კულტურა

ნომინაცია - საუკეთესო პოეტური კრებული

პოეზია ტრადიციულად ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართული პოეზიის ისტორია საუკუნეებს ითვლის. პოეზიის სულ სხვადასხვაგვარი გამოვლინება, ეპიკური თუ ლირიკული ჟანრი, გენიალური ავტორები და პოეტური ორდენები- თუ ქართული პოეზიას რეტროსპექტულად დავაკვირდებით, ქართული აზროვნების განვითარების ერთგვარ ილუსტრაციას მივიღებთ.

სექტემბერი 28, 2018

Hello Blog

პოეზია ტრადიციულად ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართული პოეზიის ისტორია საუკუნეებს ითვლის. პოეზიის სულ სხვადასხვაგვარი გამოვლინება, ეპიკური თუ ლირიკული ჟანრი, გენიალური ავტორები და პოეტური ორდენები- თუ ქართული პოეზიას რეტროსპექტულად დავაკვირდებით, ქართული აზროვნების განვითარების ერთგვარ ილუსტრაციას მივიღებთ.

ჩვენს ქვეყანაში პოეზია განსაკუთრებით უყვართ, ამიტომაც „საბას“ პრემიის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციას ყოველთვის განსაკუთრებით ელოდება და გულშემატკივრობს მკითხველი.

წელს ნომინაციის მოკლე სიაში 5 პოეტური კრებულია წარმოდგენილი.

1. გიორგი არაბული, „გვრინი“

გიორგი არაბული ახალგაზრდა პოეტია, რომლის პოეზია განსაკუთრებით ახლოსაა ქართული მითოსის, მთის პოეზიისა და ფოლკლორის წიაღთან, ქართული პოეზიის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ნაკადთან.

„გვრინი“ განსაკუთრებით საინტერესოა თავისი პოეტური ფორმითა და მეტაფორულობით, ერთგვარად ენათესავება პირველ პოეტურ ეპოსებს და, ამავე დროს, თანამედროვე ავტორის მსოფლმხედველობას წარმოადგენს.

2. სოსო მეშველიანი, "Arboles Altos“

სოსო მეშველიანს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი, 2015 წელს მისი კრებული „მიჟლაჰარ“ „საბას“ პოეზიის ნომინაციის ფინალში მოხვდა.

მისი პოეზია ქართული პოეზიის ტრადიციული ხაზის საუკეთესო გაგრძელებასთან ერთად ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობის, საკუთარ თავსა და სამშობლოსთან გაუცხოების, სიტყვის სიღრმის ყველაზე ფაქიზი წვდომის ასახვაა. ისეთივე ზუსტი, როგორც ეს ამონარიდი ერთ-ერთი ლექსიდან:

„აი, ის სიტყვა! მარგალიტზე მკვრივი, მაგრამ ძალზე სათუთი, ვით ჩიტის კვერცხი ან თვალის გუგა.„

3. ზურაბ რთველიაშვილი, „პოეზიის დიქტატურა“

ზურაბ რთველიაშვილი 21-ე საუკუნის ქართველი პოეტი და პერფორმერია, მისი რევოლუციური ტექსტები, პირველ რიგში, ენობრივი საშუალებების სრულიად განსხვავებულად გამოყენების ცდაა.

„ზურაბ რთველიშვილის ტექსტები, პოეტური რღვევა/თამაშების მიზნების დახვეწილი ხარისხის გამტარი სხეულებია. მაგრამ მათში, ამ თანადროულ პროცესთან ღრმა ზიარებისა და წვლილის მიღმა, რაღაც სრულიად სპეციფიკური და ფუნდამენტურ/პიროვნული იჩენს თავს: – ესაა სიტყვათა მოკრძალებული სითბოთი შექმნილი მოალერსე სიცხადე, როგორც ყველა ლინგვისტური ოპერაციებისგან დამოუკიდებელი რეალობა, რომელიც ენის თამაშებისა და მიზნების მიღმა დგას (რადგან იერარქიულად უპირობოდ უპირატესია) და ადამიანის სიაშკარავეში მოხვედრისთვის მადლიერების გამოხატულების სიქველეა.” – წერს გია ეძგვერაძე “პოეზიის დიქტატურის“ შესავალში.

4. პაატა შამუგია, „დედა ენა“

პაატა შამუგია თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა, მისი წიგნი არაერთხელ იყო წარმოდგენილი პრემიის ფინალში. პაატა შამუგია ერთადერთი პოეტია, რომელსაც „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში ორჯერ აქვს აღებული.

პაატა ერთ-ერთი ის პოეტია, რომელიც პოეზიის ენას, აღსანიშნებისა და აღმნიშვნელების ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. “ფარდასავით უნდა გადასწიო გაქვავებული მნიშვნელობები“ - წერს ის და ამ თეზის დადასტურებას თავის ახალ კრებულში ცდილობს. ეძებს სიტყვების ახალ მნიშვნელობებს და ლექსის ახალ, სხვაგვარ დანიშნულებას თუ გამოყენების ინსტრუქციას.

5. ბელა ჩეკურიშვილი, „ სიშიშვლის დეტექტორი“

„სიშიშვლის დეტექტორი“ ბელა ჩეკურიშვილის მეხუთე კრებულია. წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება და მისი მთავარი ფოკუსი - ადამიანია, უცხოეთი, მონატრება, უდროობა... თანამედროვე ადამიანი, რომელსაც რაიმე მოვლენა ისე უცებ უქრება ხელიდან, რომ მის გააზრებას ვერ ასწრებს. ეს წიგნი წარსულის აჩრდილების გახსენებაცაა, „ვკითხულობთ ისე ხმამაღლა და ისე გამოთქმით, თითქოს სულებს ვიძახებდეთ მიწის სკნელიდან.” - წერს ავტორი.

„სიშიშვლის დეტექტორი“ თამაშია სახიფათო მოგონებებთან, ტკივილის ჰიპოთეზა და პირდაპირი რეპორტაჟი საბაჟოდან, რომელიც გადამფრენი ჩიტების მზერით აღიწერება.

წყარო: saba.com.ge