სიახლეები კულტურა

2018 წლის პრემია „საბას“ ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ 10 ნომინაციიდან 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, სექტემბერში გასაჯაროვდება. რაც შეეხება დანარჩენ 4 ნომინაციას, მათი გამარჯვებული, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

ივლისი 31, 2018

Hello Blog

ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ 10 ნომინაციიდან 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, სექტემბერში გასაჯაროვდება. რაც შეეხება დანარჩენ 4 ნომინაციას, მათი გამარჯვებული, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

მეთექვსმეტე „ საბა“ ყველაზე განსხვავებული იქნება. დაჯილდოება პირველად საქართველოს გარეთ, კერძოდ, ქალაქ ფრანკფურტში ჩატარდება, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსმა განაპირობა. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ნომინაციებმაც განიცადა, წელს პრემია შემდეგ ნომინაციებში გაიცემა:

1. საუკეთესო რომანი

2. საუკეთესო პროზაული კრებული

3. საუკეთესო პოეტური კრებული

4. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6. საუკეთესო ქართული თარგმანი

7. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი

8. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა

9. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა

10. პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის

2018 წლის მეთექვსმეტე „საბა“ ამითაც გამოირჩევა, წელს ჟიურიმ ძალიან დაწურული და მართლაც მოკლე სია გამოავლინა, ზოგიერთ, ტრადიციულად ბევრწიგნიან ნომინაციაში წელს ერთმანეთს მხოლოდ ორი წიგნიც კი ეჯიბრება. თუმცა, ყოველ წელს, სხვადასხვა ჟიურის მუშაობის პირობებში, მიდგომა სხვადასხვაგვარია, რაც გამარჯვებულების შერჩევას, ვარაუდებსა და კამათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ტრადიციულად დიდი კონკურენცია წლის საუკეთესო პოეტური კრებულისა და საუკეთესო რომანის ნომინაციებში, ეს ნომინაციები, ერთგვარად პრემიის ხერხემალია, ყველაზე მეტი კამათი და მსჯელობაც ამ ნომინაციებს მოჰყვება ხოლმე. ორი-ორი წიგნითაა წარმოდგენილი საუკეთესო პროზაული კრებულისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციები. რამდენიმე საინტერესო ახალი სახეა დებიუტის ნომინაციაში. რაც შეეხება, თარგმანის ნომინაციას, მოკლე სია მოგვიანებით გახდება ცნობილი და ალბათ ისეთი მოკლე არ იქნება, როგორც დანარჩენი ნომინაციები, თუმცა, ვინ იცის, წელს ჟიური ძალიან მკაცრია. 

პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში ჩატარდება.

ცერემონიას, ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან - ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები, საერთაშორისო მედია... ცერემონიის ორგანიზება ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება.

დაჯილდოების ცერემონიის ნახვა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერსა და ინტერნეტში, თიბისი და „საბას“ ფეისბუქის გვერდებზე იქნება შესაძლებელი.

  მეთექვსმეტე პრემია „საბა“ თავის ყველაზე დაძაბულ და საინტერესო, საუკეთესოთა შორის საუკეთესოების გამოვლენის ეტაპზე გადადის.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისი 2003 წელს დააფუძნა.

2018 წლის ნომინანტები არიან:

საუკეთესო რომანი

გურამ ბათიაშვილი, „ელიგულა და კავა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

მარი ბექაური, „ანას მომენტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ლაშა ბუღაძე, „პატარა ქვეყანა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

დავით გაბუნია „დაშლა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)

თამარ თანდაშვილი, „მატერიკონი“ (გამომცემლობა „სიესტა“)

საუკეთესო პროზაული კრებული

თეონა დოლენჯაშვილი, „პერსონალური ქრისტე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ლევან მუსხელიშვილი, „მოკლე მოთხრობები“ (გამომცემლობა „სეზანი“)

საუკეთესო პოეტური კრებული

გიორგი არაბული, „გვრინი“(გამომცემლობა „ინტელექტი“)

სოსო მეშველიანი, Arboles Altos (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ზურაბ რთველიაშვილი, „პოეზიის დიქტატურა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

პაატა შამუგია, „დედა ენა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)

ბელა ჩეკურიშვილი, „სიშიშვლის დეტექტორი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

გაბრიელ ტანიე, „ქანაანის შვილები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ზურა ჯიშკარიანი, „საღეჭი განთიადები: უშაქროდ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

სოსო მეშველიანი, „ქუნარეშ“(გამომცემლობა „ინტელექტი“)

ირმა ტაველიძე, „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ (გამომცემლობა „დიოგენე“)

მარინა ქარცივაძე, Modus Vivendi (გამომცემლობა „ქოლგა“)

საუკეთესო ქართული თარგმანი(ამ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა სექტემბერში გახდება ცნობილი) 

შემდეგ 4 ნომინაციაში გამარჯვებულები, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე 12 ოქტომბერს გამოვლინდებიან.

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა

პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის

www.saba.com.ge