მუსიკა | ცა

Berlin Atonal ბერლინიდან - თბილისში

25 მაისს, კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში 4GB ლეგენდარულ ფესტივალს Berlin Atonal უმასპინძლებს. ამ ორი ფესტივალის თანამშრომლობის ფარგლებში საგურამოში Surgeon, Emptyset , Roly Porter + MFO present Third Law, Laurel Halo, Veronica Vasicka, Pact Infernal, Substance aka DJ Pete, Skee Mask, Octachoron და Esi დაუკრავენ.

მაისი 10, 2018

Giorgi Chanturia

25 მაისს, კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში 4GB ლეგენდარულ ფესტივალს Berlin Atonal უმასპინძლებს. ამ ორი ფესტივალის თანამშრომლობის ფარგლებში საგურამოში Surgeon, Emptyset , Roly Porter + MFO present Third Law, Laurel Halo, Veronica Vasicka, Pact Infernal, Substance aka DJ Pete, Skee Mask, Octachoron და Esi დაუკრავენ.

Berlin Atonal დიმიტრი ჰეგემანმა 1982 წელს დაარსა, რათა იმ პერიოდში ბერლინში მოღვაწე დამოუკიდებელი არტისტების შემოქმედებითი განწყობა გამოეხატა. „80-იანი წლების დასაწყისში ბერლინის სახელოვნებო სივრცეები ისეთი ტიპის ჟღერადობით დაინფიცირდნენ, რომელიც ადრე არასდროს მომესმინა. მუსიკოსები სხვადასხვა საშუალებით ცდილობდნენ უცნაური ხმების გენერირებას. მახსოვს ამ ყველაფრის შეგრძნების პირველმა შთაბეჭდილებამ შოკში როგორ ჩამაგდო და საკუთარი კომფორტის ზონიდან გამიყვანა. თუმცა ეს სწორედ ისაა, რაც ამ მუსიკას ყველაზე კარგად ახასიათებს“ - ჰეგემანისთვის საინტერესო ბრუტალური ნოიზ ჟღერადობა იმ პერიოდის პრესაში „ბერლინურ დაავადებად“ მოიხსენებოდა. სინამდვილეში ეს „დაავადება“ 80-იანი წლების გერმანიის მეინსტრიმ მუსიკის ალტერნატივას წარმოადგენდა, რომელიც პანკის, ინდასთრიალის და ნოიზის სინთეზით ავთენტური მუსიკალური სივრცის შექმნას ცდილობდა. ახალი მუსიკალური მიმართულების ფაქტურა, ისევე როგორც მისი შექმნის მეთოდები, იმდენად უცხო და ავტონომიური იყო, რომ მის განვითარებას ძალიან სპეციფიკური პლატფორმა სჭირდებოდა. Berlin Atonal კი სწორედ ის ფესტივალი გახდა, რომელმაც ეს მნიშვნელოვანი როლი იტვირთა.

Alexander von Borsig / Atonal Festival Berlin 1982 from Alexander Hacke on Vimeo.

როგორც ჰეგემანი აღნიშნავდა, ფესტივალის პირველი ღონისძიება როგორც მენტალურ, ასევე ფიზიკურ დონეზე დიდი გამოწვევა იყო, რადგან ის რამდენიმე დღე უწყვეტად გრძელდებოდა. როგორც ორგანიზატორები, ასევე დამსწრეთა გარკვეული ნაწილი ამ დღეების მანძილზე სახლში არც წასულა. Psychic TV and Einstürzende Neubauten, Malaria!, Clock DVA - ეს იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ბერლინ ატონალმა 1982-1990 წლებში უმასპინძლა. 80-იანი წლების ბოლოს, რიგით მე-5 ღონისძიების შემდეგ Berlin Atonal-მა ფუნქციონირება შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ მისი კულტურული მემკვიდრეობა და მნიშვნელობა საკმაოდ დიდი იყო, ჰეგემანმა ჩათვალა, რომ ბერლინის კედლის დანგრევის პროცესი კიდევ უფრო სხვა გამოწვევებს მოიტანდა. ასეც მოხდა.

„[90-იანი წლების დასაწყისში] იწყებოდა იყო სრულად ახალი სცენა, რომელიც უსაზღვრო ეიფორიით და ქალაქში არსებული ანარქისტული განწყობით იყო გაჟღენთილი. ადრე დასავლეთ ბერლინში ადამიანები კონცერტის შემდეგ დარბაზს ტოვებდნენ, 90-იანებში კი ახალი მნიშვნელობა ცეკვამ შეიძინა.“ - სწორედ საცეკვაო მუსიკის და დიჯეი კულტურის აღზევებამ შექმნა მუსიკის განცდის ახალი საშუალებები, რომელიც, ჰეგემანის აზრით, ატონალის იდეოლოგიური ორიენტაცია არ პასუხობდა: „ამიტომაც მივხვდი, რომ შესვენების დრო იყო“.

ახალ ტალღას ჰეგემანმა კლუბ ტრეზორის შექმნით უპასუხა, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა. Berlin Atonal-ის ისტორია კი 2013 წელს გაგრძელდა, როდესაც 90-იანებისთვის ინოვატორული ახალი საცეკვაო მუსიკა დღევანდელ რეალობაში მუსიკალური ინდუსტრიის წინა ფლანგზე აღმოჩნდა. განსხვავებულმა რეალობამ ბერლინ ატონალისთვის დამხასიათებელი რადიკალური და ექსპერიმენტული მიდგომისთვის ახალი სივრცეები გააჩინა და შედეგმაც არ დააყოვნა. 2013 წელს Jon Hassell, Glenn Branca, Moritz von Oswald, Juan Atkins, Murcof და სხვა არტისტებით დაბრუნებული ფესტივალი არა მარტო აუდიო, არამედ ვიზუალური ექსპრიმენტებისთვისაც უფრო მომზადებული აღმოჩნდა. დღეს Berlin Atonal აუდიო ვიზუალური შთაბეჭდილებებით გაჯერებული სივრცეა, რომელიც თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სამყაროში კვლავაც რევოლუციურ ნაბიჯებს დგამს. 

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ამ ფესტივალის ჩამოსვლა ყველა იმ სიკეთესთან ზიარებას ნიშნავს, რომელსაც Berlin Atonal-ის მდიდარი მემკვიდრეობა მოიცავს. მეორე მხრივ კი აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ ქართულ საკლუბო თუ საფესტივალო სცენასთან მისი ასოცირება განსაკუთრებული პატივი და პრივილეგიაა.    

ავტორი: სოფი წერეთელი

გარეკანის ფოტო:  The Ransom Notes 

Hello Blog