კულტურა

ქართველი ხელოვანის გზა ამერიკამდე

ამერიკული ოცნების ახდენა ერთი თვის წინ დაიწყო. თედო რეხვიაშვილი უკვე ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია! თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა - StatusDonates.ge ერთ-ერთი იყო, ვინც 27 წლის მხატვარს დაეხმარა და დააჯერა, რომ ამერიკამდე მისასვლელი ყველაზე რთული გზის გავლაც კი არ ყოფილა შეუძლებელი. ოღონდ მაშინ, როდესაც გვერდით ნამდვილი გულშემატკივრები გყავს. გზა კი ასე დაიწყო: 

ოქტომბერი 17, 2018

Hello Blog

ამერიკული ოცნების ახდენა ერთი თვის წინ დაიწყო. თედო რეხვიაშვილი უკვე ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია! თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა - StatusDonates.ge ერთ-ერთი იყო, ვინც 27 წლის მხატვარს დაეხმარა და დააჯერა, რომ ამერიკამდე მისასვლელი ყველაზე რთული გზის გავლაც კი არ ყოფილა შეუძლებელი. ოღონდ მაშინ, როდესაც გვერდით ნამდვილი გულშემატკივრები გყავს. გზა კი ასე დაიწყო: 

ბავშვობა და პირველი ნამუშევრები

„3 წლისამ დავიწყე ხატვა. ზამთარი იყო... მაგიდაზე ნახატი იდო, ოღონდ უკუღმა - ცხენები ეტლს მიაქროლებდნენ. გამოსახულებას მივყვებოდი. არც მესმოდა რას ვხატავდი. ბაბუამ ფურცელს დახედა და მიხვდა, რომ გაუცნობიერებლად ზუსტად გადმოვხატე სცენა. ბაბუა პირველი იყო, ვინც თავიდანვე იცოდა, რომ ჩემი მთელი ცხოვრება ხატვას დაუკავშირდებოდა. ამის მერე აღარც გავჩერებულვარ.“

მასწავლებელი თედო

„გრაფიკის მიმართულებით ჯერ სამხატვრო ათწლედში, შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში ვისწავლე. სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარი სტუდია-სახელოსნო გავხსენი. მოსწავლეებთან მუშაობით ხატვა ორჯერ მეტად ვისწავლე. საოცრად საინტერესო პროცესია, როდესაც შენს ცოდნას სხვას გადასცემ და ეს ცოდნა მეორე ადამიანში განსხვავებულად ფორმირდება. 5 წლის განმავლობაში ყველანაირი მოსწავლე მყავდა - პატარები, მოზარდები, 40 წლის ადამიანებიც კი. არასოდეს არავინ შემიზღუდავს, არჩეული მიმართულების დახვეწაში ვეხმარებოდი მხოლოდ. ჩვენი ურთიერთობა მუდმივი ძიებისა და ექსპერიმენტების პროცესი იყო. ნიუ-იორკში სასწავლებლად ფული რომ დამჭირდა, სწორედ ამ ადამიანებმა მოუყარეს თავი თავიანთ ნამუშევრებს და მხარდასაჭერი გამოფენები ჩაატარეს.“

ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში

''ბოლო წამამდე მჯეროდა ჩემი შესაძლებლობების. აკადემიამ მომთხოვა ნამუშევრები, სადაც ნიჭის გარდა აკადემიური ცოდნაც გამოჩნდებოდა - რა დონეზე ვიცოდი რეალისტური ხატვა. პორტფოლიომ მაქსიმალური გრანტი - 15 000 დოლარი მომაპოვებინა და ათ საუკეთესო სტუდენტს შორის მომახვედრა. თუმცა, დარჩა 23 000 დოლარი, რომელიც მოკლე დროში, StatusDonates.ge-ის დახმარებითა და სხვადასხვა აქტივობებით მოვაგროვე. მომწერეს, რომ რჩეულთა შორის მოვხვდი და ბედნიერები იქნებოდნენ, თუკი დანარჩენი თანხის შეგროვებას შევძლებდი. ეს არ იყო ფორმალური სიტყვები. წერილიდან გულწრფელი მხარდაჭერა და ემოცია ვიგრძენი.“

ამერიკული შთაბეჭდილებები

„აეროპორტიდან გამოვედი თუ არა, იმ წამიდან დავიწყე ამერიკის აღმოჩენა. თითქოს ნამყოფი ვიყავი და მანამდეც მეცხოვრა აქ. ვნახე ყველაფერი, რისი ნახვაც მეოცნებებოდა - პიტ მონდრიანი, ჟოან მირო, კანდინსკი, მალევიჩი, ფრენსის ბეკონი. ყველა ჩემს საყვარელ ხელოვანთან შემახვედრა ნიუ-იორკმა. დეტალები მიყვარს. აქაურობა კი სწორედ დეტალების ქვეყანაა. ვერც ერთი უგემოვნო და უმნიშვნელო ნიუანსი ვერ ვნახე ამ ქალაქში. აქაური არქიტექტურა და ცხოვრების ტემპი ადამიანის ამბიციას უსვამს ხაზს - სადამდე შეიძლება ავიდეს ადამიანი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. აქ კიდევ უფრო მეტად დავიჯერე, რომ ადამიანს უკიდეგანო შესაძლებლოები აქვს, შეუძლია საკუთარ თავს წარმოუდგენელი მიზნები დაუსახოს და მუდმივად ისწრაფოდეს მათი სრულყოფისკენ.“

პირველი ლექცია

„პირველი ლექცია სტრუქტურულ ანატომიაში მქონდა. პროფესორმა პირველივე დავალების შესრულებისას შემამჩნია. მიყვარს ჩემი საქმით ყურადღების ცენტრში ყოფნა, ოღონდ მაშინ, როდესაც ვიმსახურებ. ერთხელ, ხატვის ლექციაზე დავალება მოგვცეს. სხვებს ჯერ პროპორციაც არ ჰქოდათ მოძებნილი, მე კი უკვე შიშველი ნატურის ფორმასა და ტონალობას ვამუშავებდი. პროფესორმა გაკვირვებით შემომხედა - როგორც წესი, სწრაფად მუშაობისას, პროპორციის პრობლემა აქვთ, აქ კი არც ვიცი რა უნდა ვთქვაო. ყველაფერი, რასაც აქამდე მივაღწიე ჩემი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მარტივად არასოდეს არაფერი გამომსვლია და ეს ჩემი პიროვნების ნაწილად იქცა უკვე. მიზნის ბოლომდე აუცილებად მივდივარ, თუმცა ძალიან რთული გზით.“

თედოს ხელოვნება

„ადრინდელი ნამუშევრებისგან განსხვავებით ადამიანი აღარ წარმოადგენს ჩემი დაკვირვების ობიექტს. რეალისტური სცენებით აღარ ვინტერესდები. ჩემი ნამუშევრებიც ნელ-ნელა ბევრად რთული აღსაქმელი გახდა. ვფიქრობ, ნამუშევარი მაშინ არის მდიდარი, როდესაც დამთვალიერებელს არ გზღუდავს და საშუალებას გაძლევს შენებურად აღიქვა ის. საზოგადოებას ეჭვი ეპარება და ჰგონია, რომ ესთეტიკა და შინაარსი გამოეცალა დღევანდელ ნამუშევრებს. თითქოს ხელოვნება ხელოვნებისთვის იქმნება, საზოგადოება და ნამუშევარი ცალ-ცალკე დგანან. მე კი ასე არ ვფიქრობ. უბრალოდ ნამუშევრები მარტივად აღარ ასახავენ ისტორიებსა და ადგილებს. გართულდა ხელოვნების შინაარსიც და გამომსახველობითი ფორმებიც. დროა საზოგადოება მიეჩვიოს ამას.

არ მიყვარს არტისტები, რომლებიც წარსულზე საუბრობენ მთელი შთაგონებით. ხელოვანი, რომელიც დღევანდელ დღეს უსწრებს, სწორედ ისაა ჩემთვის ნამდვილი ოსტატი. ნამდვილი ხელოვნება ადამიანებს მომავალს სთავაზობს და კაცობრიობა განვითარების ახალ ეტაპზე გადაჰყავს. ჩემი მასწავლებელი მეუბნებოდა ხოლმე, როცა ახალ ნამუშევარს ქმნი, ისე უნდა მიუდგე, თითქოს სიცოცხლეს ჩუქნი ცოცხალ არსებას.. ისეთი არსება უნდა დაბადო, რომელიც შეუცვლელი იქნებაო. ეს სიტყვები სულ მახსოვს და მინდა ხოლმე ჩემი ნამუშევარი ყოველთვის იმ ადამიანის ხელში მოხვდეს, ვინც ჩემს ნახატს გულით შეიყვარებს და მოუფრთხილდება.. ყოველ ჯერზე ემოციებით აივსება მისი დანახვისას.“

ავტორი: მარიამ ყანჩაველი