კულტურა

2 აპრილი და ლიტერატურა

2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. დღე, როცა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ აუტიზმთან დაკავშირებული სტერეოტიპების გასაქარწყლებლად, ინფორმაციის გასავრცელებლად და სწორი დამოკიდებულების შესაქმნელად. ლიტერატურა ამ პროცესში - საუკეთესო საშუალებაა.  

აპრილი 02, 2018

Hello Blog

2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. დღე, როცა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ აუტიზმთან დაკავშირებული სტერეოტიპების გასაქარწყლებლად, ინფორმაციის გასავრცელებლად და სწორი დამოკიდებულების შესაქმნელად. ლიტერატურა ამ პროცესში - საუკეთესო საშუალებაა.  

აუტიზმის ყველა შემთხვევა ერთმანეთისგან ისეთი განსხვავებულია, რომ ლიტერატურული პერსონაჟები და ტიპაჟები ნაწარმოებისათვის, რომელიც ამ პრობლემას შეეხება, თავისთავად სხვადასხვაგვარი იქნება.

ასეთი წიგნის დაწერისას, ყველაზე პირველი და მთავარი, რაც ავტორმა უნდა გაითვალისწინოს, ისაა, რომ დამატებითი სტერეოტიპის ჩამოყალიბებას არ შეუწყოს ხელი საკუთარი პერსონაჟის თვისებების ერთგვარი უტრირებით თუ არათანმიმდევრული შეფასებით. ამის მრავალი მაგალითი აქვს კინოს, მაგალითად, ბარი ლევინსონის ძალიან პოპულარული და საკულტო ფილმი – „წვიმის კაცი”, გარკვეულწილად, არასწორად ასახავს პრობლემას, რომელსაც ეხება.

წყარო : IMDB

თუკი აუტისტური სპექტრისათვის დამახასიათებელ თვისებებს გავიხსენებთ, შესაძლოა ბევრი, ჩვენთვის საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟიც ამოვიცნოთ და გაგვახსენდეს. მაგალითად, რატომ არ შეიძლება, ანტუან დე სენტ ეკზიუპერის „პატარა უფლისწული” იმ ბიჭის ამბავი იყოს, რომელიც თანდათანობით ცდილობს თავისი ჩაკეტილი სამყაროდან გარეთ გამოვიდეს და სამყაროთი დაინტერესდეს. ან კიდევ, ერთი პატარა გოგონა მახსენდება თეა თოფურიას „გასაღვიძებელი ზღაპრებიდან”, გოგონა, რომელმაც არ იცოდა, რომ დაიბადა და ამიტომაც არ ლაპარაკობდა. შემდეგ, როგორც იქნა, მიხვდა და ლაპარაკიც დაიწყო.

აუტიზმი დღითი დღე უფრო საინტერესო და აქტუალური ხდება ლიტერატურისათვის, შესაბამისად, სულ უფრო მეტი მწერალი წერს ამ პრობლემაზე, სულ უფრო მეტ პერსონაჟს ვპოულობთ, რომელსაც აუტიზმის ესა თუ ის ფორმა აქვს, სულ უფრო ახლობელი ხდება ეს თემატიკა ჩვენთვის.

გადავწყვიტეთ, რამდენიმე ასეთ წიგნზე გიამბოთ, რომელთა წაკითხვა saba.com.ge-ზეც შეგიძლიათ.  

1. ცნობილი ბრიტანელი პოეტისა და მწერლის, მარკ ჰადონის წიგნმა „რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები“ „მრავალი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა და ავტორს აღიარება და მკითხველთა დიდი სიყვარული მოუტანა. წიგნის პერსონაჟს, ქრისტოფერ ბუნს, 15 წლის მოზარდს, აუტიზმი აქვს, მას ურთულესი მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეუძლია, თუმცა, ადამიანების ამოცნობა ძალიან უჭირს. ჰოდა, ერთ დღესაც ქრისტოფერი გადაწყვეტს მეზობლის ძაღლის მკვლელობის ამბავი გამოიძიოს, გამოძიების ეს საინტერესო პროცესი მთელ მის ცხოვრებას ცვლის… 

2. სხვაგვარი ბავშვობა. ჩემი გზა აუტიზმიდან“ ირის იოჰანსონის ავტობიოგრაფიული წიგნია, სადაც ავტორი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. 1945 წელს შვედეთში დაბადებულ ირის იოჰანსონს დღეს ალბათ აუტიზმის უმძიმეს ფორმას დაუდგენდნენ. მაგრამ საკუთარი უძლიერესი ნებისა და მამის სწორი მოპყრობის წყალობით, მან მოახერხა პრობლემების დაძლევა. დღესდღეობით იგი ცნობილი ექსპერტია კომუნიკაციის სფეროში.

3. ირმა მალაციძოს „ყოველდღიური ბრძოლა“ ფრაგმენტებია აუტიზმის მქონე ბავშვის დედის ჩანაწერებიდან. ნაწარმოები შეიქმნა იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და გაიგოს, რა სირთულეებთან უწევთ შეჭიდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებს. და იმისათვისაც, რომ გაგებით მოეკიდონ და მიიღონ მათგან განსხვავებული ადამიანები. გარდა იმისა, რომ ეს ნაწარმოები ერთი კონკრეტული დედის ემოციური ამბავია, ის ძალიან სწორ მითითებებსაც შეიცავს, რაც ამ მდგომარეობის სწორად გააზრებაში გვეხმარება.

4. ანთოლოგია „ფაზლი, ეტლი, წინდა“ პირადი გამოცდილებას, გულწრფელ ემოციებს, სირთულეების დაძლევის რთული პროცესს ასახავს. წიგნში მოთხრობილია ყველა ის წინააღმდეგობა, რასაც აუტიზმის, ცერებრალური დამბლისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშების ოჯახის წევრები აწყდებიან ყოველდღიურად საქართველოში. აქ წაიკითხავთ იმ ქალების ისტორიებს, რომლებიც შვილების ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის იბრძვიან და ცვლიან საზოგადოების დამოკიდებულებებს, ანგრევენ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს.

ავტორი : დიანა ანფიმიადი