კულტურა

ქართული დღიური: რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017

19 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმისფესტივალის ფარგლებში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას “MAGNUM Photo 70 - ქართული დღიური: რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017”. გამოფენის ოფიციალური წარმდგენია თიბისი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, და Magnum Photos.

მაისი 17, 2018

Hello Blog

19 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმისფესტივალის ფარგლებში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას “MAGNUM Photo 70 - ქართული დღიური: რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017”. გამოფენის ოფიციალური წარმდგენია თიბისი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, და Magnum Photos.

კაპა და დვორჟაკი - 2018 წლის გამოფენა

70 წლის წინ, ცნობილმა ფოტოგრაფმა რობერტ კაპამ საბჭოთა კავშირში მოგზაურობისა და “საბჭოთა ადამიანის” ცხოვრების ამსახველი 500-მდე ფოტო შექმნა. 1947 წელს მან მწერალ ჯონ სტეინბეკთან ერთად “რკინის ფარდის” მიღმა - საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოშიც, იმოგზაურა და უნიკალური ფოტონამუშევრები შექმნა. აქედან, საქართველოში გადაღებული 75 ორიგინალი თიბისის კოლექციაშია დაცული.

თიბისის მხარდაჭერით, ეროვნულმა მუზეუმმა, უნიკალური ფოტოების რესტავრაციასა და კონსერვაციას “ფოტოსა და ქაღალდის მასალის რესტავრაციის ლაბორატორია” დაუთმო. სარესტავრაციო სამუშაოებს ფრიდონ ლობჯანიძემ უხელმძღვანელა. 

რესტავრაციის შემდეგ, ნამუშევრების ძირითადი ნაწილი სპეციალურ საარქივო მასალაში განთავსდება. ხოლო მანამდე, 19 მაისს, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი რობერტ კაპას ახლად რესტავრირებულ კოლექციას წარმოადგენს. რობერტ კაპას ფოტოების გარდა, 70 წლიანი სხვაობის უკეთ აღსაქმელად, ერთ სივრცეში იხილავთ Magnum Photos დღევანდელი პრეზიდენტის, თომას დვორჟაკის ფოტო-ნამუშევრებს და ჯონ სტეინბეკისა და ჯულიუს შტრაუსის ტექსტების ნაწყვეტები საქართველოს შესახებ.

Robert Capa

“რობერტ კაპა დაიბადა პარიზში, 22 წლის ასაკში” - ასე ამბობდა თავის თავზე ლეგენდარული უნგრელი ფოტოგრაფი - ანდრე ერნო ფრიდმანი. ფოტოჟურნალისტიკამ, 30-40-იანი წლების მსოფლიოს ტურბულენტობაში არაერთხელ მოახვედრა, რის შედეგადაც არაერთი უნიკალური კადრი დაუტოვა კაცობრიობის ისტორიას. 1943 წელს, ალჟირში, გაიცნო ჯონ სტეინბეკი. 4 წლის შემდეგ, სწორედ მასთან ერთად, ცხელ წერტილებში მუშაობაზე არანაკლებ გაბედული ნაბიჯი გადადგა და “რკინის ფარდის” მიღმა - საბჭოთა კავშირში გაემგზავრა.

რობერტ კაპა გერდა ტაროს ობიექტივში

კაპა - “ფრაზების - ‘რკინის ფარდა’, ‘ცივი ომი’, ‘პრევენციული ომი’ ფონზე, სრულიად უხილავი გახდნენ ადამიანები, გაუჩინარდა იდეა, იუმორი. გადავწყვიტეთ ძველმოდური, დონ კიხოტისა და სანჩო პანსას მსგავსი მოგზაურობა წამოგვეწყო, შეგვეღწია ‘რკინის ფარდის’ უკან და დღევანდელობის ქარის წისქვილებს ობიექტივითა და კალმებით შევბრძოლებოდით”. 

იმავე წელს, რობერტ კაპამ, მეგობარ ფოტოჟურნალისტებთან ერთად (ანრი-კარტიე ბრესონი, დევიდ სეიმური და უილიამ ვანდევერტმა), ერთ-ერთი მეგობრული ვახშამი ფოტოგრაფთა სააგენტოს შექმნით დაასრულა. ვახშამზე შესმული შამპანურის დიდი ბოთლის, “მაგნუმის” პატივსაცემად, სააგენტოსაც “მაგნუმი” უწოდეს. დღეს, “Magnum Photos” მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ფოტო სააგენტოდ ითვლება. 

John Ernst Steinbeck 

ჯონ სტეინბეკი - ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1962). კაპასთან შეხვედრის დროს, ის უკვე კარგად იყო ცნობილი. 1939 წ. მიიღო პულიცერის პრემია რომანისტვის - “რისხვის მტევნები”, რომელმაც, როგორც მუშათა კლასის მხარდამჭერმა ნაწარმოებმა, საბჭოთა კავშირში მოგზაურობისთვის საშვის როლიც შეასრულა. რა თქმა უნდა, სსრკ-ს “გუშაგებმა” სტეინბეკის შემოქმედებაც და პიროვნებაც ძირფესვიანად შეისწავლეს, დეტალურად დაუგეგმეს მთელი მარშრუტი და მხოლოდ ამის შემდეგ გაუხსნეს “რკინის ფარდა”. 

ჯონ სტეინბეკი

მიუხედავად იმისა, რომ მწერლისა და ფოტოგრაფის ყოველი ნაბიჯი კონტროლდებოდა, მაინც მოახერხეს რეალისტური სურათის დაფიქსირება, ისე, რომ სტეინბეკს სიტყვაც არ უხსენებია სტალინურ რეპრესიებზე. უკვე 1948 წელს, მოგზაურობა მოსკოვში, სტალინგრადში, უკრაინასა და საქართველოში წიგნად გამოიცა, “რუსული დღიურის” სახელით. 

ამონარიდი დღიურიდან: “ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით - რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში - გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა ‘საქართველო’... კავკასიის ამ ქვეყანას, შავი ზღვის პირას რომ მდებარეობს, ისინი მოიხსენიებდნენ, როგორც მეორე სამოთხეს. უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს - თუკი მთელი ცხოვრება პატიოსნად და ზნეობრივად ვიცხოვრებთ, სიკვდილის შემდეგ, სამოთხეში კი არ ამოვყოფთ თავს, არამედ საქართველოშიო.”“საქართველოში მოგზაურობისას ჩვენ ვრწმუნდებოდით, რომ რუსები არ ტყუოდნენ… ეს ქვეყანა მართლაც მიწიერი სამოთხე იყო”

70 წლის შემდეგ

2017 წელს, დაარსების 70 წლის იუბილის აღსანიშნავად, Magnum Photos სააგენტომ გადაწყვიტა იმ თემების თანამედროვე ინტერპრეტაციების მომზადება, რომლებზეც მისი წევრი ფოტოგრაფები მუშაობდნენ. ასე დაიბადა პროექტი “რუსული დღიურის კვალდაკვალ”, რომლის ფარგლებშიც სტეინბეკისა და კაპას მარშრუტი უკვე თანამედროვე ფოტოგრაფმა - თომას დვორჟაკმა და მწერალმა - ჯულიუს შტრაუსმა გაიარა. ამავე წლის სექტემბერში, პროექტი პირველად წარმოადგინა თიბისი არტ გალერეამ თბილისიში, ხოლო ნოემბერ-დეკემბერში, გამოფენას ლონდონმა და ნიუ იორკმაც უმასპინძლა. 

Thomas Dworzak

წარმოშობით გერმანელი ფოტოგრაფი და Magnum Photos დღევანდელი პრეზიდენტი - თომას დვორჟაკი საქართველოს ფაქტიურად მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. აქ, სულ ცოტა ხნით აპირებდა დარჩენას, თუმმცა დღეები წლებად გადაექცა და ისიც, 1993-დან 1998 წლამდე, ლამის ერთადერთი უცხოელი იყო თბილისში. კავკასიის ყველა ცხელ წერტილში იმუშავა და 2010 წელს, ჩეჩნეთის, ყარაბახისა და აფხაზეთის ამბები, ტოლსტოის ტექსტებით გაფორმებული, ერთ წიგნად შეკრა. “თბილისი ჩემთვის ყველაზე მეტად ჰგავს სახლს. აქ, ყველაზე დიდი ხნით გავჩერდი. ახლაც, ყოველ წელს ვბრუნდები. რაღაცნაირად, საქართველოს ვუმადლი ყველაფერს, რასაც აქამდე მივაღწიე, რაც გამაჩნია. პენსიაზე გასვლის შემდეგ, ალბათ აქ დავფუძნდები.” ამ საუბრის დროს, რომელიც თომასთან გასული წლის ზაფხულში შედგა, ისიც გაირკვა, რომ სანამ “მაგნუმის” ოფიციალური წევრი გახდებოდა (2004წ.), მეგობრებთან დანინძლავდა, რომ თუ სააგენტო მიიღებდა, 69 წლამდე არც ერთ ღერს აღარ მოწევდა! ის უკვე მეთოთხმეტე წელია აღარ ეწევა და მესამე წელია, ამ სააგენტოს ხელმძღვანელობს. თავიდან, “რუსული დღიურის კვალდაკვალ” პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა, იმიტომ რომ კაპასგან განსხვავებით, ის კავკასიას ადგილობრივებზე უკეთ იცნობს. თუმცა, მეგობარ ჟურნალისტთან ერთად თავგადასავლისა და საინტერესო მასალის შექმნის პერსპექტივას მაინც დათანხმდა. მათი მოგზაურობაც 2 თვემდე გაგრძელდა. მარშრუტი თითქმის იგივე იყო, მხოლოდ სტალინგრადი ყირიმით ჩაანაცვლეს.

ფოტო - სარა შაცი

“გვინდოდა, თანამედროვე, აქტუალური პროცესები აგვესახა და მექანიკურად არ მივყოლოდით ძველ კვალს. კაპას ფოტოების ასლის გადაღება არც მიფიქრია, თუმცა ათეული წლების წინ განხორციელებული იდეის გაცოცხლება უფრო საინტერესოდ მეჩვენება”. 

Julius Strauss

ჯულიუს შტრაუსი ბრიტანელი ჟურნალისტი და თომას დვორჟაკის დიდი ხნის მეგობარია. 2002-2005 წლებში, ის Daily Telegraph -ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღავნელობდა. წლების მანძილზე, კონფლიქტის ზონებში მოგზაურობის, ომის საშინელებების აღწერა-გაშუქებისა და საბოლოო ჯამში, ფიზიკური ზიანის შემდეგ, დატოვა სამსახური და ოჯახთან ერთად კანადის მთებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც წერის პარალელურად, გრიზლი დათვების ფერმას უვლის. 

ამონარიდები ჟურნალ ინდიგოსთან მიცემული ინტერვიუდან: “ რასაც სტაინბეკი ქართველებზე წერს, ჩემთვისაც ასეა. ღამის პირველ საათზე ჩამოვფრინდით თბილისში, 2 საათის შემდეგ კი უკვე რესტორანში ვისხედით და ვსვამდით აქაურ მეგობრებთან ერთად. ჩემი ქალიშვილი იყო აქ რამდენიმე თვის წინ. 25 წლისაა, ბერლინში ცხოვრობს და მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა. ერთ საღამოს დალიეს და მერე ქუჩაში ამღერდნენ. პოლიციელი მივიდა და გააფრთხილა, არ ეხმაურათ. ცოტა ხანში კი ის პოლიციელიც მათთან ერთად მღეროდა.”

ავტორი: ნინო კაკიაშვილი

ფოტოები: MAGNUM PHOTOS