კულტურა

ვერა ფაღავა – აბსტრაქცია და ესთეტიკა

აპრილი 30, 2018

Hello Blog

საქართველოში მისი სახელი ცოტამ თუ იცის. 2012 წელს პირველად მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენა თბილისში. საქართველოს მუზეუმებში მის ნახატებს ვერ შეხვდებით, სამაგიეროდ ისინი პარიზში, პომპიდუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საცავებშია დაცული. საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონებში კი ეკლესიებს მის მიერ გაკეთებული ვიტრაჟები აქვს. ქართველი ქალი მხატვარი ბევრი არ გვყავს, მათ შორის კი ერთ-ერთი საუკეთესო – ვერა ფაღავაა.

ვერა ფაღავა 1907 წელს თბილისში დაიბადა, 1923 წელს კი, 16 წლის, მშობლებთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ქართველი ნათესავების ოჯახში დაცულია მისი ბავშვობის დროინდელი ნახატები, რაც ადასტურებს ადრეული ასაკიდან მის ინტერესს მხატვრობისადმი.

როგორც იმ დროინდელ ემიგრანტთა უმრავლესობა, ვერამაც მთელი ცხოვრება პარიზში გაატარა, თუმცა მის მხატვრობაში ძალიან ხშირად იკითხება საქართველო.

1932-1939 წლებში ვერა ფაღავა პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხატვრო სასწავლებელში – რონსონის აკადემიაში სწავლობდა. რონსონის აკადემიამ და მისმა ლექტორმა როჯერ ბისიერმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ფაღავას როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაზე, იქაურმა გარემომ კი მის მხატვრულ აზროვნებაზე.

1950-იანი წლების შუა ხანებში განწყობის და ემოციის გამოსახატი ფორმის ძიებამ ვერა ფაღავა მინიმალისტურ აბსტრაქციებამდე მიიყვანა. თუმცა მხატვრის ადრეულ ნამუშევრებში კარგად ჩანს მისი აკადემიური მხატვრული ტექნიკის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა. ვერა ფაღავას ნამუშევრებში იშვიათად ჩნდებიან ადამიანები, თუმცა ისინი მაინც განსხვავებული ფორმით და ფიგურებით არიან გადმოცემულნი. მის შემოქმედებაში იშვიათად აქვთ საგნებს ჩვეულებრივი სახე, მხატვარი იყენებს სამკუთხედებს, ოვალს, ტრაპეციას, კვადრატებს… ფორმები თითქმის ფერადოვან ლაქებამდეა დაყვანილი.

ვერა ფაღავამ საფრანგეთში ემიგრანტებისთვის რთულად მისაღწევი წარმატება მოიპოვა – 1966 წელს მან ვენეციის ბიენალეზე საფრანგეთი წარადგინა, აკვარელში შესრულებული პეიზაჟებით.

ვერა ფაღავას აბსტრაქციები ძალიან დახვეწილია. მისი ესთეტიკა იმდენად ინდივიდუალური და დასამახსოვრებელია, ერთხელ ნახვის შემდეგ სხვა მხატვარში ვერ აგერევათ. ამას მხატვრის ფერთა გამა განაპირობებს, რომელიც ძალიან ნათელი, ნაზი და პასტელური, ხშირ შემთხვევაში კი გამჭვირვალეა. ფაღავას ყველა ნამუშევარი განსაკუთრებულად ესთეტურია, შავი ფერიც კი, სხვა ფერების ფონზე, არ აღიქმება როგორც სიბნელე. სავარაუდოა, რომ მხატვარი არც იყენებს შავს, როგორც მუქ ფერს. ფაღავას დაკვირვების ობიექტი ხშირად არა იმდენად ცალკეული ნივთია (მაგალითად, ჭიქა), რამდენადაც მინის და სითხის გამჭვირვალობა, მათში გამავალი შუქის ძალა და ინტენსივობა. ხოლო უტრირებული ჩრდილები ასევე შუქნარევია.

ავტორი: AT.GE #Hammock

 

მასალაში გამოყენებულია ამონარიდები წიგნიდან: “ვერა ფაღავა, თბილისი”

ფოტომასალისთვის განსაკუთრებული მადლობა http://ac-vp.com/