კულტურა

ნომინაცია - საუკეთესო თარგმანი

წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაცია ყოველთვის განსაკუთრებით მდიდარი, მრავალფეროვანი და საინტერესოა. ქართული მთარგმნელობითი ტრადიცია მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას დღესაც ამდიდრებს ახალი წიგნებით. დღესაც, ქართველ მკითხველს საშუალება აქვს ქართულად წაიკითხოს ძველი, კლასიკური თუ თანამედროვე პოეზია და პროზა, ისიამოვნოს ქართული ენის სიმდიდრითა და შესაძლებლობებით.

ოქტომბერი 04, 2018

Hello Blog

წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაცია ყოველთვის განსაკუთრებით მდიდარი, მრავალფეროვანი და საინტერესოა. ქართული მთარგმნელობითი ტრადიცია მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას დღესაც ამდიდრებს ახალი წიგნებით. დღესაც, ქართველ მკითხველს საშუალება აქვს ქართულად წაიკითხოს ძველი, კლასიკური თუ თანამედროვე პოეზია და პროზა, ისიამოვნოს ქართული ენის სიმდიდრითა და შესაძლებლობებით.

წლევანდელი „საბაც“ არაა გამონაკლისი, შექსპირი, ევრიპიდე, გოეთე, მარგერიტ იუენსენარი, ლიოსა თუ ზებალდი, ბეროუზი თუ ბახმანი -შესანიშნავი წიგნები და ავტორები ქართულად ძალიან კარგმა მთარგმნელებმა თარგმნეს და ქართველ მკითხველს მსოფლიო ლიტერატურის შედევრებთან ზიარების კიდევ ერთი საშუალება მისცეს.

წელს „წლის საუკეთესო თარგმანის“ ნომინაციაში 12 წიგნია წარმოდგენილი:

საუკეთესო ქართული თარგმანი

1. მანანა ანთაძე, უილიამ შექსპირის "ტრაგედიები: იულიუს კეისარი, მეფე ლირი, მაკბეთი" (გამომცემლობა "კენტავრი")

ქართულ შექსპირიადას დიდი ხნის ისტორია აქვს, შექსპირის ქართულად ამეტყველებასთან ისეთი მნიშვნელოვანი სახელებია დაკავშირებული, როგორიცაა ივანე მაჩაბელი, ილია ჭავჭავაძე, რევაზ თაბუკაშვილი და სხვები. მანანა ანთაძე ამ ბრწყინვალე ტრადიციას შესანიშნავად აგრძელებს და შექსპირი ტრაგედიების ახალ თარგმანს გვთავაზობს.

2. მაია ბადრიძე, ვ. გ. ზებალდის "ემიგრანტები" (გამომცემლობა "დიოგენე")

„შესაძლებელია თუ არა, ჩვენს დროშიც შეიქმნას დიდი ლიტერატურა“? – ეს კითხვა სიუზენ ზონტაგმა დასვა თავის ესეში და იქვე დასძინა, რომ პასუხად ვ. გ.ზებალდის შემოქმედება გამოდგებოდა. დღეს უკვე მსოფლიო მნიშვნელობის მწერლად აღიარებულ ვ. გ. ზებალდს აკადემიური წრის გარდა არავინ იცნობდა.“

როგორია მეხსიერება და ტრავმა? რა ფასი და შედეგი აქვს დუმილს? როგორია მარადიული ემიგრაცია, რომელიც სამშობლოსგან მხოლოდ გეოგრაფიულ სიშორეს არ გულისხმობს. ზებალდის „ემიგრანტები“ უმნიშვნელოვანესი წიგნია და ძალიან კარგია, რომ ამ ტექსტს ქართულ ენაზე მაია ბადრიძისნაირი მთარგმნელი შეხვდა.

3. მედეა ზაალიშვილი, ანთოლოგია "თარგმანები" (გამომცემლობა "არტანუჯი")

ეს წიგნი, შესანიშნავი მთარგმნელის, მედეა ზაალიშვილის პოეტური თარგმანების ანთოლოგიაა, საინტერესო ბიოგრაფიული დეტალებით გამდიდრებული ერთგვარი შეფასება რთული და ნაყოფიერი მთარგმნელობითი გზისა. მედეა ზაალიშვილის თარგმანებს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. უილიამ შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსის“ და „ვენერა და ადონისის“, უილიამ ბატლერ იეიტსის „კელტური მიმწუხრის“, უილიამ ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდას“, ტომას ვულფისა და შირლი ჯეკსონის მოთხრობებისა და სხვა თარგმანები უდავო დასტურია იმისა, რომ მისი ღვაწლი გამორჩეულია ქართული ენისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში.

4. დავით კაკაბაძე, იურეკ ბეკერის "მატყუარა იაკობი" (გამომცემლობა "ინტელექტი")

„უკვე ათასჯერ ვცადე, ვინმესთვის გამეზიარებინა ეს წყეული ამბავი, ახლა რომ გიყვებით. ვფიქრობდი, გულს მომეშვება-მეთქი, მაგრამ ამაოდ – ან ის ხალხი ვერ შევარჩიე კარგად, ვისთვისაც ამბის მოყოლას ვაპირებდი, ან მე თვითონ ვუშვებდი რაღაც შეცდომებს“ - წერდა იურეკ ბეკერი თავისი წიგნის შესახებ. ამბავი, რომელიც მას მამამ უამბო, გეტოში ვითარდება, როგორია სიმართლისა და ტყუილის ფასი ჩაკეტილ გარემოში, კიდევ ერთი, სრულიად სხვა კუთხით მოყოლილი ამბავი ჰოლოკოსტზე და დავით კაკაბაძის შესანიშნავი თარგმანი მრავალი თვალსაზრისით დააინტერესებს ქართველ მკითხველს.

5. ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას "ქალაქი და ძაღლები" (გამომცემლობა "ინტელექტი")

ქალაქი და ძაღლები პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას პირველი რომანია. წიგნი 1963 წელს გამოიცა. რომანში აღწერილია ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებლის კადეტების სასტიკი და წინააღმდეგობებით სავსე ყოფა.

რომანმა გამოქვეყნებისთანავე მიიქცია მკითხველის ყურადღება არა მარტო მაღალი მხატვრული ღირებულებით, არამედ ძალადობრივი სისტემის მხილებით, რის გამოც ქალაქი და ძაღლები პერუში აკრძალული წიგნების სიაში აღმოჩნდა.

ეს შესანიშნავი წიგნი ლანა კალანდიამ თარგმნა, რომელიც ლიოსას „ვაცის ნადიმის“ თარგმანით 2017 წლის საბას პრემიის ფინალისტი იყო „წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში.

6. ანა კორძაია-სამადაშვილი, ინგებორგ ბახმანის "მალინა" (ქარჩხაძის გამომცემლობა)

როგორია დიდი პოეტის დიდი პროზა? ინგებორგ ბახმანის ერთადერთი რომანი, რომელიც ერთდროულად პოეტური, გულწრფელი და დრამატულია. შელოცვა, აღსარება, ყველაზე ინტიმური განცდები და კონფლიქტი საკუთარ თავთან.

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მთარგმნელი, ამავე დროს ავტორიცაა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც მთარგმნელს ძალიან უყვარს ავტორი, რომელსაც თარგმნის.

ანა კორძაია -სამადაშვილის მიერ ნათარგმნი ბახმანი ერთგვარი თანაშემოქმედებაა, სადაც ერთი შემოქმედის ამბავს მეორე ენაზე მეორე შემოქმედი ყვება.

7. ნანა ტონია, ევრიპიდეს "ტრაგედიები: მედეა, ჰიპოლიტოსი“ (გამომცემლობა "ლოგოსი")

ევრიპიდეს და, ზოგადად, ძველი ბერძნული ლიტერატურის ყოველი ახალი თარგმანი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა. ძველ ბერძნულ ლიტერატურას ქართულ ენაზე მრავალი ბრწყინვალე მთარგმნელი ჰყავდა და ჰყავს, ეს პროცესი - მარადიული მითის, ბრწყინვალე ბერძნული დრამის ხელახლა წაკითხვისა და გაცნობის მუდამ გრძელდება და წელს, ამ პროცესს შესანიშნავი მთარგმნელის, ნანა ტონიას მიერ შესრულებული ევრიპიდეს ტრაგედიები „მედეა“ და ჰიპოლიტოსი“ შეემატა.

8. ლელა ფიროსმანიშვილი, უილიამ ბეროუზის "შიშველი საუზმე" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

მეოცე საუკუნე წარმოუდგენელია ბეროუზის გარეშე, ბეროუზი კი მეოცე საუკუნეში ვერ ეტევა სხვა დიდი ქრონონავტი მწერლებისა და პოეტების მსგავსად, რომლებიც თავიანთი ხედვებით საუკუნიდან საუკუნეში დააბიჯებენ: ის, რაც დრო გადის, უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ჯერ არასოდეს გინახავთ ცხოვრება ისე შიშვლად, როგორც ამ წიგნში, ისე ახლოდან, როგორც თქვენს ჩანგალზე წამოცმულ საუზმეს ხედავთ ერთი წამით ადრე, სანამ პირთან მიიტანდეთ; ჯერ არასოდეს გინახავთ ასეთი ამერიკა; ჯერ არასოდეს გინახავთ, მსოფლგანცდა ასეთი პოსტმოდერნისტული მანერით გადმოეცეს ვინმეს, როგორც ეს უილიამ ბეროუზმა წარმოგვისახა "შიშველ საუზმეში"

წელს უილიამ ბეროუზის „შიშველი საუზმე“ ლელა ფიროსმანიშვილის შესანიშნავი თარგმანითაა წარმოდგენილი.

9. მერაბ ფიფია, მარგერიტ იურსენარის "ადრიანეს მოგონებები" (ქარჩხაძის გამომცემლობა)

მეოცე საუკუნის დიდი მწერლის, მარგერიტ იუნსენარის „ადრიანეს მოგონებები", რომელიც ერთდროულად რომანიცაა, ისტორიაც და პოეზიაც, ფრანგულმა და საერთაშორისო კრიტიკამ მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენად აღიარა. დიდი რომაელი იმპერატორის მოგონებების შეთხზვით მარგერიტ იურსენარმა „შიგნიდან გადააკეთა ის, რის გადაკეთებასაც მე-19 საუკუნის არქეოლოგები გარედან ეცადნენ“. წიგნი ცნობილმა და გამოცდილმა მთარგმნელმა, მერაბ ფიფიამ თარგმნა, რომლის საშუალებითაც უკვე მრავალი ფრანგი ავტორი გაიცნო ქართველმა მკითხველმა.

10. ია ქვაჩახია, ჯუმფა ლაჰირის "უცხო მიწა" (გამომცემლობა "პალიტრა L")

ოსტატობის მწვერვალზე მყოფი ავტორის ბრწყინვალე მხატვრული ნამუშევარი – ასე აფასებენ ლიტერატურის კრიტიკოსები წარმოშობით ბენგალელი, ამერიკელი მწერლის ამ შესანიშნავ წიგნს. აღმოსავლური და დასავლური კულტურების შერწყმა, ტრადიციების თავსებადობა არახალი თემაა, მაგრამ ჯუმფა ლაჰირის პერსონაჟებმა სულ ახლოდან, შიგნიდან დაგვანახვეს მტკივნეული პროცესი, რომელსაც უცხო სამყაროში ინტეგრირება ჰქვია. როგორი წარმატებულებიც უნდა იყვნენ, მათ თითქოს რაღაც აკლიათ და კრიტიკულ სიტუაციაში აშკარა ხდება, რომ ისინი არა ბრიტანელები ან ამერიკელები, არამედ ბენგალელი ემიგრანტები არიან... ავტორს ამერიკის ქალაქებიდან ინდოეთსა და ტაილანდში მივყავართ და ღრმად გვახედებს ოჯახის წევრების, მეგობრებისა თუ ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანების ურთიერთობებში. „უცხო მიწაში“ განსაკუთრებით ჩანს ჯუმფა ლაჰირის ნიჭი, სულიერი სიბრძნე, ადამიანთა გულისთქმისა და ფიქრების ფაქიზად გადმოცემის უნარი. ჯუმფა ლაჰირის „უცხო მიწა“ პირველად თარგმნა ქართულ ენაზე ია ქვაჩახიამ.

11. რაულ ჩილაჩავა, იური ანდრუხოვიჩის "მოსკოვიადა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

„მოსკოვიადა“ ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის, იური ანდრუხოვიჩის მეორე რომანია. მასში მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტი ოტო ვილჰელმოვიჩ ფონ ფ. გვიყვება ერთი დღის საკუთარ თავგადასავალს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, რომელიც არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის. რომანის პოსტმოდერნული და მნიშვნელოვანწილად ავტობიოგრაფიული ტექსტი, რომელშიც საკმაოდაა ჟარგონი და უცენზურო ლექსიკა, წარმოადგენს სატირის, იუმორის, სარკაზმის, ირონიის, თვითირონიის თავისებურ ნაზავს. მასში ოსტატურადაა აღწერილი კომუნისტური საზოგადოების გახრწნა, დეგრადაცია, კრახი და დიდმპყრობელური ილუზიების ნანგრევებზე ახალი, შოვინისტური, პროფაშისტური რუსეთის აღმოცენება. რომანის დაწერიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ კრემლის მიერ გაჩაღებული რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მწერლის მრავალი აზრი თუ გამონათქვამი სრულიად ახალ, რეალისტურ შეფერილობას იძენს და ნაწარმოების ჟანრის ავტორისეული განსაზღვრება – „საშინელებათა რომანი“ – არცთუ გაზვიადებულად გვეჩვენება. წიგნი ქართულად რაულ ჩილაჩავამ თარგმნა.

12. დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი-ll" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წერედიანის „ფაუსტი“ ისეთივე მოვლენაა ქართული ლიტერატურისთვის, როგორც მაჩაბლის შექსპირი, ყიასაშვილის ჯოისი და ა.შ. გერმანულ ენაზე„ფაუსტის“ პირველი ნაწილი 1810 წელს გამოქვეყნდა, მეორე – 1832 წელს, მწერლის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე. თუ ტრაგედიის პირველი ნაწილი ხალასი პოეზიითა და ემოციურობით გამორჩეული შედევრია და ძირითადად მიჰყვება დოქტორ ფაუსტის ლეგენდას, მეორე ნაწილში გოეთე მეტ იმპროვიზაციას მიმართავს. ეს ნაწილი, თომას მანის სიტყვებით, „სანახევროდ ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ – მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის ყველა წყარო ჩქეფს“.

დავით წერედიანმა ამჯერადაც ოსტატურად აამღერა ეს წყაროები ქართულად და შეგვიძლია „ფაუსტის“ მეორე, ნაკლებ დრამატულ და უფრო პოეტურ ნაწილს მშობლიურ ენაზეც გავეცნოთ.

ავტორი: saba.com.ge