კულტურა

თბილისი - მარტინ პარის ობიექტივში

15 თებერვალს, თიბისი გალერეაში ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის - „Martin Parr Tbilisi“ პრეზენტაცია შედგება. 

ოქტომბერი 08, 2018

Hello Blog

15 თებერვალს, თიბისი გალერეაში ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის - „Martin Parr Tbilisi“ პრეზენტაცია შედგება. 

მარტინ პარი - Magnum Photos ერთ-ერთი წამყვანი წევრი - 30 წელზე მეტია ადამიანებს აკვირდება თავისი ფოტოკამერის ობიექტივიდან და ხშირად სწორედ ისეთ დეტალებს აფიქსირებს, რასაც “სხვა პლანეტის” წარმომადგენელი თუ მიაქცევდა ყურადღებას. ამ მხრივ, ნამდვილ მაცნედ შეგვიძლია აღვიქვათ - მაცნედ, რომელიც ჩვენ შესახებ უცნაურ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, უბრალოდ ნამდვილ ამბებს გვიყვება დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან. 

“1995 წელს, ანრი [ანრი კარტიე-ბრესონი] მოვიდა ჩემი გამოფენის გახსნაზე პარიზში და მითხრა, რომ სულ სხვა პლანეტიდან ვიყავი! ყოველთვის ძვირფასი იქნება ეს შეფასება; პასუხად მივწერე, რომ ვხვდებოდი, რასაც გულისხმობდა და რომ მაცნეებს არ ეხებიან!” - მარტინ პარი

2018 წლის ივნისამდე, მარტინ პარი თბილისში ორჯერ იყო ნამყოფი - 2002 და 2009 წლებში. შესაბამისად, როცა თბილისის მერიიდან მიიღო მოწვევა თბილისის შესახებ წიგნის შექმნის თაობაზე, ასე თუ ისე წარმოიდგენდა, რასთან, ან ვისთან ექნებოდა საქმე. შესაბამისად, ადვილად დათანხმდა და სამუშაო ვიზიტით გვესტუმრა. საუბრის დროს, გაგვანდო, რომ წარმოდგენა არ აქვს რის შესახებ იქნებოდა წიგნი, რომ უბრალოდ გააკეთებდა იმას, რასაც ყოველთვის აკეთებს; სხვა სიტყვებით - ცნობისმოყვარე ობიექტიდან დაგვაკვირდება ადგილობრივებს... 

წიგნი ფოტოგრაფის თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნა და ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან - „Prestel Publishing“-თან თანამშრომლობით, მიუნჰენში გამოიცა. წიგნში ასევე შევიდა პარის 2009 წელს თბლისში გადაღებული რამდენიმე ფოტო. წიგნის ტექსტი აკა მორჩილაძეს ეკუთვნის. 

მარტინ პარი 100-ზე მეტი წიგნის/ფოტო-ალბომის ავტორია. წინამორბედი წიგნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამჯერადაც ვიხილავთ ადამიანთა კონტრასტული ყოფის ამსახველ კადრებს, სადაც ხან ვისვენებთ, ხან ვიპრანჭებით, ან ვერ ვიპრანჭებით, ვურთიერთობთ, ერთი სიტყვით - ვცხოვრობთ... იქნება ნაცნობი და უცნობი თბილისი, მაგრამ წიგნის გვერდებზე თავისებურად საინტერესოდ გადმოცემული კადრებით, ვისთვის იუმორით, ვისთვის - დრამატიზმით. როგორც თავად აღნიშნა - თბილისი, თავის ურთიერთგამომრიცხავი ასპექტებით, სიძველეებითა და თანამედროვეობით, საინტერესო პარადოქსებს ქმნის; აქედან გამომდინარე, ეს 21-ე საუკუნის ყველაზე ტრენდული ტურისტული დანიშნულების ადგილი, პოსტ-საბჭოურ გადმონაშთებთან სინთეზში მართლაც საინტერესო მასალას იძლევა ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის... 

პრეზენტაციის პარალელურად, თიბისი გალერეაში გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნება. ექსპოზიცია 72 წლის განმავლობაში „Magnum Photos“-ს წევრი ისეთი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს, როგორებიც არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე-ბრესონი, კარლ დე კეიზერი, ინგ მორატი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი. ექსპოზიცია იწყება ფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან ერთად თბილისში მოგზაურობისას გადაღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო „Magnum Photos“. გამოფენას მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები ასრულებს. 

Magnum Photos - ფოტოგრაფიული კოოპერატივი, რომელიც თავად წევრ ფოტოგრაფებს ეკუთვნის. ძლიერი ინდივიდუალური ხედვით, „მაგნუმის“ფოტოგრაფები აღწერენ მსოფლიოს მოვლენებს, პიროვნებებსა და პრობლემებს. ოთხი სარედაქციო ოფისით ნიუ იორკში, ლონდონში, პარიზსა და ტოკიოში Magnum Photos ფოტოებით ამარაგებს პრესას, გამომცემლებს, სარეკლამო სფეროს, ტელევიზიას, გალერეებსა და მუზეუმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

თიბისი გალერეაში მოსული დამთვალიერებელი პარიზში, „Magnum Photos“-ს ოფისში გამოფენის მზადების პროცესისა და წიგნის შესახებ ვიდეო რგოლებსაც იხილავს.

ღონისძიების პარტნიორები არიან: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

ავტორი: ნინო კაკიაშვილი

ფოტობი: მარტინ პარი