კულტურა

„მუსიკალური ცისარტყელა“ ფრანკფურტში

ფრანკფურტში, მდინარე მაინის სანაპიროზე ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“-დან გუნდი ჟღერს. სალამი ჩვენს მასპინძელსა! - ასე, ქართულად ესალმება ანდღულაძის ვოკალური ფონდის თოჯინების ოპერის თეატრი - „მცირე პწკალა“ ფესტივალ „River Bank“-ის სტუმრებს, რომელზეც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარდგენილი. ფესტივალი იმ კულტურული და ლიტერატურული ღონისძიებების ნაწილია, რომლებიც ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის დაწყებამდე მთელი წელია ტარდება. წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი და მსოფლიოს თავის ლიტერატურასა და კულტურულ მემკვიდრეობას აცნობს. 

ოქტომბერი 01, 2018

Hello Blog

ფრანკფურტში, მდინარე მაინის სანაპიროზე ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“-დან გუნდი ჟღერს. სალამი ჩვენს მასპინძელსა! - ასე, ქართულად ესალმება ანდღულაძის ვოკალური ფონდის თოჯინების ოპერის თეატრი - „მცირე პწკალა“ ფესტივალ „River Bank“-ის სტუმრებს, რომელზეც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარდგენილი. ფესტივალი იმ კულტურული და ლიტერატურული ღონისძიებების ნაწილია, რომლებიც ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის დაწყებამდე მთელი წელია ტარდება. წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი და მსოფლიოს თავის ლიტერატურასა და კულტურულ მემკვიდრეობას აცნობს. 

გური ზაქარეიშვილმა პატარები და მათი მშობლები მდინარის პირას კლასიკური მუსიკის სრულიად განსხვავებულ, ჯადოსნურ სამყაროში მოახვედრა, რომლის შექმნაც 4 წლის წინ დაიწყო.

„მუდმივად მაწუხებდა პრობლემა - რა ხმაურია ჩვენს გარშემო და რას უსმენენ ჩვენი შვილები? ერთხელაც ვიფიქრე - თუ რენესანსის ეპოქამ გააერთიანა თეატრი, მუსიკა და მხატვრობა და შეიქმნა ოპერა, რატომ არ შეიძლებოდა ამას დამატებოდა თოჯინა? ვისაც თოჯინა უყვარს, მას უყვარს ცხოველი და ვისაც უყვარს ცხოველი, მას უყვარს ადამიანი - ცნობილი მეთოჯინის ლექციაზე მოსმენილი ეს ფრაზა, ახალ იდეაზე ფიქრისას მაშინვე ამომიტივტივდა და გადავწყვიტე ბავშვები მარტივი და გასაგები ხერხით - თოჯინებით შემეხვედრებინა კლასიკურ მუსიკასთან. მუშაობის დაწყებამდე ბავშვთა ფსიქოლოგთან მივედი. შენი ხასიათისა და დამოკიდებულებების გამო ამ პროექტს ვერ გააკეთებ, შენ მუსიკას ვერ დაჭრიო - მითხრა. მართლაც, რთული პროცესი აღმოჩნდა. ღამეები არ მეძინა. 2 საათიანი სპექტაკლები, მოვახერხე და 40 წუთამდე დავიყვანე. მაგრამ სადაც არ მივედი ამ პროექტით, ყველასთვის გაუგებარი იყო იდეა. მე კი, რაც უფრო დიდ წინააღმდეგობას ვხვდებოდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი მისი განხორციელების აუცილებლობაში.“

მაესტრო ნოდარ ანდღულაძის ენამოსწრებულობით იტალიური „ლა სკალას“ ერთგვარი გურული ვერსია - „პწკალა“გაჩნდა და საბავშვო თოჯინების ოპერის თეატრის დასახელებად იქცა. თიბისი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც იდეა დაიჯერა და პროექტს პირველ ნაბიჯებში გვერდით დაუდგა. თეატრს სატვირთო მანქანა შეუძინა, რომლითაც საქართველოს რეგიონებში სპექტაკლი „სევილიელი დალაქი“ ჩავიდა.

„გენიალური პროცესია, როგორ ეხება და ეცნობა ბავშვი კლასიკურ მუსიკას პირველად. თუ ვინმეს არ ესმის და არ მოწსონს სპექტაკლი, ეს ყოველთვის მშობელია და არა ბავშვი. სპექტაკლზე პატარას ცელქობას არასოდეს ვუკრძალავთ. მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევთ - ყველანაირი რეაქცია და ემოცია გამოხატოს. ის რომ სპექტაკლზე ჩუმად უნდა იყოს, ამას შემდეგ, დროთა განმავლობაში მიხვდება.“

„სევილიელი დალაქის“ შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო სპექტაკლი, რომელშიც ქართველი კომპოზიტორის მუსიკაც გაიჟღერებდა. 9 ეტიუდი გაერთიანდა და ასე შეიკრა „მუსიკალური ცისარტყელა“.

„მინდა, როდესაც ბავშვი ცაზე ცისარტყელას დაინახავს, ჩემი სპექტაკლი გაახსნედეს, დადებითი ემოციებით აივსოს და ჰქონდეს ასოციაცია, რომ კლასიკური მუსიკა ლამაზი ფერებია. ფრანკფურტში ქართველებისაგნ სრულიად განსხვავებული, კლასიკური მუსიკით დაინტერესებული უფროსი აუდიტორია დაგვხვდა. საქართველოში ჩემი წარმოდგენიდან მშობელს ბავში ძალით წაუყვანია. მაგრამ მე ასეთ დროს არ ვნერვიულობ - ის ბავშვი კლასიკური მუსიკის სამყარომდე მისასვლელ გზას ყოველთვის იპოვის.“

დოლიძის „ქეთო და კოტე“, ბერნსტაინის „კანდიდი“, მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“, ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, დონიცეტის „პოლკის შვილობილი“, ოფენბახის „ორფევსი ჯოჯოხეთში“, ვერდის „რიგოლეტო“, ბიზეს „კარმენი“ და როსინის „კონკია“ გური ზაქარეიშვილმა საბავშვო სცენებს მოარგო, სადაც მგელი ბატკანზეა შეყვარებული, მუსიკლაური ზარდახშა ჯადოსნურ ბგერებს გამოსცემს, დაბნეული გოგონა ნაყინსა და ტორტს შორის არჩვენას ვერ აკეთებს, მამალი სარეცხ თოკზე ზის, ნოტები კი ადამიანებივით ცოცხლდებიან. ბავშვური ხალისით გაჯერებული ამ სცენების გამო, პატარა მსმენელებისათვის ტრაგიკული ნაწყვეტები კი სრულიად განსხვავებული განწყობით ჟღერს. ეტიუდებს შორის კი წამყვანი ბავშვებს სხვადასხვა კომპოზიტორების, მუსიკალური ტერმინებისა და მუსიკის ისტორიიდან საინტერესო ფაქტების შესახებ მოუთხრობს. თითოეული სპექტაკლის იდეა ერთია - პატარებში სიკეთისა და სიყვარულის გაღვივება.

„კლასიკური მუსიკა ერთგვარი ვაქცინაციაა ძალადობის წინააღმდეგ - ასეთია ჩემი ფორმულა, რომელსაც რეალური კვლევებიც ადასტურებს. ჩემს სპექტაკლებში არ არსებობენ ნეგატიური პერსონაჟები. აქ მგელი არასოდეს შეჭამს პატარა ბეკეკას... მინდა პატარებმა დაიჯერონ, რომ ყოველ ადამიანში არსებობს დადებითი მხარე, რომელსაც უბრალოდ აღმოჩენა სჭირდება. თუ ბავშვები ახლა დაიწყებენ კლასიკური მუსიკის მოსმენას, დამიჯერეთ, 10 წელიწადში შედეგი გვექნება. მომავალ თაობებში სულ მცირედითაც თუ შემცირდება ძალადობა, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც მე ამ ცხოვრებაში გავაკეთებ.“

ავტორი: მარიამ ყანჩაველი