მუსიკა | ცა

გამარჯობა, Papooz

შენ ხარ ულისე კოტინი (ვოკალი, გიტარა), შენ - არმანდ პენიკო (გიტარა). ორივე ერთად - Papooz! თქვენი სიმღერები ნებისმიერი ზაფხულის “საუნდტრეკად” შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. რომელიმე მათგანი, დიდი ალბათობით, აგვეკვიატება და სხვა სეზონსაც გადასწვდება. ლაღია, გადამდებია, თბილია და რაც არ უნდა ინგლისურად ასრულებდეთ, თქვენსავით ფრანგულია! 

ივნისი 19, 2018

Hello Blog

შენ ხარ ულისე კოტინი (ვოკალი, გიტარა), შენ - არმანდ პენიკო (გიტარა). ორივე ერთად - Papooz! თქვენი სიმღერები ნებისმიერი ზაფხულის “საუნდტრეკად” შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. რომელიმე მათგანი, დიდი ალბათობით, აგვეკვიატება და სხვა სეზონსაც გადასწვდება. ლაღია, გადამდებია, თბილია და რაც არ უნდა ინგლისურად ასრულებდეთ, თქვენსავით ფრანგულია! 

საოცრად მოუხდება ეს ყველაფერი 23 ივნისს, ლისის საოცრებათა ქვეყანას! და როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, Papooz-ური ბოსა ნოვას რიტმები და ეგზოტიკური განწყობა, აუცილებლად “შეგვინარჩუნებს” ზაფხულს! 

გამარჯობა Papooz-ებო! უჩვეულო სახელი გაქვთ, როგორც გავიგე აბორიგენ ამერიკელთა ენაზე “აკვანს” ნიშნავს.

Papooz - ასეა, და თან, ჟღერადობაც ძალიან მოგვწონს.

როგორ მიდის საქმეები შემოქმედების თვალსაზრისით? 

Papooz - ძალიან კარგად! ესესაა, დავასრულეთ მეორე ალბომის ჩაწერა და სულ მალე “გამიქსვას” შევუდგებით. 

ზაფხულის საფესტივალო სეზონი რამდენად გაძლევთ ამის საშუალებას?

Papooz - წელს, მხოლოდ ორ შოუს წარმოვადგენთ, ისიც - საზღვარგარეთ. მთელ დანარჩენ დროს კი მეორე ალბომის რეპეტიციებს დავუთმობთ. 

მადლობა, რომ ამ ორი შოუდან ერთ-ერთი სწორედ ჩვენთან, Tbilisi Open Air-ზე ჩატარდება. როგორი რეაქცია გქონდათ, როცა ამ ფესტივალზე გამოსვლის შემოთავაზება მიიღეთ?

Papooz - ძალიან გაგვიხარდა! ახალი ქვეყნების გაცნობა ყოველთვის გვსიამოვნებს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით, რუკაზე უნდა მოგვეძებნა და ძალიან შეგვრცხვა!

Tbilisi Open Air ფესტივალის სლოგანია “მუსიკა ათავისუფლებს”... თითოეული მსმენელისთვის, მუსიკა შეიძლება კიდევ ბევრ რამეს ნიშნავდეს.. და თქვენთვის?  

Papooz - მუსიკა უბრალოდ ისაა, რაც ძალიან გვიყვარს და ჩვენთვის - თვით-გამოხატვის საუკეთესო საშუალებაც.

ამ თვით-გამოხატვის პროცესში კი, ქმნით დადებით, საზაფხულო ენერგიით გაჯერებულ სიმღერებს... როგორ ახერხებთ ასეთი სითბოს, პოზიტიური მუხტის აკუმულირებას? ან, უბრალოდ, ასეთები ხართ თავადაც!

Papooz - ასეა! საკმაოდ მხიარული პერსონაჟები ვართ... ვცდილობთ, ყოველთვის შევქმნათ რამე ახალი და სასიამოვნო ჩვენი მსმენელისთვის, მაშინაც კი, თუ რომელიმე ბენდის გავლენას ვგრძნობთ საკუთარ შემოქმედებაზე. 

არის რამე ისეთი განსაკუთრებული, რაც მუსიკის შექმნის პროცესში გჭირდებათ?

Papooz - შეიძლება რამდენიმე-წუთიანი განმარტოება. სიმღერები იდეებივითაა, ჰაერში ტივტივებენ, შენ კი უბრალოდ “იქვე” უნდა იყო, რომ დაიჭირო.

“Ann Wants To Dance”, გამოშვებისთანავე ვირუსულ ვიდეოდ იქცა. როგორ დაიბადა ეს სიმღერა და თუ წარმოიდგენდით მსგავს რეაქციას ინტერნეტ სივრცეში?

Papooz - ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდით, რომ კლიპი, რომელიც საბერძნეთში გადავიღეთ იაფფასიანი ვიდეო-კამერით, ყველანაირი სცენარისა და გეგმის გარეშე, ასეთი წარმატებული გამოვიდოდა. სასიამოვნო სიურპრიზი იყო!

და ბოლოს [თიბისური ტრადიციით], Papooz - ვინ ხარ შენ?

Papooz - მე ვარ ბენდი, რომელიც დაიბადა, როცა ორმა მეგობარმა მუსიკის შექმნა გადაწყვიტა. ახლა, უკვე 5 მეგობარი უკრავს და ბედნიერი ვიქნები, როცა 20-მდე ავალთ!    

ავტორი: ნინო კაკიაშვილი