კულტურა

„ფაბრიკაფიტი 2017“

„სტრიტ არტის და გრაფიტის ფესტივალი“ წელს მეორედ ჩატარდა. „ფაბრიკაფიტის“ ფესტივალისთვის თბილისში ქართველ არტისტებს ფრანგები, ბელგიელები, ირანელები და კიდევ სხვა ქვეყნების, სხვადასხვა თაობის მხატვრები შეუერთდნენ.

ივნისი 23, 2017

Hello Blog

„სტრიტ არტის და გრაფიტის ფესტივალი“ წელს მეორედ ჩატარდა. „ფაბრიკაფიტის“ ფესტივალისთვის თბილისში ქართველ არტისტებს ფრანგები, ბელგიელები, ირანელები და კიდევ სხვა ქვეყნების, სხვადასხვა თაობის მხატვრები შეუერთდნენ.

ავტორი: თინა ჩერტოვა

მათ ძირითადად „ფაბრიკას“ ფასადები მოხატეს, თუმცა, მოგვიანებით მეზობელ ქუჩებსა და სახლებზეც გადაინაცვლეს.

რამდენიმე დღით კი ბათუმსაც ესტუმრნენ.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, „ფაბრიკაფიტი“ აერთიანებს 60-ზე მეტ ლოკალურ თუ უცხოელ არტისტს“.

ავტორი: Olivier Hölzl (ვენა, ავსტრია), ლოკაცია : CES 

წლევანდელი „ფაბრიკაფიტის“გამორჩეულ სტუმრებს შორის იყო 56 წლის ფრანგი არტისტი, ჟერომ მენაჟე (Jerome Mesnager). ვიდრე თბილისში, მაზნიაშვილის და ნინოშვილის ქუჩების კუთხეში, მისთვის დამახასიათებელ თეთრ სხეულებს დაგვიხატავდა, მენაჟემ სხვადასხვა დროს საკუთარი ხელწერა ჩინეთის დიდ კედელზე, ნიუ იორკის უბნებში და მსოფლიოს არაერთ წერტილში დატოვა.

იგი 80-იანი წლებიდან მოღვაწეობს „ურბან არტში“, რასაც დღეს უკვე „სტრიტ არტს“ უწოდებენ. მენაჟე პარიზიდან კიდევ ერთ მხატვართან - Artist Ouvrier - ამ ფსევდონიმით ცნობილ არტისტთან ერთად ჩამოვიდა.

Artiste Ouvrier„მენაჟე პარიზში ძალიან ცნობილი არტისტია, იგი „უხუცესია“ და1983 წლიდან მუშობს; ე.წ. „სხეულის ენას“ ხატავს - მხოლოდ თეთრ სხეულებს. ათასობით ასეთი თეთრი სხეული მსოფლიოს ბევრ წერტილშია გაბნეული. ეს ერთგვარი თავისუფლების კონცეფციაა. მხოლოდ ერთი ფუნჯით და ერთი, თეთრი ფერით ბევრის გადმოცემა შეგიძლია, ბევრ ამბავს ჰყვები. შიშველი სხეულები თავისუფლებაა, ბედნიერებაა. თუმცა, სხეულის ენა უნივერსალურია და ავტორმა რაც არ უნდა დახატოს, ხალხი ამ ნახატებში საკუთარ ემოციებს პოულობს.

მაგალითად, პარიზში, ერთგან, მდინარის პირას, ჟერომი ნავით ხატავდა. მოგვიანებით, მნახველებმა თქვეს რომ ამ ნახატზე სხეულები გარბიან. ასე იმიტომ გამოვიდა, რომ ჟერომს ხატვისთვის ცოტა დრო ჰქონდა და ჩქარა ხატავდა. ნახატებიც „მორბენალი“ გამოუვიდა. მე თვითონ უფრო მრავალფეროვან კომპოზიციებს ვხატავ. სტრიტ არტში 90-იანების ბოლოდან ვმოღვაწეობ და ერთგვარი გარდამავალი თაობის წარმომადგენელი ვარ - პარიზის ძველი და ახალი თაობის არტისტებს შორის.

თბილისში არის „დასაწყისის“ საინტერესო შეგრძნება... აქ სტრიტ არტის შექმნა ახლა იწყება, და ეს დასაწყისი თავისუფლებას გაძლევთ.

კედელზე შესრულებული ნახატი მთელ ქალაქს, მის განწყობას უნდა ერწყმოდეს, ისევე, როგორც, კედლისა და სახლის ხასიათს“.   

მუსია ქებურიას „კოსმოსური გოგო“, რომელიც სახლის მთლიანი კედლის უზარმაზარ კვადრატშია გამომწყვდეული, ალბათ ქალაქის ხასიათს თავისებურად ერწყმის. მუსიამ ამ გრაფიტის შესრულებას 2 ღამე მოანდომა.

მუსია ქებურია: „ერთი შეხედვით მარტივი ტიპაჟია, გაჭედილი იმ სივრცეში, სადაც ვხატავ. რადგან ეს მოცემულობა მქონდა - კვადრატული სივრცე - მინდოდა, რომ მას დატვირთვა ჰქონოდა.... ეს არის შინაგანი სამყარო, რომელსაც გარეგნული ჩარჩოები ბოჭავს.

სტრიტ არტს დაახლოებით 2007 წლიდან ვხატავ და იმდენად დამაინტერესა, რომ ერთ-ერთი მეორე სამსახურიც კია ჩემთვის. [სტრიტარტით] ნამუშევარი პირდაპირ მაყურებელში გადმოგაქვს. მისი გადაადგილების საშუალება არ გაქვს და ან ლოკაციას ახდენ, ან ისე აკეთებ, რომ კონკრეტული აუდიტორიისთვის ან ადგილისთვის იყოს განკუთვნილი. გრაფიტით პირდაპირი შეხება გაქვს მაყურებელთან და შემფასებელთან. როცა გარეთ რამეს ვხატავ, მერე სოციალურ სივრცეში ფოტოს ვდებ ხოლმე და უამრავი გამოხმაურება მოჰყვება. ყველაზე დიდი ინტერესი, რაც მახსოვს, მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულმა ნამუშევარმა გამოიწვია. ესეთი დონის ფესტივალები ახალი კულტურაა. ბევრი ინტრესდება, უყურებს და სურვილი უჩნდება რომ რაღაც აკეთოს. ხელოვნებას მასობრივს ხდი და კულუტრის განვითარება ხდება ამ მიმართულებით“.

პროფესიით არქიტექტორი რომან გრიგორიანისთივს „ფაბრიკაფიტი“ პირველი სტრიტ არტ ფესტივალი აღმოჩნდა. თუმცა, პირველივე გამოჩენისთანავე, მან ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარი შექმნა - კალიგრაფიული გრაფიტი, რომელიც თბილისის ქუჩების ისედაც ცოტა გრაფიტის ნამუშევრებში აქამდე იშვიათად გამოჩენილა. გრიგორიანის შავ-თეთრი გრაფიტი სომხური, ლათინური, ინდური და სხვა ენების ასო-სიმბოლოების ნარევია. იგი ფიქრობს, რომ სხვადასხვა ენების ანბანიდან აღებულ ცალკეულ ასოებს შეუძლიათ ერთიანი სიტყვა გამოსახონ და თან, ამავე სიტყვით საკუთარი ქვეყნების კულტურაზე ასოციაციები შექმნან.

რომან გრიგორიანი:  „მომწონს წარწერებთან ექსპერიმენტები. მთავარი შთაგონება ჩემთვის სომხური მინიატურა იყო შუა საუკუნეებიდან. იგი გვაჩვენებს, როგორ დონეზე იყო მაშინ განვითარებული კალიგრაფია, როგორც ხელოვნება. როცა ვნახულობ, რას აკეთებდნენ შუა საუკუნეებში, ვხედავ რომ იგი ახლა, 21-ე საუკუნეში ტრენდული გახდა - კომპოზიციები, კალიგრაფიული მიდგომები. ახლა ექსპერიმენტებს ვაკეთებ - კალიგრაფიას სამგანზომილებიან ფორმატში ვაკვირდები. მინდა შუასაუკუნეების კალიგრაფიული სტილების ადაპტირება, რათა ჩემს წარსულთან კავშირი არ დავკარგო. ეს იქნება ერთგვარი ხიდი დროში.

თბილისში ცოტა ხნის წინ ვიყავი ჩამოსული და ამ ადგილას საინტერესო, ენთუზიასტი და ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებულ ხალხი გავიცანი, ვინც თავის აზრს სიტყვებით, ტეგებით, გრაფიტით გადმოსცემენ. ეს ფესტივალი ჩემთვის ნათელი წერტილია. უამრავი შემოქმედებითი ადამიანი გავიცანი... ვგრძნობ რომ ბევრი საერთო გვაქვს ერთმანეთთან. მაგალითად, იმ ფასადზე, სადაც ჩემი გრაფიტიცაა, მგონია რომ სხვადასხვა არტისტის მიერ გამოსახული ვიზუალი ერთმანეთს ავსებს. თუმცა ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება - ჩემი კალიგრაფია უფრო მკაცრია; ემორჩილება გარკვეულ კანონებს. ხოლო მეზობელი არტისტების გრაფიტი უფრო მხიარული და ფერადია. ეს განსხვავებული ნამუშევრები ერთიან კონტექსტში საინტერესოა“.

 როგორც აღმოჩნდა, კალიგრაფიაზე მუშაობა ირანშიც პოპულარულია. თეირანიდან ჩამოსულმა გერეკურმა და მისმა მეგობრებმა, ჰოშვარმა და ხამუშმა, „ფაბრიკას“ ეზოში ირანულად სამი სიტყვა დაწერეს: „არა. ჩუ. სიბრძნე“. ამ სიტყვებს ნებისმიერი წამკითხავი ალბათ თავისებურად გაიგებს. გერეკურს და ჰოშვარს კი მათი დაწერის ორი მთავარი, მარტივი მიზეზი ჰქონდათ:  

„1. გვინდა ხალხს ირანული წარწერები და მათი სილამაზე ვაჩვენოთ. 2. ზოგჯერ ადამიანების ცხოვრებაში არის ცუდი მომენტები და ისინი ამის შესახებ დუმან. ჩვენ გვინდა, მათ ვუთხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - ამბობს გერეკური.

ჰოშვარი გრაფიტის 2007 წლიდან ხატავს. კალიგრაფიასა და სპარსული დამწერლობის პოპულარიზაციასთან ერთად, სხვა გატაცებაც აქვს: თავისი მეგობარი ფოტოგრაფის ნახატების მიხედვით ადამიანების რეალისტურ პორტრეტებს კედელზე ხატავს. ეს ფოტოგრაფი ძირითადად უსახლკაროებს იღებს.

ჰოშვარი: "გრაფიტის როცა ვხატავთ, ქუჩაში უამრავ უსახლკაროს ვნახულობთ. ისინი კარგი ხალხია, ჩვენ გვიყვარს უსახლკაროები. ფოტოებს ვუღებთ, სიგარეტს ვაწევინებთ. ხშირად, როცა უსახლკაროებს ვხვდებით, სახელს ვეკითხებით ხოლმე და როცა იძინებენ, მათ სახელებს კედლებზე გამოვსახავთ.

ჩვენი მეგობარი ფოტოგრაფი თითქმის ქუჩაში ცხოვრობს, უსახლკაროების ცხოვრებას ფოტოებზე ასახავს. მე მომეწონა ეს ფოტოები და მათი გრაფიტით ხატვა დავიწყე. მხატვრობაში რეალისტური სტილი მომწონს. თბილისში დახატული უსახლკარო ადამიანის პორტრეტი უკვე მე-5-ეა მისი ფოტოებიდან. შემდეგი ადამიანის პორტრეტს ბათუმში დავხატავ“.

ფოტოზე: თინა ჩერტოვა

როცა „ფაბრიკაფიტის“ დასაწყისში თბილისში ძლიერმა წვიმამ დასცხო და არტისტებმა და მაყურებლებმა თავის შესაფარებელი წერტილების ძებნა დაიწყეს, ბელგიელი გიომ დემარე თავის საქმეს სწორედ მაშინ შეუდგა. ამწეთი უზარმაზარ კედელზე აძვრა და იმ მელიისთავიანი გოგოს მონახაზის შექმნა დაიწყო, რომლის გულიდანაც ნამდვილი მტრედები გამოფრინდებიან.

გიომ დემარე (Guillaime Desmarets) : „ამ ფესტივალზე ჩვენი ნახატი ორი ჯგუფის კოლაბორაციას წარმოადგენს. ესენია Farm Prod-ი და CAT-ი. ეს გრაფიტი მომენტის ინსპირაცია იყო: დავინახეთ კედელი, ვფიქრობდით, როგორ გამოგვეყენებინა ეს სივრცე.

და აი იქ, მტრედების ბუდე დავინახეთ. ეს მტრედები გოგოს გულში სხედან. ეს გიჟური იდეა იყო. მელია, თავის მხრივ, მტრედებს დასდევს... ბევრი სიმბოლოა, როგორც გინდათ, ისე წარმოიდგინეთ. ყველა კედელს თავისი ისტორია აქვს. ჩვენ ბრუსელში ვცხოვრობთ. 5-6 წელია, ჩვენი ჯგუფი ცდილობს, მხოლოდ არტ-პროექტები გავაკეთოთ. თუმცა, ეს არ არის ადვილი...“

-რას ხატავთ ამ ფესტივალზე?

-იმას, რასაც ირანში ვერ ვხატავ, - დაუფიქრებლად გვპასუხობს ნაფირი, პოპულარული ირანელი არტისტი, რომელსაც დასახატი გეგმების და კონცეფციების საკმაოდ გრძელი სია აქვს. ფოტოებზე გამოჩენა არ სურს.

ნაფირი:

- ქალებს დავხატავ საქართველოში. ოღონდ არა სექსუალურ ჭრილში. სერია ომს, სირიას და ირანს ეძღვნება...თეირანში უამრავ გრაფიტის ვქმნი. იქ ორგვარადაა საქმე, არსებობს ლეგალური და არალეგალური სტრიტ არტი. მე ბევრი არალეგალური გრაფიტის გაკეთება მიწევს, რადგან თუ გინდა რომ პროპაგანდისტული ნამუშევრები არ შექმნა და შენს ნახატებში თავისუფალი იყო, მაშინ არალეგალური გზა უნდა აირჩიო. თუმცა, ჩვენი, არალეგალური გრაფიტი ძალიან ცოტა ხანს ძლებს თეირანის ქუჩებში. მაქსიმუმ 2 დღე. მერე შლიან. ადრე ღამით, ჩუმად ვხატავდი ხოლმე, მაგრამ ახლა ვცდილობ დღისითაც დავხატო, რომ ხალხი შეეჩვიოს, იგრძნონ ეს პროცესი, ფიქრი დაიწყონ. „ფაბრიკაფიტიზე“ სხვაგვარი ქალები იქნებიან. ირანში ქალს ვერ დახატავ ჰიჯაბის გარეშე. თუმცა, ჩემი სერია, რომელსაც აქაც ვაგრძელებ, სირიის ომზეა. მის ფარგლებში არიან ქალები, ვისაც, გრაფიტიზე, სახის ნაცვლად აფეთქებები და ცეცხლი აქვთ.

- რატომ?

-იმიტომ, რომ ომის გამო მსოფლიოს ნამდვილ სახეს ვერ ვხედავთ.

ქართველმა არტისტებმა, კვაჭიმ და ჯგუფმა „სლოუ პულსმა“ „ფაბრიკის“ კედელზე ნამდვილი ქალაქი გააცოცხლეს, თავისი ცოცხალი ორგანიზმებით. ამისათვის კი ორი უკვე არსებული პროექტი შეარჩიეს და გააერთიანეს.

კვაჭისთვის ეს პირველი სტრიტ არტული გამოცდილება აღმოჩნდა.

კვაჭი: „გავაერთიანეთ ორი პროექტი, „სლოუ პულსის“ „ქალაქი“ და ჩემი „ორგანიზმები“. ეს არის ცოცხალი ორგანიზმების პროექტი. ადამიანის აგებულება და ანატომია და ზოგადად სამყარო უსასრულობაში მიდის გარეთაც და ადამიანის შიგნითაც. დიდი სამყაროა ჩვენშიც და გარეთაც. ამის ჩვენება მინდოდა სხვადასხვა ორგანიზმებით - რამდენი რამ არსებობს, რისგან შევდგებით, რატომ ვმოძრაობთ. მარტო ადამიანი არ არის ცოცხალი ორგანიზმი და ჩვენ სხვები არ გვახსოვს.

მარიამი, „სლოუ პულსი“: „ჩემი და გიორგის ნამუშევრები იყო ქალაქზე, „სითი სთორის“ - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ნოემბერში გავაკეთეთ. შემდეგ ეს პროექტი განვითარდა და დავიწყეთ კოსტიუმების შექმნა. ისინი ადაპტირებულია ქალაქზე და სივრცეზე სადაც ცხოვრობ, გაძლევს ამის საშუალებას, რომ გახდე შეუმჩნეველი. ჩვენი პროექტით და კვაჭის პროექტით - ადამიანს, ცოცხალ ორგანიზმს ჩავაცვით ქალაქი, სადაც ვცხოვრბოთ. როცა სტრიტ არტს ქმნი და ქუჩაში ადამიანები გიყურებენ, ნელ-ნელა ეს კულტურა ყველასთვის მისაღები ხდება. მახსოვს, შარშან ბევრი აპროტესტებდა გარეთ მოხატვას. წელს ვიღაცეები მეუბნებიან, წამოდით ჩვენი ეზოებიც მოხატეთო. შეეჩვია ხალხი და მოსწონთ რომ ქალაქი ფერადდება“.

ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი

ვიდეო: გივი მაღრაძე

ფოტოები: თორნიკე შენგელია, ნიკა ფანიაშვილი