კულტურა

ნინო ანანიაშვილი

ნინო ანანიაშვილი კეთილი ნების უწყვეტ ტაქტში მოძრაობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბალეტის სცენებზე მიღებული გამოცდილება, თავბრუდამხვევი წარმატება, თუ ვარსკვლავური გავლენა საქართველოს ბალეტის აღორძინებისკენ მიმართა. ცეკვის დატვირთულ გრაფიკს, დაემატა დასის ხელმძღვანელობა, რეკორდული რაოდენობის სპექტაკლების დადგმა, მთელი დარგის გამოცოცხლება და რაც მთავარია, მოცეკვავეების ახალი თაობის აღზრდა. მერე რა, თუ ხშირად ამისთვის შესაფერისი სივრცეც კი არ ჰქონდა... ზოგჯერ სულაც თავზე ენგრეოდა შენობა... ფაქტია, დღეს, ნინო ბალანჩინის, ჭაბუკიანის, წიგნაძის მემკვიდრეობას ღირსეულად აგრძელებს, თავისი საქმის უპირობო სიყვარულით. 

აპრილი 25, 2018

Hello Blog

ნინო ანანიაშვილი კეთილი ნების უწყვეტ ტაქტში მოძრაობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბალეტის სცენებზე მიღებული გამოცდილება, თავბრუდამხვევი წარმატება, თუ ვარსკვლავური გავლენა საქართველოს ბალეტის აღორძინებისკენ მიმართა. ცეკვის დატვირთულ გრაფიკს, დაემატა დასის ხელმძღვანელობა, რეკორდული რაოდენობის სპექტაკლების დადგმა, მთელი დარგის გამოცოცხლება და რაც მთავარია, მოცეკვავეების ახალი თაობის აღზრდა. მერე რა, თუ ხშირად ამისთვის შესაფერისი სივრცეც კი არ ჰქონდა... ზოგჯერ სულაც თავზე ენგრეოდა შენობა... ფაქტია, დღეს, ნინო ბალანჩინის, ჭაბუკიანის, წიგნაძის მემკვიდრეობას ღირსეულად აგრძელებს, თავისი საქმის უპირობო სიყვარულით. 

ნინო ანანიაშვილს ოპერისა და ბალეტის თეატრში ვხვდებით, მის სამუშაო ოთახში. აქ, ჯილდოებად, ქანდაკებებად, სიგელებად, ფოტოებად, თუ ნახატებად განსხეულებულმა მსოფლიო წარმატებამ შეიძლება სუნთქვაც შეგიკრას, თუმცა, მისი უშუალობა, გულწრფელობა და იუმორი არც ერთ წამს არ გიტოვებს ვარსკვლავურ ეპითეტებზე ფიქრისთვის.

ჩვენი ინტერვიუს პირველი ნაწილი თეატრის შენობის ექსკურსით იწყება. შევიჭყიტეთ სავარჯიშო დარბაზებში. ერთ-ერთში ინტენსიური რეპეტიციები მიმდინარეობს. სულ მალე, 27 აპრილს დიდი პრემიერაა - “მძინარე მზეთუნახავი”, რომელიც ბალეტის ყველაზე გავლენიანი ქორეოგრაფის მარიუს პეტიპას 200 წლის იუბილეს ეძღვნება. შემდეგ რაღაც საოცარი ხდება - ნინოს პატარა, ბნელ ოთახში შევყავართ, სადაც განათების აღჭურვილობაა დამონტაჟებული. ჩვენ თვალწინ, თითქოს საიდუმლოდ, თეატრის მთავარი სცენა იშლება, მთელი თავისი სიდიადით. აქაც რეპეტიციაა, მხოლოდ უკვე საოპერო. “ეს სულ ბოლო წერტილია, საიდანაც შეიძლება სცენა დაინახო; ფაქტიურად, კენწეროში ვართ” - ამბობს ნინო და ამ სანახაობას თავისებურ ჯადოსნურობასაც სძენს. 

“მიყვარს ოპერა და ხშირად ვესწრები ხოლმე. თუმცა, ცუდ ოპერას, ცუდი ბალეტი სჯობს. ოპერაში თვალებს კი დახუჭავ, მაგრამ ყურებს ვერ...”

გზადაგზა ამბებს გვიყვება, მარიუს პეტიპაზე, ბალეტზე, ამ თეატრის შენობაზე, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება... ხოლო, როცა ტერასაზე გავდივართ და ახლად წამოჭიმულ შენობებს ვაფიქსირებთ - რამდენი რამის გაკეთება არ შეიძლება! გულწრფელად ტკივა ის, რაც ალბათ ყველას - ქალაქის იერსახე, დანაგვიანება, გამწვანების სიმცირე ქალაქებში, გამონაბოლქვი... “აქაურობა ხომ ჩვენია, ხომ ჩვენ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, დღევანდელი ხალხი... სანამ აი, თუნდაც აქ, ამ სიგარეტის კოლოფს დააგდებენ, ვერც ვერაფერს ვერ მოვთხოვთ. მაგალითის მიცემა ერთია, მაგრამ მეორეა - თითოეულის მიერ თავისი პირადი პასუხისმგებლობის გააზრება!”

ნინო ანანიაშვილის პირადი პასუხისმგებლობა კი მის კეთილ ნებასთანაა კავშირში - ასე ხდება, როცა საქმეს, არამარტო პასუხისმგელობით, არამედ დიდი სიყვარულით ეკიდები... მისი მთავარი მიღწევა წარმატებული მოცეკვავეების აღზრდაა, რომლებიც დღეს უკვე საერთაშორისო სცენებზეც ბრწყინავენ. მთავარი საზრუნავი, ისევ და ისევ, ახალი თაობა, სწავლა-განვითარების უნივერსალური პირობების უზრუნველყოფა, ნიჭიერთა აღმოჩენა და მათი ხელშეწყობის საშუალებაა.

დღეს, ახლაგაზრდებს უფრო თამამად შუძლიათ მიჰყვნენ ბალეტის გზას. თუნდაც, იმიტომ, რომ უკვე არსებობს მათი განვითარების პლატფორმა. როგორი სიტუაცია დაგხვდათ 14 წლის წინ, საქართველოში დაბრუნებისას?

“რთული სიტუაცია იყო თეატრში. ზოგიერთი თაობა ისე წავიდა სცენიდან, რომ ახალი კოსტუმიც არ სცმიათ უსახსრობის გამო. მაგრამ მათი დამსახურებაა ის, რომ თეატრი გადარჩა, აქ არ გაიხსნა არც კაზინო და არც რამე მსგავსი დაწესებულება! დღემდე მუშაობენ პედაგოგები, რომლებიც მაშინ მუშაობდნენ. ეს თეატრი მათმა სიყვარულმა გადაარჩინა. ისეთებიც იყვნენ, თეატრში რუსთავიდან ფეხით რომ დადიოდნენ, იმიტომ რომ ტრანსპორტის ფული არ ჰქონდათ და იმიტომ რომ ეს საქმე უყვარდათ. საოცარი შეყვარება იცის ბალეტმა, თითქოს - სამუდამოდ “ინფიცირდები”…

ტერასიდან ისევ ნინოს სამუშაო ოთახში ვბრუნდებით.

“შევეცადე ოთახი ისე გამეკეთებინა, რომ კაბინეტს არ დამსგავსებოდა. ყველა კუთხეში, პატარა ისტორია მაქვს, ჩემი პედაგოგები, 20 წელი დიდ თეატრში... ფინეთში, ქართული ვიცეკვე ჩოხაში. შემდეგ კი ერთმა ფინელმა ეს თოჯინა გააკეთა და გამომიგზავნა... რაგბის ბურთი ჩვენმა ბიჭებმა მაჩუქეს.”

ნინოს ხმაში განსაკუთრებული სიყვარული და მადლიერება იგრძნობა, როცა პედაგოგებზე საუბრობს - ნატალია ზოლოტოვასა და რაისა სტრუჩკოვაზე. მათი ფოტოებიც თითქოს ყველაზე თვალსაჩინო ადგილზეა.

“მასწავლებლის ხელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მათი სახელი არასდროს არ ისმის, სპორტისგან განსხვავებით, სადაც მწვრთნელს ყველა იცნობს. მე ამ ორმა ადამიანმა გამწვრთნა და ეს ოთხივე ჯილდო მათი დამსახურებაა (ორი ოქროს მედალი და ორი გრან-პრი). მასწავლებელი უფრო ნაკლებ ხელფასს იღებს, ვიდრე შენ, იმიტომ რომ უკვე წამყვანი ხარ... ასე არ უნდა ხდებოდეს. შრომა სწორედ უნდა ფასდებოდეს, თუნდაც ისე, როგორც სპორტში. ვერ ვიტყვი, რომ მე არ ვარ დაფასებული, თუმცა, საქართველოზე არ ვლაპარაკობ, საქართველო ჩემი კრედოა, ქველმოქმედების კრედო.... მთელ მსოლფიოში ვგრძნობ დაფასებას, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეულებს ეხება. არადა, ეს საქმე ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს - ფსიქოლოგიურს, ფიზიკურს, მორალურს… ჩვენი ტკივილი, განცდები არ ჩანს, კულისებში რჩება და მხოლოდ ახლობლებმა თუ იციან.”

რას იძლევა სანაცვლოდ ბალეტი, თუნდაც იმისთვის, რომ ყოველდრიური ტკივილი და დაღლილობა გადალახოთ?

“სადაც არ უნდა მოხვდნენ ჩვენი გოგოები, გამორჩეული პროფესიონალები ხდებიან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბავშვობიდან ვავითარებთ დისციპლინას და საქმისადმი კეთილსინდისიერებას. არ შეიძლება აქ რამის გაყალბება, იმიტომ რომ მაყურებელს ვერ მოატყუებ... შეიძლება ვერ მიხვდეს რაშია საქმე, მაგრამ ყოველთვის გამოარჩევს კარგსა და ცუდს. ადამიანების დამოკიდებულებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვერ დავრჩებოდი თბილისში, ჩემდამი, ჩემი საქმისადმი სითბო რომ არ მეგრძნო… მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულეა, უმიზეზო გულისტკივილიც, ჩემს ცხოვრებაში კარგი ადამიანი უფრო მეტია. ეს მადლიერება, სიყვარული და აღიარებაც მაძლევს ძალას…”

სოციალურ მედიას თუ დავაკვირდებით, ბალეტის პოპულარობა დღითიდღე მატულობს. შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარ აღორძინებას განიცდის?

“მსოფლიოში ბალეტის ბუმია. ახლა, 40 წლის შემდეგაც იწყებენ ბალეტის სწავლას და რატომაც არა! რაც უფრო მეტი შეიგრძნობს რა შრომა სჭირდება თუნდაც ერთი ილეთის გასისხლხორცებას, მით უფრო მეტად ფასდება პროფესიონალი მოცეკვავეც. ბალეტი რაც შეიძლება ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველასთვის. უფრო მეტად ხვდებიან იმასაც, რომ ბალეტის მსახიობობა არ ნიშნავს ცხოვრებისგან მოწყვეტას, თუნდაც ჩემს მაგალითზე - ოჯახიც შეგიძლია შექმნა, შვილიც გყავდეს და თან იცეკვო… მე 42 წლის ასაკში გავაჩინე შვილი და მერე დავუბრუნდი სცენას. ამ პროფესიის წყალობით, ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან დაწყებული პრეზიდენტებით დამთავრებული, ყველას შევხვდი... მიხარია, რომ ბიჭებშიც იზრდება ინტერესი. უმეტესობას რატომღაც ჰგონია, რომ ნაზი პროფესიაა, მაგრამ - პირიქით! ნაზი პროფესია ერთი ხელით ვერ აგაწევინებს პარტნიორს! ამასთან, ქართველ ბიჭს 18 წლამდე ნორმალური მუშაობა არ შეუძლია. ჩვენს პროფესიაში კი ამ ასაკისთვის უკვე მუშაობ, სამშობლოში, თუ საზღვარგარეთ.” 

ნინოს მოსმენისას, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები თუ რამდენად დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავ ფაქტორებს - საოცარ სინაზეს და ამავდროულად სპარტანულ შეუპოვრობას, ქალურ სენტიმენტალურობასა და მსოფლიო სტატუსის ღირსეულად ტარებას...

გვერდიდან რომ დააკვირდეთ, ვინ არის თქვენთვის ნინო ანანიაშვილი?

“არაჩვეულებრივი ხასიათის პატრონი, კარგი კულინარი, თუმცა, იშვიათად ამზადებს, კარგი დამლაგებელი, თუმცა მხოლოდ თეატრს ალაგებს… ღომის გაკეთებიდან დაწყებული ცემენტის მოზელვით დასრულებული ყველაფერი შეუძლია, და იუმორის გრძნობაც აქვს… ჩემი ცანცურა მეუბნება ხოლმე, დე, რა ლამაზი ხარ, რა ლამაზი! მე კი რანევსკაიას გამოთქმა მახსენდება - “ლამაზი არ ვარ, მაგრამ დაუნდობლად კარგი ვარ!”

“ცანცურა” ნინოს გოგონაა - 12 წლის ელენე. სანამ მუსიკაზე წავიდოდა, დედასთვის მაკიაჟის გაკეთებაც მოუსწრია. ნინოს ცხოვრებაში ოჯახს ყოველთვის დიდი ადგილი უკავია. ბავშვობიდან გრძნობდა ხელშეწყობას, იმაშიც კი, ძმები რომ სულ აწვალებდნენ - ამით ხომ უფრო აძლიერებდნენ, თუნდაც ბავშვურ ჩხუბში. შემდეგ კი, მეუღლე - გია ვაშაძე რომ არა, ალბათ სულ სხვანაირად განვითარდებოდა არამარტო ნინოს, არამედ ბალეტის ისტორიაც!

“36 წელზე მეტია სცენაზე ვარ, ახლაც მაქვს ჩემი პირადი გასტროლები, გალა-კონცერტები... როცა გადავხედავ წარსულს, შემიძლია ჩემი ცხოვრება 10 კაცს გადავუნაწილო, იმდენი რამ მოხდა საინტერესო, დაუვიწყარი... თუმცა, სულ მგონია, რომ კიდევ ბევრი უნდა გავაკეთო, ბევრი უნდა მოვასწრო... ყოველი შემთხვევისთვის, ვცდილობ პატივისცემით მოვეკიდო ჩემს საქმეს. მიყვარს სწავლა, გაზიარება… ბევრი მაქვს ჩემი არაჩვეულებრივი პედაგოგებისგან ნასწავლი და დღეს, ვცდილობ ეს ყველაფერი ახალგაზრდებს გადავცე”.

ამ ეტაპზე, რა გამოწვევების წინაშე დგას საბალეტო დასი?

“ყველაზე დიდი გამოწვევა ისევ და ისევ სკოლის შენობაა. შედეგი ძალიან კარგი გვაქვს, იმიტომ რომ დასში ჩვენი აღზრდილები მოდიან, მაგრამ სივრცის არ ქონის გამო, ვერ აგვყავს მეტი ბავშვი და პედაგოგი; ახლა, ასის ნაცვლად სამასი მოსწავლე გვყავს. სკოლას სჭირდება საცხოვრბელი რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვებისთვის. ამ საქმეში ჩადებული სახსრები, მომავლის სახსრებია. ფაქტია, რომ უკვე დღეს, ჩვენთან ჩამოდიან ახალგაზრდები, ასპირანტები... იმიტომ რომ უნდათ სწავლა და აქ ეგულებათ სერიოზული რესურსი. დრო მიდის და მინდა რომ რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ყველაფერი გავაკეთო.” 

დღეს, ნინო ანანიაშვილისა და მისი თანამოაზრეების კეთილი ნების ტაქტში ტრიალებს საქართველოს ბალეტის ენერგია... მთავარია, არ გაჩერდეს. ამისთვის ჩამოდიან ნინოს მეგობარი ვარსკვლავები, ამისთვის იწვევენ ქართულ დასს მსოფლიო სცენებზე, ამისთვის დაიბადა თბილისის საბალეტო ფესტივალიც და ამისთვის ივსება ყოველ სპექტაკლზე დარბაზებიც! 

ავტორი: ნინო კაკიაშვილი

ფოტოები: ნინო ანანიაშვილის არქივიდან