კულტურა

უთავო ბეტმენი და საბჭოთა არქიტექტურის ბედისწერა

“თბილისში რომ შემოდიხარ დასავლეთ საქართველოს მხრიდან, მარშალ გელოვანზე, მანქანით თუ „მარშრუტკით“, შემოგხვდებათ გვიანდელი საბჭოთა არქიტექტურული შენობების მთელი წყება. თითოეული მათგანი განსხვავებულია, მაგრამ - უნიკალური, თავისი მონუმენტურობით და სპეციფიკით. ერთ შენობაზე, მომრავლებულ მცენარეებს შორის, მოჩანს კაცის ოქროსფერი მონუმენტი. იგი დგას ღამურისმაგვარი ფრთებით, გაშლილი მკლავებითა და ნაბიჯებით, რომლებიც ათავისუფლებს“, - ჰყვება თომას იბრაჰიმი, არქიტექტორი, მკვლევარი, რომლის განსაკუთრებულ ინტერესს ქართული საბჭოთა არქიტექტურა და მათი შენარჩუნება წარმოადგენს.  

მაისი 31, 2018

Hello Blog

“თბილისში რომ შემოდიხარ დასავლეთ საქართველოს მხრიდან, მარშალ გელოვანზე, მანქანით თუ „მარშრუტკით“, შემოგხვდებათ გვიანდელი საბჭოთა არქიტექტურული შენობების მთელი წყება. თითოეული მათგანი განსხვავებულია, მაგრამ - უნიკალური, თავისი მონუმენტურობით და სპეციფიკით. ერთ შენობაზე, მომრავლებულ მცენარეებს შორის, მოჩანს კაცის ოქროსფერი მონუმენტი. იგი დგას ღამურისმაგვარი ფრთებით, გაშლილი მკლავებითა და ნაბიჯებით, რომლებიც ათავისუფლებს“, - ჰყვება თომას იბრაჰიმი, არქიტექტორი, მკვლევარი, რომლის განსაკუთრებულ ინტერესს ქართული საბჭოთა არქიტექტურა და მათი შენარჩუნება წარმოადგენს.  

ოქროსფრთებიანი ბეტმენი დიღომში, ყოფილი ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმის შენობის ნაწილია. თომას იბრაჰიმი, სხვა არქიტექტორების მსგავსად, თბილისელ ბეტმენს გამოარჩევს, როგორც ქართული საბჭოთა შენობა-ნაგებობების განსაკუთრებულ ნიმუშს, როგორც საქართველოს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არქიტექტურული ეპოქის მონუმენტს.  

მაგრამ, დღეისათვის, უკვე უთავო მონუმენტს.   

2018 წლის მარტში, ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომელთა მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ საბჭოთა ბეტმენის პანო ნაწილობრივ განადგურებულია. პანოს თითქმის მესამედი, მათ შორის, კაცის ფიგურის თავი, აღარ არსებობს. 

„სამწუხაროა და, გარკვეულწილად, პარადოქსულია, რომ დღეს სწორედ ამ პერიოდის არქიტექტურის ნიმუშები განადგურების ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას“, - ამბობს ანა ჩორგოლაშვილი, საბჭოთა არქიტექურის მკვლევარი. იგი ასევე ავტორია წიგნისა „საბჭოთა არქიტექტურის გზამკვლევი თბილისში“.

არქიტექტორები, თბილისის ისტორიის და კულტურის მკვლევრები ამბობენ, რომ ქართული საბჭოთა არქიტექტურა დღეს გააზრებას და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ის, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენი ისტორიის ნაწილი, შეუფასებელი და დაუფასებელია. ხოლო რაც დრო გადის, ამ თემაზე საუბრის დაწყება გვიანდება. უფრო და უფრო ნადგურდება თანამედროვე თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არქიტექტურული ეპოქის ძეგლები. მათ განადგურებასთან ერთად კი, ქრება ისტორია, რომელსაც ვეღარასოდეს დავაბრუნებთ.

„მნიშვნელოვანია, რომ საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის საჭირობა არ განიხილებოდეს, როგორც საბჭოთა რეჟიმის სიმძიმის უგულვებელყოფის, თუ მისი გაიდიალების მცდელობა, - ამბობს ანა ჩორგოლაშვილი, - პირიქით: საბჭოთა პერიოდის არიქტექტურული ნაგებობები, თუ კომპლექსები, შეგვიძლია დავინახოთ, როგორც ამ უტოპიებით სავსე ეპოქის “ცოცხალი” არტეფაქტები, ინფორმაციის საცავები, რომელთა შექმნაშიც, ცნობილი დამამძიმებელი გარემოების მიუხედავად, დიდი შემოქმედებითი ენერგია იდებოდა”. 

„საბჭოთა ბეტმენი“, ვიდრე მას თბილისში თავს „აჭრიან“, თან ისე, რომ ბევრმა მისი არსებობის შესახებაც არ იცის, სხადასხვა ქვეყნის ტურისტებისთვის, მკვლევრებისთვის და უბრალოდ საბჭოთა მეხსიერებით დაინტერესებულთათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. 

ყოფილი ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმის არქიტექტურული კომპლექსი, თბილისის არქივი, ყოფილი გზათმშენებლობის სამინისტროს შენობა, ე.წ. თბილისის „სტოუნჰენჯი“ და სხვები -- ამავე პერიოდის სხვა მონუმენტებთან ერთად, ახლა უკვე უთავო ბეტმენი სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტშია შეტანილი, რის გამოც, შეიძლება, თბილისს მოგზაურთა ნაწილი სტუმრობისთვის ირჩევს. საქართველოს საბჭოთა შენობების ნაწილს, როგორც XX საუკუნის კულტურის საინტერესო ძეგლებს, მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში, გამოფენებსა და პუბლიკაციებში განიხილავენ. ისინი მთავარ ადგილს იკავებენ „ტაშენის“, ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამომცემლობის ნამუშევარშიც: „კოსმიური კომუნისტური კონსტრუქციები ფოტოებში“. თბილისის საბჭოთა ნაგებობებზე წერენ “ნიუ იორკ ტაიმზი”, „გარდიანი“ და სხვა ცნობილი ურბანული და სახელოვნებო ჟურნალები და გაზეთები.

ეს გამოცემები და მოგზაურები საუბრობენ არქიტექტურულ ძეგლებზე, რომელთა ბედი და მომავალი მათ სამშობლოში გაურკვეველია. 

სწორედ ასე - UNDETERMINED (გაურკვეველი) - ეწოდა პროექტს, რომელიც თბილისის ურბანულ კონტექსტში საბჭოთა არქიტეტურას, მისი როლისა და მნიშვნელობის განსაზღვრას მიეძღვნა. ინიციატივა 2017 წლის შემოდგომით დაიწყო და მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი თიბისი იყო. ამ თემაზე ჩატარდა საჯარო ლექციები, ვორქშოფები და დისკუსიები, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების და სტუდენტების მონაწილეობით. ეს შეხვედრები, საბჭოთა შენობების გაურკვეველ და ერთგვარად, ბრუტალურ მომავალზე მეცნიერული საურის ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო. მონაწილეები მჯელობდნენ, თუ როგორ შეიძლება ეს მემკვიდრეობა თბილისის ცხოვრების ორგანული ნაწილი გახდეს. და არ დარჩეს მიტოვებულ, ნახევრად დანგრეულ არტეფაქტებად იმის მოლოდინში, თუ როდის ჩანაცვლდებიან თანამედროვე კონსტრუქციებით.

თომას იბრაჰიმი, პროექტ UNDETERMINED-ის იდეის ავტორი: „ნებისმიერ წუთს შეიძლება დაანგრიონ შესანიშანვი სტალინისტური ან მოდერნისტული სტილის შენობა, რათა მათ ადგილას თანამედროვე, ხშირად გაუაზრებელი არქიტექტურული ნაგებობები დადგან, შენობები, რომლებიც ურბანული კონტექსტიდან ამოვარდნილნი არიან და ვერ ერგებიან თბილისის უნიკალურ ურბანულ და ბუნებრივ ლანდშაფტს. ჩვენი ინიციატივის მიზანია, გამორჩეული საბჭოთა შენობების მომავლის შესახებ საუბარი დავიწყოთ; შევინარჩუნოთ ქალაქის სული, რომელიც სწრაფად ტრანსფორმირდება და რომლის კულტურული მემკვიდრეობა უგულვებელყოფილია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი არ გავიგოთ ისე, თითქოს ის საბჭოთა პერიოდის ნოსტალგიაა. საბჭოთა ისტორია არ და ვერ უნდა ინგრეოდეს და არ უნდა ჩანაცვლდეს, რადგან ის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია“. 

არქიტექტორი ანა ჩორგოლაშვილი საბჭოთა არქიტექტურის ჩამოყალიბების შესახებ გვიყვება: ის სამ ეტაპად შეიძლება დავყოთ: 1. საბჭოთა ავანგარდი; 2. „ე.წ. სტალინური ამპირი”; 3. საბჭოთა მოდერნიზმი. სწორედ საბჭოთა მოდერნიზმის დროს, 50-იანი წლების მეორე ნახევარში, ახალგაზრდა ქართველ არქიტექტორებს შერბილებული იდეოლოგიური ცენზურის პირობებში, იდეების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ. შედგად, მასობრივი, სტანდარტიზებული საცხოვრებლების პარალელურად, ამ პერიოდში იწყება „სხვადასხვა ფუნქციისა და დანიშნულების მქონე საჯარო-საზოგადოებრივი არქიტექტურული კომპლექსებისა და ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა”. ჩორგოლაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ სფეროში მიეცათ არქიტექტორებს იშვიათი შესაძლებლობა „ინდივიდუალური, შემოქმედებითი ძიებებისა და ხედვის მატერიაში გადმოტანის, რამაც შედეგად საკმაოდ საინტერესო არქიტექტურული სურათი შექმნა”.  

რა არქიტექტურულ ღირებულებებს ატარებს თბილისის საბჭოთა პერიოდის შენობა-ნაგებობები?  

ანა ჩორგოლაშვილი: „თბილისის განვითარების ისტორია მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან 90-იანი წლების დასაწყისამდე საბჭოთა არქიტექტურის პარადიგმაში წარიმართა. ის არქიტექტურული მემკვიდრეობა, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა დაგვიტოვა დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ხარისხობრივად, თუ რაოდენობრივად, თბილისის არქიტექტურული თუ ურბანული პეიზაჟის ფორმირებაში. მნიშვნელოვანია, სწორად შევაფასოთ ის გარემოება, რომ მეოცე საუკუნის დიდი ნაწილის, ქართული არქიტექტურის განვითარების ისტორია საბჭოთა არქიტექტურის ისტორიის ნაწილია, რომლის შექმნაშიც, განსაკუთრებით 40-იანი წლების შემდეგ პერიოდში, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქართველი არქიტექტორები. ჩემთვის საინტერესოა საბჭოთა არქიტექტურის ღირებულების სწორედ ამ ლოკალურ, კონტექსტში დანახვა…

 „ამ მემკვიდრეობის დანგრევის, უგულვებელყოფის, დავიწყების ყოველი მცდელობა კიდევ ერთი ნაბიჯით გვაშორებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. მისი განადგურების ყოველი შემთხვევა გვართმევს შანსს, წავიკითხოთ, გავაანალიზოთ და გადავაფასოთ ის ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც დღემდე (მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მას მხოლოდ საუკუნის მეოთხედი გვაშორებს) ბინდით, მითებითა და გადმოცემებითაა მოცული“. 

ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი

მუსიკა: რეზო ღლონტი, Sun of Tibati

ვიდეო: თორნიკე შენგელია