კულტურა

ვიზუალური საქართველო ფრანკფურტში

10 ოქტომბერს, ფრანკფურტში, ქართულ ლიტერატურასთან ერთად, „ვიზუალური საქართველოც“ გაცოცხლდება - საერთაშორისო ფოტოგრაფების ობიექტივებში ასახული საქართველო, რომელიც ფოტოსააგენტო „მაგნუმის“ ავტორებმა 70 წლის განმავლობაში აღბეჭდეს. 

ოქტომბერი 09, 2018

Hello Blog

10 ოქტომბერს, ფრანკფურტში, ქართულ ლიტერატურასთან ერთად, „ვიზუალური საქართველოც“ გაცოცხლდება - საერთაშორისო ფოტოგრაფების ობიექტივებში ასახული საქართველო, რომელიც ფოტოსააგენტო „მაგნუმის“ ავტორებმა 70 წლის განმავლობაში აღბეჭდეს. 

საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის ერთ-ერთ პავილიონში - Hub of Reflections - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრები იხილავენ გამოფენას „თბილისი მაგნუმის წიგნებში“. მას ფოტოსააგენტოს პრეზიდენტი თომას დვორჟაკი თავად გახსნის და წარადგენს. აქვე პირველად გამოიფინება „მაგნუმის“ ახალი თაობის ფოტოგრაფის, მარტინ პარის ნამუშევრები, რომლებიც მან თბილისში სტუმრობისას 2018 წელს გადაიღო.  

„შოუ ეძღვნება ხანგრძლივ ურთიერთობებს, რომელიც აკავშირებთ „მაგნუმის“ ფოტოგრაფებსა და საქართველოს, განსაკუთრებით კი - მის დედაქალაქს - თბილისს“, - ნათქვამია გამოფენის ოფიციალურ აღწერაში.

ეს ურთიერთობები კი მართლაც ხანგრძლივია. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი, რაც ფოტოსააგენტო „მაგნუმს“ შეიძლება მისი გადაღების ობიექტებთან აკავშირებდეს: ყველაფერი მისი დაარსების წლიდანვე -1947-ში დაიწყო.

ეს ის წელია, როცა ლეგენდარული რობერტ კაპა, მწერალ ჯონ სტეინბეკთან ერთად, ყველა საჭირო პროცედურას გაივლის და, ბოლოსდაბოლოს, „რკინის ფარდის“ მიღმა მოგზაურობის ნებართვას მოიპოვებს. სულ რაღაც 1 წლის შემდეგ, ფოტოგრაფი კაპა და მწერალი სტეინბეკი საბჭოთა კავშირში მოგზაურობის შესახებ უკვე ერთბლივ წიგნს გამოაქვეყნებენ.

"ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით - რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში - გამუდმებით გვესმოდა მაგიურ სიტყვა "საქართველო"... კავკასიის ამ ქვეყანას, შავი ზღვის პირას რომ მდებარეობს, ისინი მოიხსენიებდნენ, როგორც მეორე სამოთხეს…საქართველოში მოგზაურობისას ჩვენ დავრწმუნდით, რომ რუსები არ ტყუოდნენ“, - წერდა სტეინბეკი წიგნში „რუსული დღიურები“.

ამ შთამბეჭდავი დასაწყისის შემდეგ, საქართველო-მაგნუმის ურთიერთობები და, შესაბამისად, სხვადასხვა ათწლეულის გამორჩეული ფოტოგრაფების ობიექტივებში საქართველოს მოხვედრა, ანრი კარტიე-ბრესონის „ალავერდობით“ გრძელდება. ფოტოგრაფიის ისტორიაში საეტაპო ფიგურა, „მაგნუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქუჩის ფოტოგრაფიის ფუძემდებელი ანრი კარტიე-ბრესონი საქართველოს 1972 წელს ეწვია. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი კახეთს, ასევე, ქვეყნის სხვა წერტილებსაც ასახავს.

კაპას და ბრესონის შემდეგ, თბილისი და საქართველო „მაგნუმის“ სხვადასხვა თაობის 10-მდე ფოტოგრაფის - ჯონას ბენდიკსენის, ინგე მორატის, თომას დვორჟაკის, გეორგი პინხასოვის, კარლ დე კეიზერის, პაოლო პალეგრინის და პატრიკ ზაშმანის - ფოტოსერიებში მოხვდა. მათ შორის იყო „მაგნუმის“ ბოლოდროინდელი, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტიც - „Magnum Retold” – “მაგნუმის ისტორიების კვალდაკვალ“, რომლის დროსაც, საქართველოს სხვადასხავ წერტილში სააგენტოს ახალი თაობის ფოტოგრაფმა თომას დვორჟაკმა იმოგზაურა. პროექტი მიზნად ისტორიული ფოტოგრაფებისა და მათი გადაღებების ინტერპრეტაციების შექმნას ისახავდა. რობერტ კაპას „რუსული დღიურების“ კვალს, 21-ე საუკუნეში, დვორჟაკი ბრიტანელ ჟურნალისტ ჯულიუს შტრაუსთან ერთად დაადგა. აღნიშნული გამოფენა, კაპას ისტორიული მოგზაურობის 75 ექსპონატთან ერთად, 2017 წელს თბილისში, თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში, თიბისი გალერეაში გამოიფინა.

დვორჟაკის ფოტოების ჩათვლით, ფრანკფურტში წარმოდგენილი გამოფენა „მაგნუმის“ ფოტოგრაფების „ვიზუალურ საქართველოს“ აერთიანებს, 1947 წლიდან - 2018 წლამდე. ამავე ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ფოტოები, არამედ ფოტო-წიგნებიც, რომლებიც აღნიშნულ სერიებს წიგნებად უყრის თავს. 10 ოქტომბერს, ამავე პავილიონში, მწერალი აკა მორჩილაძე, გამომცემლობა “Prestel Verlag-ის“ სარედაქციო დირექტორთან, კურტ ჰოლცთან ერთად წარადგენს „მაგნუმის“ ბოლო თაობის ფოტოგრაფის ახალ წიგნს - „მარტინ პარი - თბილისი”. პარის გამოფენის მსგავსად, მისი წიგნის პრეზენტაციაც, პირველად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შედგება.

საქართველოს შესახებ „მაგნუმის“ ერთიანი ფოტოგამოფენის შინაარსი და ექსპონატები, სპეციალურად ფრანკფურტისთვის, სააგენტოს პარიზის ოფისის რედაქტორებმა შეარჩიეს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ, სრული გამოფენა საქართველოშიც გადმოინაცვლებს და თბილისში გამოიფინება.

ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი