მუსიკა | ცა

LOUDspeakers - 17 ივნისს, Tbilisi Open Air-ზე

Loudspeakers - ჯგუფი, რომელიც იმ საქმეებისა არ იყოს, რასაც რუპორ/მეგაფონ/გრომკოგავარიტელში გადმოსცემენ, ხან როგორ და ხან როგორ ვითარდებოდა. თუმცა, უკვე მერვე წელია, მაინც კომპრომისების გარეშე მიიწევს წინ იმ ადამიანის მსგავსად, რომლის ხმაც ამ მოწყობილობიდან ისმის. ხმის ამოღებას კი, მით უფრო გაძლიერებულად, როგორი გამბედაობა სჭირდება!  

ივნისი 15, 2017

Hello Blog

Loudspeakers - ჯგუფი, რომელიც იმ საქმეებისა არ იყოს, რასაც რუპორ/მეგაფონ/გრომკოგავარიტელში გადმოსცემენ, ხან როგორ და ხან როგორ ვითარდებოდა. თუმცა, უკვე მერვე წელია, მაინც კომპრომისების გარეშე მიიწევს წინ იმ ადამიანის მსგავსად, რომლის ხმაც ამ მოწყობილობიდან ისმის. ხმის ამოღებას კი, მით უფრო გაძლიერებულად, როგორი გამბედაობა სჭირდება!  

ფოტოსესიაც გაბედული გვინდოდა და ბიჭები ივნისის ცხელ შუადღეს ელიავას “დაშლილებში” შევიტყუეთ. გაოცებულ ადგილობრივებზე არანაკლები ენთუზიამით და ცნობისმოყვარეობით ჩაერთნენ პროცესში, ხუმრობით, იმპროვიზაციებით, ახალი უნარების დამუღამებით - ბასისტმა ლევანამ “ფრეზიროვშიკობა” დაამხეცა, ვოკალისტმა ლევანამ “ბალგარკას” აუღო ალღო, “კლავიშნიკი” სანდრო კი საკმაოდ რაფინირებულ “პრარაბად” შედგა.

ჯგუფის ისტორია 2009 წლიდან იწყება. ამ დროის მანძილზე, შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. დღესდღეობით, სამი მუდმივი წევრი - ლევან ლაუდაძე (გიტარა, ვოკალი), ლევან მამალაძე (ბას გიტარა) და სანდრო წიკლაური (კლავიშები, სემპლები) - აგრძელებს ამბავს. დრამერზე ამჯერად, ვაკანსიაა, თუმცა Tbilisi Open Air 2017-ზე მათ The Mins-ის გიორგი ტეცოშვილი (ტეცო) აუბამს მხარს.

ტეცო

ლევან ლაუდაძე - “ყოველთვის გვქონდა იმის განცდა, რომ სწორედ ეს საქმე უნდა გვეკეთებინა. ამის შემართებას ჩვენი მსმენელი გვაძლევს, რომელიც მერამდენე წელია ერთგულად მოგვყვება. მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე ჩავარდნა გვქონდა, წევრების წასვლით თუ სხვა მიზეზებით, გვჯერა - პრობლემები უნდა გადაილახოს! პრობლემები განახებს, რამდენად მომართული ხარ შენი არჩეული საქმისთვის.”

LOUDაძე

მანამდე იყო გამარჯვება Newcomers 2010 - ში, გამოსვლა [უკვე ოთხჯერ] Tbilisi Open Air-სა და ბევრ სხვა ფესტივალზე შინ, თუ გარეთ (Oasis Fest, Atlas Weekend, Arenal Sound Music, Gem Fest) და პირველი ალბომიც LIGHThouse (2015).

დღეს კი, სანამ ეს ტექსტი იწერება, ბიჭები მეორე ალბომის მასალას ამუშავებენ გიორგი გვარჯალაძესთან (გვაჯისთან) ერთად, ინტენსიურად ემზადებიან ფესტივალის დიდი სცენისთვის და კლიპის გადაღებაზეც ფიქრობენ. როგორც თავად ამბობენ, მეორე ალბომი ძირითადად იმაზეა, რომ არ უნდა დანებდე, რადგან დროის სვლასთან ერთად ყველაფერი ლაგდება და რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი იმაზე კარგადაა, ვიდრე გგონია! თუმცა, ჟღერადობის მხრივ, უფრო “დარქი” იქნება, კომპოზიციებიც სტილისტიკურად უფრო მეტად მსგავსი, ვიდრე პირველ ალბომში. ფესტივალზე, ძველთან ერთად რამდენიმე ახალი კომპოზიციის წარმოდგენას გვპირდებიან და ირაკლი ჩარკვიანის სიმღერაზე “დამდევ” ქავერის შესრულებას.

ერთ პიროვნებად რომ წარმოიდგინო, ვინ არის LOUDspeakers-ი და რაზე საუბრობს?

ლევან ლაუდაძე - “ალბათ, თითოეულ ჩვენგანს რომ ჰკითხო, თავის თავს წარმოიდგენდა მასში... ჩემი გადმოსახედიდანაც,პირველ რიგში, ჩემს თავს ვამსგავსებ, თუნდაც ჩემი ჩაცმულობიდან, ან მძიმე ხასიათიდან გამომდინარე, არ უყვარს ხშირი ცვლილებები და კარგად აქვს გააზრებული თავის, როგორც მუსიკის ძალა, რომელსაც შეუძლია ყველასთან მივიდეს. მისი სათქმელი საკმაოდ სოციალურია და ის ემოცია, რომელსაც აჟღერებს, ბევრი ადამიანის განცდას ეხმიანება, სიყვარულზე, მეგობრობაზე, იმედგაცრუებაზე, თუ დილით ცუდ ხასიათზე გაღვიძებაზე.”

როგორ ჟღერს ხოლმე Open Air-ზე?

- ჟღერდა და, იმედი მაქვს, ახლაც ისევე გაიჟღერებს - ხმამაღლა!

ვფიქრობ, განსაკუთრებული ტანდემი შედგა ჯგუფსა და ფესტივალს შორის...

- Tbilisi Open Air-ი იყო ის ფესტივალი, რომელმაც ჩვენ, როგორც ბევრი სხვა ქართული ჯგუფი, დიდ სცენას გვაზიარა. ამის ფუფუნება, მით უმეტეს მაშინ როცა ვიწყებდით, ჩვენთან არ ყოფილა... თან, არამარტო ბენდები, მსმენელიც აზიარა საფესტივალო გარემოს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყოველთვის საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია სწორედ ამ ფესტივალზე დაკვრა.

სანამ ელიავას ჩახუჭუჭებულ სექციებში ვმანევრირებდით, ვფიქრობდი რა საერთო უნდა ჰქონოდა ამ ანტურაჟს ჯგუფის ფილოსოფიასთან. მაგრამ, მუსიკის ბაზარსაც თუ შევხედავთ, პარალელიც ადვილად გაევლება. ამდენ “დაშლილებში”, საკაიფო მანქანას ააწყობდა კაცი, თავისი “ლაუდსპიკერებით” და დუნიას შემოატარებდა.

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - გიორგი ინდუაშვილი