მუსიკა | ცა

4GB 2018 - დღე IV

2 ვიქენდი და 4 საფესტივალო დღე - წლევანდელმა 4GB-მ თავისი ისტორიის კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი დაწერა. ყველა სხვა ღონისძიებისგან განსხვავებით, ორგანიზატორებმა ამჯერად ყველაზე მეტად გარისკეს.

მაისი 28, 2018

Hello Blog

2 ვიქენდი და 4 საფესტივალო დღე - წლევანდელმა 4GB-მ თავისი ისტორიის კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი დაწერა. ყველა სხვა ღონისძიებისგან განსხვავებით, ორგანიზატორებმა ამჯერად ყველაზე მეტად გარისკეს.

თავის დროზე დახურული ღონისძიებით დაწყებული ფესტივალის კარი უკვე ძალიან ფართოდ გაიღო - როგორც მსმენელისთვის, ასევე სხვდასხვა მუსიკალური მიმართულებებისთვის. 

სამი საფესტივალო დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მუსიკალური აქტები, კონცეპტუალური მუსიკალური პერფორმანსები და მარათონული დიჯეი სეტები.

ფაქტია, რომ მსმენელს მრავალფეროვანი მუსიკალური შთაბეჭდილებების მიღების შანსი მიეცა.

რაც შეეხება მეოთხე და დასკვნით დღეს, მისი სიმბოლური დატვირთვა ძალიან დიდი იყო. ის რაც 4GB-სთვის არასდროს იცვლება, დახურვის ღონისძიების სპეციფიკა და უცვლელი ჰედლაინერი Michael Mayer არის.  თუმცა, რა საკვირველია, დასკვნითი დღის ერთადერთი ღირსშესანიშნაობა მაიერის სეტი არ ყოფილა.

როგორც კი შაბათის დილით მთავარმა სცენამ ფუნქციონირება შეწყვიტა, საქმეში ჰეინეკენის სცენაზე NDRX და გიორგი ყანჩელის B2B სეტის დრო დადგა. სცენის ვეტერანებისთვის და კლუბ ბასიანის რეზიდენტებისთვის ერთად დაკვრის გამოცდილება ნამდვილად აქვთ, თუმცა ამ სივრცეში დილის 11 საათიდან მათი მოსმენა მაინც განსხვავებული განცდა იყო.

ასევე საინტერესო იყო იკა ბერძენიშვილის დიჯეი სეტი. ის თბილისში არც თუ ისე ხშირად უკრავს, ამიტომ მსმენელს მისი 2 საათიანი სეტი მოსმენის შესაძლებლობა ჰეინეკენის სცენაზე მიეცა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებენ დღის ღონისძიების ნამდვილი გმირები: Toke და Sevda.

თოკე ნიკოლაიშვილი ქართველი პროდუსერი და ლაივ არტისტია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ლაივ ფორმატში თამამად გვიზიარებს საკუთარ მუსიკას.

ისინი, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა მისი კარიერისთვის თვალი ედევნებინა, გუშინაც აშკარად შეამჩნევდნენ თუ რამდენად პროგრესული და პროდუქტიული არტისტია ის.

Toke-ს ლაივი პირველ რიგში იყო სტილის ჩვენება, სტილის, რომელიც ამ არტისტს ნამდვილად აქვს. ერთის მხრივ მუსიკა და მეორეს მხრივ მისი გადმოცემის ფორმა იმდენად დახვეწილი იყო, რომ სავარაუდოდ მისადმი მოლოდინები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რაც შეეხება ლადუკა ნინუას, რომელიც 4GB-ზე არტისტული ფსევდონიმით Sevda წარსდგა, ყველასთვის ცნობილია, რომ ის ძალიან გამოცდილი მუსიკოსია, რომელსაც დიდი ხანია დასამტკიცებელი არაფერი აქვს. ამის მიუხედავად ის ყოველ ჯერზე საოცრად მოტივირებულია და მისი ამ პროექტით კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მუსიკას საზღვრები არ უნდა დავუწესოთ. მუსიკა და ის პერფორმანსის ტექნიკა, რომელიც ლადუკამ ფესტივალის მსმენელს წარუდგინა, სავარაუდოდ წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთ საკვანძო მომენტად დარჩება. 

Sevda-ს ლაივს ჯონათან კასპარის და Superpitcher-ის დიჯეი სეტები მოჰყვა, რომელიც შუაღამემდე გაგრძელდა. 

მიუხედავად იმისა, რომ 00:00-დან მთავარ სცენაზე Tobias Thomas. უკრავდა, მსმენლის გარკვეულმა ნაწილმა მაინც ჰეინეკენის სცენაზე ყოფნა და Superpitcher-ის მოსმენა ამჯობინა. გერმანელი მუსიკოსი უჩვეულოდ აუჩქარებლად და მშვიდად უკრავდა, არ ერიდებოდა ერთი და იგივე მუსიკალური პასაჟების ხანგძლივად გამოყენებას და არც მხოლოდ ცალსახად საცეკვაო მუსიკას უკრავდა.

მისგან განსხვავებულად მოქმედებდა Tobias., რომელმაც Michael Mayer-თან ერთად მთავარი საუკეთესო დიჯეი სეტი შემოგვთავაზა.

არტისტი ძირითადად ჰაუს და ტექნო მიმართულების მუსიკის ფარგლებში რჩებოდა, თუმცა საკმაოდ ოსტატურად გვაჩვენებდა თუ რამდენად დიდია ეს სივრცე და მასში რამდენად განსხვავებული ვარიაციები შეიძლება არსებობდეს. 02:00 საათიდან ფრანგი შემსრულებლის, Fantastic Twins-ის ლაივის დრო დადგა.

ის მიკროფონის დახმარებით ცდილობდა უფრო ექსპრესიული და კომუნიკაბელური ყოფილიყო, რაც ლაივ პერფორმანსს უფრო ინტერაქციულს და საინტერესოს ხდიდა.

ბევრად უფრო ერთპიროვნული იყო Anii, რომელიც ღიად ცდილობდა მსმენელისთვის დინამიური და ძალიან ენერგიული მუსიკალური თავგადასავალი ეჩუქებინა. თუმცა ამ დროისთვის უკვე აშკარად ხდებოდა, 4GB-ის სტუმრები ფესტივალის დასკვნითი ნაწილისთვის ემზადებოდნენ.

Reinhard Voigt მაიერის მსგავსად 4GB-ისთვის საკვანძო არტისტია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ის უკვე რამდენიმე წელია ამ ფესტივალზე ზედიზედ უკრავს.

ერთ საათიანი ლაივის განმავლობაში ვოიტმა მსმენელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნა და თავისი დისკოგრაფიის თითქმის ყველა საინტერესო კომპოზიცია გააცნო. საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად დროის მონაკვეთისა, ხალხის ნაკადი არ წყდებოდა - აშკარა იყო ყველას უნდოდა ფესტივალის საბოლოო ეტაპის მონაწილე გამხდარიყო.

შემდეგ კი Michael Mayer-ის დრო დადგა.

შარშანდელი უპრეცენდეტოდ ხანგძლივი სეტის შემდეგ ძნელი იყო მისგან რაიმე გაგვკვირვებოდა.

პრინციპში მსმენელი მისგან ამას არც ითხოვდა.

ყველას საოცარი ერთსულოვნება ეტყობოდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ 4GB-ის მთავარი გმირი გიო ბაქანიძესთან ერთად ჯერ კიდევ მაიერია და როდესაც ის სცენაზე უკრავს ყველა გრძობს, რო ამ ფესტივალს რაღაც მუდმივა აქვს.

რაღაც ისეთი, რაც წლიდან წლამდე არ იცვლება და ხიბლს არ კარგავს. ეს განცდა მაიერმა როგორც მთავარ სცენაზე, ასევე ჰეინეკეის სცენაზეც შექმნა და მსმენელს არცერთი კითხვის ნიშანი არ დაუტოვა. რამდენიმე საათიანი ეკლექტური სეტის შემდეგ 4GB და კიოლნელი არტისტი ერთად დაგვემშვიდობნენ. მომავალ წლამდე. 

ავტორი: სოფი წერეთელი

ფოტო: თორნიკე შენგელია