მუსიკა | ცა

#შენ ხარ როშინ მერფი

შენ ხარ როშინ მერფი. შენი სახელი იმდენად ირლანდიულია, რომ ინგლისელებმაც კი არ იციან როგორ წარმოთქვან. ჩვენ ზოგჯერ როზინს გეძახით.

მაისი 01, 2018

Hello Blog

შენ ხარ როშინ მერფი. შენი სახელი იმდენად ირლანდიულია, რომ ინგლისელებმაც კი არ იციან როგორ წარმოთქვან. ჩვენ ზოგჯერ როზინს გეძახით.

შენ ელექტრონული პოპის დედოფალს გეძახიან. პროტო-ლეიდი-გაგასაც - შენი ექსცენტრიული სტილის გამო. შენი მუსიკა გაჯერებულია ჯაზით, ტრიპ ჰოპით, ალტერნატიული საცეკვაო, ექსპერიმენტული პოპით და შეუძლებელია მისი მოქცევა ერთ რომელიმე კატეგორიაში, თუნდაც იმიტომ, რომ მუდამ სრულყოფილი ჟღერადობის ძიებაში ხარ.

შენ დღემდე ვერ გაგირკვევია, ვინ ხარ - ვარსკვლავი, თუ ცნობადი სახე და გადაწყვიტე, რომ 2058 წლამდე უბრალოდ ის იქნები ვინც ხარ…

ბავშვობიდან უცნაური კავშირი გქონდა მუსიკასთან: ა) ყოველი კვირის ბოლოს, მამა აბაზანაში ჩაწვებოდა ხოლმე და ღვინის ბოთლთან ერთად ძველ სიმღერებს ისეთ ხმაზე გაჰყვიროდა, რომ მთელ უბანს ესმოდა; ბ) ყოველი დალევის შემდეგ, ნათესავები გაძალებდნენ “Don’t Cry for Me Argentina” გემღერა!

მსგავსი გამოცდილებით, ალბათ, არასდროს გადაწყვეტდი მუსიკასთან შენი ცხოვრების დაკავშირებას, რომ არ აღმოგეჩინა მისი ნამდვილი ძალა - “რამდენიმე ათასწლეულია, მუსიკა ბევრი დიდი მოვლენისა, თუ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილია”. შენთვის, ის ადამიანების ყველაზე დიდი მიღწევაა, ხოლო მისი კეთება - ყველაზე დიდი პრივილეგია.    

ყველაფერი მარკ ბრაიდონთან შეხვედრითა და Moloko-ოს [ბრიტანული ჯგუფი, 1994-2003 წწ.] შექმნით დაიწყო . მასთან ერთად ოთხი ალბომი გამოუშვი. მაშინ, შენი სახელი ცოტამ თუ ვიცოდით, სამაგიეროდ 1999 წლის ჰიტით “Sing It Back”, შენი ხმა ყველგან ისმოდა!

(სახელი “მოლოკო” ენტონი ბერჯესის “მექანიკურ ფორთოხალს” უკავშირდება. რომანში, “Moloko Plus” ერთგვარ მათრობელა სუბსტანციას წარმოადგენდა, რომელიც, რათქმა უნდა, რძეში იყო გარეული.)  

მარკთან ურთიერთობის დასრულებით, დასრულდა MOLOKO-ს ისტორიაც. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ღრმად ჩაისუნთქე და გაბედე სოლო ნაბიჯების გადადგმა. პირველი ალბომიც - “Ruby Blue” (2005), სწორედ ძალების მოსინჯვას ჰგავდა, თავისებური ეკლექტური მიქსით. მეორე - “Overpowered” (2007) საგანგებოდ პოპ-ჩარტებისთვის გამოითალა, თუმცა, მიუხედავად ზედმიწევნით პროფესიონალური მიდგომისა, ჩარტებში მაინც ვერ დაიმკვიდრა ადგილი.

პოპით იმედგაცრუებულმა, მთელი რვა წლით შეისვენე. თანამედროვე რეალობისთვის, ამ დროში ნებისმიერ მუსიკოსს სამჯერ მაინც დავივიწყებდით. თუმცა, ყოველთვის არსებობს გამონაკლისი. შენი მთელი სოლო-კარიერაც სწორედ ასეთი უნიკალური შემთხვევაა.    

2015 წელს დაბრუნდი ალბომით “Hairless Toys”, რომელიც საგანგებოდ ვინტაჟური აპარატურის გამოყენებით ჩაწერე. აქ, შემდგარი სტრუქტურის დასარღვევად, კომპოზიციებს ხშირად ალოგიკურად ავითარებ და ე.წ. “ფრიკად” გვევლინები.

ბოლო ალბომი - Take Her up to Monto 2 წლის წინ გამოუშვი და აქაც, მთავარი, რითაც ჟანრულად მრავალფეროვან სიმღერებს აერთიანებ, ისევ შენი სითამამე და ენერგიაა. ესესაა, გამოვიდა რამდენიმე ახალი სინგლი და გვპირდები, რომ ზაფხულის მანძილზე სულ 12 სრულყოფილ კომპოზიციას გაგვიზიარებ. რამდენიმე მათგანს, ალბათ Tbilisi Open Air ფესტივალზეც მოვისმენთ. 

შენ არ გიყვარს ინტერვიუები და მხოლოდ მაშინ საუბრობ, თუ მართლა გაქვს სათქმელი. სამაგიეროდ, გიყვარს უზარმაზარი “სკრეპბუქების” [ერთგვარი კოლაჟების ალბომი] კეთება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების ამონაჭრებით... ფიქრში გეხმარება. შენთვის მთავარია, ენერგიისა და შთაგონების წყაროს მიგნება და არა გაუთავებელი მუშაობა შეცდომების გამოსწორებაზე.

შენ ხარ ადამიანი, რომელიც ყველა შესაძლებლობას იყენებს შემოქმედებაში! ხარ არტისტი, მომღერალი, კომპოზიტორი, მწერალი, რეჟისორი, მხატვარი... ხარ დედა და ამბობ, რომ სწორედ დედობამ გაგათავისუფლა უამრავი შინაგანი კომპლექსისგან და დაიწყე იმის კეთება, რაც უბრალოდ გსიამოვნებს.

და კიდევ ერთი! შენ იზიდავ ადამიანებს, რომლებსაც იზიდავს დახვეწილი, გემოვნებიანი მუსიკა.

ე.ი. შეგხვდებით 23 ივნისს, Tbilisi Open Air 2018-ის მეორე დღეს, ლისის საოცრებათა ქვეყნის მთავარ სცენაზე.

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - როშინ მერფის არქივი