მუსიკა | ცა

Tbilisi Open Air, დღე I

Tbilisi Open Air 2017 დაიწყო და პირველივე დღიდანვე გასაგებია, რომ ლისის “საოცრებათა ქვეყანაში”, რაღაც უფრო მეტი ხდება ვიდრე ფესტივალი - იბადება ერთგვარი ცხოვრების სტილი, რომელიც თავისუფლებას მეხამრიდივით იზიდავს, ესთეტური სიამოვნება ჯერდება ეკლექტურ შთაგონებასთან და უკლებლივ ყველა შინაურდება! წლების მანძილზე ნაწრთობ-ნავარჯიშები თეორია კი, რომ “მუსიკა ათავისუფლებს” უკვე, გაათმაგებული თვალსაჩინოებით აქსიომად იქცევა.

ივნისი 17, 2017

Hello Blog

Tbilisi Open Air 2017 დაიწყო და პირველივე დღიდანვე გასაგებია, რომ ლისის “საოცრებათა ქვეყანაში”, რაღაც უფრო მეტი ხდება ვიდრე ფესტივალი - იბადება ერთგვარი ცხოვრების სტილი, რომელიც თავისუფლებას მეხამრიდივით იზიდავს, ესთეტური სიამოვნება ჯერდება ეკლექტურ შთაგონებასთან და უკლებლივ ყველა შინაურდება! წლების მანძილზე ნაწრთობ-ნავარჯიშები თეორია კი, რომ “მუსიკა ათავისუფლებს” უკვე, გაათმაგებული თვალსაჩინოებით აქსიომად იქცევა.

    

ტერიტორიაზე სამი სცენაა - Main Stage, Golden Stage და Zion. გარშემო რეკორდული რაოდენობის თავშესაქცევია, დიდებისთვის და პატარებისთვისაც. ამინდის სიცელქე, ხან მზე, ხან ქარი და ხან წვიმა, კიდევ უფრო აფერადებს აქაურობას და რატომღაც თავისებურ რომანტიკასაც მატებს. 

19:00-თვის, ფესტივალის ტერიტორიაზე უკვე ათასობით გული ფეთქავდა, როცა მთავარი სცენის საკონცერტო პროგრამა ქართული როკის “დაგდაგანმა” გახსნა.

ბიჭებმა იმდენი მოახერხეს მოკლე დროში, რომ მძიმე როკს არამარტო “ზედმიწევნით გულახდილი” ქართული ასწავლეს, არამედ საოცრად მოუხდინეს კიდეც. მსმენელთა რიგებში უამრავი უცხოელი სტუმარი გვყავდა და ერთ-ერთ მათგანმა, სავარაუდოდ ირანიდან ჩამოსულმა, “დაგდაგანი”-ს სიტყვები ზეპირად იცოდა! (ინფორმაციისთვის, მადლობა ჩვენს მეგობარ დაჩის). 

როკი, უფრო მძიმე ჟანრმა - Psychonaut 4-ის Suicidal Black Metal-მა შეცვალა და პირადად ჩემთვის, ისინი ამ დღის აღმოჩენად იქცნენ ხმით, ანტურაჟით, თამამი გამოსვლით, ეპატაჟური დრამატულობით და სოლისტის არაამქვეყნიურობით. დავინტერესდი კიდეც, რა ემართებათ მსგავს შემსრულებლებს უწყვეტი “headbang”-ისა და ხმის იოგების ასეთი დაძაბვის შემდეგ. “headbang”-ს არაუშავსო, აი, ხმის იოგები კი რეაბილიტაციისთვის ორ-სამ დღეს მაინც ითხოვენ თურმე, როგორც შემდეგ Graf-ად წოდებულმა ჯგუფის სოლისტმა გამანდო.

კულისებში ვრცელი, უზომოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მუსიკის სფეროში მოღვაწეები არამარტო ნიჭიერები, არამედ განსაკუთრებულად მოაზროვნეებიც არიან.

ვრცელ ინტერვიუს ცალკე ამბად შემოგთავაზებთ. ჯერჯერობით კი, იმას გეტყვით, რომ ჯგუფი საზღვარგარეთ უფრო აღიარებულია, ვიდრე ჩვენთან, თუმცა ფესტივალის შემდეგ ადგილობრივ გულშემატკივართა რაოდენობაც ბევრად გაიზრდება. წარმატებით მიიწევენ წინ და უახლოეს მომავალში დიდ ტურნეს გეგმავენ მექსიკასა და სამხრეთ ამერიკაში. 

ამასობაში, მთავარი სცენა Backwarmer-მა დაიკავა. ბიჭები 2015 წლის Newcomers-დან გავიცანით. იმ წელს, პირველად გამოვიდნენ ფესტივალზეც და იმ წლიდანვე დაიწყო მათი აღზევებაც ადგილობრივი როკის სცენაზე. თავიდანვე უზადო შემსრულებლები, ამ დროის მანძილზე, კიდევ უფრო დაიხვეწნენ - შესრულების მანერით, თუ შემოქმედებითად და ახალი ალბომით - SEVEN განვითარების ახალ საფეხურზე გადაინაცვლეს. 

“ Tbilisi Open Air-ს ყოველ წელს ველით. ნებისმიერი მუსიკოსისთვის ფანტასტიკური პლატფორმაა ეს ფესტივალი - Backwarmer-ისთვის, განსაკუთრებულად. შარშანდელი გაუგებრობის შემდეგ, წელს ორმაგი მოლოდინი გვქონდა. ორგანიზატორებმა ამ მოლოდინს გადააჭარბეს და უკვე სულ სხვა ხარისხის ფესტივალზე დავუკარით. ეს იყო ძალიან დიდი სიამოვნება - სცენა, ხმა, განათება, პერსონალი, აუდიტორია, გარემო - ყველაფერი გაცილებით კარგი იყო, ვიდრე გვინდოდა, რომ ყოფილიყო. 3 დღის წინ გამოვუშვით ჩვენი მეორე ალბომი SEVEN, შესაბამისად, გვინდოდა, სწორედ ოფენ ეარზე შეგვესრულებინა რამდენიმე ახალი სიმღერა პირველად. ძალიან კარგია, რომ ამდენი ადგილობრივი ჯგუფი უკრავს წელს ლისზე. სწორი მიმართულებაა!” - Backwarmer. 

პარალელურად, Golden Stage-ზე ნინო ქათამაძე, სცენის წინ შეკრებილ საოცრად ჩართულ და მრავალრიცხოვან მსმენელს დიდ სიყვარულს ასწავლიდა.

აქაური, თუ იქაური იმდენად ეშხიანად მომართა, თუნდაც მუსიკალურად, რომ Open Air-ის სულისკვეთება საბოლოოდ ყველამ ერთხმად გაითავისა.

კულისების ბარიერთან შეკრებილ თაყვანისმცემლებს, ნინო კიდევ დიდ ხანს ესაუბრებოდა.

იშვიათად მინახავს მსგავსი უპირობო სითბოსა და მადლიერების გაზიარების აქტი, იმდენად დამმუხტავი, რომ ამ დრომდე, ღიმილად დამყვება... 

საღამოს 9-ს გადასცდა, როცა როკითა და მეტალით გავარვარებულ მთავარ სცენაზე ყვავილებით მოკაზმული მიკროფონი დაიდგა და სპარსეთის ზღაპრებიდან მონაბერმა ქარმა დაგვიარა. 5-წუთიანი პრელუდიის შემდეგ, როცა მუსიკოსები მისი საოცარი ხმის ჩანაწერის ფონზე უკრავდნენ, გამოჩნდა თავად სევდა ალიზადე - SEVDALIZA.

ძველ თუ ახალ სიმღერებთან ერთად, მთელი გამოსვლის მანძილზე მოახერხა და შეინარჩუნა ის ზღაპრულ-მითიური განწყობა, გამოჩენის პირველივე წამებში რომ შექმნა. ხმას, მოძრაობას, პლასტიკას, მელოდიას, მუსიკას... ყველაფერს ერთად თითოეული მსმენელი, თითქოს, განმარტოებულ სივრცეში გადაჰყავდა და პირისპირ აყენებდა საკუთარ ფანტაზიებთან.

შემდეგ კიდევ ერთი საოცრების მომსწრე გავხდით - სევდას, აქ, ლისის საოცრებათა ქვეყანაში საკუთარი სამშობლოც დახვდა. “მე თეირანში დავიბადე და დღე არ გადის ისე, რომ არ მენატრებოდესო”- თქვა და იქ შეკრებილ ირანელებს სპარსულადაც გამოელაპარაკა. მოგვიანებით კი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა:  

“I'm still shaking. I was invited to play for beautiful Georgia, here on stage I find out thousands of my dear fellow Iranians traveled from Iran all the way for us. I am incredibly humbled by you all. And until we meet again. Love.”

ხალხის რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია. მართლაც ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი გვყვავს წელს, სევდას გამოსვლამ კი გვანახა, რომ უმეტესი მათგანი ირანიდანაა. ეს მოვლენა, შემდეგი “ჰედლაინერი”-სთვისაც აღმოჩენა იყო. 

23:00-თვის, სცენა Anathema -ს გადაეცა. მელოდიური მძიმე მუსიკის პიონერები მრავალი წელია, დიდი ბრიტანეთის როკ-მეტალ მიმდინარეობის წამყვან რიგებში დგანან და ამ დროის მანძილზე არამარტო გრძნობების ჟღერადობაში გადმოთარგმნა დაამხეცეს, არამედ ამ გრძნობების სხვებში აღძვრაც.      

მსმენელმა იმდენად მონუსხა ჯგუფი, რომ მათ გადაწყვიტეს პროგრამის შეცვლა და დამატებით კიდევ სამი სიმღერის შესრულება, რასაც კიდევ უფრო გაცხარებული აპლოდისმენტები მოჰყვა. “საოცრები ხართ! გვეგონა, ალტერნატიული მუსიკის ფესტივალზე ჩამოვდიოდით, თურმე მძიმე მეტალიც გვყვარებიათო!” - Vincent Cavanagh. 

ჰო, სიმღერებს შორის ჯგუფის წევრები ბევრს გვესაუბრებოდნენ. გვესაუბრებოდნენ სირიაზე, მათ სურვილზე, რომ ოდესღაც სირიასა და ირანშიც დაუკრან, რომ მუსიკა სწორედ ის მედიუმია, რომელსაც ურთიერთგაგება, თავისუფლება და სიყვარული მოაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა მთელი მსოფლიოს გადალახვად ღირდა და რომ აუცილებლად, აუცილებლად დაბრუნდებიან (თუ კიდევ დაგვიძახებთო)!

“ Tbilisi this memory will stay with us for a long time. Thank you. See you next time!”

ღამის ორი საათისთვის, სასიამოვნოდ დაქანცულები ვბრუნდებოდით გასასვლელისკენ და ცოტა ხნით Zion-ისკენაც შევიარეთ. აქ სულ სხვა, ელექტრონული ამბავი ტრიალებდა, რომელიც მზის ამოსვლამდე გაგრძელდებოდა...

ამოდი დღეს, შეისუნთქე აქაური ჰაერი, საკუთარი სხეული ემოციის გამტარად აქციე, გაოცდი, ცეკვით დაიქანცე და საკუთარ საოცრებებსაც უავტორე... მანამდე კი მოგიყვები, ლისის “საოცრებათა ქვეყნის” ერთ/მესამედ ისტორიას - ანუ ფესტივალის პირველი დღის ამბებს. 

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - გიორგი ინდუაშვილი