მუსიკა | ცა

NEWA - პირველი ქალი ელექტრონავტი

29 აპრილს კლუბში KHIDI ინოვაციური პოპკულტურისა და ელექტრონული მუსიკის დაჯილდოვების ცერემონია Electronauts X გაიმართა, რომელმაც გამარჯვებულები 9 ნომინაციაში გამოავლინა. მთავარი პრიზის, წლის ელექტრონავტის მფლობელი კი ელექტონული მუსიკის პროდუსერი და დიეჯი ანა კუბლაშვილი, იგივე NEWA გახდა. ის პირველი ქალი არტისტია, რომელმაც ეს პრიზი მოიგო. 

აპრილი 30, 2018

Hello Blog

29 აპრილს კლუბში KHIDI ინოვაციური პოპკულტურისა და ელექტრონული მუსიკის დაჯილდოვების ცერემონია Electronauts X გაიმართა, რომელმაც გამარჯვებულები 9 ნომინაციაში გამოავლინა. მთავარი პრიზის, წლის ელექტრონავტის მფლობელი კი ელექტონული მუსიკის პროდუსერი და დიეჯი ანა კუბლაშვილი, იგივე NEWA გახდა. ის პირველი ქალი არტისტია, რომელმაც ეს პრიზი მოიგო. 

„მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გრძნობენ ჩემს მუსიკას“ - გამარჯვების შემდეგ ანამ აღნიშნა, რომ მსმენელთან ემოციური კომუნიკაციის დამყარება მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მარტივად შეგვიძლია რამდენიმე ქართველი არტისტი გამოვყოთ, რომელიც გასულ წელს ძალიან პროდუქტიული იყო, ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ NEWA-სთვის 2017 წელი განსაკუთრებით წარმატებული და გარდამტეხი აღმოჩნდა. Bassiani Records და Icontrax-ზე გამოცემული კომპოზიციების და Boiler Room-ში დაკვრის შემდეგ, 2017 წელს Newa-მ თავისი სოლო რელიზი ფრანგულ ლეიბლზე Chineurs de Techno გამოსცა და Semantica Records-თან თანამშრომლობა დაანონსა, რასაც მალევე მოჰყვა კომპოზიციის Dance Of The Warrior გავრცელება. ეს უკანასკნელი Ben Klock-ის ლეიბლის Klockworks კომპილაციაში შევიდა, რომელიც ამ პლატფორმის დაარსების 20 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. Newa-ს გარდა კომპილაცია ისეთი არტისტების ნამუშევრებს მოიცავდა , როგორებიც Steve Rachmad, DVS1, Heiko Laux, Etapp Kyle და თავად Ben Klock არიან.

Ben Klock-მა საკუთარი მუსიკალური პლატფორმის 20 წლის იუბილეს აღნიშვნა კლუბში Berghain გადაწყვიტა თავისივე პროექტის PHOTON ფარგლებში. სწორედ ამ დღეს, ლეგენდარულ ბერლინულ კლუბში წლევანდელი ელექტრონავტის დებიუტი შედგა. „მზად ხარ თუ არა ბერგჰაინისთვის? ამ შეკითხვისთვის მზადაც კი არ ვიყავი. მთელი 6 თვე, ბოლო კვირამდე ძალიან ვნერვიულობდი და ვემზადებოდი. ვემზადებოდი არ მხოლოდ მუსიკით არამედ ფსიქოლოგიურად.“ - საბედნიეროდ მისთვის ნერვიულობას ხელი არ შეუშლია და ქართველმა არტისტმა საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი თავისთვის მნიშვნელოვან აუდიტორიას კიდევ ერთხელ გააცნო.

2017 წლის კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა იაპონიაში ვიზიტი იყო, სადაც, როგორც Newa აღნიშნავს მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება მიიღო: „ბავშვობიდან ვოცნებობდი იაპონიაზე და ყველაფერი ძალიან უცბად მოხდა. ეს იყო საღამო, რომელმაც ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია. არასდროს დამავიწყდება იქ მყოფი არცერთი ადამიანი.“

წლის ბოლოს Icontrax-ზე მისი კიდევ ერთი ნამუშევარი Simshvide გამოიცა, Newa კი ცნობილ სააგენტოს Radiate Booking შეუერთდა. მისი პროდუქტიული წელი მალევე აისახა მის კარიერაზე, რის შედეგადაც მისი მოსმენა ჰოლანდიის, ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის და სხვა ქვეყნების კლუბებსა და ფესტივალებზე შეიძლება.

ქართველი არტისტისთვის 2018 წელი კიდევ უფრო იმედისომცემად გამოიყურება, რადგან Newa უკვე ახალი და საინტერესო გამოწვევების წინაშე დგას.

Electronauts.ge