კულტურა

#შენ - ყველაზე მოკლე ვრცელი მარცვალი

,,შენ’’ – ყველაზე მოკლე ვრცელი მარცვალია.

მაისი 05, 2018

Hello Blog

,,შენ’’ – ყველაზე მოკლე ვრცელი მარცვალია.

კი, ადამიანი უფროა მეა, ვიდრე შენ. ეს გამოცდილი საქმეა. დიდი ფილოსოფოსობა ახლა სასაცილო გამოვა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ხანდახან ამოვარდნაც შეგვიძლია, უფრო მაღლა შემოდგომა და ალუდა ქეთელაურობის განცდა – ,,შენ’’ –ისთვის თავგანწირვა. ამ მონოლოგში თავგანწირვას არავინ ითხოვს. შემჩნევაზე მინდა ვილაპარაკო. სხვა ადამიანის. მეორის. ცოცხლის. დანახვაზე. გააზრებაზე.

იცით, სიცოცხლის მნიშვნელობა ყველაზე ცხადად როდის შევიგრძენი? ან გნებავთ დროის? ან სიკვდილის? მოგიყვებით:

2015 წლის ნოემბრის ოცდაექვსში ექიმმა მამაჩემის პალატიდან გამიყვანა, დაძაბული სახით შემხედა და მითხრა: ჰა, ჰა, ერთი თვე ან თვენახევარი დარჩენია და თქვენ როგორ გირჩევნიათ? მერე აღარ მაგონდება, რა ინტერესებდა იმ ექიმს: სახლში წავიყვანდით თუ აქ დავტოვებდით, მკურნალობას ვეცდებოდით თუ რამე გამაყუჩებელს ვიყიდდით. არ ვიცი. მახსოვს მხოლოდ იქ მჯდარი ნეიტრალურ სახიანი ექთნის დაზეპირებული ამოხვნეშა: ეჰ, ეჰ! და ის რომ მაშინ უცებ რამე კი არ მეწყინა, გავბრაზდი.

დიახ, გავბრაზდი ამ უდანაშუალო ექთანზე და ყველაზე, ვინც ამის მერე მამაჩემთან შემოვიდოდა თავს დანანებით გადააქნევდა: ნაცნობებზე, ნათესავებზე, სხვებზე. ეს ,,ნწ, ნწ’’ , ,,ვაი’’ და ,,ეჰ, ეჰ’’ - ეს ,,ცოცხლებისგან’’ ,,მომაკვდავისკენ’’ მიმართული თანაგრძნობა, თითქოს ღმერთები დასტიროდნენ ოლიმპოდან ადამიანებს. და მინდოდა მეყვირა: შეხედეთ, აი, ის, ცოცხალია, ტელევიზორს უყურებს, ისევე როგორც შენ და მე? ზეგ მოკვდება? მაზეგ? მერე რა? აი, ახლა, ამ წუთას ცოცხალია!’’

ყველა თანაბარი ვართ ამ წუთებში, ამ წამებში, რომელიც ახლა მიდის, სანამ ცოცხლები ვართ. თუ მაინცდამაინც გინდათ, ასე ვიტყვი: რაც ვიბადებით, მას შემდეგ ყველანი პალიატიური ავადმყოფები ვართ და სანამ სიკვდილი დადგება, სანამ ერთმანეთს ცოცხლად ვგრძნობთ, ნუ გადავცემთ და ვაგრძნობინებთ ერთმანეთს სამძიმარს ამ ყოფის გამო. სიცოცხლე არსებობს ახლა. ხვალ ყველაფერი პირობითია. სოცოცხლე არსებობს ჩემში და შენში.აქ და ახლა.

და კიდევ. ხანდახან შენ–ს სიყვარულიც გვაგრძნობინებს. საერთოდაც. თუ ,,შენ'' – ერთ მარცვალში ეტევი,რაღა საჭიროა ეს ლექსები,პოემები,რომანები.რა საჭიროა ამდენი წერა.

,,შენ’’ – ყველაზე მოკლე ვრცელი მარცვალია.

ავტორი: გიორგი კეკელიძე

მინიატურების ავტორი: მაი ლაშაური