მუსიკა | ცა

Tbilisi Open Air 2017- დღე III

მეცნიერების თქმით, ჩვენს ბედნიერებაზე ჩვენივე სხეულებში გამომუშავებული დოპამინი, სეროტონინი, ოქსიტოცინი და ენდორფინი ზრუნავს. სწორედ ეს კვარტეტი იქცა Tbilisi Open Air 2017-ის სამივე დღის მთავარ შემოქმედად და აი, რატომ:

ივნისი 22, 2017

Hello Blog

მეცნიერების თქმით, ჩვენს ბედნიერებაზე ჩვენივე სხეულებში გამომუშავებული დოპამინი, სეროტონინი, ოქსიტოცინი და ენდორფინი ზრუნავს. სწორედ ეს კვარტეტი იქცა Tbilisi Open Air 2017-ის სამივე დღის მთავარ შემოქმედად და აი, რატომ:

დოპამინი

თუ აქტიურდება ყოველი დასახული მიზნის მიღწევისას, გაბედული ნაბიჯის გადადგმისას და ხელს გვიწყობს მეტი ენთუზიაზმით ვაკეთოთ ჩვენი საქმეები, მაშინ მისი გაჟღერება ზემოთ ხსენებულ ოთხეულში, უკვე იმ მომენტში დაიწყო, როგორც კი ფესტივალის გზას დავადექით.

სწორედ ის აგებდა პასუხს იმ მზარდ ეიფორიულ მდგომარეობაზე, როცა დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებოდით. 

ფესტივალის მესამე დღეს კი, სანამ ტერიტორიაზე შევიდოდით, ამ მდგომარეობას განსაკუთრებულად კარგად ეხმიანებოდა Sexy Bicycle-ის Golden Stage-დან წამოსული “ლა-ლა-ლალა” (Mesmerising Gun). სცენაზე მდგარ ერთადერთ შემსრულებელს - ნიკა კვარაცხელიას, რომლის “ბენდიც” და ორკესტრიც საკუთარი ლეპ-ტოპი იყო, თავის დოპამინი იმას კარნახობდა, რომ გამოსვლის შემდეგ აუცილებლად უნდა მიესწრო მთავარ სცენამდე, სადაც ცოტა ხანში Kung Fu Junkie დაუკრავდა (თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ ბევრი დრო რჩებოდა).

ამ კონკრეტული ნეიროტრანსმიტერის მოზღვავებას მადის გაძლიერება ახასიათებს. შესაბამისად, ლოკაციაზე გადანაწილებული მრავალფეროვანი “გურმანიადაც” სრულ მზადყოფნაში იყო ამ ფაქტორის გასათვალისწინებლად.

*** 

სანამ მთავარ სცენას მივუახლოვდებოდი, კარვების ნაკვეთზე შევიარე. როგორც აქაურობის კოორდინატორმა გამანდო წელს დაახლოებით 150-მდე კარავი გაიშალა ქართველი, თუ უცხოელი სტუმრებისთვის და ამ პატარა, სამ-დღიან, საერთაშორისო დასახლებაში, ყველას შეხმატკბილებულად უცხოვრია.

მთავარი სცენის წინ კი ხალხის შთამბეჭდავი რაოდენობა იყო შეკრებილი The Black Marrows-ის მოსასმენად. Tbilisi Open Air-ზე, მათი მესამე გამოსვლა იყო, ამჯერად რამდენიმე ახალი სიმღერით, რომლებიც, მალე მეორე ალბომში დაფიქსირდებიან. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა - გიორგი მარმა (გიტარა, კომპოზიტორი, ტექსტების ავტორი) ჩვენთან საუბრისას, აღნიშნა, რომ ფესტივალის მნიშვნელობა, აქ შენარჩუნებული ცოცხალი შესრულების გამო, განსაკუთრებით დასაფასებელია; მსმენელიც იზრდება, გემოვნებაც უფრო იხვეწება და მუსიკოსებისთვისაც დაკვრა უფრო საინტერესო ხდება.

„[ადგილობრივ მუსიკალურ სცენას] კიდევ ერთი პლიუსი აქვს. მაგალითად, ევროპაში ყოფნის დროს, შევამჩნიე, რომ ვინც ძალიან მაგრად უკრავს, მხოლოდ ის ჩანს, ვინც საშუალოდ - იკარგება. ჩვენ კი, აქედან სწორედ იმ მაგრებს ვხედავთ და რასაც ხედავ იმას ეჭიდები, ისეთივე მაგრები გვინდა ვიყოთ. ეგ მაგრად მუშაობს. იქ ძალიან ბევრი საშუალო ფენაა და პროცესიც ნელ-ნელა მიდის. ჩვენთან კი ორი უკიდურესობაა - მიწა და ცა... ეტოლები იმ ცას!

-წელს, ფესტივალზე გამოსული ქართველი ჯგუფების წარმოდგენა თამამად შეიძლებოდა მსოფლიოს განვითარებულ სცენებზეც.

-თბილისს, თავის მასშტაბის მიხედვით, უკვე ძალიან ბევრი მაგარი ბენდი ჰყავს, რაც თუნდაც ჰოლანდია-გერმანიაში იმდენად არ არის... ჩვენ კიდევ, სულ გვინდა რომ Radiohead ან Oasis ვიყოთ.

The Black Marrows ახლო მეგობრების ტანდემია. გიორგი მარისთვის, როგორც კომპოზიტორისთვის, განსაკუთრებული გამოწვევაც და მათი მსმენელის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ამ გამოწვევასაც მშვენივრად უმკლავდება.

Young Georgian Lolitaz-ში ასევე უახლოესი მეგობრის, ნიკა კოჩაროვის (სოლისტი) თხოვნით მოხვდა და საგანგებოდ ამ წამოწყებისთვის, ბასიც დაამხეცა. მათთან ერთად, უამრავ თავგადასავალშიც ამოყო თავი, მათ შორის „ევროვიზიაზე“, რომელიც დღემდე, პირადად მისთვის სასიამოვნო, მაგრამ მაინც გაუგებარ მოვლენად რჩება.

მოგვიანებით, მთავარ სცენაზე „ლოლიტებმაც“ დაუკრეს და ისევ ის შეგრძნება, როცა ძალიან გინდა, რომ შენი ქვეყნის მარგალიტები მთელმა მსოფლიომ დააფასოს!

სეროტონინი

განსაკუთრებით აქტიურდება სასიამოვნო შეხვედრების, ურთიერთობების, მზეზე გასეირნების და დადებითი ამბების გახსენების დროს!

ერთიც, მეორეც და მესამეც - „საოცრებათა ქვეყანაში“ უკლებლივ ყველას გადაგვხდა თავს. აქ, წლობით უნახავი მეგობრები შეხვდნენ ერთმანეთს... ან ისეთები, მხოლოდ სოციალურ მედიაში რომ ურთიერთობდნენ.  

მეგობრდებიან აქა-იქ დანთებული კოცონის გარშემო, ჰამაკების ხეივანში, „გამარჯობა“ ხის ქვეშ, ზღაპრულად მოწყობილ საქანელებთან (სამწუხაროდ, ვერ გავარკვიე, ვინ მორთო-მოკაზმა იქაურობა ასე ჯადოსნურად), სცენებთან, სცენებზე, კულისებში... აქ დამეგობრებას, თუნდაც ცოტა ხნით გულითად საუბარს, ბევრი არ სჭირდება.

“ჯანქები”, ანუ Kung Fu Junkie ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მხიარულ-სევდიანი პერსონაჟების ძალიან საინტერესო ნაზავია (როგორც თავად უწერიათ - პოპ-ელექტრო ცირკი),

რომლებმაც გადაწყვიტეს რომ თვითონ შეექმნათ ის მუსიკა, რომლის მოსმენაც თავად უნდოდათ.

დღეს კი, ანდერგრაუნდისა და პოპ-კულტურის ზღვარზე, ისინი თავის სტანდარტს ამკვიდრებენ და ორივე მხარეს ამარაგებენ უწყვეტი, მრავალფეროვანი ენერგიით.

ოქსიტოცინი

ჩახუტების ჰორმონსაც ეძახიან, რომელიც ჩვენს გულახდილობას, ნდობასა და ჯანსაღ ურთიერთობებს ავითარებს. მის გარეშე, თურმე, დედა შვილს არ აიყვანს ხელში! სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლო ურთიერთობებისა და უკეთესი სოციალური ინტერაქციების დასამყარებლად. ყველაზე მარტივი გზა კი მისი კულტივირებისთვის, უბრალოდ ჩახუტებაა! 

აქ კი, ყოველ ნაბიჯზე, შეგიძლია უცხოსაც კი გაუღიმო, ხელები გაშალო და ისიც უყოყმანოდ გადაგეხვიოს. მერე რაც ხდება, ქიმია ყოფილა - ზიარი ოქსიტოცინი!

Moku Moku-ს ბიჭები ოქსიტოცინის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდნენ, როცა Golden Stage-დან ურთიერთობდნენ იქ შეკრებილ ხალხთან.  

ენდორფინი

მარტივად გამომუშავდება სიცილის დროს, რომელიც ასე უხვად ისმოდა გარშემო, მუსიკის ფონზე და მაშინაც ირთვებოდა, როცა რამდენიმე-საათიანი გართობის შემდეგ დაღლილი სხეული „მეორე სუნთქვას“ იწყებდა მომდევნო საოცრებაში მაქსიმალური ჩართულობისთვის.

განსაკუთრებით, ყოველი დღის საღამოს 11 საათიდან, როცა სცენა მთავარ შემსრულებელს ეთმობოდა. ამიტომაც, რა გასაკვირია, რომ წესით ქანც-გაწყვეტილები, ისევ შესაშური ენერგიით ვერთვებოდით ფერხულში, უკვე ბედნიერების სრული აკომპანიმენტით!

მესამე დღის ენდორფინების მობილიზაცია კი დაახლოებით 22:50-თვის დაიწყო, როცა მთავარ სცენაზე ARCHIVE “გაიხსნა” და ეიფორიამაც კულმინაციას მიაღწია.

ხალხის მასა გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა, იქამდე სანამ მთავარი სცენის წინ გადაშლილი მთელი მინდორი მოლივლივე ზღვას არ დაემსგავსა.

მსგავსი სანახაობის აღწერა, არ მგონია სიტყვებით შეიძლებოდეს. ათასობით ადამიანის ერთსულოვნება, ფესტივალთან მომავალ წლამდე დამშვიდობება და იმის შეგრძნება, რომ ამ სამი დღის განმავლობაში, უკვე ერთი, უზარმაზარი ოჯახის ნაწილად ქცეულხარ.

ამასობაში, კი ჩვენ წინ, 2015 წლის Tbilisi Open Air-ზე დადებული პირობა სრულდებოდა. Archive აქაა და კვლავ ასრულებს ბევრისთვის საყვარელ ჰიტს ახალი ალბომის კომპოზიციებთან ერთად (ახალი ალბომიდან: Driving in Nails, the False Foundation, Bright Light, Splinters).

ჯგუფი დღემდე განსაკუთრებულ მოვლენად რჩება მუსიკის ინდუსტრიაში. მოკრძალებული ძალებით წამოწყებული ორ-კაციანი პროექტი უკვე 12-კაციან „ორკესტრ“-ად წარმოგვიდგება, რომელიც თავის შემოქმდებაში მუსიკის მთელ სამყაროს იტევს, პროგრესული როკიდან, თუ შუგეიზიდან დაწყებული სხვადასხვა ელექტრონული ხრიკებით დამთავრებული.

 უცნაურია, შინაურ ინგლისთან შედარებით, პოპულარობა უფრო კონტინენტურ ევროპაში აღეინიშნებათ და ახლა - უკვე, დანამდვილებით - საქართველოშიც.

***

Tbilisi Open Air-ის მერვე გაელვებამ, წელს, ახლა უკვე “მეცნიერულად დამტკიცებული” ბედნიერების სამი დღე გვაჩუქა. გვაჩუქა იმდენივე ისტორია, რამდენი გულიც ფეთქავდა ლისის ჯადოსნურ ველზე. გვაჩუქა შემართება, სითამამე და მუუსიკა, რომელიც გვათავისუფლებს! და როგორც ბედნიერებას ჩვევია, ის აუცილებლად დაგვაბრუნებს ისევ იქ, სადაც გადაგვეყარა. ასე რომ, მადლობა თითოეულ თქვენგანს და მომავალ წლამდე!

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი

ფოტო - გიორგი ინდუაშვილი