მუსიკა | ცა

რას უნდა ველოდეთ რობერტ პლანტის კონცერტისგან

როდესაც გავიგეთ, რომ პლანტი ჩამოდიოდა, ბევრი ჩვენგანისთვის რეაქცია ერთი იყო: ვაიმე, დედიკო! ვაიმე, შევჩენკო! გულო ჩადექ საგულესა! ის რობერტ პლანტი? ზეპელინი? როკის ღმერთი? არ მჯერა! 

აპრილი 20, 2018

Hello Blog

როდესაც გავიგეთ, რომ პლანტი ჩამოდიოდა, ბევრი ჩვენგანისთვის რეაქცია ერთი იყო: ვაიმე, დედიკო! ვაიმე, შევჩენკო! გულო ჩადექ საგულესა! ის რობერტ პლანტი? ზეპელინი? როკის ღმერთი? არ მჯერა! 

ვინც დაიჯერეთ და ბილეთის ყიდვაც მოახერხეთ, ალბათ გაინტერესებთ, რას უნდა ელოდეთ კონცერტისგან. მართალია, კონცერტის დაწყებამდე ზუსტად არავინ იცის, თუ რა სიმღერებს შეასრულებს პლანტი თავის ბენდთან ერთად, მაგრამ, წელს ჩატარებულ სხვა კონცერტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დაახლოებითი წარმოდგენა შევიქმნათ. ქვემოთ ჩამოვწერე კითხვები, რომლებიც თავად გამიჩნდა კონცერტთან დაკავშირებით და შევეცადე პასუხი მომეძებნა. ცხადია, ყველა პასუხი მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ სტატისტიკითაა გამყარებული.

რამდენი სიმღერა იქნება?

წესით თხუთმეტი. ძირითადი კონცერტის დროს პლანტი, როგორც წესი 13 სიმღერას ასრულებს ხოლმე და შემდეგ ბისზე კიდევ ორს. ან, შეიძლება ბისზე ერთი სიმღერა შეასრულოს, მაგრამ გრძელი - რამდენიმე სხვადასხვა კომპოზიციებისგან შემდგარი. მთლიანი კონცერტი, წესით, ორ საათზე ცოტა ნაკლებს გრძელდება.

რა სიმღერებს იმღერებს?

სეტის დაახლოებით ნახევარი რობერტ პლანტის სოლო შემოქმედებიდან იქნება, უფრო კონკრეტულად კი - მისი ბოლო სამი ალბომიდან. დანარჩენი „ლედ ზეპელინის“ სიმღერები და ქავერებია. ძველი სიმღერების უმეტესობა ახლებური ინტერპრეტაციით იქნება, თუმცა, სულისკვეთებას შეინარჩუნებს. მისი ბოლოდროინდელი არანჟირებები ნაკლებად ეყრდნობა ელექტროგიტარის რიფებს, მაგრამ კომპოზიციები კვლავინდებურად ნაცნობი იქნება. რაც შეეხება სეტის დინამიკას - პლანტი 50 წელია სცენაზე დგას მასზე კარგად არავინ იცის (შეიძლება ჯაგერის ან მაკარტნის გარდა), როგორ უნდა ააწყო სეტი ისე, რომ მაყურებელმა თავი დაკარგოს. მოკლედ, პლანტის ფანებსაც მოეწონებათ და იმათაც ვინც „ლედ ზეპელინის“ გარდა პლანტის შემოქმედებიდან მარტო Big Log მოუსმენია.

რითი დაიწყებს?

წესით ამით:

ესაა პლანტის ბოლო, მეთერთმეტე ალბომიდან Carry Fire. თუ მოსმენილი არა გაქვს, კონცერტამდე ჩაუჯექი - ჯერ ერთი ამ ალბომიდან კიდევ სულ ცოტა ერთ სიმღერას დაუკრავს და, ამას გარდა, ისედაც ძალიან კარგი მოსასმენია. მართლა. იმიტომ კი არა, რომ პლანტია და რასაც გააკეთებს, აუცილებლად უნდა შევაქოთ. იმიტომ, რომ პლანტია და რასაც აკეთებს, უმეტეს შემთხვევებში კარგია.

თუ ეს სიმღერა, New World არა, მაშინ, შეიძლება რომელიმე კლასიკური ძველი სიმღერით გახსნას - მაგალითად Baby I’m Gonna Leave You-თი, რომელიც მეც კარგა ხანს ზეპელინის სიმღერა მეგონა, ვიდრე არ გავიგე რომ ჯოან ბაეზის ქავერი ყოფილა.

რითი გააგრძელებს?

მოდი, აღიარე, რომ პლანტის ბოლო ალბომებზე მეტად ლედ ზეპელინის სიმღერების მოსმენა გაინტერესებს. სავარაუდოდ, 15-20 წუთი მოცდა მოგიწევს. მერეც, თუ ზეპელინის ფანი არა ხარ, არც ეს სიმღერა გეცოდინება. That’s The Way - მესამე ალბომიდან.

(რა მაგის პასუხია და, პლანტი ყვება, პეიჯის შვილი სკარლეტი ამ სიმღერის დაწერიდან ნახევარი საათის მერე ჩაისახაო)

თუ რატომღაც იმედი გაქვს, რომ Stairway to Heaven-ს მოისმენ, დაივიწყე. არ მოხდება ეგ. არც Immigrant’s Song იქნება. 70-ის ხდება კაცი, მაგ ააა ა-ს ვეღარ გაქაჩავს. არც „ქაშმირს“ ელოდე. ზეპელინის სიმღერებიდან შეიძლება იმღეროს Misty Mountain Hop, Rock N’Roll, What is and What Should Never Be, The Lemon Song და Gallows Pole (რომელიც, ასევე ქავერია, მაგრამ თავს დავდებ, სხვისი შესრულებით არ მოგისმენია). ჩამოთვლილთაგან ყველას არ იმღერებს, უფრო სამს აქედან.

რითი დაამთავრებს?

ძირითადი სეტი ზეპელინის რომელიმე ზემოთჩამოთვლილი სიმღერით დამთავრდება. მერე, როგორც ხდება ხოლმე - ვითომ დამთავრდა კონცერტი და ყველა აააააა - იყვირებს - კიდევ გვინდააა - ააა - რობეეერტ. ცოტა ხანს ყველა ასე იქნებით: მოიცა, ხომ გამოვა ბისზე? და ის ის იყო ეჭვი გაგიძლიერდება, რომ ბენდი სცენაზე დაბრუნდება, პლანტიც დაბრუნდება ჯერ ერთ თავის სოლო სიმღერას იმღერებს და ბოლოს, ცხადია, ამას:

Whole Lotta Love - გრძელი ვერსია იქნება, თავისი სოლოებით და ამბებით და მერე მორჩება და ცოტა ხანს კიდევ იყვირებ, მაგრამ გეცოდინება, რომ ამაოა - პლანტი და კამპანია წავიდა.

კარგი იქნება თუ არა?

ღადაობ? რობერტ პლანტი ცუდ კონცერტებს არ ატარებს.

ავტორი: ნიკო ნერგაძე