მუსიკა | ცა

ჩემო ქიმიურო ძმაო

გავა დრო და გრემის მეთერთმეტე ნომინაციაზე მყოფი ტიმ როულანდსი და ედ სიმონსი თვალნათლივ გაიხსენებენ იმ ერთ საღამოს, ტიმის მამამ მანჩესტერის ლეგენდარული „ჰასიენდას“ სანახავად რომ წაიყვანა.

აგვისტო 17, 2018

Hello Blog

გავა დრო და გრემის მეთერთმეტე ნომინაციაზე მყოფი ტიმ როულანდსი და ედ სიმონსი თვალნათლივ გაიხსენებენ იმ ერთ საღამოს, ტიმის მამამ მანჩესტერის ლეგენდარული „ჰასიენდას“ სანახავად რომ წაიყვანა.

დიდად საეჭვოა რომ ამ ორ პირდაღებულ თინეიჯერში მაშინ ვინმეს მსოფლიო ელექტრონული მუსიკის პოლკოვნიკები და ბიგ ბითის სულისჩამდგმელი პიონერები დაენახა.

ბიგ ბითი კი, მოგეხსენებათ, დიდი ოხერი რამაა.

120 – 140 ბიპიემი, წვნიანი დრამ ბითები, მძიმე ეფექტებით გადატვირთული საუნდი, ფლენჯერი, ფეიზერი, დისტორშენი - ეს სიტყვები ალბათ არაფერს გეუბნება, მაგრამ წესით მარტო მათი ჟღერადობით მიხვდები რაზეა საუბარი. ახლა წარმოიდგინე ელექტრონული მუსიკა, თავის თითქმის ემბრიონალურ ფორმაში და უცებ ეს სიტყვები დააყარე. ან ცადე ვინმეს ნორმან კუკის სიტყვებით აუხსნა - „ბიგ ბითის ფორმულა ჩემთვის ჰიპ-ჰოპის ბრეიქ ბითები, ეისიდ ჰაუსის ენერგიულობა, ბითზლის პოპ განწყობა და ცოტა პანკური მარილია“ რავარი მისახვედრია?

აკი, თავიდან ინგლისშიც ვერ მიხვდნენ. 1989 წელს, ამ ყმაწვილებს და მათ ამფსონებს - Prodigy-ს, Fatboy Slim-ს, Crystal Method-ს, Propellerhead-ს და მრავალ სხვას ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებდნენ და მილიონობით გაყიდულ ალბომებამდე ჯერ კიდევ შორი იყო.

მაგრამ რა რა და მუსიკაში ახლის დაფასება ინგლისელებს არ ესწავლებათ და მალევე ჩაუმუღამდნენ - შემდეგ კი ისეთი მასიური ექსპორტი დაიწყეს, რომ ლამის მეორე British Invasion მოხდა ამერიკაში - „ზუსტად ისე ვუყურებდით ამ ყველაფერს, როგორც თავის დროზე ბითლზი და როლინგები, რომლებიც სოულის და ბლუზის სმენაში გაიზარდნენ და შემდეგ მათი ინგლისური ვერსია უკან მიჰყიდეს ამერიკელებს“ - ამბობს Fatboy Slim და ეგ თუ ამბობს, დაეჯერება.

მერე იყო 1995 წელი, როცა პირველი წარმატება მოვიდა და „Leave Home”-ის სახით ბრიტანული ჩარტების 17-ე პოზიციაზე, ძმების პირველი ჰიტი გამოცხვა. ეგრე არ უნდაო და სინგლებს ალბომი მოჰყვა - სადებიუტო Exit Planet Dust ჩარტების მეცხრე პოზიციაზე. ამას კიდევ ლონდონის ასტორიას თეატრში შოუ მოსდევს - რომელსაც თავის მხრივ ის მოჰყვა, რომ Prodigy-ს კიტ ფლინტი სცენაზე ამოხტა და დამანგრეველი ცეკვა დაიწყო, კაბელს წამოედო და მთელი შოუ დროებით შეჩერდა, მაგრამ დუოს დიდად არ სწყენია: „he can do whatever the hell he likes" - ბიგ ბითის ძმობა ქიმიურ ძმობაზე ნაკლები როდია.

მერე იყო შეხვედრა ნოელ გალაჰერთან, რომელიც თავის ძმისაგან განსხვავებით დიდი შებერტყილი კაცია და დამწვარი რომ იყნოსა, ეგრევე შეუჩნდა ძალიან მომწონს თქვენი მუსიკა და რამე ხომ არ გაგვესროლა ერთადო. ძმებმა იფიქრეს, იფიქრეს და ახალი დაწერილი Setting Sun-ის ტრეკი გაუგზავნეს, აჰა ჯიგარო და ვოკალი დაგვიდეო. გალაჰერმა ეგო გვერდზე გადადო, მთელი ღამე თავი არ დაიშურა და მეორე დილით ვოკალიანი ტრეკი დაუბრუნა - შედეგი? პირველი ადგილი ჩარტებში და ვარსკვლავის სტატუსი.

მერე იყო 1997 წლის გლასტონბერის Other სთეიჯი. ეგ კიდევ, ხუმრობა საქმე არაა. მუსიკოსი თუ ხარ და ინგლისში უნდათ, რომ უმაღლესი პატივი გცენ, ან როიალ ალბერტ ჰოლში მიყავხარ, ან გლასტოს Other ან Pyramid სცენაზე. მაგრამ ამაში არაა საქმე. საქმე იმაშია, რომ 2007 წელს ძმებმა გლასტოს უმთავრეს პირამიდ სტეიჯზეც დაუკრეს და თუ მათი ისტორიის ნახვა გინდა, უბრალოდ ამ ორ სხვადასხვა გამოსვლას უნდა უყურო, ათწლიანი სხვაობით.

97 წლის ახლად ჩამოყალიბებული საუნდი და შეგრძნება, რომ „არიქა, ე ბიჭო, ჩააჭირე, მგონი მართლა ჩვენია მთელი რეივ სცენა“ vs 07 წლის გაცნობიერებული სუპერსტარების პერფორმანსი ქვეყნის მთავარ სცენაზე, ელექტრო მუსიკისათვის ჯერ არ ნახული შოუთი და ვიზუალით. ამ ორ დაკვრას შორის ყველაფერია მოქცეული - 5 ალბომი (5ვე ტოპ გაყიდვებით), 4 გრემი, Brit awards, საუკეთესო საუნდტრეკი (ფილმისთვის Hanna), MVPA, NME, Q, კოლაბორაციები ბერნად სამნერთან, რიჩარდ ეშკროფტთან, Flaming Lips-თან, ბობი გილესპისთან და იმ დროისთვის ჯერ არნახული ვიზუალური შოუს ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება, შიგნით იმ „თელების ქუჩის“ ცნობილი კლოუნის გამოჩენა - რომელიც უნებლიედ ისეთივე შემადგენელ ნაწილად გადაიქცა როგორც დუოს სახელი და ხალხზე მოსიარულე ჰოლოგრამები. მთელი ეს ამბავი, ამ ათ წელიწადშია მოქცეული.

გაცნობიერებული სუპერსტარებიო? - საცეკვაო მუსიკა, რომელიც ყოველ ლაივზე ათი ათასობით მსმენელს იკრებს, ისეთი სფეროა, რომელიც ძირითადად ყურადღებას მოწყურებული ექსტრავერტებითაა გაძეძგილი, ხალხით, რომელთაც აღარ იციან სცენაზე რა გააკეთონ რომ დაიხარჯონ, ხალხი გაართონ და ხანდახან ზედმეტსაც კი შვრებიან. იგივე კიტ ფლინტს სცენის ორივე მხარეს ჟანგბადის ბალონები და ნიღბები აქვს დამონტაჟებული - ისეთ დღეში ვარდება შოუს ბოლოსკენ. აი ასეთ პირობებში და საზოგადოებაში გამოზრდილი ეს ხალხი ინტროვერტობაშიც ძმები არიან. თუ მათ შოუზე ხარ, დიდი შანსია რომ მონიტორების, ჰოლოგრამების, ლაზერების და ეშმაკმა უწყის რამდენი მეგავატი განათების მიღმა ვერც დაინახო სცენის არცთუ განათებულ ნაწილში მდგარი ორი, შავ მაისურში ჩაცმული ჩვეულებრივი ტიპი, რომლებიც მუსიკის რიტმში რომ არ მოძრაობდნენ, ალბათ ჩვეულებრივი სცენის მუშები გეგონებოდნენ. „We are not the show, the show is over‘re”.

„ბიგ ბითში დიდი ხანია გარკვეულია ვინ ვინაა - როცა Prodigy-ს ვუსმენ, მთავრობის გადაგდება მინდება. როცა Fatboy Slim-ს- მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გართობა, როცა Chemical Brothers რთავს ვინმე - ცეკვა და მხოლოდ ცეკვა, სხეული თვითონ იწყებს მოძრაობას“ - ჰოუპ სანდოვალმა ყველაზე მარტივად ჩამოაყალიბა მთავარი ძმების გარშემო - ეს ხალხი საცეკვაო საცეკვაო მუსიკას ქმნის, მუსიკას სადაც ყველაზე ჩაკეტილი ტიპებიც კი ცეკვის მუღამზე მოდიან და ვერაფერს აკეთებენ ამის დასაფარად. როგორ ააცეკვო ყველაზე უიმედო ინტროვერტი - ვინ შეიძლება ეს იცოდეს იმ ადამიანებზე კარგად, ვისაც საკუთარი მილიონობით მსმენელის დიდი უმრავლესობა სახეზეც კი ვერ ცნობს.

ქიმიური ძმობა 30 წელზე მეტი ხანია რაც მიდის - უფრო დიდი ხანი ვიდრე რომელიმე dance music პროექტი, ვიდრე უმეტესობა როკსტარული თუ პოპ ქორწინება. უფრო ძველია ვიდრე პენტიუმ 1, Mp3, ან რომელიმე Home Alone ფილმი. ამის მიუხედავად, ეს ძმობა არაფრით არ გახუნებულა - ამ ბოლო დროს ცოტა მელანქოლიური გახდა, მართალია კი, მაგრამ ჯერესერთი რომ ძმებმა რისი ძმები იქნებოდნენ, მანდაც მიზანში რომ არ გაერტყათ და თან აბა ეგ რა გასაკვირია ადამიანებისგან ვისაც 50 000 კაცთან ერთად მარტოობა შეუძლიათ.

ერთი რამ უნდა იცოდე - შეიძლება დიდი, ხალხმრავალი შოუები გიყვარდეს ან არ გიყვარდეს, ვიზუალური ეფექტები გაინტერესებდეს ან არა, განათების ხელოვნებაზე გიჟდებოდე ან ამთქნარებდე...

მაგრამ თუ ძმების შოუზე მიდიხარ, ჯობია კომფორტული ფეხსაცმელი ჩაიცვა, because, you will dance like hell.

ავტორი: მაიკლ სქოული

ბლოგში გამოყენებული მასალა აღებულია The Chemical Brothers-ის ვიდეოებიდან და ლაივ შოუებიდან.