მუსიკა | ცა

შენ ხარ ტომ ოდელი

შენ ხარ თომას პიტერ ოდელი, 27 წლის მუსიკოსი ჩიჩესტერიდან (პატარა ქალაქია სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში). ბავშვობის ძირითადი ნაწილი ირლანდიაში გაატარე. მამა ავიახაზების პილოტი იყო, დედა - დაწყებითი კლასების მასწავლებელი, შენ - მორიდებული ყმაწვილი, რომელსაც მუსიკა იტაცებდა. 

მაისი 07, 2018

Hello Blog

შენ ხარ თომას პიტერ ოდელი, 27 წლის მუსიკოსი ჩიჩესტერიდან (პატარა ქალაქია სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში). ბავშვობის ძირითადი ნაწილი ირლანდიაში გაატარე. მამა ავიახაზების პილოტი იყო, დედა - დაწყებითი კლასების მასწავლებელი, შენ - მორიდებული ყმაწვილი, რომელსაც მუსიკა იტაცებდა. 

7 წლის ასაკში, ფორტეპიანოს გაკვეთილები მოითხოვე - ისეთი, როგორიც შენს უფროსს დას უტარდებოდა. 7 წლის შემდეგ, უკვე საკუთარ სიმღერებს წერდი, მხოლოდ ამის შესახებ არავის ეუბნებოდი. კიდევ 7 წლის, მარტოობის, ერთი ბენდისა და გატეხილი გულის შემდეგ, გახდი სოლო მომღერალი და ამის შესახებ მთელ მსოფლიოს შეატყობინე. შენი პირველი და ამ დრომდე ყველაზე პოპულარული სიმღერაც - Another Love სწორედ მაშინ დაწერე [ამაზე მეტყველებს ნახვების რაოდენობაც youtube-ზე]. 

პირველი ჰიტიდან ისევ 7 წელი, შენ უამრავ ფესტივალზე გელოდებიან და მათ შორის, საქართველოში, Tbilisi Open Air 2018 -ზე - 24 ივნისს, ლისის საოცრებათა ქვეყნის მთავარ სცენაზე! 

მანამდე, კიდევ 7 რამ შენზე:

რომ არა მუსიკოსი, იქნებოდი მწერალი, იმიტომ რომ გიყვარს ისეთი რამის შექმნა, რაც აქამდე არ შექმნილა. გიყვარს სიმღერების წერა და ტექსტსაც იმდენივე მნიშვნელობას ანიჭებ, რამდენსაც მელოდიას. ამიტომ ყველას გვირჩევ, რომ სიტყვებსაც მოვუსმინოთ და სწორედ ამიტომ, მიღებული ჯილდოებიდან, ყველაზე მეტად აფასებ მწერლობასთან დაკავშირებულ Ivor Novello-ს ჯილდოს (2014) სიმღერების საუკეთესო მწერლობისთვის.  

 უცანური დამთხვევა იყო. როგორც კი გადაწყვიტე სოლო-მომღერლობა, მაშინვე აღმოგაჩინა ლილი ალენმა, რომელმაც ახალგაზრდა დევიდ ბოუის მიგამსგავსა და თავის ლეიბლთან თანამშრომლობა შემოგთავაზა. შედეგად, 2013 წელს, გამოვიდა შენი პირველი ალბომიც Long Way Down

ლილი ალენთან შეხვედრის შემდეგ, შენს ცხოვრებაში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა დაიწყო. სერ ელტონ ჯონმა, რომელიც შენი ბავშვობის გმირი იყო და სიმღერების წერაც მისი შთაგონებით დაიწყე, თავად დაგირეკა და საერთო გამოსვლა შემოგთავაზა. იგივე განმეორდა Rolling Stones-თანაც. ოცნებობ ბობ დილანთან თანაშემოქმედებაზე და ფიქრობ, რომ ის, როგორც სიმღერების მწერალი ყველა მომღერალს ერთი ნაბიჯით უსწრებს წინ. 

გიყვარს წიგნები. სოციალურ მედიაში ხშირად აზიარებ რას კითხულობ. თუმცა, არ გიყვარს წიგნები მუსიკის შესახებ. შენთვის, მუსიკით ისტორიების მოყოლა ჯადოსნობის ტოლფასია და მიუხედავად მეცნიერულად შეფუთული მუსიკის თეორიებისა, გჯერა, რომ არ შეიძლება მისი “გარჩევა”... მერე ხომ ჯადოსნობას ძალა დაეკარგება! 

პირველი ალბომის შემდეგ ამ ჯადოსნობის დაკარგვის საშიშროებაც შეგექმნა, როცა შენ გარშემო გაუთავებელი კონცერტების, ინტერვიუებისა და შეფასებების კარუსელი დაბზრიალდა. განმარტოებისა და ახალი ისტორიების აღმოსაჩენად, ნიუ იორკში გადასახლდი. მანჰეტენის ქუჩებში ხეტიალისა და საღამოობით ფილმების ყურების ფონზე, ცხოვრებაც ერთიანად გადახალისდა და ახალი სიმღერებით აივსო. აქ დაიწყე შენს მეორე ალბომზე “Wrong Crowd” მუშაობა, რომელიც უკვე ლოს ანჯელესში დაასრულე. მეორე ალბომი, 2016 წლის 10 ივნისს გამოიცა და პირველის მსგავსად, ოფიციალურ ჩარტებში, მანაც მოწინავე ადგილი დაიკავა.  

ერთ-ერთი ბოლო სინგლის - “Here I Am” ვიდეოში მთავარ როლს ქევინ სპეისი ასრულებს. საოცრებად მიგაჩნია, თუ როგორ შეუძლია ვიდეოს გააორმაგოს სიმღერის ეფექტი. ამერიკაში ცხოვრებამ ფილმებთან და ზოგადად კინემატოგრაფიასთან განსაკუთრებით დაგაახლოვა, რაც ალბომსა და ცალკეული სიმღრებისთვის შექმნილ ვიდეოებშიც იგრძნობა. შენ გინდა შექმნა სამყარო რეალობის ამაღლებული განცდით, ისეთი, როგორიც ფელინის შედევრებშია!

შენით არამარტო მუსიკის ბიზნესია დაინტერესებული. ჟურნალმა Vogue-მა მოდის ინდუსტრიის ყველაზე საყვარელ მუსიკოსად დაგასახელა. რამდენიმე ბრენდმა [Burberry, UNIQLO], თავის დროზე, მოდელადაც მიგიწვია, ხოლო შენი სიმღერებით არაერთხელ გაუფორმებიათ ჩვენებები.

P.S. შენ გელიან თუ გელიან, ოდელიო დელია!

ავტორი: ნინო კაკიაშვილი

ფოტო: ტომ ოდელის არქივი