამდე იყო აწყობილი.

ეს მანქანები 20-30-იანი წლების, აღმოჩენებისა და მიღწევების ეპოქას გვახსენებენ; თითქმის ყველაფერი, რასაც ავტომობილების წარმოებაში იყენებენ, სწორედ ამ პერიოდში შემუშავდა: ჰიდრავლიკა, კონდიციონერი, ავტომატური გადაცემათა კოლოფი, მსუბუქი აეროდინამიული კონსტრუქციები და ა.შ. ამ დროის მანქანებს, დღეს, უკვე ოფიციალურ ინვესტიციად მიიჩნევენ და ძვირფას ქაღალდებსა თუ უძრავ ქონებასაც ადარებენ. თუმცა, თუ უკვე მსგავსი მანქანის მფლობელი ხარ, გაყიდვა, წესით, არასდროს მოგინდება.

ფოტო: გია აბდალაძე

მონაწილეები კიდევ ერთ ნიუანსს აღნიშნავენ - მანქანა თუ გყავს, მისი სამუზეუმო ექსპონატად შენახვა დაუშვებელია. ავტოფარეხში უმოძრაოდ დგომის შედეგად, ავტომობილი უბრალოდ კვდება, კარგავს ყველანაირ სითხეს და სწორედ ამიტომ ცდილობენ ხშირად ატარონ. მსგავსი ტიპის სათავგადასავლო მოგზაურობაც მშვენიერი მიზეზია რარიტეტის გასაკაჟებლად.

11:30

ქალაქიდან გავდივართ თუ არა, იგრძნობა როგორ თხელდება ჰაერი და ყოველი ჩასუნთქვა ანკარა წყაროს ყლუპს ემსგავსება. ისეთ ადგილებში კი, სადაც გარშემო მხოლოდ ბუნებაა, დროისა, თუ ეპოქის აღმნიშვნელი კი არანაირი სხვა ნიშანი, თავისუფლად შეიძლება წარმოიდგინო თავი შავ-თეთრი ფილმების ეპოქაში.

-გოჩა, გაჰყე მიდი! მესმის შეძახილები წალკასთან. გზაზე ყველა ხელს გვიქნევს და რაც შეიძლება დიდი ხნით გვაყოლებენ გაოცებულ მზერას.

14:30

სოფელ საღამოში ტბასაც და აქაურ სამასპინძლოსაც “საღამო” ჰქვია. თურმე, მხოლოდ იმიტომ, რომ თამარ მეფე აქაურობას საღამოს სწვევია. აქ, ერთი საათით ვისვენებთ და ვაგრძელებთ გზას. გავდივართ წალკას, ფარავნის ტბას... შავი მიწების უზარმაზარ მდელოებს, თითქოს, მოლიპული ქვისგან გამოთლილ მთებს... შემდეგ, უზარმაზარ ხრიოკ სივრცეს, სადაც ცივილიზაციის ერთადერთ მანიშნებლად ახალქალაქის სადგური გვხვდება. გზად, ამინდიც მრავალფეროვანია: მზე, ქარი, წვიმა, სეტყვა, ისევ მზე...

17:30

ვარძიას ვუახლოვდებით. აქაურობა სუნთქვისშემკვრელია - საოცარი, ბუმბერაზი, პირველქმნილი... არადა, ჯერ უშუალოდ ვარძიის კომპლექსიც არ ჩანს. კოპწია მანქანებით ასეთივე კოპწია ეზო ივსება. ვახშმამდე - ჟოლოს ფოთლების ჩაი და ულამაზესი ხედების მეხსიერებაში ჩატვირთვის პროცესი...

მშვენიერი თავგადასავლის მშვენიერი დასაწყისია! „კასაბლანკა”-დან რიკის სიტყვები მახსენდება: „Louis, I think this is the beginning of a beautiful friendship!” (ლუი, ვფიქრობ ეს მშვენიერი მეგობრობის დასაწყისია!)

3 ოქტომბერი

მარშრუტი: ვარძია - ხიზაბავრა - ბორჯომი

11:00

ენით აუწერელია ვარძიის მიმზიდველობა. ადამიანის ხელითაა გამოთლილი, მაგრამ იმდენად ორგანულად ერწყმის გარემოს - ბუნებისას ჰგავს. უნიკალური ფრესკები, ფერები, ჰაერი, გვირაბები, ისტორიის ნაკვალევი, ლეგენდებით გაჟღენთილი კედლები და ამ ყველაფრის წინ გადაშლილი ულამაზესი მთა-ბარი...

სტუმრები გიდს ფეხდაფეხ დაჰყვებიან და ყოველ სიტყვას ისრუტავენ. ერთ-ერთი მათგანი [ანეტ აბაჩი, 1931 წლის ინვიქტა] გვეუბნება - მთელი მსოფლიო შემოვიარე, მაგრამ მსგავსი გავლენა არც ერთ სანახაობას არ მოუხდენიაო... ადვილი დასაჯერებელია.

უკან დაბრუნებულები, მანქანებს შემდეგი დანიშნულების ადგილისთვის ამზადებენ, აპრიალებენ, ამოწმებენ ტექნიკურ გამართულობას. 

ჯგუფთან ერთად, როგორც ამ დარბაისელ ტრანსპორტს შეეფერება, ორი ტექნიკოსიც მგზავრობს ნებისმიერი გაუმართაობის გამოსასწორებლად.

14:30

ხიზაბავრაში ხალხმრავლობაა...

ადგილობრივები, მევენახეები, თბილისიდან ჩამოსული სტუმრები, ჟურნალისტები... საგანგებო წვეულება აქაურ ტერასებზე გახარებული უძველესი ყურძნის ჯიშების პირველ რთველს ეძღვნება. მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, ყველა სტუმარს ვენახისკენ იწვევენ ყურძნის დასაკრეფად. როგორც მევენახე კოტე გვიხსნის რთველს უფრო გვიან გეგმავდნენ, მაგრამ შაქრიანობა ყურძენში უკვე ოპტიმალურ დონეზეა და ღვინის დაწურვაც შეიძლება. სტუმრები აქვე გამოხდილ ჭაჭასაც აგემოვნებენ. რამდენიმე მათგანი ალბათ ისევე გაოცდნენ არყის გამოსახდელი კონსტრუქციით, როგორც ადგილობრივი ბალღები მათი მანქანებით.

3 წელია, რაც მიმდინარეობს აქ განლაგებული ტერასების აღდგენა და მათზე 4 უძველესი, ქართული ჯიშის ყურძნის: თამარის ვაზის, მესხურის, ხიხვისა და ჩიტისთვალას გახარება. სულ 27 ჯიში აღორძინდება, 27-ვე უნიკალური, მხოლოდ ხიზაბავრული. აქაური ტერასებისა და "ტერუარის" მთელი ხიბლი კი იმაშია, რომ დღის განმავლობაში მზით დამთბარი ქვები ღამის სიცივეს შედარებით ანეიტრალებს. მოკლედ, ვიმახსოვრებთ - ხი ზა ბავ რა! ამ სახელთან, დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი სიახლე იქნება დაკავშირებული.

18:00

ბორჯომი - ყველა მხრიდან მსუყე სიმწვანე, თბილი საღამო, კმაყოფილი სტუმრები და მორიგი შთაბეჭდილებების “მოსავალი”. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ადამიანი, რომელსაც ბორჯომის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, კერძოდ კი ბორჯომის - როგორც სასმელი მინერალური წყლის კომპანიის აღორძინებაში, ამ რალის ერთ-ერთი ინიციატორია - ბატონი ბობ მეიერი, გარეგნობითაც და ურთიერთობითაც კეთილ ჯადოქარს რომ ჰგავს.

ბოლო 25 წელია, საქართველოსთან მჭიდრო კავშირი აქვს. ამბობს, 20 წლის წინ, მსგავსი რალი წარმოუდგენელი იქნებოდა, სამაგიეროდ, ახლა, თუნდაც ამ ავტომობილების აქ ჩამოყვანა, უკვე იმის ნიშანია, რომ ქვეყანა განვითარდა, არსებობს შესაფერისი ინფრასტრუქტურა, მომსახურება და... კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც თვითონ ბობი ქართულ დაავადებას უწოდებს - “აქ, ერთხელ მაინც თუ მოხვდები, შემდეგ ყოველთვის გენდომება დაბრუნება”...

ბობ მეიერის 1933 წლის ბუგატიზე [Bugatti T46] რალის ნომრად სიმბოლური #1-ია. რასაც ვუყურებ, ყველაზე სწრაფად გადაადგილდება. ავტომობილზე დაკრული სტიკერებით ხვდები, რომ ბევრი სხვა რალიც გამოუვლია, ხოლო გარბენი, მხოლოდ მის ხელში - 100 000 მილია [160 000 კმ].

4 ოქტომბერი

მარშრუტი: ბორჯომი - ზესტაფონი - წყალტუბო 

კლასიკური მანქანების რალის ყველაზე დიდი ენთუზიასტები მათი უძველესი მანქანებით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობასაც არ ერიდებიან და ირწმუნებიან, რომ ამ მანქანებით მოძრაობა, მათი სიჩქარიდან გამომდინარე, რომელიც ხშირად არ აღემატება 50 კილომეტრს საათში, განსაკუთრებით ოპტიმალურია გარემოს დასათვალიერებლად, მით უმეტეს, თუ ავტომობილი “კაბრიოლეტია”! მათთვის ამ მანქანების მართლა სამუზეუმო ექსპონატად შენახვა თითქმის მკრეხელობაა და დარწმუნებული არიან, რომ მსოფლიოს გზებს არ უნდა მოაკლონ გადაადგილების ეს ფანტასტიური საშუალება.

საგანგებოდ ამ რალისთვის შექმნილი თამაში არ იძლევა გზაზე მოდუნების საშუალებას. მძღოლი და მისი მეწყვილე ყურადღებით უნდა იყვნენ არამარტო სწორი გზის მისაგნებად, არამედ ამ გზებზე განლაგებული ნიშნების დასაფიქსირებლადაც. ნიშნებს გრაფებში იწერენ და სწორი პასუხებითვის შესაბამის ქულებს იღებენ. გზადაგზა, ყოველდღე, მინიმუმ ერთი კონკურსია - სიჩქარესა, თუ მანევრირებაში.

დღეს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გარშემო იმართება სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეჯიბრი: მანქანებმა დათქმულ დროში უნდა შემოიარონ ქარხნის მთელი ტერიტორია. აქაურობა ვირტუალური თამაშების რეალობას წააგავს, ძველი საბჭოური შენობებითა და თითქოს, მიტოვებული ინდუსტრიული ზონის ეფექტით. თუმცა, ქარხანა სულაც არაა მიტოვებული, სრულიად ფუნქციონირებადია და ამ მანქანების თანატოლია.

18:30

საბჭოური დროის შენობებით წყალტუბოც გვანებივრებს. თუმცა, მთავარი სანებივრო აქ, მაინც ბუნება და ჰაერია... ეპოქებისა და იდეოლოგიების ერთგვარ გზაჯვარედინზე, თავის დროზე ნაქებ, თავმომწონე ქალაქში, პირველად აღმოვჩნდი. ყოფილი დიდების “არტეფაქტების” ფონზე, აქაურობა, ცოტა არ იყოს, სევდიანი მეჩვენება...

5 ოქტომბერი

მარშრუტი: პრომეთეს მღვიმე - ამბროლაური - წყალტუბო

სანამ დავიძვრებით, ადგილობრივი მაცხოვრებლები, თუ დამსვენებლები თავისდაუნებურად მანქანების “სილამაზის კონკურსს” აწყობენ - “მაინც, რომელია უფრო ლამაზი?!” მანქანის მფლობელთა ნებართვით, შიგნითაც სხდებიან... “არაჩვეულებრივ გამოფენას” კიდევ ორი ღამის გათენება მოუწევს წყალტუბოს ტყე-პარკთან.

10:00

პრომეთეს მღვიმისკენ მივიწევთ. გრილა, ცოტაც წინწკლავს. რამდენიმე წუთი რეგისტრაცია/მობილიზაციისთვის და უკვე მღვიმეში ვართ.დაახლოებით 1500 მეტრი უნდა გავიაროთ ფეხით და კიდევ 400 მეტრი - ნავით (სიდიდით მსოფლიოს ხუთეულშია). ერთი სიტყვით რომ აღვწერო აქაურობა - ფსიქოდელიურია!

სტალაქტიტები, სტალაგმიტები და სტალაგნატები ჩვენს წარმოსახვაში თითქოს ფანტასმაგორიულ არსებებად ცოცხლდებიან... გავდივართ სიყვარულის დარბაზს, აქ, თურმე, ხელის მოწერაც შეიძლება! არც ერთი წამით არ იგრძნობა დაღლა ისე გავდივართ მთელ მანძილს. დღის სინათლეზე, უკვე ტბიდან, ნავებში ჩასკუპებულები გამოვდივართ.

13:30

ამბროლაურში, ხვანჭკარას სამეფო მარანს ვსტუმრობთ.თბილი ამინდი და კიდევ უფრო თბილი მიღება გვხვდება;

სტუმრები სიამოვნებით მიირთმევენ ტკბილ, მშრალ, თუ ნახევრად მშრალ ხვანჭკარას, ქართული ყველის ასორტთან ერთად. ეთნოლოგიური თვალსაჩინოებისთვისა და განსაკუთრებული სიმყუდროვისთვის, ეზოში, მაღალ ფეხებზე შესკუპებული, ტრადიციული ქართული ოდაა ჩამდგარი.

ოდა საგულდაგულოდ დავათვალიერეთ, შემდეგ, ცოტა ხნით, მზეს მივეფიცხეთ და ისევ გზას დავადექით, უკან - წყალტუბოსკენ.

რამდენიმე კილომეტრი და რძესავით თეთრ ნისლში შევდივართ. შემდეგ - კოკისპირულ წვიმაში და ისევ ნისლში, რომელიც შაორის წყალსაცავს აკრავს გარშემო. ზღაპრული სილამაზეა და ალბათ, საუკეთესო "სცენა" ნებისმიერი მისტიური კინო-კადრისთვის!

გზად წყალტუბოსკენ, ვარდისფერ-იასამნისფერი 1930 წლის მარმონის გარშემო, 8-10 წლის ფეხბურთელი ბიჭები შემოიკრიბნენ. მანქანის მფლობელი ჰაინცი და სილვია ყავის დასალევად გავიდნენ. მართალია, ყავისთვის ვერ მიუგნიათ, მაგრამ ასეთი ჟივილ-ხივილი რომ დახვდათ, მაშინვე დაიმუხტნენ და თავადაც ჩაერთვნენ ჟრიამულში.

6 ოქტომბერი

მარშრუტი: წყალტუბო - ქუთაისი - ენგურის კაშხალი - სვანეთი

წყალტუბოს ცოტა ხნით ვემშვიდობებით და ქუთაისისკენ ვიძვრებით. ისეთი შეგრძნებაა, რომ უკვე მთელი თვეა ამ ამბავში ვართ, ერთმანეთს კი კიდევ უფრო მეტ ხანს ვიცნობთ. ქუთაისში, კერძოდ ქუთაისის ძველ აეროპორტში, მორიგი შეჯიბრი ეწყობა. აეროპორტის პოვნა არც ისეთი ადვილია, ამიტომ ყველა ვერ ახერხებს მონაწილეობას.  

ასაფრენ ბილიკზე ვმოძრაობთ. წინ თოვლიანი მთების ჯაჭვი მოჩანს. გვერდებზე, მინდვრები ძროხებსა და ცხვრებს უკავიათ. ჩვენ გარდა კიდევ ერთი მაყურებელია - მეცხვარე ბიჭი, ასეთი უცნაური სანახაობის მომსწრე რომ ხდება...

11:30

გეზი - ენგურის კაშხალისკენ. გამოვიარეთ მარტვილის კანიონის გადასახვევი, სოფელი გაჭედილი, ზაჰესი, ბალდა, დიდი ჭყონი, სალხინო... გზადაგზა მინდვრები, ჯერ სულ პაწია ფორთოხლები, და ყველაზე უცნაურ ადგილებში გაკრული საარჩევნო პლაკატები...

ენგურის კაშხალი სიდიდით პირველი ყოფილა ევროპაში. ამინდში, უჰ, როგორ გვიმართლებს!

15:15

სვანეთისკენ მიმავალი გზა შეიძლება სარისკო იყოს რარიტეტული ავტომობილებისთვის. სიმაღლიდან გამომდინარე, ზოგიერთ მათგანს უჭირს გადაადგილება.

მესტიამდე ჩავალთ, თუმცა, უშგულში უკვე ცალკე, თანამედროვე ტრანსპორტით ავალთ დასათვალიერებლად. მთელი თავისი აღამატებულობით გვხვდება სვანეთის მთავარი ქალაქი. საათზე, ზუსტად ხუთია. და აქაც - თბილა ძალიან... 

ძველი კოშკების ფონზე, მესტია სიმყუდროვის ყველა თანამედროვე ატრიბუტით ხვდება ჩამოსულებს. რამდენი სასტუმრო/ჰოსტელი გახსნილა, კაფე, ბარი, ყავახანა... თანამედროვე მუზეუმიც უძვირფასესი დანამატია აქაურობისთვის... გარშემო კიდევ ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს...

სვანეთში სულ სხვა ცაა. აქ, ვარსკვლავებთან უფრო ახლოს ვართ...

7 ოქტომბერი

მთელი დღე სვანეთს ვეკუთვნით. სტუმრების ნაწილი მესტიაში რჩება, ხოლო უმეტესობა უშგულში მიემგზავრება თანამედროვე ტრანსპორტით. “ლამარიის” მონასტერმა და უშგულის მუზეუმმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სტუმრებზე, არა მარტო აქ დაცული ნივთებით, არამედ ამ ნივთების გადარჩენის ისტორიითაც - როცა, აქაურობის მეპატრონეს მთელი მამა-პაპური ქონება ამოექოლა კოშკში, კომუნისტებს რომ არ დაეტაცათ.

8 ოქტომბერი

მარშრუტი: მესტია - ზუგდიდი - ქუთაისი - წყალტუბო

10:25

მზე, მოკრიალებულ ცისფერ ცასა და მთებს შორის მოლივლივე არწივები, გზებზე - შინაური, თუ გარეული ცხოველები (ძროხა, ცხვარი, გოჭის, მელა... მოშინაურებული დათვის ბელიც ვნახეთ, სახელად გოგოი)...

მოკლედ, ენგურს მივუყვებით... შუადღისთვის, ზუგდიდში ვართ. უგემრიელესი მეგრული მასპინძლობის შემდეგ, გადავინაცვლებთ დადიანის სასახლისკენ ერთობლივი ფოტო-სესიისთვის.

15:00

ქუთაისში ნოქალაქევის გავლით ჩავდივართ. გავდივართ ტარჩელს, მდ. აბაშას, კარალიოკების ჯარს... მივემართებით მორიგი კონკურსის ჩასატარებლად ქუთაისის ავტო-მშენებელ ქარხანაში. უზარმაზარ მტვრიან პავილიონში, ყველა მანქანა გადის გამოცდას. მხოლოდ ერთ-ერთს, უკან გამოსვლისას, საბურავი ეშვება. პარადოქსი - ამ მანქანის მფლობელმა, მოსვლისთანავე აკრიფა ძირს მიმოფანტული რამდენიმე ლურსმანი. საბოლოოდ კი, ერთმა გამოტოვებულმა ლურსმანმა მხოლოდ მას დაუზიანა საბურავი.

18:30

ისევ წყალტუბოში ვართ. ამ დღეების განმავლობაში, მშვენიერი ტრადიცია დაგვყვება თან პიტერისა და ნანეტის ურთიერთობების სახით. ყოველ გაჩერებაზე, პიტერი მეუღლეს წითელ-მოსტაფილოსფრო ხალიჩას უფენს და ისე გადმოჰყავს ავტომობილიდან. რაც პიტერს არასახარბიელო დიაგნოზი დაუსვეს, ისინი ცდილობენ ყოველი დღე გაულამაზონ ერთმანეთს, დაწყებული სულ მცირე ჟესტით და დასრულებული ფართომასშტაბიანი თავგადასავლებით.

9 ოქტომბერი

წყალტუბო - გორი - თბილისი

თანდათაან ვემშვიდობებით დასავლეთ საქართველოს და შუადღისთვის უკვე რიკოთის გვირაბს გავდივართ. აქ, კი აღმოჩნდა, რომ ბატონ მამუკას გაუჩერდა მანქანა შუა გვირაბში... გვირაბის ზედამხედველობამ ოპერატიულად იმოქმედა და რამდენიმე წუთში, ევაკუატორის დახმარებით გამოიყვანეს დღის სინათლეზე 1929 წლის ბენტლი. გაჩერების მიზეზი (წყლის გადადუღება) მალევე ნეიტრალდება და გზას მშვიდობიანად ვაგრძელებთ.

15:00

სტალინის მუზეუმის წინ ჩამწკრივებული ომამდელი მანქანები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს თავად საბჭოთა ბელადის პირადი კოლექცია იყოს გამოფენილი. ერთგვარ ბონუსად ხვდება ეს სანახაობა აქ შეკრებილ ტურისტებსაც... 

რალის მონაწილეთა უმეტესობამ უარი თქვა მუზეუმში შესვლაზე; დანარჩენებმა კი ფრიად საინტერესო ინფორმაცია მიიღეს მეოცე საუკუნის ისტორიასა, თუ ამ ისტორიის მნიშვნელოვან მოთამაშეებზე.

საღამოს უკვე თბილისში ვართ... აქ, რალი მთელი დღით დაისვენებს და სტუმრებსაც თავისუფალი დრო ექნებათ დედაქალაქთან საურთიერთოდ. მხოლოდ ინსი და ხეი, 1932 წლის Riley Gamecock-ის ეკიპაჟი, ამ დროს ავტომობილის შეკეთებას უთმობს; ელიავაზეც კი უწევთ გავლა და მანქანის გასაგრილებლად ნამდვილი ვენტილატორის შეძენა/დამონტაჟება.

11 ოქტომბერი

მარშრუტი: თბილისი - რუსთავი - დავითგარეჯა - სიღნაღი

დილის 9 საათზე თბილისიდან გავდივართ, 9:40-ზე კი უკვე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ვართ, სადაც რალისთვის შემდეგი კონკურსი იმართება.

შუადღისთვის, ალგეთის ბაზას გავდივართ. აქ სამხედროები გვაჩერებენ მიმდინარე წვრთნების გამო. მკვეთრი სხვაობა იგრძნობა საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში. ამასობაში, იმის წარმოდგენას ვცდილობ თვითონ მძღოლები და მათი თანამგზავრები როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს, აქაურ კონტრასტებს, ჟღერადობას, გემოს, გამოხედვას, იმას, რასაც თავად ჩვენ შეჩვეულები ვართ და შეიძლება ვეღარც ვამჩნევდეთ... ალბათ, სტუმარიც იმისთვისაა, რომ ისევ გაგვახსენოს და ჩვენი თავიც ხელახლა აღმოგვაჩენინოს; ან კიდევ უფრო შეგვაყვაროს... ლირიული გადახვევა დიდ ხანს არ გრძელდება, სამხედროები ნიშანს გვაძლევენ და მეც მთავარ გზაზე “ვბრუნდები”.

დავითგარეჯას წინ გადაშლილი ლანდშაფტი აბსტრაქტულ ნახატს ჰგავს. უშუალოდ სამონასტრო კომპლექსში, მხოლოდ ქვედა ნაწილის დათვალიერებას ვახერხებთ.

დღეს, გრძელი დღეა, თითქოს... აზერბაიჯანის საზღვრიდან კახეთის შუაგულში გადავინაცვლებთ და სიღნაღში ვბინავდებით. კოპწია ავტომობილები ახლა პატარა კოპწია ქალაქს ამშვენებენ. ამინდი შესაშურია!

12 ოქტომბერი

მარშრუტი: სიღნაღი - ყვარელი

უკვე 2 600 კილომეტრამდე გავიარეთ! სანამ ყვარელში ჩავიდოდეთ, მონაწილეები გაივლიან მორიგ შეჯიბრს (ამჯერად, მდინარე უნდა გადაკვეთონ), კახეთის ძველ დედაქალაქს -გრემს და ვესტუმრებით ბაბანაურის მეღვინეობას.

მდინარის შეჯიბრი საკმაოდ ხალისიანი ჩანს. წყალი მეჩხერია და სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს მანქანებისთვის, თუმცა, რამდენიმე მონაწილე მაინც თავს იზღვევს და პირდაპირ შემდეგი “პიტ-სტოპისკენ” მიემართება...

გრემი...

ცხვრის ფარაში გავლისას, პიტერ აარტსი: “რას წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ამხელა საბანში აღმოვჩნდებოდი!”

ბაბანაურის მეღვინეობა ულამაზეს სავანედ გვხვდება. აქ, მასტერკლასიც გვიტარდება ქართული ღვინის შესახებ და მიღებული ცოდნის შემოწმება კონკურსი/გამოცდის სახით მიმდინარეობს. აი, მაგალითად, რამდენ მოსავალს ითვლის ქართული ღვინო?

18:30

ყვარელი... ამდენი ზედსართავი სახელებით შეგაწყენდით თავს, მაგრამ რას იზამ, მაინც ულამაზესია აქაურობა... გინდა დარჩე რამდენიმე დღით, განიტვირთო და აივსო ამ მხარის მადლით... სადაც ჩავდივართ, თითქმის ყველგან მსგავსი შეგრძნებაა, თუ სურვილი, რომ გაიხანგრძლივო იქ ყოფნის დრო.

13 ოქტომბერი

მარშრუტი: ყვარელი - ყაზბეგი

პირველად ვჯდები ერთ-ერთ რარიტეტულ მანქანაში და მთელი ერთი საათით, მძღოლის კო-პილოტადაც ვიქცევი. მართლა განსაკუთრებული შეგრძნებაა! უნდა გაითვალისწინო, რომ თბილად გეცვას, ყურადღებით აკვირდებოდე გზას და გყავდეს საინტერესო თანამოსაუბრე... თუმცა, ამ ბოლო პუნქტის გამო, ლამის მეორე პუნქტში მოვიკოჭლე.

მგონი, ახლა ვხვდები მსგავსი რალის ნამდვილ ხიბლს. ადრენალინი ერთი-ორად მეტად შეიგრძნობა, ხედები - მით უფრო. შენი, თუ მანქანის გამოჩენა კი ძალიან უხარიათ და ხელსაც ავტომატურად იწევ მისასალმებლად... და ბოლოს, ერთგვარი მოკრძალების შეგრძნებაც გეუფლება, როცა ამდენ ჭირ-ნახულ, ომ-გამოვლილ არტეფაქტთან გაქვს საქმე, რომლის თითოეული ჭანჭიკი ისტორიის განსხეულებაა.

12:45

თიანეთი, სალაფისხევი, ფერად-ფერადი ხედები, ტალახში ამოგანგვლა და შემდეგ ისევ ახალთ-ახალ გზაზე შედგომა...

რალის ბოლო მწვერვალს, დაახლოებით ხუთი საათისთვის ვუახლოვდებით. როგორც კი გუდაურს გავცდებით, ნისლში შევდივართ. გარშემო არაფერი ჩანს, თითქოს, ღრუბლებზე მივგორავთ. შემდეგ კი, ისევ მზე და ყაზბეგის მთელი ბუმბერაზობა თვალწინ გვეშლება.

14 ოქტომბერი

მარშრუტი: ყაზბეგი - შატო მუხრანი - თბილისი

09:30

ყაზბეგიდან სანამ დავიძვრებით, დრო ვიხელთეთ და ელიას მონასტერთან ავედით. წინა ღამეს, ჩვენმა მასპინძლებმა გვირჩიეს ამ ხედების დაფიქსირება. ამინდში ისევ გვიმართლებს, წინ საოცარი დღე გველოდება...

გზას შატო-მუხრანისკენ, თითქოს, ძალიან მალე გავდივართ. თანდათან, დაღლილობა იპარება, მაგრამ ცოტა გაურკვეველი სევდაც, ეს თავგადასავალიც სრულდება, შთაბეჭდილებები კიდევ კაი ხნით გვეყოფა... დროს მიანდობ, დაღვინდება, ალბათ, უკანაც დაგაბრუნებს უკვე ნაცნობ ადგილებში...

ანანური...

12:45

ივანე მუხრანბატონის სასახლეს განსაკუთრებულად უხდება ეს ავტომობილები, ორივეს ერთად - ოქროსფერი ამინდი... საუკეთესო განწყობას ქმნის აქაური სიმყუდროვე, ჯადოსნური წითელი და თეთრი ღვინო, ქართული ყველის ასორტი, მე-19 საუკუნის რომანტიზმი და ადამიანები, რომლებმაც ესესაა მორიგი თავგადასავალი დაასრულეს.

სტუმრებს უტარდებათ მოკლე ექსკურსია შატოს ღვინის მარანში, რის შემდეგაც იმართება “ოქროს საწმისის მაძიებელთა” რალის გალა-დახურვა. აქვე, საზეიმოდ ცხადდება შეჯიბრებებში გამარჯვებული ავტომობილი - ლაჟვარდისფერი 1938 წლის Alvis Speed 25 და მისი ეკიპაჟი - ვილიამ და ელენ ვერმულენები. გამარჯვებულებს ზვიად ციკოლიასგან საგანგებო ჯილდო გადაეცათ, ისევე როგორც რალის სხვა მონაწილეებსაც.

ეს მოგზაურობა არასდროს დამავიწყდება, და არა იმდენად უნიკალური ავტომობილების, არამედ იმ ადამიანების გამო, რომლებიც სწორედ ამ მანქანებმა შეკრიბეს... მოგწონს, როგორ ტკბებიან გარემოთი, როგორ გრძნობენ მას, როგორ გრძნობენ დროს და სივრცეს… და კი, ხელახლა აღმოვაჩინე საქართველოც.

თითქოს ძალიან პატარა, მაგრამ იმდენად კონცენტრირებული მრავალფეროვნებით, ბუნების სიმდიდრით, რომ ბევრ დიდ ქვეყანას ეყოფოდა. თვალსაჩინოდ ვიგრძენი რას ნიშნავს “ქართული დაავადება”, როგორც ბატონი ბობ მეიერი ამბობდა - უკვე სურვილი გამიჩნდა დავუბრუნდე იმ ადგილებს, სადაც რალისთან ერთად აღმოვჩნდით, მხოლოდ, ამჯერად, უფრო დიდი ხნით.

მადლობა რალის ორგანიზატორებს თავგადასავლისთვის, მეგობრებისთვის, შთაბეჭდილებებისთვის!

***

“Peaks of the Caucasus”-ის მთავარი პარტნიორები არიან: თიბისი, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.

ფოტო: რეზი ყენია

რალის ორგანიზატორი - Via Flaminia

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი

ფოტო - ვასილი უტკინი)