სიახლეები

რა მოხდა Ad Black Sea 2018-ზე

როგორ უნდა შევაჯამო სამ დღიანი (და სამ ღამიანი) Ad Black Sea ფესტივალი? ამაზე ვფიქრობდი მთელი გზა ბათუმიდან თბილისამდე. 

სექტემბერი 25, 2018

Hello Blog

როგორ უნდა შევაჯამო სამ დღიანი (და სამ ღამიანი) Ad Black Sea ფესტივალი? ამაზე ვფიქრობდი მთელი გზა ბათუმიდან თბილისამდე. 

მოვლენების ქრონოლოგია, სპიკერების სახეები და გამოსვლები, საღამოს წვეულებები, ყველა პატარა თუ დიდი თაგვგადასავალი ერთმანეთში მერეოდა.

გამოსავალს მხოლოდ მაშინ მივაგენი, როცა მატარებლის სადგურიდან სახლში მისულმა ზურგჩანთის ამოლაგება დავიწყე. წარმოვიდგინე, რომ ყველა შთაბეჭდილება, შეგრძნება და ემოცია, ნივთებთან ერთად ჩემი ზურგჩანთით ჩამოვიტანე. ახლა ყველაფერს თქვენ თვალწინ ამოვალაგებ.

გაგიკვირდებათ და ზურგჩანთიდან ხელს პირველი პუნქტუალურობა ამოყვა. “კრეატივშიკების” პუნქტუალურობა ვის გაუგია?! ფესტივალის ორგანიზატორებს, ჩემს ძვირფას კოლეგებს საათივით ჰქონდათ აწყობილი განრიგი. დელეგატებიც საოცარი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ, დროზე ადრე ცხადდებონდენ მატარებლის ბაქანთან, სემინარებსა და წვეულებებზე. დაჯილდოვების ცერემონიალიც კი დაგეგმილზე 10 წუთით ადრე დაიწყო.

მეორე, რასაც ჩანთიდან ვიღებ - სავსე სასაჩუქრე ჩანთაა - ფესტივალისადმი ინტერესი, ბრენდების მხრიდან, წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად, სულ უფრო სუქდება სასაჩუქრე “ქითი”. ამ ჩანთის “ანფექინგისთვის” ცალკე ბლოგ-პოსტია საჭირო და ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, რეკლამის რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს.

ვაგრძელებ ზურგჩანთის ამოლაგებას: MokuMoku - “ბიჭებმა ამოიღეს და დადეს ყველაფერი რაც შეეძლოთ”. ფესტივალის პირველივე დღეს, ოფიციალურ გახსნაზე საკმაოდ მაღლა ასწია გართობის თამასა ჩვენი დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართულმა ბენდმა - აი აქ კი რეკლამის გაკეთების არ მომერიდება.

მოძვრება ჩანთიდან ჯესიკა ვოლში. გადაჭედილ დარბაზში საინტერესო გამოსვლით ერთი-ორად გაზარდა ფესტივალის მასშტაბი, გამოსვლის შემდეგ Networking ზონაშიც გადმოგვყვა, საინტერესო პასუხები გაგვცა კითხვებზე, ჩვენთან ერთად ჩადგა ჰოთ-დოგის რიგში, და ისიც კი თქვა, რომ კანის სარეკლამო ფესტივალზე მეტად Ad Black Sea-ზე არსებული ენერგია მოსწონს.

Networking with Marketer.ge - ფესტივალს ძალიან საინტერესო მიმართულება დაემატა და გული მიგრძნობს, ტრადიციად დამკვიდრდება. 

სასემინარო პროგრამის დასრულებისთანავე, ზემოთხსენებულ ზონაში პანელ-დისკუსიები იმართებოდა, არაფორმალური გარემო კიდევ უფრო ემოციურს და დასამახსოვრებელს ხდიდა გულითად საუბრებს სარეკლამო ინდუსტრიის, მარკეტინგის მომავალსა და კრეატივის მნიშვნელობაზე.

ისევ ვაგრძელებ ზურგჩანთის ამოლაგებას. გამოდიიი - საუნდტრეკი, რომელიც ფონად მისდევდა სცენაზე ასვლის და ჯილდოს მიღების საოცარ სიხარულს, დიდხანს ექნება აკვიატებული ყველას, ვინც დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. 

ასევე დიდხანს ემახსოვრება ყველას ვარდიფერი ხინკალი - წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი წამყვანის გიორგი ავალიანის ფორმა, რომლითაც მან ცერემონიალის მიწურულს, საქართველოს სარეკლამო ასოციაციის რეიტინგი შეაჯამა.

წლის საუკეთესო კრეატიული სააგენტო - Leavingstone

წლის დიზაინ სტუდია - ABK

ზურგჩანთის ფსკერს მივადექი. აი ისინიც, WINDFOR’S-ის წლევანდელი მონაპოვარი - სამი ბრინჯაო. რა თქმა უნდა მეტ ჯილდოს ვისურვებდი ჩემს ზურგჩანთაში, არაუშავს. წელს ბათუმის სანაპირზე შეგროვებული ნაგვით დამზადებულ მთავარ ჯილდოებს შემდეგი სააგენტოები ამოალაგებენ თავიანთი ბარგიდან:

Grand Prix - Geometry

Best Georgian Agency of the Festival - J. Walter Thompson Metro

Best Agency of the Festival - Voskhod Creative Agency

Best Independent Agency of the Festival - Voskhod Creative Agency

Best Network of the Festival - BBDO

ჩემი ზურგჩანთა დაცარიელდა. თუ კი თქვენც ესწრებოდით ფესტივალს, სანამ ისევ თავჩაუხრელ მუშაობას შეუდგებით, ჯერ საკუთარ გულებში და ზურგჩანთებში ჩაიხედეთ. რა ჩამოიტანეთ Ad Black Sea 2018-დან?

ავტორი: ბექა მეფარიშვილი