კულტურა

ტროპიკული მიზიდულობა – გიორგი ქოჩიაშვილი

რა უნდა ვიცოდეთ შენ შესახებ?

მარტი 02, 2018

Hello Blog

რა უნდა ვიცოდეთ შენ შესახებ?

დავიბადე აფხაზეთში 1992 წელს. წლინახევრის ვიყავი, როდესაც დევნილი გავხდი. მას შემდეგ, რაც ხატვა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ დიდი არ იქნება იმ ადამიანთა სია, ვინც მინიმუმ სულიერად დაუბრუნდა საკუთარი დაბადების ადგილს. ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბაბუაჩემის გაზრდილი ვარ. ადამიანის, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული აფხაზეთზე. ბავშვობიდან მესმოდა ისტორიები იქაურობის ტროპიკულ სილამაზეზე. გარკვეული დროის შემდეგ ეს ყველაფერი ჩემს ნამუშევრებში გამოვლინდა. ეს იყო პირველი პერიოდის ნამუშევრები, რომლებსაც ხანდახან ახლაც ვიყენებ, თუმცა არ გავჩერებულვარ მხოლოდ აფხაზეთის თემაზე და იმის ხატვაც დავიწყე, რაც აკლია ადგილს, სადაც ვცხოვრობ, მაგალითად, ფერები, სექსი, მენტალური თავისუფლება.

როგორია თანამედროვე ფერწერა? რას მოითხოვს ის ხელოვანისგან?

ახლა ისეთი პერიოდია, რომ ყველაფრისგან და არაფრისგანაც შეიძლება ხელოვნების კეთება. რთულია, რომ არ გაიმეორო, მაგრამ განმეორებაც დასაშვებია. თანამედროვე ხელოვნება ადამიანებს აჩვენებს და აძლევს თავისუფლებას. უკვე იმდენი რამ დაიხატა, რომ რაღაც ახლის შექმნა უფრო და უფრო რთულდება, ალბათ ამიტომაც გახდა ის კონცეპტუალური და არა მარტო… თანამედროვე ფერწერა უსასრულოა და არაპროგნოზირებადი, ამიტომაც ხელოვანს უნდა შეეძლოს გამუდმებით იმუშაოს საკუთარ თავზე.

რა პროცესს გადიხარ, სანამ ნამუშევრის საბოლოო სახეს შექმნი?

ინსპირაციის წყარო განსხვავებულია, ხანდახან იდეა წაკითხული ტექსტის გააზრების შემდეგ ვიზუალურად ყალიბდება. ერთ ტილოზე ფიქრი 4-5 დღე მჭირდება. იდეის გაანალიზებას დიდ დროს ვუთმობ, რადგან ძალიან ბევრ დეტალს ვაქცევ ყურადღებას. შეიძლება ჩემი ტექნიკური შესრულება ოდნავ უხეშია, რადგან თვითნასწავლი ვარ, მაგრამ ვიზუალური ნაწილი, კომპოზიციის გადანაწილება, ხანგრძლივ დაკვირვებას მოითხოვს.  

ცოტა ხნის წინ ვენის თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე „Popiashvili Gvaberidze Window Project“-მა შენი ნამუშევრები წარადგინა. გვესაუბრე ამ გამოცდილების შესახებ.

„ViennaContemporary“ თანამედროვე ხელოვნების ძალიან დიდი ფესტივალია, სადაც ნამუშევრებს საკმაოდ ცნობილი არტისტები წარადგენენ. ამ გამოცდილებამ პირველ რიგში თავისუფლების შეგრძნება მომცა. როდესაც ხედავ ისეთი მასშტაბის არტისტებს, როგორებიც არიან Erwin Wurm, Franz West, Christian Einsenberger, გარდა იმისა, რომ მათი შემოქმედება ვიზუალურად საინტერესოა, გრძნობ, რომ ისინი ძალიან თავისუფლები და უშუალოები არიან თვითგამოხატვისას. ამის გააზრება მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ხანდახან, როდესაც საკუთარ თავს კრიტიკულად უყურებ, ფიქრობ იმაზე, თუ რას ფიქრობენ შენს ნამუშევრებზე, ახლა კი ეს ფაქტორი გამიქრა.

„Popiashvili Gvaberidze Window Project“-ს რაც შეეხება, თითქმის ერთი წელია ვთანამშრომლობთ. უშუალოდ ირინა პოპიაშვილია ჩემი კურატორი, „Viennacontemporary“ კი ჩემი პირველი საჯარო წარდგენა იყო.

პალმები, ცისფერი აუზები, შავკანიანი სახასიათო პერსონაჟები და მცენარეები – შენს ნამუშევრებს მკვეთრად გამორჩეული ვიზუალი აქვს, როგორი იყო ამ ვიზუალამდე მისვლის პროცესი?

ამასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას მისვამენ, რატომ ტროპიკები და რატომ შავკანიანები. ეს ერთგვარი ბუნებრივი სინთეზია. პირველ რიგში საკუთარ თავს იმ შავკანიანებთან ვაიგივებ, რომლებსაც ვხატავ. მე ძალიან მიყვარს თავისუფლება, ჩემს შემთხვევაში კი ისე გამოვიდა, რომ თავისუფლება ხშირად წაურთმევიათ ოჯახშიც, რელიგიური მხრიდანაც ყოფილა წნეხი. ზოგადად მიყვარს შავკანიანების კულტურა, ავთენტური ნიშნები, ჰიპ-ჰოპი. ეს კულტურა ჩემში ღრმად არის გამჯდარი – Tribe called quest, De la soul, Basquiat, Tricky, Robert Glasper, Flying Lotus. ასეთმა დიდმა შემოქმედებითმა თავისუფლებამ კვალი დამიტოვა. ყველაფერი, რაც ნანახი და მოსმენილი გაქვს, ანუ როგორი გამოცდილებაც გაქვს, საბოლოო ჯამში, ქვეცნობიერში დაგროვილი ემოციების ამოძახილია.

ტროპიკულ მცენარეებს ჩემთვის დახვეწილი ხასიათი აქვთ, რასაც ქალის ფიგურასთან ვაიგივებ. ამიტომ, პალმები ესთეტიკურ მხარედ გამოვიყენე. ამასთან, მეც ტროპიკებში დავიბადე, თუმცა ტროპიკები რეალურად დღემდე არ მინახავს.

როგორც ვიცი, პროდუქტის დიზაინთანაც გქონია შეხება. შენს ფერწერულ ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით საინტერესო ავეჯს. ამ მიმართულებით ხომ არ აპირებ შემოქმედების განვითარებას?

ფერწერამდე 3 წელი ვიმუშავე პროდუქტის დიზაინზე. ეს პროცესი ძალიან მომწონდა. ასევე ვთანამშრომლობდი გუგა კოტეტიშვილთან, საიდანაც მანანა არაბულთან, შემდგომ კი ირინა პოპიაშვილთან ავღმოჩნდი. მეგობართან ერთად ვცდილობდი განსხვავებული დიზაინის ავეჯის შექმნას. მომწონდა სკანდინავიური დიზაინი, IKEA. მოგვიანებით ფერწერა ვცადე და აღმოჩნდა, რომ ფერწერის პროცესი ბევრად მსიამოვნებდა. შესაბამისად, ამ სფეროში მიღებული გამოცდილება ფერწერაში გადავიტანე. შემდგომშიც ვაპირებ ამ კუთხით განვითარებას.

 

როგორია შენი სამომავლო გეგმა?

ვაპირებ, რომ უფრო მოცულობით ფორმებზე ვიმუშაო, მაგრამ ეს ჯერ ჩანაფიქრის დონეზეა. ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო საკუთარ თავზე, ამიტომ, პირველ რიგში თვითგანვითარებაზე ვფიქრობ. ალბათ, შემდეგ წელს შედარებით განსხვავებულ სტილს შევიმუშავებ. ახლაც პროცესში ვარ და ვგეგმავ კონკრეტული იდეის გარშემო რამდენიმე ტილო ავაწყო. მინდა სერიული ნამუშევრების შექმნაც ვცადო. სავარაუდოდ, მაისში ახალ პროექტს წარვადგენ.

 

ავტორი: ნინა პატარიძე