კულტურა

9 სტროფი დამოუკიდებლობაზე

26 მაისს საქართველო უმნიშვნელოვანეს დღეს აღნიშნავს - დამოუკიდებლობის 100 წელს, სწორედ ასი წლის წინ, ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა და რუსეთის იმპერიისგან თავი დაიხსნა, დამოუკიდებელი არსებობა დაიწყო და ქართული სახელწიფო შექმნა. სამწუხაროდ, პირველი რესპუბლიკის არსებობა დიდხანს ვერ გაგრძელდა, წითელმა ტერორმა ქართული იმედები 1921 წელს ჩამოამსხვრია. თუმცა, 1918 წლის მოვლენა ჩვენთვის უმნიშვნლოვანესი მაგალითია, შეხსენება იმისა, რომ თანმიდევრული მუშაობით, სამშობლოს სიყვარულით, თავგანწირვითა და შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

მაისი 26, 2018

Hello Blog

26 მაისს საქართველო უმნიშვნელოვანეს დღეს აღნიშნავს - დამოუკიდებლობის 100 წელს, სწორედ ასი წლის წინ, ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა და რუსეთის იმპერიისგან თავი დაიხსნა, დამოუკიდებელი არსებობა დაიწყო და ქართული სახელწიფო შექმნა. სამწუხაროდ, პირველი რესპუბლიკის არსებობა დიდხანს ვერ გაგრძელდა, წითელმა ტერორმა ქართული იმედები 1921 წელს ჩამოამსხვრია. თუმცა, 1918 წლის მოვლენა ჩვენთვის უმნიშვნლოვანესი მაგალითია, შეხსენება იმისა, რომ თანმიდევრული მუშაობით, სამშობლოს სიყვარულით, თავგანწირვითა და შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

თავისუფლების თემა ქართული ლიტერატურის და, განსაკუთრებით, პოეზიისთვის ყოველთვის აქტუალური იყო, თავისუფლება - მხოლოდ თემა კი არა, ერთგვარი მეტაფორაცაა, შინაგანი თავისუფლებიდან ქვეყნის თავისუფლებამდე მანძილი მრავალი პოეტური სტრიქონითაა მონიშნული.

გთავაზობთ, რამდენიმე პოეტურ სტროფს, რომელიც ამ მნიშვნელოვან საკითხზე კიდევ ერთხელ გვაფიქრებს:

1. ნაწყვეტი პოემიდან „ბედი ქართლისა“

უწინმც დღე კი დამელევა მე!

უცხოობაში რაა სიამე,

სადაცა ვერ ვის იკარებს სული

და არს უთვისო, დაობლებული?

რა ხელს ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,

გალიაშია დატყვევებული?

და ველად იგი, ამხანაგთ შორის,

ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის!

ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,

თუ მოაკლდება თავისუფლება?

ნიკოლოზ ბარათაშვილი

2. ნაწყვეტი პოემიდან „აჩრდილი“

თავისუფლების მშვენიერის სხივთ მხურვალება

როდის დაადნობს დაჟანგებულს დიდ ხნის ბორკილსა

და ქართველობა სიქადულად როდის ექნება

ქვეყნის წინაშე ყოველ ქართვლის ერთგულსა შვილსა?

ილია ჭავჭავაძე

3. „დამეხსენი ჩრდილოელო“

დამეხსენი, ჩრდილოელო!

რა მაქვს შენთან საზიარო?

ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,

რომ მფლობელად აღგიარო!

აკაკი წერეთელი

4. „არწივი“

არწივი ვნახე დაჭრილი,

ყვავ-ყორნებს ეომებოდა,

ეწადა ბეჩავს ადგომა,

მაგრამ ვეღარა დგებოდა,

ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,

გულისპირს სისხლი სცხებოდა.

ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,

ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,

თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს

გაშლილს, გაფანტულს ველადა!

ვაჟა-ფშაველა

5. “დროშები ჩქარა!”

გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...

დროშები ჩქარა!

თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,

ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...

დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,

ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.

მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...

დროშები ჩქარა!

გალაკტიონ ტაბიძე

6. „ჩემს ვაჟს“

შენც მიდიხარ იქ, საითკენ ქართველები იჩქარიან,

გული სევდით მეკუმშება და თან... და თან მიხარიან!

მართალი ხარ: საქართველო გაჭირვების წუთს განიცდის,

ამგვარ წუთში წმინდა გრძნობა, წრფელი გრძნობა აღარ იცდის....

ოტე მაყაშვილი 

7. “სამშობლოს”

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,

უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.

მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,

მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ტერენტი გრანელი

8. ჩაკრულო

მრავალგზის ჩაგრულო,

სულო ვერჩაკლულო -

"ჩაკრულო"!

ვახუშტი კოტეტიშვილი

9. „ადამიანი გაზეთის სვეტში“

ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია,

ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს,

არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონება,

და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც.

ოთარ ჭილაძე

ავტორი: დიანა ანფიმიადი