კულტურა

ანრი კარტიე-ბრესონის გადამწყვეტი მომენტი

აფრიკაში ხიფათიანი თავგადასავლის და სიკვდილს შემთხვევით გადარჩენის შემდეგ, 1931 წელს მარსელში დაბრუნებული ერთი ფრანგი სტუდენტი, რომელიც მხატვრობით და სიურეალიზმითაა გატაცებული, ჟურნალის თვალიერებისას ფოტოსურათს იპოვის: „სამი ბიჭი ტბა ტანგანიკაზე“.

მაისი 07, 2018

Hello Blog

აფრიკაში ხიფათიანი თავგადასავლის და სიკვდილს შემთხვევით გადარჩენის შემდეგ, 1931 წელს მარსელში დაბრუნებული ერთი ფრანგი სტუდენტი, რომელიც მხატვრობით და სიურეალიზმითაა გატაცებული, ჟურნალის თვალიერებისას ფოტოსურათს იპოვის: „სამი ბიჭი ტბა ტანგანიკაზე“.

ამ დროს ჯერ არავინ იცის, რომ ეს წუთი, როცა 23 წლის ანრი კარტიე-ბრესონი მარტინ მუნკაჩის ფოტოთი მოინუსხა, მსოფლიო ფოტოგრაფიის ისტორიას შეცვლის.

აღიარებული ფოტოგრაფი, ქუჩის ფოტოგრაფიის ფუძემდებელი, ფოტოჟურნალისტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და განმავითარებელი კარტიე-ბრესონი მოგვიანებით ამ მომენტზე ამბობდა:

 „უცებ გავიაზრე, რომ ფოტოგრაფიას შეუძლია მარადიულობა ერთ წამში ჩატიოს...ისეთი ინტენსიურობაა ამ იმიჯში, ისეთი სპონტანურობა“.

სწორედ ამ შთაგონებით, ბრესონმა გადაწყვიტა, ფოტოგრაფიისთვის სერიოზულად მოეკიდა ხელი. ერთ-ერთი საუკეთესო კამერა, „ლეიკა“ იყიდა, ხელზე გადაიკიდა, მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი მომენტების აღბეჭდვას შეუდგა და თვითონვე გახდა იმ „მარადიულობის“ ნაწილი, რომელსაც ის ფოტოგრაფიაში ეძებდა.

ანრი კარტიე-ბრესონს უწოდებენ „მეოცე საუკუნის თვალს“. იგი აღიარებულია, როგორც კომპოზიციის გენიოსი და გამორჩეული ვიზულური ინტუიციის მქონე შემოქმედი. იგი არის ფოტოგრაფი, რომელმაც დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში, ერთი შეხედვით მხოლოდ არსებული რეალობის მარტივ ასახვაში, ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური დატვირთვა გამოყო. 

2018 წლის „ქოლგა თბილისი ფოტო“ ამ ლეგენდარული ფრანგი ფოტოგრაფის გამოფენით გაიხსნა.

საქართველოში წელს ბრესონის „პარიზს“ იხილავენ - ქალაქს, რომელიც ავტორს მუდმივი თაყვანისცემის, შთაგონების ამოუწურავი წყარო იყო. პარიზი ბრესონის ცხოვრებაში, ისევე როგორც მის ფოტოგრაფიაში XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, გვიანდელ პერიოდამდე, ცენტრალურ ადგილს იკავებს. პარიზის ერთი ბოლოდან მეორემდე დღისით თუ ღამით, ფოტოგრაფი ხშირად სეირნობდა და ქალაქის ახალ „გადამწყვეტ“ მომენტებს ეძებდა. ეს იყო ქალაქი, რომლის მრავალფეროვან კულტურულ ცხოვრებაში ბრესონი ოცი წლის ასაკიდან ჩაება და შემდგომში ამ ცხოვრებას თვითონაც ქმნიდა, რენე კრეველის, მარქს ერნსტის, მარსელ დიუშანის და ანდრე ბრეტონის გვერდით.

მას შემდეგ, რაც სიურრეალისტური გატაცებები დროებით გვერდით გადადო, რობერტ კაპას რჩევას დაუჯერა და ფოტოჟურნალისტობა მთავარ მიმართულებად აირჩია, ბრესონმა 40-იანი წლების ყველაზე გავლენიან ფოტოგრაფებთან ერთად ფოტოგრაფიის ახალი ისტორიის შექმნა დაიწყო.

1947 წელს, მან, რობერტ კაპამ, ჯორჯ როჯერსმა და დევიდ სეიმურმა პირველი საერთაშორისო ფოტოსააგენტო, ისტორიული „მაგნუმი“ დააფუძნეს.

სხვადასხვა დროს, ბრესონის ფოტოკამერამ აღბეჭდა მსოფლიო ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი ეპიზოდები, როგორებიც იყო, მაგალითად, მაჰათმა განდის სიკვდილი და პარიზის გათავისუფლება ნაცისტური ჯარებისგან. მან ისტორიას დაუტოვა უილიამ ფოლკნერის, ჟან პოლ სარტრის, ტრუმან კაპოტეს, მერლინ მონროს და მისი ეპოქის სხვა ცნობილი ადამიანების გამორჩეული პორტრეტები.

ფოტოგრაფიასთან ერთად, ბრესონი 10-მდე ფილმის ავტორია. მუშაობდა ჟან რენუართან ერთად და საკუთარი თაობის კინო-რეჟისორების მსგავსად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „სინემა ვერიტეს“ განვითარებაში.

ხანმოკლე პეროიდით ბრესონი ნიუ იორკშიც ცხოვრობდა, სადაც დოკუმენტური ფილმით და მონტაჟით დაინტერესდა. სხვათა შორის, ცნობილია, რომ იგი ფოტოგრაფიაში მონტაჟს არ აღიარებდა გადაღების შემდეგ ფოტომანიპულაციისთვის არასოდეს მიუმართავს. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, მალევე, როგორც ფოტოგრაფი, ბრესონი ქვეყნის სამხედრო ძალებს შეუერდა და მეორე მსოფლიო ომში გაემგზავრა. იქ კი ტყვედ ჩავარდა. როგორც ბრესონის ბიოგრაფები წერენ, პირველი, რაც მან 3-წლიანი სასტიკი ტყვეობიდან თავის დახსნის შემდეგ გააკეთა, გერმანია-საფრანგეთის საზღვართან, ერთ-ერთ ფერმაში საკუთარი „ლეიკის“ ამოსათხრელად გაემგზავრა, სადაც მას თურმე წლების განმავლობაში მალავდა.

ლე ალის ბაზრის გამყიდველები. ქუჩაში, თავსხმა წვიმაში მოსეირნე ცნობილი ჯაკომეტის პორტრეტი. ბრესონის ერთ-ერთი პირველი ფოტო - „ქოლგას“ დამთვალიერებელი „ქარვასლას“ სივრცეში პარიზის ცხოვრების ამ მომენტებს გაეცნობა, რომლებიც ბრესონმა საეტაპო ვიზუალებად აქცია.

გამოფენაზე წარმოდგენილია ანრი კარტიე-ბრესონის 80-ზე მეტი ფოტო. ნამუშევრები პარიზის ცნობილ თუ აქამდე უცნობ, 1929-დან 1985 წლამდე გადაღებულ მასალას ასახავს. იგი მოიცავს ავტორის სიურრლისტურ ფოტოებსაც. ომის პერიოდსაც, ფოტოჟურნალისტიკის დასაწყისს და მედიტაციურ ფოტონამუშევრებსაც, რომლებიც 1970 წლის შემდეგაა გადაღებული.

“ჩემთვის ფოტოაპარატი ჩანახატების ალბომია, ინტუიციის და სპონტანურობის იარაღია, წამის მოხელთების საშუალებაა, რომელიც ვიზუალური ტერმინებით, ერთსა და იმავე დროს, კითხვასაც სვამს და გადაწყვეტილებასაც იღებს”, -ამბობდა ბრესონი.

გადაწყვეტილების მიღებას და საჭირო წამის მოხელთებას, თავად ლეგენდარული ფოტოგრაფი, როგორც იხსენებენ, საათობით, ზოგჯერ მთელი დღე აკვირდებოდა და ელოდა. მაგრამ ღილაკზე ხელის დაჭერის მომენტის გამოცნობა ლოდინად ღირდა. მეტიც - ბრესონი ამბობდა, რომ ლოდინი და ამოცნობა ფოტოგრაფის ერთ-ერთი მთავარი საქმე იყო. საკუთარ წიგნში, რომელიც 1952 წელს გამოქვეყნდა, მისი შემოქმედების მთავარი კონცეფციის, როგორც ის უწოდებდა - „გადამწყვეტი წამის“ აღწერისას, ბრესონი წერდა:

„ფოტოგრაფია სამყაროს რეალური საგნების რიტმის გამოცნობაა...ფოტოგრაფიაში ახალი ტიპის პლასტიკა ჩანს, რომელიც საგნების მოძრაობით ექსპრომტად შექმნილი ხაზებისგან შედგება...მოძრაობაში არის ერთი მომენტი, როცა მისი სხვადასხვა ელემენტები ერთმანეთთან ბალანსში მოდიან. ფოტოგრაფმა ეს წამი უნდა დაიჭიროს და ამ ეკვილიბრიუმისგან უკვდავება შექმნას.“

წელს ბრესონის დაბადებიდან, ან - მისი უკვდავებიდან, 110 წელი სრულდება.

ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი

გამოფენის ფოტოები: სერა ძნელაძე