კულტურა

ოსკაროსანი ეკრანიზებული წიგნები

თქვენ რომელ ფლანგში ხართ? - წიგნისტების თუ ფილმისტების? ვიცი, რომ არა ქართული სუფიქსით ნაწარმოები სიტყვები გამოვიყენე, მაგრამ ცნობილი ქართული ლიტერატურული პერსონაჟის სიტყვით რომ გკითხოთ, „დაფინანსებული კონკურენტისკენ“ ხართ თუ დიდჯიბიანი ხალათების, სადაც ბევრი წიგნი ეტევა? 

მარტი 08, 2018

Hello Blog

თქვენ რომელ ფლანგში ხართ? - წიგნისტების თუ ფილმისტების? ვიცი, რომ არა ქართული სუფიქსით ნაწარმოები სიტყვები გამოვიყენე, მაგრამ ცნობილი ქართული ლიტერატურული პერსონაჟის სიტყვით რომ გკითხოთ, „დაფინანსებული კონკურენტისკენ“ ხართ თუ დიდჯიბიანი ხალათების, სადაც ბევრი წიგნი ეტევა? 

ფოტო : LA Times Framework - Los Angeles Times 

 „აუ, წიგნი ათასჯერ ჯობდა“, ან „ფილმი წიგნს ბევრად მირჩევნია“, ან „რეჟისორმა ეს მსახიობი რანაირად აარჩია იმ პერსონაჟისთვის’? ან „მე სხვანაირი წარმომედგინა“- ნაცნობი კომენტარებია? ყოველი ახალი ფილმი, რომელსაც ჩვენი საყვარელი წიგნის მიხედვით იღებენ, ასეთი კამათის თემა ხდება-ხოლმე.

ალბათ, საკუთარ წარმოსახვაში გადაღებულ ფილმს არაფერი სჯობს, იქ პერსონაჟიც ისე ცოცხლდება, როგორც შენ წარმოგედგინა, პავილიონიც შენი შერჩეულია, მუსიკაც, მხატვრობაც და თუ განსაკუთრებით მდიდარი ფანტაზია გაქვს, იქნებ სიუჟეტიც შენებურად შეცვალო, ვინ იცის? მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კარგი კინორეჟისორების მიერ „წაკითხული“ საყვარელი წიგნები გირჩევნიათ, მსოფლიო კინო მრავალ შესანიშნავ ნიმუშს გთავაზობთ.

ფოტო : thecreative.cafe

„ოსკარის“ დაჯილდოების ოთხმოცდაათწლიანი ისტორია წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ შესანიშნავ ეკრანიზაციებს ითვლის, გადავავლოთ თვალი რამდენიმე მათგანს, გავიხსენოთ ის წიგნები, რომელთა გაცოცხლების, კინო ენის საშუალებით წაკითხვის ცდამ ფილმების შემქმნელებს დიდი წარმატება მოუტანა.

ერიხ მარია რემარკი - „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“

რემარკის ეს გენიალური რომანი პირველი მსოფლიო ომის და ზოგადად, ომის საშინელებას, უაზრობას, უმიზნობას ასახავს. ომი - ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომელიც სხვადასხვა დროის მწერლებსა და მკითხველებს ყოველთვის აინტერესებდათ. რემარკი თავად იყო ომის, პროპაგანდის, ფაშიზმის, დევნის მსხვერპლი, ამიტომაც მის ნაწარმოებებში უიმედობა და პატარა ადამიანის ბრძოლა გადარჩენისთვის ერთმანეთს ცვლის.

ფოტო : variety.com

1930 წელს რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა ოსკარის პრემია დაიმსახურა წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ფილმის რეჟისორი ლუის მაილსტოუნი იყო.

მარგარეტ მიჩელი - „ქარწაღებულნი“

მარგარეტ მიტჩელის ეს რომანი ერთგვარად ეპოქის ილუსტრაციაა, რთული, წინააღმდეგობრივი, ზოგჯერ პარადოქსული ამერიკული ამბავი ქალზე, რომელმაც ყველაფერს გაუძლო, გადარჩა და სხვებსაც სიცოცხლის წყურვილი ასწავლა.

ფოტო : Legacy.com

თუ არსებობს ლიტერატურული ნაწარმოების ყველაზე ცნობილი ეკრანიზაცია და დასამახსოვრებელი პერსონაჟი, ერთ-ერთი უთუოდ მარგარეტ მიტჩელის "ქარწაღებულნის" 1939 წელს შექმნილი ვიქტორ ფლემინგისეული ეკრანიზაციაა, რომელმაც 9 ოსკარი დაიმსახურა სხვადასხვა ნომინაციაში. ფილმში სკარლეტ ო'ჰარას დასამახსოვრებელი სახე ულამაზესმა მსახიობმა, ვივიენ ლიმ შექმნა.მან რომანის წაკითხვისთანავე გადაწყვიტა, რომ სკარლეტ ო’ჰარა „მისი“ იყო და ამერიკაშიც ამ როლის მიღების მტკიცე სურვილით გაემგზავრა. იგი არ შეუშინებია იმ ფაქტს, რომ სკარლეტის როლზე ერთმანეთს ეცილებოდნენ ჰოლივუდის ყველაზე ტიტულოვანი და ცნობილი ვარსკვლავები, ის კი ამერიკაში თითქმის უცნობი ინგლისელი თეატრალური მსახიობი იყო. წარმატებული სინჯების მერე ის როლზე დაამტკიცეს. მან ამერიკული კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კინოსახე შექმნა. „ქარწაღებულნი“ წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ოსკარით აღნიშნა.

დაფნა დიუ მორიეს - „რებეკა“

საიდუმლოებითა და შიშით განმსჭვალული, თავბრუდამხვევი ამბავია. უზარმაზარ, პირქუშ სახლში მხოლოდ ადამიანები კი არა, კედლებიც თითქოს ძველ დიასახლისს მისტირიან, მშვენიერ და დახვეწილ ქალბატონს, რებეკა დე უინტერს. მაქსიმილიანის უცნაური ქცევა და მოახლის მტრული დამოკიდებულება ახალ დიასახლისს, მეორე მისის დე უინტერს, შიშს ჰგვრის, რადგან ხვდება, რომ ეს ადამიანები გამოუცნობ ვითარებაში დაღუპული რებეკა დე უინტერის სიკვდილის საიდუმლოს მალავენ

ფოტო : Magnet Magazine

გენიალურმა ალფრედ ჰიჩკოკმა პირველი ამერიკული ფილმი სწორედ ამ რომანის მოტივზე გადაიღო, საშინელებათა ჟანრის მამამთავრისა და დიდი ფსიქოლოგის ტრილერში ლოურენს ოლივიესა და ჯოან ფონტეინის ულამაზესმა წყვილმა ითამაშა. ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა და წლის საუკეთესო ფილმისათვის ოსკარითაც დაჯილდოვდა.

მარიო პიუზო - „ნათლია“

უკვდავი და ლეგენდარული დონ ვიტო კორლეონე ამ წიგნიდან აღმოცენდა, ყველაზე რეალისტური, მძაფრი და შთამბეჭდავი ისტორია მაფიის შესახებ სწორედ ამ წიგნმა მოგვითხრო. სისხლი, მკვლელობა, ნარკოტიკები, სიყვარული და სიძულვილი, ღალატი და ღირსება -ნაწარმოები და ფილმი, რომელსაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

ფოტო : JoBlo.com

ამ რომანის მიხედვით ფრენსის ფორდ კოპოლამ 1972 წელს გადაიღო ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს მარლონ ბრანდო და ალ პაჩინო ასრულებდნენ, ფილმი ოსკარის 9 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და სამი ოსკარი აიღო, მათ შორის წლის საუკეთესო სურათის ნომინაციაში. წლის საუკეთესო ფილმი გახდა 1974 წელს გადაღებული ფილმის მეორე ნაწილიც.

თომას ჰარისი - „კრავთა დუმილი“

ვის არ ახსოვს ჰანიბალ ლექტერის გამჭოლი მზერა, რომელიც ადგილზე გყინავს. უშიშარი და ჭკვიანი კლარისი, საოცრად დაძაბული დიალოგები, ნაწარმოები - გამოცანა, რომელშიც დაძაბულობა ყოველ გვერდზე იმატებს, შიში და ინტერესი არ გშორდება.

ფოტო : nerdist.com

რომანის ეკრანიზაცია 1991 წელს ჯონათან დემმა გადაიღო, ენტონი ჰოპკინსისა და ჰოდი ფოსტერის დაუვიწყარი დუეტი ათამაშა და 5 ოკარიც დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო მსახიობი ქალის, საუკეთესო მსახიობი მამაკაცის და წლის საუკეთესო სურათის ნომინაციაში.

თქვენ უკვე გადაწყვიტეთ, წიგნი ჯობია თუ კინო?

წაიკითხე ელექტრონული წიგნები გვერდზე : WWW.SABA.COM.GE

ავტორი : დიანა ანფიმიადი