კულტურა

არტისტის პროფილი | ლადო ლომიტაშვილი

ინსტაგრამის გვერდი GypsandConcrete არქიტექტურული დეტალების, გეომეტრიული ფიგურების, კონტრასტული ტექსტურების, ფაქტურების, პრინტებისა და სხვა ესთეტიური დეტალების ფოტოგრაფიის მინიგალერეაა. ამ გვერდის ესთეტიკა მრავალმხრივი და საინტერესოა. მის მიღმა მდგარი ახალგაზრდა არტისტი ერთდროულად არქიტექტორის, დიზაინერისა და სკულპტორის პროფესიებს ირგებს.

მაისი 30, 2018

Hello Blog

ინსტაგრამის გვერდი GypsandConcrete არქიტექტურული დეტალების, გეომეტრიული ფიგურების, კონტრასტული ტექსტურების, ფაქტურების, პრინტებისა და სხვა ესთეტიური დეტალების ფოტოგრაფიის მინიგალერეაა. ამ გვერდის ესთეტიკა მრავალმხრივი და საინტერესოა. მის მიღმა მდგარი ახალგაზრდა არტისტი ერთდროულად არქიტექტორის, დიზაინერისა და სკულპტორის პროფესიებს ირგებს.

გვერდის მრავალფეროვნების მიუხედავად, ის არტისტის ყოველდღიური ხედვის და ნამუშევრების მაინც ვიწრო მასშტაბს ასახავს, ამიტომ Buyers-ის ჯგუფმა მასთან ინტერვიუს ჩაწერა გადაწყვიტა.

– არ არსებობს, ყველაფერი ერთნაირად იქმნებოდეს.ყველა იდეა განსხვავებულ გზას გადის ნამუშევრის დასრულებამდე.ადგილი, სადაც ნამუშევარი უნდა გამოიფინოს გავლენას ახდენს ჩემს ნამუშევარზე.ზოგჯერ მაქვს ფორმა და სივრცე და ფერსა და ფაქტურას ვუძებნი, ზოგჯერ – პირიქით, თუმცა სივრცეში დეტალურად გარკვევის შემდეგ, ხშირად, თვითონ სივრცე მკარნახობს ფორმასა და მასალას.

ჩემი ნამუშევრების უმრავლესობა საქართველოში იქმნება, აქ ნაპოვნი მასალებითა და შესაძლებლობებით. აქამდე გამოფენები თანაბარი სიხშირით მქონდა, თუმცა წელს ძალიან აირია სტატისტიკა. არქიტექტურისა და დიზაინის პროექტებზე არაერთი შემოთავაზება მივიღე. არასდროს მქონია გაზაფხულზე შემოდგომის პროექტები გაწერილი, ზედმეტად დატვირთული წელიწადი მაქვს.


იმ პროექტებს შორის, რომლებზეც აქამდე მიმუშავია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერჯერობით ყაზახეთში განხორციელებული საჯარო სივრცის ნამუშევარია – “ქიმიური ელემენტისთვის განკუთვნილი ასო ან ასოები”. შვიდ მოედნად დაყოფილი 800 მ2 ზომის სივრცე ცხრა სკულპტურულ ნამუშევარს აერთიანებდა. ნამუშევრები ალმატიში, ერთთვიანი რეზიდენციის ფარგლებში შეიქმნა და უკავშირდებოდა დიაგრამებს – როგორც ფაქტებს, ორნამენტებს – როგორც კულტურას და სიმბოლოებს – როგორც ფუნდამენტს. ჩემთვის სასიამოვნო და ამავდროულად უცნაური იყო ამხელა სივრცის შემოთავაზება, ამხელა ნდობა, რადგან მაშინ ერთდროულად რამდენიმე სკულპტურაზე მუშაობის გამოცდილება არ მქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალ პროექტზე ვმუშაობ, ჩემს ნამუშევრებს სიდიდის გამო იშვიათად ვყიდი.რაც შეეხება ერთი ნამუშევრის მრავალჯერადად გაყიდვას, ვფიქრობ, ოცდასამი წლის ასაკში უკვე დუბლიკატების შექმნაზე რომ ვფიქრობდე, კარგად ვერ გაგრძელდებოდა ჩემი განვითარება. ფოტოებსაც კი თითო ეგზემპლარად ვბეჭდავ და მხოლოდ ერთადერთხელ ვყიდი.

ჩემი ახალი ინსტალაციის მთავარი სიმბოლოა ხელი, რომელიც მდინარიდან სუფთა წყალს იღებს, მაგრამ მისგან მხოლოდ ნალექი რჩება. სტუდიოში შემოსვლისთანავე პირდაპირ ეს ნამუშევარი გვხვდება. ეს ხაზს უსვამს ქვიშის მნიშვნელობას, რომელიც რეალურად ამოწურვადი მასალაა. ქვიშა ბეტონისა და მინის მთავარი კომპონენტია, რომელიც თანამედროვე ქალაქის მთავარი მახასიათებელია. ნამუშევრის ზედა ნაწილი ლურჯ ფერშია გადაწყვეტილი და ეს ადამიანის მიერ დამახინჯებული პეიზაჟის სიმბოლოა. მინა სპეციალურად არ გამოვიყენე, რადგან ალტერნატივაზე ფიქრი დავიწყოთ, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ გარემოდან. კედლის სკულპტურები პორტალებივითაა, რომლებიც ახალი ცოდნით გაბრუნებენ იმ რეალობაში, სადაც ცხოვრობ და უკვე ინტელექტის საფუძველზე იღებ გადაწყვეტილებებს. ეს წრეები სწორედ ის ნაწილებია, რომლებიც უნდა აღმოაჩინო და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინო.

სანამ ნამუშევარი საბოლოო სახეს მიიღებს მას წინ უძღვის ძალიან დამღლელი და შრომატევადი პროცესი, რომელში ჩადებული დრო და ენერგიაც ხშირად არასაკმარისად ფასდება. არ ვიცი, რამდენად გლობალურად შემიძლია ვისაუბრო ქართველი ხელოვანების ანაზღაურებაზე, მაგრამ ჩემი მეგობრების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ბევრს შრომობენ, თავად დადიან მასალების ბაზრობაზე და თავად პოულობენ სხვადასხვა ხელოსანსა თუ დამხმარეს, საბოლოო ჯამში კი ისე გამოდის, რომ ნამუშევარი თავგანწირვით, თუმცა ჰონორარის გარეშე იქმნება.


ზოგადად, ურთიერთპატივისცემა ქართველებს ძალიან დაბალი დოზით გვაქვს და ალბათ ყველა სოციალური პრობლემა აქედან მოდის. მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი ჩემს ნამუშევრებზე და სამწუხაროა, რომ არ გამოთქვამენ. იშვიათად თუ ვინმე რამეს დაწერს. საერთოდ არ ხდება განხილვა იმის, თუ რა იქმნება, რა მოეწონათ ან არ მოეწონათ. საბედნიეროდ მყავს მეგობრები, რომლებთანაც ღიად შემიძლია საუბარი ყველანაირ კულტურულ აქტივობაზე და არა მარტო. ვფიქრობ, რომ კითხვები და საუბარი ყველაზე მნიშვნელოვანია სამომავლოდ ერთი ნაბიჯი წინ რომ გადაიდგას.

ავტორი: ნუცა ჩუბინიძე

ფოტო: გიორგი ყოლბაია