კულტურა

თანამედროვე ქართული ხელოვნება ფრანკფურტში

20 სექტემბერს ფრანკფურტში გავფრინდით, ქართველი ხელოვანების გამოფენების სანახავად. ეს მანამდე ხდება, სანამ იქ ქართველი მწერლების და პოეტების დიდი სტუმრიანობა დაიწყება. ფრანკფურტი 9 ოქტომბრიდან წიგნის ბაზრობას მასპინძლობს, სადაც საქართველო საპატიო სტუმარია. პასპორტის კონტროლის რიგში მახსენდება ჩვენი რედაქტორის ნათქვამი, რომ თურმე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თბილისი – ფრანკფურტი ქართული ავიაკომპანიის პირველი პირდაპირი და შესაბამისად ყველაზე პოპულარული რეისი იყო ევროპაში, მაშინ საზღვარგარეთ წამსვლელთათვის მთავარი სამოგზაურო მიმართულებას ტრანზიტადაც იყენებდნენ და თაფლობის თვის გასატარებლადაც. ახლა უკვე არაერთი რეისია სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ამ შემოდგომაზე ბევრის გზა, ისე როგორც მაშინ, ისევ ფრანკფურტისკენ მიდის.

ოქტომბერი 09, 2018

Hello Blog

20 სექტემბერს ფრანკფურტში გავფრინდით, ქართველი ხელოვანების გამოფენების სანახავად. ეს მანამდე ხდება, სანამ იქ ქართველი მწერლების და პოეტების დიდი სტუმრიანობა დაიწყება. ფრანკფურტი 9 ოქტომბრიდან წიგნის ბაზრობას მასპინძლობს, სადაც საქართველო საპატიო სტუმარია. პასპორტის კონტროლის რიგში მახსენდება ჩვენი რედაქტორის ნათქვამი, რომ თურმე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თბილისი – ფრანკფურტი ქართული ავიაკომპანიის პირველი პირდაპირი და შესაბამისად ყველაზე პოპულარული რეისი იყო ევროპაში, მაშინ საზღვარგარეთ წამსვლელთათვის მთავარი სამოგზაურო მიმართულებას ტრანზიტადაც იყენებდნენ და თაფლობის თვის გასატარებლადაც. ახლა უკვე არაერთი რეისია სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ამ შემოდგომაზე ბევრის გზა, ისე როგორც მაშინ, ისევ ფრანკფურტისკენ მიდის.

აეროპორტში სალომე ჯოხაძე შემხვდა, რომელიც ერთ-ერთი გამოფენის Lara protects me-ის მონაწილე იყო და მომიყვა ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კურატორის, დოქტორ მარეტ კუფკას მისტიკური ისტორია, რომელიც საქართველოში გადახდა და რაც გამოფენის სახელწოდების ინსპირაცია გახდა. Lara protects me, პატარა ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი წერილი, მარეტმა საქართველოში მოგზაურობისას სასტუმროს ნომერში იპოვა და ვერაფრით გაარკვია, საიდან მოხვდა ის ახალდალაგებულ ოთახში, არც წინა სტუმრების სიაში აღმოჩნდა ვინმე ლარა. დილის 6 საათისთვის ისტორია საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

გამოფენის გახსნამდე მთავარ მოედანზე წავედით ყავის დასალევად, სადაც მეტროდან ამოსვლისთანავე ლადო ლომიტაშვილი და გვანცა ჯიშკარიანი შეგვხვდნენ, ნომრები გავცვალეთ და გახსნამდე დავემშვიდობეთ ერთმანეთს, შეხვედრისას, რა თქმა უნდა, ბევრი ვიცინეთ, ამხელა ფრანკფურტში ქართველები პირველ 10 წუთში შემთხვევით რომ შევხვდით ერთმანეთს (რეალურად ფრანკფურტი ძალიან პატარა ქალაქია). ხიდზე, სანამ გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში მივიდოდით (Museum Angewandte Kunst), გამოფენის კურატორი მარეტიც შეგვხვდა, რომელმაც გვითხრა, რომ აღფრთოვანებულია ქართველი ხელოვანებით და ეს მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი გამოფენაა – რადგან თითქოს ამბებია პასუხების გარეშე, იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც პასუხებზე მეტ კითხვებს გაგვიჩენს.

გამოფენა მართლა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გვანცა ჯიშკარიანს PATARA GALLERY-ს მოდელი ჰქონდა მოწყობილი მუზეუმის განცალკევებულ სივრცეში და ეკრანზე ლაივსტრიმით თბილისის გალერეის სიტუაცია გადიოდა. თუ ვინმე ნამყოფი არ ხართ, აუცილებლად ესტუმრეთ PATARA GALLERY-ს და თქვენ თვითონ ნახეთ როგორ იქცა მიწისქვეშა გადასასვლელის მაღაზია საგალერეო სივრცედ.

ორი დარბაზის შემაერთებელ ჩაბნელებულ კორიდორში, ლურჯ თაროებზე, რადგან გამოცემის მეხუთე ნომრის სიმბოლური ფერი ლურჯია, ერთადერთი ქართული კრიტიკული პუბლიკაციების სერიის – “დანართის” კუთხე იყო მოწყობილი. თავიდან ცოტა ვინერვიულეთ, ჩაბნელებულ ოთახში როგორ მოახერხებენ წაკითხვასო, მაგრამ სტუმრებმა დანართით ძალიან ისიამოვნეს. გამოფენაზე მისი მეხუთე ნომერი “საქართველო 1990-იანი წლები – რჩევები გადარჩენისთვის” იყო წარმოდგენილი და საინტერესო ტექსტის გარდა, ნომერს მაკა ასათიანის იმ პერიოდის ჩანთის ხელახალი “გამოცემაც” მოჰყვება. ყველა ნომერი ორენოვანია.

საინტერესო იყო SITUATIONIST-ის ინსტალაცია, რომელიც უკვე მეორედ ხელოვან გიორგი გელაძესთან კოლაბორაციით შეიქმნა და სალომე ჯოხაძის და ანა და თამარ ჩადუნელების ნამუშევრებთან ნამდვილ ჰარმონიას ქმნიდა. SITUATIONIST-ის და გიორგი გელაძის კოლაბორაცია შარშან პარიზის მოდის კვირეულზე Palais de Tokyo-ში იყო წარმოდგენილი. სალომე ჯოხაძემ თავის ნამუშევრებზე, რომლებიც გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო და თანამედროვე ქართულ კომიქსს წარმოადგენს, მითხრა, დაახლოებით 5 თვე დამჭირდა ქარგვისთვის, ხატვას ერთ თვეში მოვრჩიო.

გახსნა ვახშმით დასრულდა, სადაც ქართული სუფრა დაგვახვედრეს და შესაბამისად თამადაც დაგვჭირდა, თამადის როლი ანდრო ერაძემ ძალიან საინტერესოდ შეასრულა.

მეორე დღეს ფრანკფურტის ფოტოგრაფიის ფორუმში (Fotografie Forum Frankfurt) ქართველი ფოტოგრაფების გამოფენის გახსნაზე – Picture Languages-ზე წავედით. გამოფენაზე ანდრო ერაძის, დიმიტრი ერმაკოვის, ნათელა გრიგალაშვილის, ნინო ჯორჯაძის, ლადო ლომიტაშვილის, დინა ოგანოვას, კოკა რამიშვილის, ალექსანდრე როინაშვილის, მარიამ სიჭინავას, დარო სულაკაურის, გურამ წიბახაშვილის და ბესო უზნაძის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

ლადო ლომიტაშვილის შერეული ტექნიკის ფოტო-ინსტალაციის – Collaboration between the stones-ის – მხატვრული კვლევის საგანი შემდეგია: არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაღაც ნივთს ირჩევენ და შემდეგ მა, ზებუნებრივი შესაძლებლობების ოჯახის მფარველ სიმბოლოდ მიიჩნევენ. ნივთის ენერგეტიკა კარგად შეესაბამება ადამიანის შინაგან სამყაროს. ნამუშევარი თორმეტი ფოტოსგან შედგება, რომელიც ლადომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიღო. ფოტოზე გამოსახულია სიმბოლოები, რომლებიც ადამიანებმა ქვებისგან გააკეთეს, როგორც ნიშანი, რომ ისინი აქ იყვნენ და კვლავ დაბრუნდებიან. ლადო ჰყვებოდა, რომ მიუხედავად მათი მსგავსებისა, ყველა ფიგურას სხვადასხვა ხასიათი და ენერგია ჰქონდა, ხანდახან მათი გადაღებისას მეგონა, ვინმე თავს დამესხმოდა, რადგან ვგრძნობდი, რომ ვიღაცის პირად ცხოვრებაში და სივრცეში ვიჭრებოდიო.

პატარა ოთახში დარო სულაკაურის ჭიათურის სერია იყო გამოფენილი, მაღაროელები და მათი ოჯახები, ინფორმაცია მათ შესახებ დღევანდელი მედიისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია.

გამოფენის კურატორმა სელინა ლუნსფორდმა მითხრა, რომ შარშან მაისში, როდესაც თბილისში ვიყავი, ძალიან ბევრი ხელოვანის შემოქმედება გავიცანი, მათგან კი ცხრა ფოტოგრაფი შევარჩიე და გამოფენაზე წარმოვადგინე. სელინას ამ გამოფენით პოსტსაბჭოთა პერიოდიდან დღემდე საქართველოს განვითარების ეტაპების და ახალგაზრდა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების, რუტინის, პრობლემების და ემოციების ჩვენება სურდა, უნდოდა უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ დოკუმენტური კადრები, ამიტომაც არის გამოფენის სახელი – Picture Languages.

პორტიკუსში, ფრანკფურტის ერთ-ერთ წამყვან თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, თეა ჯორჯაძის გამოფენა ერთი კვირის გახსნილი იყო, თან ფრანკფურტისთვის დამახასიათებელი სიცივე და წვიმა დაემთხვა, ამიტომ დარბაზში ბევრი თავისუფალი სივრცე დაგვხვდა, რამაც ნამუშევრის სრულფასოვანი აღქმის საშუალება მოგვცა. o potio n. არის გამოფენა ხელოვნებისა და სივრცის შესახებ, სახელწოდება შეიძლება წაიკითხოს, როგორც “ოპოზიციის” აბრევიატურა. ოპოზიცია კი არ არის მხოლოდ საპირისპირო, ამ შემთხვევაში შეიძლება ის პერსპექტივას გულისხმობდეს. საექსპოზიციო სივრცეში ბუნებრივი განათება ალუმინის ფურცლებით დაფარულ კედელზე ისახებოდა და, შედეგად, დამთვალიერებელს მეინინსელის ბაღის ხეების გამოსახულებებს სთავაზობდა; ანარეკლის ცვალებადობა მუდმივად ისახებოდა ინტერიერის ვიზუალზეც („ვიტრაჟული მიდგომიდან“ გამომდინარე, გამოფენის ნახვა მზიან ამინდშია რეკომენდებული).

თეა ჯორჯაძე თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1988-93 წლებში სწავლობდა, მას შემდეგ რაც სამოქალაქო ომის დროს აკადემია დაიხურა, მან საქართველო დატოვა და სწავლა ამსტერდამში გააგრძელა, საიდანაც ერთ წელიწადში დიუსელდორფში გადავიდა. იქ ცნობილი ლექტორები – დიტერ კრაიგი და როზემარიე ტროცკელი ასწავლიდნენ და 2000 წელს წარმატებით დაამთავრა დიუსელდორფის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

თეა თავის ინსტალაციებში იყენებს თაბაშირს, ხეს, კერამიკას, შუშას და ასევე ქარხნულ მატერიებს – საპონს, ღრუბელს, მუყაოს. ყველაფერი ისეა აწყობილი, ინტუიციური პროცესის შედეგს ჰგავს.

11 ოქტომბერს, 19:00 საათზე ფრანკფურტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MMK) ქართველი ხელოვანის – ანდრო ვეკუას ახალი ვიდეონამუშევრის – All is Fair in dreams and War-ის ჩვენება მოეწყობა. თანმხლები პროგრამის ფარგლებში გაიმართება პოეტ რატი ამაღლობელის ლიტერატურული ინტერვენცია.

ამ ტექსტის შემაჯამებლად კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში თანამედროვე ხელოვნება ძალიან საინტერესო განვითარების ფაზაშია და ყველა ხელოვანს თავისი ინდივიდუალური ხაზი გააჩნია, თუნდაც ეს გავლენით იყოს პროვოცირებული. ფრანკფურტის გამოფენების პარალელურად ჩვენი, თბილისის საგამოფენო სივრცეებიც, რომლებიც დღითი დღე მრავლდება და სხვადასხვა ფორმასა და ფორმატში ვითარდება, ხელოვნების აუდიტორიას საინტერესო და, ზოგჯერ, ნაკლებად საინტერესო ნამუშევრებს სთავაზობს; ყველა შემთხვევაში კრიტიკული სააზროვნო სივრცე სულ უფრო ინტერნსიური ხდება და ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანს ყოველდღე შეუძლია კულტურული სიამოვნების მიღება ჩვენი, თბილისის თანამედროვე ხელოვნებით.

ავტორი: ნინი დარჩია

ფოტო: ანდრო ერაძე