კულტურა

ნიკო და ქუჩის ხელოვნების მოძრაობა

თბილისში, დიდ კედელებზე, უზარმაზარი ნახატები გამოჩნდა."ნიკოს" მოძრაობის ფარგლებში თანამედროვე არტისტების ნამუშევრები თავისუფალი თემებით, თბილისის ქუჩებს - განსაკუთრებით კი მის ყველაზე დავიწყებულ და უსახურ ადგილებს  მოედება.

ოქტომბერი 06, 2018

Hello Blog

თბილისში, დიდ კედელებზე, უზარმაზარი ნახატები გამოჩნდა."ნიკოს" მოძრაობის ფარგლებში თანამედროვე არტისტების ნამუშევრები თავისუფალი თემებით, თბილისის ქუჩებს - განსაკუთრებით კი მის ყველაზე დავიწყებულ და უსახურ ადგილებს  მოედება.

8 მხატვარი, თბილისის 8 ადგილას, 8 ნამუშევარს დახატავს. ოთხი მათგანი უკვე დასრულდა - ჭოროხის ქუჩის #4 არტისტმა გამეზამ მოხატა, სამხრეთ აფრიკელმა ვიზუალურმა არტისტმა და კონცეპტუალისტმა, პოლ ბრუვერმა უზნაძის ქუჩა გამოაცოცხლა, დანტემ მაზნიაშვილის, კუბამ კი ასათიანის ქუჩის ცარიელი კედლები შეავსო ახალი ფიგურებით და ფერებით.

ფოტო: თორნიკე შენგელია

„ვგრძნობდი, რომ ეს ქალაქი განსაკუთრებულია, - უთხრა პოლ ბრუვერმა „ნიკოს“ გუნდს თბილისში საკუთარი ნამუშევრის დასრულების შემდეგ. ბრუვერი, იგივე - formandzen, თბილისს პირველად ზაფხულში ეწვია და როგოც ამბობს, ამ ქალაქის არტისტებში გამორჩეული შემოქმედებითი თავისუფლება აღმოაჩინა: “მონაწილეობას სწორედ იმ იმედით დავთანხმდი, რომ საკუთარი წვლილი შემეტანა ქალაქის გალამაზებაში, გამეჩინა ახალი მეგობრები და აქაურობას დავკავშირებოდი. თბილისში უზარმაზარი პოტენციალია”.

თბილისის სტრიტ არტ კულტურა და მისი განვითარების პოტენციალი დანტემაც შეაფასა: "მეტად განვითარებული, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხის თვალსაზრისით. ის მდგომარეობა რაც დღეს გვაქვს, მსოფლიოში ბევრმა ქალაქმა უკვე გაიარა. ჩვენც ამ რიტმს მივყვებით, შეიძლება უფრო ნელა, მაგრამ მივყვებით და ვფიქრობ, 10 წელიწადში განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ვიდგებით, რადგან პოტენციალი უდიდესია.

ფოტო: ნათია გელანტია

ფოტო: ნათია გელანტია

კუბა  თბილისის ქუჩებში თავისი პირველი ნამუშევრის შესახებ საუბრობს:"ნიკოს კედელი, უფრო სწორად მთელი შენობა, ჩემთვის პირველია, რომელიც გერმანიის საზღვრებს გარეთ გავაკეთე. ის ყველაზე დიდი ზედაპირია, რომელიც აქამდე მომიხატავს. ძაან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემს ნაშრომს ადამიანების უფრო დიდ აუდიტორიას ვაჩვენებ. ადგილი ისეთ მჭიდროდ დასახლებულ უბანშია, სადაც ყველა გამვლელი შეამჩნევს და დაინახავს. შეიძლება ითქვას, რომ ნიკოს მოძრაობა ახალი ათვლის წერტილია, ჩემი, როგორც არტისტის განვითარების პროცესში. ასე რომ დიდი მადლობა მოწვევისთვის"

ფოტო: ნათია გელანტია

8 არტისტის ფესტივალი 7 ნოემბრამდე გასტანს:

„ეს მთლად ტრადიციული ფესტივალიც არ არის, რადგან ახლა კი დაიწყო, მაგრამ სულ გაგრძელდება“, - ამბობს „ნიკოს“ დამაარსებელი სანდრო კვანტალიანი, რომელიც პროფესიით სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალისტია. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა მან თანამოაზრე გიორგი გუგუშვილთან ერთად წამოიწყო.

ჩვენი დროის ნიკოს მისია ქალაქების გამოცოცხლებაა. უფრო მეტად კი - მათი „უსახური სივრცეების“, როგორც მოძრაობის მიზნებში ვკითხულობთ, რათა ქალაქს „კულტურული ღირებულება შევმატოთ”.

ფოტო: თორნიკე შენგელია

„დაგეგმილი გვაქვს, რომ არაერთი თავისუფალი ზონა გავაჩინოთ, მაგალითად, მიწისქვეშა გადასასვლელებში, მთელს თბილისში და საქართველოს ქალაქებში. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ მეტი კომპანია და ადამიანი ჩავრთოთ ამ თემაში“, - ამბობს სანდრო.

„ნიკო“ თავის თავზე იღებს, ამ მისიით, ახალგაზრდა ხელოვანები გააერთიანოს, მათ ქუჩების მოხატვისთვის საჭირო, მოსაწყენი ლოგისტიკური საკითხები მოუგვაროს, მათთვის ფინანსური მხარდამჭერები მოიპოვოს და, რაც მთავარია, სტრიტ არტის მოყვარულ მხატვრებს საკუთარი თავის წარმოჩენაში დაეხმაროს. ქუჩის ხელოვნების მოძრაობის წევრების აზრით, თბილისში დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გადასაჭრელი: „გვინდა, რომ სტრიტ არტის სტიგმა აღარ არსებობდეს, თითქოს ის დანაშაული და ვანდალიზმია“, - ამბობს სანდრო კვანტალიანი.

„ნიკოს“ ახალი მოძრაობის ფარგლებში, 7 ნოემბრამდე, თბილისს მოხატავენ: მუსია ქებურია, მაშო მარგიშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ვასო შურაძე, ბერლინელი არტისტი ჯაკობ ულბრიხი და უკრაინელი მხატვრები - ტყუპები - სერჰიი და ვიტალი ჰრეხები. 

„ნიკოს“ შემქმნელები და არტისტები ფიქრობენ, რომ ახალი იდეებითა და ხელოვანების კონსოლიდაციით, სტრიტ არტის რუკაზე საქართველო უფრო მეტად გამოიკვეთება და თავის ადგილსაც დაიმკვიდრებს. იქამდე კი, ქვეყნის შიგნით, ქუჩის ხელოვნების წინ წამოწევა, გამოხატვის მოყვარული და შემოქმედებითი ადამიანების გააქტიურებაში თავის წვლილს შეიტანს.

ფოტო: ნათია გელანტია

როგორც მოძრაობის მონაწილე პირველი მხატვარი, გამეზა ამბობს, „ნიკო“ „კონცეფციიდან გამომდინარე, უკვე დიდი და ფასეული წამოწყებაა. ეს არის პროცესი, სადაც თემასთან დაახლოებულ ნებისმიერ ადამიანს თავის წილი პასუხისმგებლობა აქვს, ერთიანი განვითარებისთვის, როგორც კონკრეტული სფეროს, ასევე, ზოგადად - ადამიანის ფანტაზიის“.

ფოტო: თორნიკე შენგელია

ამ შემართებით, 10 წლის შემდეგი თბილისი გამეზას უკეთესი იდეებით სავსე ქუჩის ხელოვნებით წარმოუდგენია. „სწორედ იდეურ მრავალფეროვნებას ვისურვებდი, ასევე სტილისტიკურს, მთლიანობაში უკეთეს ხარისხს“.

მოძრაობაში ჩართვა და „ნიკოს“ მხარდაჭერით სარგებლობა ნებისმიერ არტისტს შეეძლება - როგორც პროექტის შემქმნელები ამბობენ - მათი შეფასების და გემოვნებაზე დავის გარეშე. ამისათვის, ხელოვანებს შეუძლიათ მოძრაობის ავტორებს ვიზუალის სკეჩი გაუგზავნონ და, უბრალოდ, გააგებინონ, რა ადგილზე სურთ მათი დახატვა. „ნიკოს“ მიერ მოწყობილ სხვადახვა „თავისუფალ ზონაში“ დახატვისთვის, მთავარია, არტისტმა 4 მთავარ პრინციპს არ უღალატოს: ვიზუალი არ უნდა შეიცავდეს რეკლამას, პოლიტიკურ, რელიგიურ, ან უხამს შინაარსს.

ფოტო: თორნიკე შენგელია

რატომ „ნიკო“? - სანდრო კვანტალიანი: „ვიჯექით და ვფიქრობდით, რა დაგვერქმია, რა ვიცოდით თბილისში ქუჩის ხელოვნების შესახებ და აღმოვაჩინეთ, რომ დიდი არაფერი არც ყოფილა. გვყავდა ფიროსმანი, რომელიც თავისთვის იჯდა, კედლებზე ხატავდა და ისე მოკვდა მშიერ-მწყურვალი, რომ მისი გენიალურობის შესახებ კაცი-შვილმა არ იცოდა, არადა, ქალაქში ცხოვრობდა მხატვარი, რომელმაც მაგარი რაღაცეები გააკეთა...თამამი განაცხადია, მაგრამ, გვინდა, რომ ეს პასუხისმგებლობაც ნაწილობრივ ავიღოთ და ჩვენს თანამედროვე არტისტებს ბევრი რამის გაკეთებაში და თავის წარმოჩენაში დავეხმაროთ“.   

ამჟამად, ბარნოვის 47-ში კედელს უკრაინელი მხატვრები, ტყუპები - სერჰიი და ვიტალი ჰრეხები, ხატავენ.

ფოტო: გიორგი ოსეფა

ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი