კულტურა

მეექვსე გრძნობა

„მონუმენტურობის გრძნობა მხატვრის მეექვსე გრძნობაა. საგნის სივრცობრივად აღქმისა და გარემოს ჰარმონიულ ნაწილად წარმოსახავის გრძნობა“. – ელგუჯა ამაშუკელი

ოქტომბერი 19, 2018

Hello Blog

„მონუმენტურობის გრძნობა მხატვრის მეექვსე გრძნობაა. საგნის სივრცობრივად აღქმისა და გარემოს ჰარმონიულ ნაწილად წარმოსახავის გრძნობა“. – ელგუჯა ამაშუკელი

კლდეზე აგებული მეტეხის ტაძარი და ელგუჯა ამაშუკელის ვახტან გორგასლის მონუმენტური ქანდაკება თბილისის ყველაზე ცოცხალი ვიზუალური ხატია. ამაშუკელი ქართული მითოლოგიური სურათ-ხატებისგან, ლეგენდებისა და ფოლკლორული სახეებისგან ახალ სიმბოლოებს ქმნის.

ძველი ისტორიული და კულტურული ხატების სივრცულ განზომილებაში გადმოტანა კი საბჭოთა დროში ქართული იდენტობის შეხსენებას, თვითგამორკვევასაც ნიშნავდა. ქართლის დედა, ვეფხი და მოყმე, დედაენის ძეგლი, ილია ჭავჭავაძის და დავით აღმაშენებლის ძეგლები, მეზღვაურთა მემორიალი – მისი ნამუშევრების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია.

გარდა იმისა, რომ საქართველოში გაბნეული ეს ძეგლები სამოცი წელია ქალაქების შეუცვლელ რეკვიზიტებად იქცნენ, ისინი ახლებურ სივრცულ აზროვნებასაც აყალიბებენ.

დაღუპულ მეზღვაურთა მემორიალი, ფოთი, 1979

ამ დროს, ნაკლებადაა ცნობილი მისი ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები და წიგნის მხატვრობა.

ელგუჯა ამაშუკელი თელავში დაიბადა. მამა მეტყევე ინჟინერი იყო, ამიტომ ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ყველაზე დიდი ხნით საჩხერეში იცხოვრეს. ელგუჯამ სკოლაც იქვე დაამთავრა და სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. 30 წლის იყო ქართლის დედაზე რომ დაიწყო მუშაობა. ძეგლი თბილისის 1500 წლისთავისათვის შექმნა. მონუმენტის ადგილად კომკავშირის ხეივანი შეარჩიეს. ელგუჯა ამაშუკელისთვის ეს იმდენად მოულოდნელი სიხარული იყო, რომ გასამრჯელოზეც კი უარი განაცხადა. მოგვიანებით ძეგლისთვის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიიღო.

გამარჯვების მემორიალი, გორი, 1982

ელგუჯა ამაშუკელმა ვახტანგ გორგასლის ძეგლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსშიც გაიმარჯვა. მოდელზე მუშაობა ერთ პატარა ოთახში დაიწყო. მოგვიანებით საბჭოთა მთავრობამ მას მეტეხის პლატოზე პოლიკლინიკაში სამუშაო სივრცე გამოუყო. ორი წელი ძერწავდა და ამუშავებდა ელგუჯა მოდელს. ზამთარში ოთახი არ თბებოდა. ამ პერიოდში ჯერ ფილტვების ანთებით, შემდეგ კი მხრის მწვავე პლექსიტით დაავადდა. მცირე ხნით საქართველოდან წასვლა მოუხდა, უკან დაბრუნებულს კი აღარც ოთახი დახვდა და არც მოდელი. მეტეხის რეკონსტრუქციისას ორივე დაუფიქრებლად დაანგრიეს. ელგუჯა ამაშუკელი ხელახლა იწყებს მოდელის დამუშავებას. „ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო. მეორე ქანდაკება უფრო მომწონდა, შინაგანად ძლიერი, უფრო სრულყოფილი იყო“, ამბობს წლების შემდეგ ამაშუკელი. 

ქართლის დედა. 1958. ფოტო: გურამ თიკანაძე

ელგუჯა ამაშუკელი სახელოსნოდ ხან მთავრობისგან დროებით გადაცემულ ნაგებობას იყენებდა, ხან ფარეხში, ტრამვაი-ტროლეიბუსის სადგომში, ხანაც ზოოპარში მუშაობდა, სახელოსნო არ ჰქონია. „ის ძერწავდა, მე კი ამ დროს მის გვერდით ვიჯექი და ლექსებს ვწერდი“, იხსენებს პოეტი ლია სტურუა, ელგუჯას მეუღლე. 

ქანდაკებების ესკიზებს და ჩანახატებს არასდროს აკეთებდა. წარმოსახვით ამუშავებდა თითოეულ დეტალს და თავიდანვე მოდელის აგებას იწყებდა. 

ყველაზე მეტად ძეგლის დადგმის დროს ღელავდა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მისი შფოთი შესამჩნევი ხდებოდა. „დედაენის ძეგლის გახსნის დღეს მამაჩემის თვალები მახსოვს. ამ დროს არ უნდა დალაპარაკებოდი. ყველა ნიუანს აქცევდა ყურადღებას. ამბობდა, ძეგლის დადგმა შვილის დაბადებას ჰგავსო”, ჰყვება ეკა ამაშუკელი, ელგუჯას შვილი.

ცოდნის ზარი, თბილისი, 1983

სხვა დროს კი ელგუჯა ყოველთვის დინჯი და მშვიდი იყო. „ის თავად ჰგავდა საკუთარ ქანდაკებებს. ისეთივე მთლიანი, მონოლითური პიროვნებაა, როგორიც მისი მონუმენტებია“, იხსნებეს დავით ანდრიაძე, ხელოვნებათმცოდნე.

ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრები დღემდე ინარჩუნებს სოციალურ და კულტურულ ღირებულებას და ძველი სიმბოლოების ხელახალი გააზრებისთვის ისევ ტოვებს სივრცეს. 

ელგუჯა ამაშუკელი სახელოსნოში

ელგუჯა ამაშუკელის მრავალფეროვანი შემოქმედება წარმოდგენილი იქნება ექსპოზიციაზე, რომელიც 24 ოქტომბერს გაიხსნება და 17 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის ოფიციალური წარმდგენი თიბისი ბანკია. 

ავტორი: ინდიგო