კულტურა

დინება უხილავ სამყაროში - ლევან სონღულაშვილის გამოფენა თბილისში

4 აპრილიდან 22 მაისამდე, თბილისში, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, „გალერეა ერთი“ ლევან სონღულაშვილის პერსონალურ გამოფენა-პროექტს წარმოადგენს - „სტიქსი“ მხატვრობას, ვიდეოსა და ინსტალაციას აერთიანებს. გამოფენის კურატორია ბრიტანელი კრიტიკოსი მარკ გისბორნი.  

აპრილი 02, 2018

Hello Blog

4 აპრილიდან 22 მაისამდე, თბილისში, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, „გალერეა ერთი“ ლევან სონღულაშვილის პერსონალურ გამოფენა-პროექტს წარმოადგენს - „სტიქსი“ მხატვრობას, ვიდეოსა და ინსტალაციას აერთიანებს. გამოფენის კურატორია ბრიტანელი კრიტიკოსი მარკ გისბორნი.  

არტისტ ლევან სონღულაშვილის ბიოგრაფიის თხრობა 2014 წლიდან უნდა დავიწყოთ. როცა თბილისის სამხატვრო აკადემიის საბაკალავრო დიპლომის შესაქმნელად 6 თვე სახლში გამოიკეტა. მაშინ შექმნა, როგორც ამბობენ ხოლმე, „პორტრეტების სერია“. სერია ადამიანების სახეები უფროა, ვიდრე კონკრეტული პოროვნებების პორტრეტები. სახეები, რომლებიც ცოცხალი მზერისა და ბუნებრივი, ადამიანური ხასიათის ჩვენების გარდა, თითქოს მსოფლიო სახვითი ხელოვნების უზარმაზარ გამოცდილებას „იგონებს“ და მნახველს ერთდროულად უჩენს სიძველის და ცოცხალის, მითიურობის, რელიგიურობის განცდას და რეალიზმის შეგრძნებას.

ამ ყველაფერს შრეებივით ალაგებს და ნისლისებრ, ბინდისებრ ფაქტურაში შლის. თან ზუსტი გამოსახულება და თან გარდამავალი. და ამ დაპირისპირებაში გიჩენს აზრს, რომ უყურებ მარადიულს. ხატებს. უდროობაში გამოსახულს. ეს არის ლევან სონღულაშვილის დიდი და მცირე ფორმატის ნამუშევრების ყველაზე დიდი საიდუმლო, რომლითაც თავი გააცნო ჯერ თბილისის სახმატვრო აკადემიის სადიპლომო გამოფენის კომისიას, შემდეგ კი ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიის მისაღები გამოცდების კომისიის წევრების ქათინაურები დაიმსახურა.

2015 წელს ენდი უორჰოლის მიერ დაფუძნებული ნიუ იორკის ხელონების აკადემიის მაგისტრატურის პირველკურსელი გახდა. მოიპოვა ნიუ იორკის უნივერსიტეტისა და საქართველოს მთავრობის სტიპენდია. ზუსტად ორ წელში კი წარმატებით დაასრულა სწავლა, რასაც პარალელურად მისდევა არაერთი გამოფენა და აუქციონი. მაგალითად სოთბის აუქციონი, სადაც წარმატებითა და ხმაურით გაიყიდა ლევანის „მედუზა“, ანდა ბრუკლინის მუზეუმის გამოფენა. სონღულაშვილი გახდა პირველი ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც მუზეუმის მუდმივ კოლექციაში დააბინავეს.

ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიის დასრულების შემდეგ, მისი ნამუშევრები პარალელურად გამოიფინა აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა არტბაზრობასა და გალერაში.

„ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები ეს არის გარდამავალი დინება ხილულსა და უხილავს შორის. ხილვადის, დაახლოებითი ხილვადობის და აბსოლუტურად უხილავის მონაცვლეობა. ყველა ფერის შეგრძნება მუქი ფერების გრადაციაში. შეგრძნება ცნობიერისა და არაცნობიერის ერთად. ლევან სონღულაშვილი ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხატვარია.“ - წერს თეორეტიკოსი, ხელოვნების დოქტორი მარლინ შთოსერი, რომელიც ამჟამად ბერლინში მიმდინარე გამოფენის კურატორია.

გამოფენას წინ უძღოდა ლევან სონღულაშვილის ბერლინის ერთ-ერთ რეზიდენციაში (68 projects) ყოფნა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, უკვე გალერეა კონფელდში (Galierie Kornfeld) შედგა გამოფენა („Black I sea), რომელიც ახლაც მიმდინარეობს და ლევანის ახალ ტილოებს წარადგენს.

ლევან სონღულაშვილის პირველივე ნაბიჯები დასავლურ არტსცენაზე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა თბილისში დაფუძნებული თანამედროვე ხელოვნების გალერეისთვის „ერთი“, რომელიც ლევანის ნამუშევრებს ევროპული ქალაქების შემდეგ, უკვე თბილისში გამოფენს. ეს „სტიქსია“. არა უბრალოდ ნამუშევრების ექსპოზიცია, არამედ ერთიანი კონცეფციით გააზრებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილ ნამუშევართა სერია უკავშირდება მითიური მდინარე სტიქსის არსს. ქვესკნელის ერთ-ერთ მდინარეს, რომელიც დედამიწას უკავშირდება, ერთიდან მეორეში გადაჰყავს სულიერები. ხილულიდან - უხილავში. სტიქსი - მითიური თავგადასავალი, მისი ალეგორიულობა, მისი სიმბოლური ხასიათი კურატორმა მარკ გინსბორმა ლევანის მხატვრობის ბუნებას დაუკავშირა: „ეს მხატვრობა ფსიქიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური ნაკადის დინებებია, მაკავშირებელი არაცნობიერ სამყაროსთან... სტიქსი მაყურებლისთვის იქნება პირადი მოგზაურობა საკუთარ ცნობიერსა და არაცნობიერს შორის...“

ლევან სონღულაშვილის მხატვრობა კარგი გამოცდილებაა მნახველისთვისაც. ერთი მხრივ, თანამედროვე ხელოვნების შესახებ არსებული მოსაზრებების გადაფასებისთვის, „თანამედროვე ხელოვნების“ დიაპაზონის შეგრძნებისთვის. ლევან სონღულაშვილის მხატვრობა თავის თავში კრებს სამყაროსეულ ინფორმაციას, რომელსაც წარმოსახვის ხატებად აქცევს და შემდეგ ამ დიდი ხატების სახით უზიარებს მნახველს. უზიარებს, აჩვენებს, ანახებს სამყაროს, სადაც მოსიარულე ადამიანები თუ მოლივლივე მედუზები ერთდროულად უნიკალურებიც არიან და ამავდროულად მხოლოდ უჯრედები ერთი დიდი უსასრულო სურათისა. უჯრედები, რომლებიც ამ დიდი სურათის საიდუმლოს გასაღებებია.

სონღულაშვილის პროექტი „სტიქსი“, რომელიც ინგოროყვას 19 ნომერში და მიმდებარე სკვერში მხატვრობის, ვიდეოს, ინსტალაციის, მუსიკისა და განათების ენით ამეტყველდება, იქნება თავგადასავალი, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ.

ავტორი: სოფო კილასონია

ფოტო: სერა ძნელაძე