მუსიკა | ცა

Tbilisi Open Air, დღე II

სანამ ლისის “საოცრებათა ქვეყნისკენ” დავიძვრებით, გავითვალისწინოთ: რამე ჩასათბუნებელი (თხევადს არ შემოგვატანინებენ, ამიტომ ქსოვილის ვამჯობინოთ), მივიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, გამოვიდეთ ცოტა ადრე, როცა ფესტივალის ტერიტორიამდე მისასვლელი გზა ნაკლებად გადატვირთულია,

ივნისი 18, 2017

Hello Blog

სანამ ლისის “საოცრებათა ქვეყნისკენ” დავიძვრებით, გავითვალისწინოთ: რამე ჩასათბუნებელი (თხევადს არ შემოგვატანინებენ, ამიტომ ქსოვილის ვამჯობინოთ), მივიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, გამოვიდეთ ცოტა ადრე, როცა ფესტივალის ტერიტორიამდე მისასვლელი გზა ნაკლებად გადატვირთულია,

(თუ ბავშვებთან ერთად ვართ - მით უფრო, რადგან დღის განმავლობაში, აქ სწორედ პატარები უფროსობენ!), თან ვიქონიოთ მხოლოდ მინიმალურად საჭირო ნივთები; არ ვაგდებთ კომუნიკაციების რიტმს (საკუთარ თავთანაც), ჯიბის ფულიც არ გვაწყენს, ზომიერად ვანაწილებთ ენერგიას, წინასწარ ვეცნობით “ლაინაფს”...

რაც არ უნდა იყოს, ყველას თავისი პრაქტიკა აქვს საოცრებების ჟამს მიღებული ემოციის დიდი ხნით შენარჩუნებისთვის, მოგონებების კი - ბოლომდე!    

ფესტივალზე სანახავი ბევრია! ერთდროულად ყველგან ვერ იქნები, თუმცა შემოვლა-დათვალიერებისას, აუცილებლად მიაგნებთ თქვენთვის ყველაზე მყუდრო კუთხესა და ჟღერადობას.

ამ ბლოგშიც, აქ დატრიალებული ამბების ერთ-მეათედს თუ აღვწერ, ძირითადად მთავარი სცენიდან. ამიტომ, ბევრს ნუ იყოყმანებთ და ამოდით!    

ამასობაში, ამ საოცრებების 2/3 უკვე ჩავინიშნეთ. ფესტივალის მეორე დღისთვის, სოციალურ მედიაში ბევრი ფერადი კადრი და ემოცია დაფიქსირდა, ხოლო აქ მოსულთა რაოდენობამ ერთი-ორად იმატა.

ამინდმა ხელი შუწყო, რომ ეს დღე საოჯახო თავშესაქცევიც გამხდარიყო. ბავშვებისთვის, დიდ მინდორზე დაჭერობანა, ფრიზბი, ქვიშაში ამოგანგვლა, “თამაშობანა” თუ ბალახის მწვანე ხალიჩაზე გორაობაც საკმარისი იქნებოდა.

თუმცა, აქ, საგანგებოდ მათთვის კიდევ ბევრი თვალდასაჭყეტი ამბავი ხდებოდა, მათ შორის საღამოს 19:00-დან აგუგუნებული სცენები, უამრავი ჭრელა-ჭრულა ღიმილიანი უფროსი, თუ ოჩოფეხა გმირები.

მუსიკალური პროგრამა ისევ და ისევ განსაკუთრებული გამოდგა, მივყვეთ ქრონოლოგიურად:

19:00-ს ოდნავ გადასცდა და მთავარი სცენა ჯგუფი არა-ს ბიჭებმა და ერთმა გოგონამ - ანა სუბელიანმა გახსნეს. ვოკალისტი ზურა ჯავახია არც მეტი, არც ნაკლები ქრისტეს ფორმაში გამოგვეცხადა, ანა, როგორც კვასკვასა-წითელ-ტუჩსაცხ დამშვენებულმა გიტარისტმა რეზო ფერაძემ აღნიშნა, “ნანი ბრეგვაძეა, ვუდსტოკზე”, “კლავიშნიკი” -

 შევარდნაძის თეთრ მაისურში გამოეწყო, გიორგი სიბაშვილი კი ფერადი იროკეზით შემოიფარგლა. 

საკუთარი და ცნობილი სიმღერების ქავერებით, ბიჭებმა ლისის მშვენიერ განწყობას ასეთივე მშვენიერი ფონი მისცეს, ხოლო მათ სავიზიტო მოწოდებას - “იცეკვეთ ვალსი”, პატარაც და დიდიც ენთუზიაზმით აჰყვა.   

“ჩვენ ვართ ჯგუფი რეზო და ბავშვები, არ ვმონაწილეობთ ამ პროექტში... გეჩვენებით!

ჩვენც გვეჩვენებით, მაგრამ ისეთი მაგარი ფესტივალია, რომ ძალით გამოვდივართ, იმიტომ რომ “გვევასება” აქაურობა და თქვენც “გვევასებით”! მოდი, “გვევასებოდეს” ერთმანეთი”-ო, თქვა ჯგუფის ვოკალისტმა რეზო ბლიაძემ და სანამ ერეკლე დეისაძეს “გამოიხმობდა” (“დილით წყალი ღვინოდ გადააქცია და მდინარეზეც ფეხით გაიარაო”) ორი სიმღერა შემოგვთავაზეს, მათთვის ჩვეული დადებითი მუხტით, Social Punk Rock ჟანრში. 

“რეზო და ბავშვები” სცენაზე დარჩენენ, როგორც Eko & Vinda Folio-ს მუსიკალური აკომპანიმენტი. 

ერეკლე დეისაძისა (ვოკალი) და თემო ეზუგბაიას (გიტარა, ასევე Kung Fu Junkie-ის წევრი) “დუო”, უკვე მე-5 წელია Eko & Vinda Folio-ს სახელით იმკვიდრებს ადგილს.გარდა შემოქმედებითი პროცესისა, პროექტის უპირველესი მიზანი ერთგვარი სოციალური “მესიჯის” გადაცემაა ქართველი მსმენელისთვის. შესაბამისად, ტექსტებიც მხოლოდ ქართულია და შინაარსიც ზედმიწევნით გასაგები. მათი გამოსვლა ის იშვიათი შემთხვევაა, როცა არამარტო მელოდიის გავლენის ქვეშ ექცევი, არამედ სიმღერად გადმოცემული აზრები დიდი ხნით რჩება შენთან ფიქრის მასალად.

LOUDspeakers - რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა გადაეტანა ჯგუფს ამ დღედ ღირდა - მსმენელის სრული ჩართულობა, ბიჭების განსაკუთრებული ჟღერადობა, თავსხმა ოვაციები და ლევან ლაუდაძის (ვოკალისტი) უზომო მადლიერება ამ ყველაფრისთვის! პირობა შესრულებულია - LOUDspeakers Tbilisi Open Air-ზე ისევ ხმამაღლა ჟღერს

საღამოს, დაახლოებით ათის ნახევრიდან და საათნახევრის განმავლობაში, ლისის “საოცრებათა ქვეყანაში” ისე დათბა, როგორც თბილა ხოლმე სიყვარულით გაჯერებულ ოჯახში. ჰო, ოჯახურ შეკრებას ჰგავდა Soft Eject-ის დაბრუნება სცენაზე თითქმის 15-წლიანი პაუზის შემდეგ. 

“გულწრფელად არ მეგონა, რომ ამდენი მსმენელი ჰყავს Soft Eject-ს. უფრო მეტად, უფროს თაობას ველოდებოდით, რომელიც იმ წლებიდან გვიცნობს, როცა ვუკრავდით, მაგრამ ახალგაზრდობის ასეთი აქტიურობა სასიამოვნო სურპრიზად დაგვხვდა... ყველაზე სასიამოვნო კი მსმენელის ერთიანობა იყო” - ვახო ბაბუნაშვილი.

ვახომ, რომელიც Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი სულისჩამდგმელიცაა, ისიც აღნიშნა, რომ ეს ფესტივალი არის თავისუფლება, გართობა და რომ შურს კიდეც იმ ახალი თაობის, რომელიც დღეს ისეთ საქართველოში ცხოვრობს, სადაც მსგავსი რამ ხდება.

- “როგორც სცენიდან ვთქვი, ვნახე ორი ახალგაზრდა, ერთი სიგარეტის ნამწვავებს ფეხსაცმლის ზონარზე იმაგრებდა, მეორე კი ერთჯერად ჭიქაში ყრიდა, რომ შემდეგ სანაგვე ურნაში ჩაეგდოთ. პატარა დეტალია, მაგრამ მოქალაქეობრივი შეგნების ძალიან მაღალ დონეზე საუბრობს. ერთ-ერთ ბართან რიგიც იდგა და ჩვეულებრივი ქართველი ახალგაზრდები მწკრივში მშვიდად ელოდებოდნენ თავიანთ ჯერს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მე ვხედავ აქ იმ საზოგადოებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ ცვლის.”

Soft Eject ბევრი აქ მყოფისთვის მთელი ფესტივალის ყველაზე დიდი საჩუქარი იყო. ბენდისა და Tbilisi Open Air-ის აუდიტორიები, როგორც ადრე ვწერდი, მართლაც ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს, და სულაც ერთი და იგივეა. 

აქ, ზოგმა ისტორია ცოცხლად შევიგრძენით, ზოგიც - საყვარელი სიმღერების შესრულების ფონზე ცრემლებამდე გავერთეთ. თუმცა, ალბათ ყველამ, უბრალოდ ის გრძნობები განვიცადეთ ხელახლა, რომლებიც თავის დროზე სწორედ ამ ჟღერადობამ დაბადა. დაგვპირდნენ, რომ ისევ დაბრუნდებიან და სავარაუდოდ შემოდგომისთვის დიდ კონცერტსაც გამართავენ.

და არიქა! საათზე 11:00-ია და “ლენინგრადი” უკვე სცენაზეა. რაც “საოცრებათა ქვეყანა”-ში დატრიალდა სიტყვებით ვერ გადმოიცემა. როგორც შნუროვი ამბობს, მას ისტერიკა მხოლოდ სცენაზე ესმის. ჩვენ თავლწინ კი, სრულ ისტერიკაში არა მხოლოდ ჯგუფის წევრები, არამედ (იქნებ სოლიდარობის ნიშნად?!) მთავარი სცენის წინ შეკრებილი ათასობით მსმენელიც ჩავარდა. 

პეტერბურგის ბანდიტურ ცენტრიფუგაში წარმოქმნილი ჯგუფი კვლავაც აგრძელებს დღესასწაულების დატრიალებას და ამჯერად უკვე თავისი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს -

 სკაბრეზულად, ხატოვნად, “ვირუსულად”, შემოქმედებითად, თუ მოყვარეს რომ პირში უნდა უძრახო, აი, იმ პრინციპით. როგორც არ უნდა იყოს, ამ ყველაფრის ერთობლიობა მკვეთრად ამცირებს შემსრულებელსა და მსმენელ/მნახველს შორის დისტანციას და ამ ფენომენს, ლისის “საოცრებათა ქვეყნაშიც” შევესწარით.  

დღეს კი, მზად ვართ გრანდ-ფინალისთვის, რომ Archive-ის, Kung Fu Junkie-ის, Young Georgian Lolitaz-ის და ბევრი სხვა შემსრულებლების ფონზე კიდევ ერთხელ დავტკბეთ ერთმანეთთან ურთიერთობებით

და

თითოეული ჩვენთაგანისთვის ორგანიზატორებისგან ასეთი ზრუნვით მომზადებული საოცრებებით! 

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - გიორგი ინდუაშვილი