კულტურა

ფოტოგრამა 1842|2018 - ფოტოგრაფია კამერის გარეშე

რა არის ფოტოგრამა? - ფოტოგრაფია, თუ ანაბეჭდი... რეალობა, თუ ფანტაზია... ფიქრი, იმპროვიზაცია, წარსული, თუ მომავალი... ყველაფერი ერთად, თუ ამ ყველაფრის კვეთაზე აღმოცენებული თვით-გამოხატვის კიდევ ერთი საშუალება.

მარტი 12, 2018

Hello Blog

რა არის ფოტოგრამა? - ფოტოგრაფია, თუ ანაბეჭდი... რეალობა, თუ ფანტაზია... ფიქრი, იმპროვიზაცია, წარსული, თუ მომავალი... ყველაფერი ერთად, თუ ამ ყველაფრის კვეთაზე აღმოცენებული თვით-გამოხატვის კიდევ ერთი საშუალება.

ტექნიკური თვალსაზრისით - ფოტოგრამა გამოსახულებაა, რომელიც ობიექტების უშუალოდ შუქმგრძნობიარე ზედაპირზე განლაგებითა და მასზე სინათლის წყაროს მიმართვით მიიღება. სინათლისა და ჩრდილის მანიპულაციით, ყველაზე ახლოს ფოტოგრაფიასთან დგას და ამ დარგის საწყის ეტაპადაც მიიჩნევა.

ფოტო - ნია ინდუაშვილი

ფოტო-ტექნოლოგიის ორსაუკუნოვანი განვითარების შედეგს, თუნდაც მობილურის სახით, შეიძლება საკუთარ ჯიბეშიც ვატარებდეთ; იოლი ხელმისაწვდომობით, თითქოს, ფასიც დღითიდღე უნდა ეკარგებოდეს ფოტოს მნიშვნელობას, თუმცა პირიქით... ტექნოლოგიის განვითარება-გაიაფებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნილება მის არამატერიალურ შიგთავსზე, გამოცდილების მიღებასა და მისი გაზიარების შესაძლებლობაზე. დღეს, დიდი არჩევანი გვაქვს როგორც აზრის, ისე ემოციის დასაფიქსირებლად, საშუალებას თითოეული ჩვენგანი თავად განვსაზღვრავთ.

ფოტოგრაფიის პირველადი, თუ ალტერნატიული მეთოდების აღორძინება, თავისებური მცდელობაა დავუბრუნდეთ საწყისებს და გავიხსენოთ ამ დარგის ჭეშმარიტი არსი.

***

თიბისი არტ გალერეაში, არაჩვეულებრივად გაზაფხულდა - 2 მარტიდან, აქ წარმოდგენილი ციანოგრამები და სკანოგრამები ორი არტისტის - გიორგი ინდუაშვილისა და საბა შენგელიას ერთგვარ დიალოგს გვთავაზობს ფოტოხელოვნების ისტორიის პროლოგსა და ეპილოგზე. საერთო პროექტის სახელწოდებაც - “ფოტოგრამა 1842|2018 - ფოტოგრაფია კამერის გარეშე” - აქედან გამომდინარეობს.

ფოტოგრამას, თავისი არსებობის მანძილზე, სხვადასხვა ტექნიკითა და მასალით ასრულებდნენ. ერთ-ერთი პირველი მეთოდი (მცდელობები ფინიკიელებს ჰქონდათ, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე) 1842 წელს, ბრიტანელმა მეცნიერმა სერ ჯონ ჰერშელმა შეიმუშავა. რკინის ნაერთებზე სინათლის ზემოქმდების შესწავლისას, მან ლურჯი ფერის მდგრადი გამოსახულება - ციანოტიპი მიიღო. 1843 წელს, ბოტანიკოსმა ანა ატკინსმა (ესეც პირველი ფოტოგრაფი ქალბატონი) პირველი ფოტო-ილუსტრირებული მეცნიერული ალბომი გამოსცა, რომელიც სწორედ ციანოტიპებით ააწყო.

ანა ატკინსი - "ბრიტანული წყალმცენარეების ფოტოგრაფიები, ციანოტიპის ანაბეჭდები"

რაც შეეხება სკანოგრამებს, ისინი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიის, უშუალოდ სკანერის დახმარებით ტრანსფორმირებული ფოტოგრამებია. ამ შემთხვევაში, შუქმგრძნობიარე სიბრტყედ, სკანერის ზედაპირი გვევლინება, რომელიც მასზე განლაგებულ ობიექტებს მოძრავი სინათლის საშუალებით ციფრულ გამოსახულებად გარდაქმნის.       

გიორგი ინდუაშვილის ციანოტიპ-ფოტოგრამების, იგივე ციანოგრამების სერია “პლასტმასის თევზი” ერთგვარი რეაქციაა გარემოს დაბინძურებაზე; მასალად ცელოფანს იყენებს, როგორც ამ დაბინძურების თვალსაჩინო მიზეზს. გალერეის შესასვლელშიც, კედელეზე, ატორისგან შესაბამის სიტყვებს ამოიკითხავთ: “თუკი ვიტყვი, რომ ამ ნამუშევრებში ნაპირზე გამორიყული ვეშაპის მუცელში ნაპოვნი ცელოფანი გამოვიყენე, შეიცვლება ამით რამე?!”

თავად ავტორი “პლასტმასის თევზის” შესახებ წერს:

 “ყოველდღიური, რუტინული, პირადული, თუნდაც სოციალურ-პოლიტ-ეკონომიური პრობლემების ფონზე, რთულია ზოგადსაკაცობრიო კატეგორიის ჩამატება. სიცოცხლის ყველა ფორმა გადარჩენისთვის იბრძვის ამ სამყაროში, ყოველ წამს და ძნელია მომავალზე დააფიქრო ნებისმიერი სახის ინტელექტი, მით უმეტეს, როცა ამისთვის არავის სცალია. სასიცოცხლო მნიშვნელობის საფრთხე, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ საარსებო ფინანსებთან არის ასოცირებული, ხოლო, როდესაც გლობალური მასშტაბით თხოვ ვინმეს უბრალოდ დაფიქრებას - პირადი კომფორტის ზონიდან გამოსვლას ფსიქიკა არავის პატიობს!

როგორ უნდა გვეხებოდეს თითოეულს პლანეტარული მასშტაბის დაბინძურება? მაშინ როდესაც გაჩენის დღიდან ყოველი ჩვენგანი ამას სრულიად გაუაზრებლად, ყოველდღიურად, ბუნებრივად ვაგრძელებთ… შეუძლებელია ამ ყველაფერზე ჩვენი ყურადღების გამახვილება და როგორ ძალიან კარგადაც არ უნდა გვესმოდეს! მაინც გვექნება სხვისი, ან ზეციური ძალების იმედი, ოღონდ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იგივეს, რადგან ჩვევად გვაქვს ქცეული… აი, ნახევარ მილიონზე მეტი კვადრატული კილომეტრის შედეგი კი მშვიდად დაცურავს იქ, სადაც ზოგადად სიცოცხლე ჩაისახა ამ პლანეტაზე.

მაშ ასე! თქვენს წინაშეა “პლასტმასის თევზი” - იმის მაგალითი, თუ, რა საინტერესო შეიძლება იყოს კაცობრიობის მორიგი თვითმკვლელობის მცდელობა, ჩვენი მომავალი ეკო-სისტემა, ან უბრალოდ ჯერ კიდევ სანახავი სიზმრები.”

***

საბა შენგელიას ციფრული ფოტოგრამების, იგივე სკანოგრამების სერია “განდეგილის ბაღი” გვთავაზობს ჩვეულ გარემოში ახალი სამყაროების აღმოჩენას. მასალად გამოყენებული აქვს თავისივე ხელით მოკრეფილ-აკრეფილი ზამთარ-ზაფხულ გამოვლილი ბუნების სამკაულები - ხმელი მცენარეები, ფოთლები, ყვავილები... გალერეის შესავლელის მეორე კედელზე კი მის სიტყვებს ამოვიკითხავთ - “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბაღში”.

 ავტორი “განდეგილის ბაღის” შესახებ:

“ფოტოგრაფიის არსი, ყველაზე კარგად მისსავე ეტიმოლოგიაში იკითხება - “სინათლით ხატვა” და მისი განვითარების ყოველი ეტაპიც სწორედ ამ სინათლის მოთვინიერებასთან იყო კავშირში.

ციფრულ ეპოქაში, სინათლე, “ხატვისა” და გამამჟღავნებელ საშუალებასთან ერთად, ინფორმაციის ერთეულად გადაიქცა. მისი მოხელთების მეთოდების ფართო სპექტრი კი მნიშვნელოვანს ხდის არა იმდენად ტექნოლოგიურ მხარეს, რამდენადაც ჩვენი გამოცდილებისა და განცდილის გაზიარების შესაძლებლობას.

ჩემთვის სინათლე, როგორც ინფორმაციის ერთეული, სკანერის A4 ზომაზე უფრო კონტროლირებადი და ხელშესახები აღმოჩნდა, ვიდრე კამერის ობიექტივით აღქმული რეალობა. შედეგად მიღებული გამოსახულებები წარმოადგენს არა მხოლოდ ფოტოგრამების ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას - იგივე სკანოგრამებს, არამედ უჩვეულო სამყაროების დანახვის მცდელობას ჩვეული, სკანერივით ტრივიალური ლანდშაფტების მიღმა.”

ექსპოზიციას კომპლიმენტად მიყვება საბა შენგელიას ვიდეო არტი და ნიკა წერეთლის მუსიკა.

გამოფენა გაგრძელდება 2 აპრილამდე.

პროექტის იდეის ავტორი - გიორგი ინდუაშვილი

კურატორი - ქეთევან კორძახია

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - თიბისი არტ გალერეა